შოუბიზნესი

რატომ თქვა უარი ნათია კვაშალმა თეატრზე და როგორ იქცა მისი ათწლიანი მეგობრობა დიდ სიყვარულად

№43

ავტორი: ქეთი მოდებაძე 16:00 31.10, 2022 წელი

ნათია კვაშალი
დაკოპირებულია

მსახიობი ნათია კვაშალი პოპულარულ ქართულ სერიალში „სიყვარულს მიღმა“ გამოჩნდა ძლიერი და დამოუკიდებელი ქალის როლში. ნათიასთვის ეს პირველი გამოჩენაა რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ.

ნათია კვაშალი: სერიალის შემოქმედებით ჯგუფს ვიცნობდი, რადგან მათთან აქამდეც მითანამშრომლია სერიალებში – „შუა ქალაქი“ და „გოგონა გარეუბნიდან“. ამჯერადაც დამიბარეს ქასთინგზე და ასე დაიწყო ჩვენი თანამშრომლობა კიდევ ერთხელ. ძალიან მომწონს ჩემი პერსონაჟი. ძლიერი, დამოუკიდებელი, განათლებული, შეგნებული და ერთგული ადამიანია – მეტი ასეთი ქალი ჩვენს ქვეყანას. შეიძლება, ხისტი და უხეშიცაა, მაგრამ ძალიან საინტერესო პერსონაჟია და ნამდვილად ვისურვებდი ჩვენს ქვეყანაში ბევრ ისეთ ქალს, რომელიც არასდროს გახდება ძალადობის მსხვერპლი, რომელსაც აქვს თავისი საქმე, დამოუკიდებელია და არ ეშინია სირთულეების.

– არის რამე საერთო თქვენს შორის?

– არის. მეც პირდაპირი ადამიანი ვარ. მეც ერთგული ვარ და მგონია, რომ ჩემი მეგობრებისთვის – თავდადებულიც. საკმაოდ დამოუკიდებელი ვარ, თუმცა, ხისტი - არა (იცინის). ის ოჯახის წევრების მიმართ საკმაოდ უხეში და მომთხოვნია, მე – არა, პირიქით, საკმაოდ რბილი და მოსიყვარულე ვარ. სიმართლე გითხრათ, მეგონა, ჩვენს ქვეყანაში მაყურებელს ცოტა გააღიზიანებდა ეს პერსონაჟი. ქალი, რომელიც თუნდაც მეგობრების ცხოვრებაში ასე აქტიურად ერევა. აგვარებს მათ პრობლემებს, თითქმის ემუქრება მეგობრის ქმრებს (იცინის). ვფიქრობდი, რომ გაღიზიანებას გამოიწვევდა. საერთოდ ჩვენს ქვეყანაში ძლიერი ქალები არ უყვართ. თუმცა, სოციალურ ქსელში დადებით შეფასებებს ვკითხულობ და მიხარია. მეუბნებიან იმასაც, რომ ძალიან ბუნებრივი ვარ ამ როლის შესრულებისას, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პანდემიის დროს, მსახიობებს დიდი პაუზა გამოგვივიდა. პირადად მე კამერასთან ორი წელი არ მიმუშავია და ჩემთვის ეს ძალიან რთული იყო. თან, პანდემიის დროს შვილი გავაჩინე და მთლიანად მასზე ვიყავი კონცენტრირებული.

– პანდემია ძალიან რთული იყო, მაგრამ ამ დროს გამოჩნდა ნათელი წერტილი თქვენს ცხოვრებაში. როგორ შეცვალა ცხოვრება დედობამ?

– პანდემიამ მსოფლიოში ყველაფერი თავდაყირა დააყენა, ჩემი ცხოვრება კი ორმაგად თავდაყირა დადგა, რადგან ამ დროს დედა გავხდი. ჩემთვის ამ ორ წელიწადში, ფაქტობრივად, ყველაფერი შეიცვალა. არ ვიცი, ამაზე დიდი ბედნიერება თუ არსებობს, თუმცა, დედობას პატარ-პატარა გართულებებიც მოჰყვა. მქონდა მშობიარობის შემდეგი დეპრესია, იყო რთული პერიოდები. თუნდაც ის, რომ შენი ცხოვრება თავდაყირა დგება და ყველაფერი იცვლება, მარტივი არ არის.

– პროფესიაში დაბრუნება თუ შვილთან ყოფნით ტკბობა – იყო ეს არჩევანი?

– მე ეს არჩევანი არ მქონია. პანდემიიდან გამომდინარე, ყველაფერი ჩაკეტილი იყო და ბავშვის გაჩენის შემდეგ, ძალიანაც რომ მდომოდა, პროფესიას ვერ დავუბრუნდებოდი. ვიყავი სახლში და ვზრდიდი ჩემს შვილს. ისიც ფეხზე დავაყენე, მეტ-ნაკლებად მეც ფორმაში ჩავდექი და მერე ჩემს საქმესაც დავუბრუნდი. რაღაც მხრივ, კარგად დაემთხვა, რადგან ჩემს შვილთან დიდი დრო გავატარე, რასაც ახლა ვეღარ ვახერხებ გადაღებების, თეატრისა და ბავშვთა სტუდიაში მუშაობის გამო.

– არ უჭირს პატარას?

– მგონია, რომ ეს ორი წელი სწორად „ვიმუშავე“. სულ ვუხსნიდი, რომ რაღაც მომენტში, დედას მუშაობა მოუწევდა და ამისთვის სამსახურში უნდა წასულიყო. ამიტომ, შეიძლებოდა დღის რაღაც მონაკვეთი ერთად ვერ გაგვეტარებინა. იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი შვილია, მაგრამ ძალიან შეგნებული ბავშვია. ორწლინახევრისაა და თვითონ მეუბნება, მე მესმის, რომ შენ სამსახურში უნდა წახვიდე, სამსახურს ვერ გააცდენო და დასამშვიდობებლად ხელს მიქნევს.

– ვინ არის მეუღლე და როგორია თქვენი სიყვარულის ამბავი?

– მეუღლე სულ სხვა სფეროშია. მსახიობობასთან კავშირი არ აქვს, რაც, სიმართლე გითხრათ, მე ძალიან მახარებს. ორივე ჩვენ-ჩვენს საქმეს ვაკეთებთ და ოჯახში ვიკვეთებით. ის ყოფილი მორაგბეა, ახლა კი – ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი. ჩვენი ამბავი დიდი მეგობრობით დაიწყო. ათი წელი ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით. შემდეგ მივხვდით, რომ ეს არ იყო მხოლოდ მეგობრობა, რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა და გაცილებით დიდ მასშტაბებზე გავედით.

– ამის აღიარება გაგიჭირდათ?

– კი, ძალიან რთული იყო. სულ მქონდა იმის შიში, ეს რომ არ გამოსულიყო, ის დიდი მეგობრობაც არ დაგვეკარგა. თუმცა, ასე არ მოხდა და დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემ გვერდით არის ბიჭი, რომელიც ჩემი მეგობარიცაა, ჩემი ცხოვრების სიყვარულიც, ჩემი შვილის მამაც და ყველაფერი მნიშვნელოვანი მას უკავშირდება. დადებითთან ერთად, მძიმე პერიოდიც გავიარეთ, თუმცა, ყველაფერი მოგვარდა და კალაპოტში ჩადგა.

– მსახიობობა ბავშვობის ოცნება იყო?

– კი, ყოველთვის მსახიობობა მინდოდა, მაგრამ რაც მე წარმომედგინა, რამდენად იყო ეს ის, რაც მსახიობს მოეთხოვება, ეს სხვა საკითხია. ბავშვობაში ყველაფერს უფრო ლამაზ ფერებში ვხედავდი. წარმოვიდგენდი, რომ სცენაზე დავდგებოდი ფერადი კაბებით და ტაშს დამიკრავდნენ. რეალურად, ეს საქმიანობა ძალიან ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული. ძალიან შრომატევადი და ეკლიანი გზა უნდა გაიარო. ერთი წამი ვერ მოდუნდები. უნდა ეძებო შენი ნიშა, უნდა იყო რაღაცით გამორჩეული ბევრ მსახიობს შორის და ამას წარმოუდგენლად დიდი შრომა სჭირდება. იშვიათია, მოხვდე კარგ პროექტში და ამას ისიც ემატება, რომ ამ პროფესიით ფინანსურადაც ვერ დაიკმაყოფილებ თავს. მე რვა წელი გავატარე თეატრში, ორი თეატრის შტატში ვიყავი და ამ დროს მივხვდი, რამდენად რთულ საქმეს ვიყავი ჩაჭიდებული.

– და თეატრალური სცენისგან დისტანცირება მოახდინეთ...

– რვა წლის შემდეგ ამ საქმეს შევეშვი. უკან რომ გავიხედე, მივხვდი, რომ არც განვითარება იყო, რომ ფინანსური მხარისთვის არ მიმექცია ყურადღება და არც ფინანსური სარგებელი, რომ განვითარება დროებით გვერდზე გადამედო. როდესაც არცერთი არ არის – ვერც ვითარდები, არც საინტერესო სამუშაო გაქვს და არც კარგი შემოსავალი, ისმის კითხვა – რას ვემსახურები? და რადგან ამ კითხვაზე პასუხი გაუგებარია, გაუგებარი მიზნის მსახურებას ვარჩიე, გამოვმშვიდობებოდი თეატრს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა