რატომ უკრძალავს ეკლესია ჯვრისწერას მახო ქვრივიშვილსა და ხათუნა ფეიქრიშვილს და რაში „ჩაითრია“ მსახიობი ცოლმა
ავტორი: ნონა დათეშიძე 20:00 21.12, 2022 წელი
იშვიათად მინახავს ცოლ-ქმარი, რომელიც წლების თანაცხოვრების შემდეგ, მიუხედავად ყოველდღიური რუტინისა, ისევ ისე ინარჩუნებს ერთმანეთისადმი დამოკიდებულებას, ამჟღავნებს სიყვარულსა და სითბოს, როგორც მსახიობ მალხაზ ქვრივიშვილისა და მისი ულამაზესი მეუღლის, ხათუნა ფეიქრიშვილის შემთხვევაშია. წყვილმა ოჯახი ასაკში შექმნა და ყველა ცხოვრებისეული გამოცდილების ფონზე, ნამდვილად სამაგალითო ურთიერთობა აქვთ.
ხათუნა ფეიქრიშვილი: უკვე ხუთი წელია, რაც მე და მახო ერთად ვართ და ისევ ისე გვიყვარს ერთმანეთი, როგორც თანაცხოვრების დაწყების დღეს. მისი გაცნობის მერე და ამ ადამიანის შემოსვლით ჩემს ცხოვრებაში, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა. მეტი ნდობა გამიჩნდა, ვიგრძენი რა არის ნამდვილი სიყვარული, როგორი უნდა იყოს მამაკაცი, როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ოჯახის წევრებს ერთმანეთისადმი და ასე შემდეგ. მოკლედ, ამ ადამიანმა ძალიან ბევრი რამ დამანახვა, რაც არ მქონია და მეგონა, სულ სხვანაირად. ფაქტობრივად, მახოსთან ქორწინება გავრისკე, ვერ წარმომედგინა, ასე თუ გაგრძელდებოდა და გამყარდებოდა ურთიერთობა და შევინარჩუნებდით ერთმანეთს. ხშირად, დრო რომ გადის, რაღაც იცვლება, სიყვარული ხუნდება, ყოველდღიური ცხოვრება თავის კვალს ტოვებს. ჩვენს შემთხვევაში სულ სხვანაირადაა. სულ ერთად ვართ. ერთხელ, თანამშრომელი გოგოები შევიკრიბეთ. მახომ მიმიყვანა, დამტოვა და ზუსტად ათ წუთში დამირეკა: შეიძლება ამოვიდე? აუ, მოვალ რა, მე ხომ გოგოების მაჩალკა ვარო (იცინის). ხმამაღლა გამეცინა და გოგონებმა მკითხეს, რა ხდებაო. კი მომერიდა, მაგრამ ვუთხარი, ამოსვლა უნდა-მეთქი. გადაირივნენ სიხარულით: გეხვეწები, ამოვიდესო. ისეთი დრო გვატარებინა ქალებს ამ ერთმა მამაკაცმა, ეს ცალკე მოსაყოლი ამბავია (იცინის).
- თქვი, მახოსთან მიმართებაში გავრისკეო. რას გულისხმობდი?
- ჩემს გარშემო, შექმნიან ოჯახს და დიდი-დიდი სამი წელი „ქაჩავენ“, მერე შორდებიან. ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო და ამიტომ ვამბობ, მახოსთან მართლა გავრისკე-მეთქი. მაგრამ მიღირდა. ვიფიქრე: ჯანდაბას, სადაც ერთი, იქ ორი და იქაც მესამე-მეთქი (იცინის). გავრისკე და გამიმართლა. ვერაფრით წარმომიდგენია, რა უნდა მოხდეს, რომ მე და მახო ერთმანეთს დავშორდეთ, გამორიცხულია. სიყვარულს არანაირი ასაკი არ აქვს. ასაკში უფრო იგრძნობა სიყვარული დიდი დოზით. პატარა რომ ხარ, იქ უფრო გატაცება და ვნებაა, სხვა მოთხოვნილებები და შეხედულებები გაქვს. ნამდვილი სიყვარული კი, ასე მგონია, ასაკში მოდის და ახლა მოვიდა ჩემთანაც.
- ვინმე იყო თქვენი შეუღლების წინააღმდეგი?
- თავიდან რომ გავამჟღავნე ჩემი და მახოს ურთიერთობის შესახებ, რაღა დროს ჩემი გათხოვების თემა ხომ იყო და თან, მახო სერიალიდან და დანგრეული ოჯახებიდან გამომდინარე, ყველას ეგონა, არასტაბილური და არასერიოზულია ოჯახის მიმართო. თუმცა, ახლა მიხვდნენ და დაინახეს, რომ ეს ასე არაა და სულ სხვა ადამიანია. მიმაჩნია, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე და არაფერს ვნანობ. ზუსტად მაშინ შევხვდით ერთმანეთს, როცა უნდა შევხვედროდით. რაც მახოს შევხვდი, მას მერე ბედისწერის მჯერა, მანამდე არ მჯეროდა. ისე უცნაურად მოხდა ჩვენი შეხვედრა, დამეგობრება, იმდენად სწრაფად განვითარდა ურთიერთობა, ეს ბედისწერა იყო ნამდვილად. თუმცა, ერთი წელი თავს იკავებდა მახო, ყოველდღე მწერდა, არსად მპატიჟებდა, არც მეგობრობა იყო, არც იმაზე მეტი... ერთი სიტყვით, ვერ ვხვდებოდი, რა უნდოდა. მერე მითხრა: არც დაკარგვა მინდოდა და არც ცოლად მოყვანა, მეშინოდა, კიდევ შეცდომა არ დამეშვაო. ასე რომ, მანაც გარისკა და გაუმართლა. არ დამავიწყდება, 30 დეკემბერს მომადგა სახლში ჩემების გასაცნობად, მომკიდა ხელი, იმ დღესვე წამიყვანა და ერთად შევხვდით 31 დეკემბერს ახალ წელს. ჩემები გიჟდებიან მახოზე, ისე უყვართ.
- ადრე, წლების წინ რომ შეხვედროდით შენ და მახო ერთმანეთს, დღეს ერთად იქნებოდით?
- ამაზე ხშირად მიფიქრია. არ ვნანობ, ადრე რომ არ გავიცანი. თუ იმას გულისხმობთ, რომ საერთო შვილი არ გვყავს, ცდებით. მახოს შვილი ანდრია, ჩვენთან იზრდება და დედას მეძახის. მარტო გაჩენა ხომ არ არის? გვყავს ოჯახში ბავშვი, რომელსაც ვზრდით და ერთმანეთი ისე გვიყვარს, ვგიჟდებით. ადრე რომ შევხვედროდით ერთმანეთს, შეიძლება ასე ვერ აგვწყობოდა ურთიერთობა. ამიტომ ვუსვამ ასაკს ხაზს და მახოც მეთანხმება. როგორც ადრე ცხოვრობდა მახო, შეიძლება მე ის ვერ ამეტანა, ვერ შევგუებოდი, კონფლიქტი მოგვსვლოდა. ამ ასაკში კი, უფრო ერთად გვინდა ყოფნა, ჩვენს მშვიდ და იდილიურ გარემოში. პანდემიის დროს, ბევრი ოჯახი დაინგრა - ამოუვიდათ ერთმანეთის ყურება ყელში დიდი დოზით და ჩვენ კითხვაც კი დაგვისვეს: როგორ არ მოგბეზრდათ ოცდაოთხი საათი ერთმანეთის ყურებაო (იცინის). ასე რომ, ჩვენი ურთიერთობა იმის მაგალითია, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია. მახო სამოცი წლის ხდება. ადრე ვინმეს რომ ეთქვა, ამ ასაკის კაცს გაყვები და მასთან იცხოვრებო, ვეტყოდი, რაღა დროს მაგის სიყვარულია-მეთქი. როგორ ვცდებოდი. საერთოდ არ ემჩნევა ეს ასაკი არც გარეგნობით, არც ასაკით, არც ქცევით, არც ხასიათით. ყოველი დღე ჩვენთვის სიურპრიზია, როცა ერთად ვიღვიძებთ. დამიჯერეთ, 49 წლის ვარ, 44 წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი და ამ ხუთი წლის განმავლობაში, მე და მახოს, ერთმანეთის გარეშე, ერთი დღეც არ გაგვიტარებია.
- ვინც სოციალურ ქსელში, თქვენს „ტიკ-ტოკებს“ ადევნებს თვალს, დამეთანხმება, რომ ნამდვილად საოცარი ურთიერთობა გაქვთ. მაგრამ, მამაკაცებს დიდად არ უყვართ მსგავსი ვიდეოები და საინტერესოა, მახო როგორ აიყოლიე?
- თურმე, მთელი თბილისი უყურებს ჩვენს „ტიკ-ტოკ“ ვიდეოებს (იცინის). ვინც კი მხვდება, მეუბნება: ველოდებით როდის დადებ ახალ ვიდეოს, რომ ვიხალისოთო. ამას წინათ აცრაზე ვიყავით მისული, რიგში მოგვიწია დგომა. გამოვიდა ექთანი და ურიგოდ შეგვიყვანა. მითხრა: მე თქვენს „ტიკ-ტოკს“ ვუყურებ და მიყვარხართო. მახომ უთხრა: ამის „ტიკ-ტოკებს“ უყურებ და ჩემს სპექტაკლებს არაო (იცინის)? თავიდან რომ ჩავწერე სამსახურში ვიდეო, ბევრი ნახვა ჰქონდა. ამდენი სითბო რომ წამოვიდა, მივხვდი, გახალისდა ხალხი. მახო ძალიან ბევრს მუშაობს, გადატვირთულია, იმ საღამოს მოვიდა დაღლილი და ვთხოვე: მოდი რა, ერთი საერთო „ტიკ-ტოკი“ ჩავწეროთ-მეთქი. და, იმ დღიდან წავიდა და წავიდა „ტიკ-ტოკები“ (იცინის). ასე ჩავითრიე ჩემი ქმარი და სხვათა შორის, არასოდეს მეუბნება უარს.
- ხელი თუ გაქვთ მოწერილი და ჯვარი დაწერილი?
- მახოს ორი ჯვრისწერა ჰქონდა ადრე და ეკლესია მესამეჯერ ჯვრისწერას კრძალავს. ყოველ შემთხვევაში, ასე გვითხრეს საპატრიარქოში. ამის გამო, ჯვარი ვერ დავიწერეთ, ხელი კი მოწერილი გვაქვს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან