რატომ სცემა შვიდი თვის ორსულ ხატია წერეთელს ქმარმა და რის გამო ისწავლა მან ბრძოლა წესების გარეშე
ავტორი: ნონა დათეშიძე 23:00 25.07, 2022 წელი
სტატისტიკის მიხედვით, დღეს არაერთი ქალია ქმრის ან ყოფილი მეუღლის ძალადობის მსხვერპლი და სასტიკად მოუკლავთ კიდეც. რატომღაც, მოძალადეების გვერდით მცხოვრები ან გაშორებული ცოლები, ერიდებიან მამაკაცების მხრიდან ძალადობის გახმაურებას. ალბათ, ახლობლების ჩარევა იმის გამო არ სურთ, რომ შარში არ გახვიონ, ან რცხვენიათ, ან ფიქრობენ, თავად გაუმკლავდებიან და საბოლოო ჯამში, თავად ხდებიან დაზარალებულები. ხატია წერეთელიც ქმრის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახლდათ, თუმცა ამ ამბავს წლებია, მალავდა და ახლა, ერთ-ერთი გადაცემის დახმარებით, შეძლო და ამაზე ხმამაღლა ალაპარაკდა. როგორც თავად ამბობს, მართალია, ეს ამბავი ჩავლილია და დღეს მშვიდად ცხოვრობს საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, თუმცა ბოლო დროს ქმრებისგან ცოლების გახშირებული ძალადობა და მკვლელობა გახდა იმის მიზეზი, ხმამაღლა ეთქვა თავისი სათქმელი მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ჩუმადაა. ჩვენ ხატიას დავუკავშირდით და ინტერვიუ ვთხოვეთ.
ხატია წერეთელი: 15 წლის ასაკში სრულიად უცნობმა მამაკაცმა მომიტაცა. ოთხი წლის განმავლობაში, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მოძალადესთან მიწევდა ცხოვრება, რომელიც არა მარტო სიტყვიერად, არამედ ფიზიკურად, სასტიკი მეთოდებით მისწორდებოდა. ამ ამბავს წლების განმავლობაში ვუმალავდი ყველას, მათ შორის ჩემი ოჯახის წევრებს. არ მინდოდა, ვინმე შარში გამეხვია.
– ეს მამაკაცი, რომელზედაც საუბრობ, შენი შვილის მამაა?
– დიახ, მამაკაცი, რომლის ცოლიც ვიყავი ოთხი წელი, ვინც ფიზიკურად მისწორდებოდა და არ მინდობდა, ჩემი ერთადერთი შვილის მამაა. სულ ორჯერ მყავდა ნანახი. სანამ მომიტაცებდა, პირველად ორი თვით ადრე ვნახე, გოგოებთან ნაყინის საჭმელად კაფეში ვიყავი და ერთ-ერთი მისი კურსელი იყო და მეორედ – სანამ მომიტაცებდა, წინა დღეს. იმ დღეს კი, წიგნებით ხელში, ლექტორთან მივდიოდი. შემხვდა. მითხრა, გაგაცილებო. ტაქსი გააჩერა, თურმე, ის ტაქსის მძღოლი მოსყიდული ყოფილა და მომიტაცა. სხვათა შორის, უკან წამოსვლა მინდოდა, მაგრამ დამაშინეს – ბორჯომის რაიონის ტყეში გამიყვანეს, იარაღი დამანახვეს და მითხრეს: თუ არ იტყვი, რომ შენი ნებით გამომყევი, აქედან ცოცხალი ვერავინ ვერ გავაო. ამიტომ, იძულებული ვიყავი, ტყუილი მეთქვა. ერთია, როცა უყვარხარ და გიტაცებს და მეორე, როცა მისი შეყვარებული გათხოვდა და მას მოუნდა იმაზე უკეთესი გოგო მოეყვანა ცოლად. ძალიან ცუდი ისტორიაა. არაფხიზელ მდგომარეობაში სრულიად არაადეკვატური იყო. როცა გამოფხიზლდებოდა და ვეუბნებოდი, რატომ ვერ ხედავ, რა მდგომარეობაში ვარ, რა დავაშავე-მეთქი, მშვიდი ტონით მეუბნებოდა, მე ამას სიყვარულით ვაკეთებო.
– რა იყო მიზეზი, ფიზიკურად რომ გისწორდებოდა?
– არაფერი. მაგალითად, ბაბუაჩემი 98 წლის ასაკში დაიღუპა. ვზივართ მანქანაში და მოვდივართ ქელეხიდან. უცბად ჩემი ქმარი მეუბნება: იცი რა? შენ გაქვს კარგი გენეტიკა, შენები ძალიან დიდხანს ცოცხლობენ, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ შენც დიდხანს იცოცხლებ. მე ადრე უნდა მოვკვდე და შენ დარჩე? ამას არ დავუშვებ! მიაჯახა მანქანა გარაჟის კარს, გადმომიყვანა მანქანიდან და „კაპოტზე“ უმოწყალოდ მარტყმევინა თავი. რის გამო, ხალხნო? იმის გამო, რომ შენი ოჯახის წევრები დიდხანს ცოცხლობენო! ეს იყო შოკი. მაგალითად, როცა ვიცოდი, „საგულაოდ“ იყო წასული, ვიჯექი და ველოდებოდი, დაძინების უფლება არ მქონდა მთელი დღის საქმით და ჩვილი ბავშვის მოვლით გადაღლილ დედას. არ დამავიწყდება, შვიდი თვის ორსული რომ ვიყავი, ჩემს პატარა მულს დომინოს ვეთამაშებოდი. უცებ გაიღო კარი, შემოვარდა და დამიწყო ცემა: შენ ახლა მე უნდა მელოდებოდე თუ დომინოს თამაშობდე? ფანჯარასთან უნდა იდგე, შენ კი ზიხარ და დომინოს თამაშობო... გახსენებაც აღარ მინდა. თუ მოვიდოდა და ჩაძინებული დავხვდებოდი, ამაზეც მცემდა. ერთხელ, ჩამეძინა დაღლილს. ვიღვიძებ და „ატვიორკით“ ხელში მადგას თავზე, დარტყმას აპირებდა. არ ვიცი, პატარა გოგოს საიდან მომეცა ამხელა ძალა, ვეცი ხელებში და შიშისგან გამწარებულმა „ატვიორკა“ გადავღუნე. თან, მივაძახე: ახლა რაღას დამარტყამ-მეთქი და ხელით მცემა. სხვათა შორის, ქმრის ხელით სიკვდილს ჩემმა ოთხი წლის შვილმა გადამარჩინა. მძიმე ისტორიაა და მიჭირს ამის გახსენება. მოკლედ, მორიგი ცემის შემდეგ სამი ნეკნი მქონდა ჩამტვრეული, დალურჯებული ვიყავი, მოძრაობა მიჭირდა და ჩემს ოთხი წლის შვილს ვაგზავნიდი მაღაზიაში, რომ ჩვენთვის ნისიაზე საჭმელი მოეტანა და ფეხზე რომ დავდგებოდი, ვალს მერე გავისტუმრებდი. ცოლ-შვილს შიოდა თუ რამე სჭირდებოდა, ეს ჩემს ქმარს არ აინტერესებდა. ერთ დღესაც ბავშვი მაღაზიაში იყო გასული, მაწონი და პური უნდა მოეტანა, ჩემი ქმარი მეცა და წიხლებს მირტყამდა. ამ დროს ბავშვიც შემოვიდა, დაავლო პურის საჭრელ დიდ დანას ხელი და მამამისს უთხრა: თუ კიდევ დააკარებ დედას ხელს, ამ დანით მოგკლავო. მახსოვს, როგორ გაარტყა ბავშვს ხელი და დააგდო იატაკზე. არ ვიცი, საიდან მომეცა ძალა, წამოვხტი ნეკნებჩამტვრეული, სახლიდან გავაგდე, მივხოხდი კართან და გადავუკეტე. დედობრივი ინსტინქტი თვითგადარჩენის ინსტინქტზე ძლიერი აღმოჩნდა. მე რომ მირტყამდა, ვუთმენდი და ჩემს შვილს რომ შეეხო, არ ვაპატიე.
– ვფიქრობ, ეს ამბავი შენი ოჯახის წევრებისთვის უნდა გეთქვა და ჩაგერია ისინი.
– ისე გავიზარდე, მამისგან ხმამაღალი სიტყვა არ მახსოვს. ნაბოლარა შვილი ვარ, მყავს დები და სიძეები, რომლებიც ძმებივით მიყვარს და მათი გაზრდილი ვარ. მე რომ რომელიმესთვის მეთქვა, რა დღეში ვყავდი ქმარს და რაებს მიკეთებდა, ჩვეულებრივად მოკლავდნენ. ციხისთვის კი არავინ, ოჯახის არცერთი წევრი არ გავწირე. ასეთი ამბები ყოველთვის ცუდი შედეგით მთავრდება.
– როგორ დააღწიე თავი მოძალადეს?
– კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა, მაგრამ მოხდა ასეთი ფაქტი: მაშინ, როცა მისი ცოლი ვიყავი, სახლში მოიყვანა ორსული გოგონა და გამოაცხადა, ჩემი ცოლიაო. იმან გაიხაროს! ღმერთო, მიეცი ყველაფერი კარგი და იმაზე მეტი სიძლიერე, ვიდრე მე მქონდა და მაქვს. რომ არა იმ გოგოს ფაქტორი, ვის გამოც გამომიშვა ჩემმა მოძალადე ქმარმა, დღეს, ალბათ, მკვდარი ვიქნებოდი ან დასახიჩრებული და ხეიბარი.
– საუბარში თავდაცვის ინსტინქტი ახსენე. ეს ხომ არ იყო საბრძოლო ხელოვნებაზე შესვლისა და თავდაცვის ილეთების შესწავლის მიზეზი?
– ქმრისგან თავის დაღწევის შემდეგ მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები მქონდა. დაუცველობის შიში ფიზიკური მომზადებითა და საბრძოლო ხელოვნების შესწავლით დავძლიე. ასე რომ, დღეს თავისუფლად შემიძლია თავდამსხმელის მოგერიება და განეიტრალება. ქმრისგან წამოსვლის შემდეგ შიშები მქონდა და გადავწყვიტე, საკუთარ თავზე მემუშავა, ამიტომ დავიწყე ფიზიკური ვარჯიში და ბრძოლა წესების გარეშე ტექნიკის დაუფლება, ამას ცოტა ჩემი ქალური ჭკუაც დავამატე, რომელიც ნიუანსებში წვდომას გულისხმობს და ახდა საკმაოდ კარგად შემიძლია ნებისმიერი თავდამსხმელის განეიტრალება. ერთს კი არა, სამ კაცს თავისუფლად გავუსწორდები (იცინის).
– თუ გამოგადგა მომზადების ტექნიკა, მოგიწია თავდაცვა?
– სხვათა შორის, მაქვს ჩემი მასაჟის ცენტრი და ციხიდან ახლად გამოსულმა ტიპმა მისი დაყაჩაღება სცადა. დამნაშავე ადგილზევე გავანეიტრალე და დაცვის პოლიციას გადავეცი. მოკლედ, სამსახურში ვიყავი, რომ შემოვარდა ერთი, მეორე – კართან იდგა. ვიხელთე დრო, კარი გადავუკეტე მეორეს და იმ იარაღიანმა პირმა, რომელმაც ოთახში შემოღწევა მოასწრო, იარაღი გაისროლა. შესაშინებლად კი არა, ჩემი მიმართულებით. ბარის კედელს ამოვეფარე და რომ შემოყო იარაღიანი ხელი, გადავუტრიალე, იარაღი გავარდა და ბრძოლა წესების გარეშე გამოვიყენე, მით უმეტეს, მასაჟისტი ვარ, ზუსტად ვიცი ხერხემლის რა ნაწილში უნდა ჩამერტყა, ამასობაში დაცვის ღილაკსაც დავაჭირე ხელი. წამებში მოხდა ყველაფერი. ჩემი თანამშრომლები იყვნენ იქ, სტუმრად მეგობარი კაცი იყო და გაოგნებულები დარჩნენ. დაიჭირეს ის ტიპი.
– ხატია, ვიცი, ამ თემაზე საუბარს ერიდები, მაგრამ მაინც უნდა გკითხო: შენს ცხოვრებაში იყო ბევრი მამაკაცი, რომლებიც შენთან სიახლოვეს ცდილობდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა, როცა უარი მიიღო, შვილის გაუპატიურებით დაგემუქრა.
– დიახ, იყო ერთ-ერთი ცნობილი მამაკაცი, რომელიც ცდილობდა, ჩემთან სიახლოვეს. უფრო სწორად, თავისი არატრადიციული ორიენტაციის დასაფარად ვჭირდებოდი, ანუ ჩემთან მოჩვენებითი რომანის გაბმა უნდოდა. შევხვდი, ველაპარაკე და ავუხსენი, რომ უარზე ვიყავი. ანტალიაში მომიწია მასაჟის ტრენინგზე წასვლა. იმ პერიოდში დადო სოციალურ ქსელში ჩემი ფოტოები წარწერით: ჩემი საცოლე. დავუკავშირდი და მოვთხოვე, სასწრაფოდ წაეშალა. ვუთხარი: ხომ ვილაპარაკეთ, მე ეს არ მაინტერესებს, ამაზე არ წამოვალ და ახლავე აიღე პოსტი, ჩამოვალ და კიდევ დაგელაპარაკები, თუ ვერ გაიგე-მეთქი და, მიპასუხა: სანამ შენ ჩამოხვალ, ვიცი, შენი შვილი სადაც სწავლობს, იცოდე, შენს 12 წლის შვილს დავხვდები სკოლასთან, წავიყვან და გაგიუპატიურებო. ჩემთვის ეს მუქარა იყო შოკი, დავუკავშირდი პოლიციას და მათ მაშინვე მოახდინეს რეაგირება. სანამ ჩამოვედი, ჩემი შვილი, ფაქტობრივად დაცვით დადიოდა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან