შოუბიზნესი

რატომ მოუხდა ორი თვე სამყაროსგან გათიშვა ვახო ბიჭიკაშვილს და რას გეგმავს ათი წლის შემდეგ ის ამერიკაში

№38

ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00 26.09, 2022 წელი

ვახო ბიჭიკაშვილი
დაკოპირებულია

ყველასთვის საყვარელი მსახიობისთვის, ვახო ბიჭიკაშვილისთვის, ეს ზაფხული განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი და ემოციებით სავსე აღმოჩნდა. ის ტელეკომპანია „ფორმულას“ პოპულარული და რეიტინგული შოუს, „სამზარეულოს ომების“, ვარსკვლავური სეზონის გამარჯვებული გახდა. როგორც თავად ამბობს, საკმაოდ რთული სამუშაო იყო, თუმცა, მთლიანად გადაერთო, იბრძოლა, თავი არ დაზოგა და შედეგიც მიიღო.

ვახო ბიჭიკაშვილი: ბავშვობაში დიდად მჭამელი არ ვიყავი, საჭმელებსაც ვარჩევდი. რაღაცები მიყვარდა და გემრიელად მივირთმევდი, რაღაცებს – არა. ბაღში და სკოლის ბუფეტში მივირთმევდი გემრიელად. მაგალითად, სკოლის ბუფეტში ცივ, ფენოვან ხაჭაპურს რომ ვჭამდი, ჯერ ისეთი გემრიელი ხაჭაპური არსად მიჭამია. კარაქიანი პურიც მიყვარდა – ჯემითაც, მურაბითაც, თაფლითაც და შაქრითაც. არ დამავიწყდება, ბებიამ მოამზადა ხორციანი კერძი, გემო არ მომეწონა და რომ გავიდა, ნახევარი ნაგვის ურნაში გადავღვარე და ხელსახოცი დავაფარე, რომ არ ენახა. რომ შემოვიდა, მითხრა: ნახევარი გიჭამია, მოგეწონაო? ვუპასუხე: კი, ძალიან გემრიელია, მაგრამ მეტს ვეღარ შევჭამ- მეთქი. კარგად გიჭამია, თუ აღარ გინდა, დაანებე თავიო (იცინის). ისე, რაც ბავშვობაში არ მიყვარდა, ის კერძები დღესაც არ მიყვარს. მიყვარს წვნიანები, ბულიონები, მაგალითად, უკრაინული ბორშჩი, ჩვენი ტრადიციული ჩიხირთმა, მაგრამ არასოდეს მიყვარდა ტყუილი სოუზი და რუსული წყალწყალა სუპები. 90-იანების ბავშვი ვარ და წარმოიდგინეთ, მაშინ რა კვება გვქონდა. მაგ პერიოდში უცხოეთში მომიწია ყოფნა და იმ ოჯახში, სადაც ვიყავი, მაცივარი რომ გამოაღო დიასახლისმა, იმდენად ფერადი იყო, თვალები ვჭყიტე (იცინის). არადა, ჩვენთან მაცივარს გამოაღებდი და იდო ქვაბი, ერთი ბოთლი ტყემალი და იმ ქვაბში რა იყო, კაცმა არ იცოდა – გაურკვეველი საჭმელი (იცინის). ანუ, ჩვენთან იყო შავ-თეთრი მაცივარი და უცხოეთში კი დამხვდა ფერადი და ეს სულ მახსოვს.

– ესე იგი, როგორც მივხვდი, მრავალფეროვანი კვება გიყვარს. რას ვერ შეჭამ ვერასოდეს?

– დიახ, მრავალფეროვანი საკვები მიყვარს. გურმანი ვარ და სულ ვიყავი. ნაადრევად მომიწია რესტორანთან „მეგობრობა“, მაგრამ მაშინ ვერ ვიაზრებდი, რამხელა შრომაა ჩადებული ამ ყველაფერში და რამდენად რთული სისტემაა. რაც შეეხება მირთმევას, ვერ გეტყვით რას არ შევჭამ, მაგრამ დღეს ისე შემიყვარდა კულინარიული სფერო და იმდენად ვარ დაინტერესებული, ალბათ, ყველაფერს გავსინჯავდი. ძირითადად, ეგზოტიკური სამზარეულო არ მაქვს გასინჯული, თორემ, ისე გველიც მიჭამია და ბაყაყიც, უგემრიელესია. მიყვარს აზიური სამზარეულო. ამერიკაში არის აზიური სამზარეულო და იქ რომ ჩავდივარ კალმარებს, მიდიებსა და სხვა ზღვის პროდუქტისგან დამზადებულ უგემრიელეს კერძებს გეახლებით. სხვათა შორის, ცხენის ხორციც კი ნაჭამი მაქვს. ტანშკენტში მაღალი დონის მიღებაზე ვიყავით და ეგზოტიკური კერძი მოიტანეს, ლამაზად გაფორმებული – ხორცი მოხარშული ბოსტნეულით. დელიკატესიაო. გავსინჯე, მომეწონა და გემრიელად მივირთვი. თუმცა, რომ გავიგე ცხენის ხორცი იყო, სურვილიც არ მაქვს, კიდევ დავაგემოვნო.

– ვახო, რომ ამბობენ, ადამიანი რა განწყობასაც ჩადებს კერძის მომზადების დროს, ის განწყობა მირთმევის დროს აღიქმებაო, ამის გჯერა?

– დიახ, თუ ადამიანი საკვებს გულითა და სულით ამზადებს და თან, სასიამოვნო და დადებით განწყობაზეა, ის აუცილებლად გემრიელი გამოდის. სხვათა შორის, „სამზარეულოს ომების“ შოუს მსვლელობის დროს, რამდენიმეჯერ დაძაბული ვიყავი, დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი, მთელი კვირა კერძის მომზადებაზე ვფიქრობდი, ღამე მესიზმრებოდა, როგორ ვაწყობ თეფშს, არ გამომდის და ვიყავი განცდებში... და ეს ნერვიულობა და განცდა კერძზეც აისახა.

– ესე იგი, სიზმრებშიც კიტელი გეცვა და სამზარეულოში ტრიალებდი?

– კი (იცინის). მოკლედ, ცხადშიც სამზარეულოში ვიყავი და სიზმარშიც (იცინის). ჩემი მეწყვილე – ომიკო ბენაშვილი, რესტორანში საღამოს ასრულებდა სამსახურს, მივდიოდი მასთან და საღამოს რვა საათიდან, დილის რვა საათამდე ვამუშავებდით იდეებს, მთელი ორი თვის განმავლობაში მასწავლიდა, მართლა გადავათეთრეთ ღამეები. ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო და მიხარია. როცა ცუდ ხასიათზე ვიყავი, ისეთი გემრიელი ვერ გამომივიდა. არასოდეს დამავიწყდება, შეფმა და ჟიურის წევრმა ირაკლი ასათიანმა მითხრა: საჭმლის კეთებას კარგი ხასიათი და კარგი განწყობა უნდა, ისევე, როგორც ღვინის დაწურვისას კარგი სიმღერა. თუ კარგ ხასიათხე იქნები, კერძიც გემრიელი გამოგივაო. იმის მერე, სულ ვიკრიჭებოდი (იცინის).

– „სამზარეულოს ომების“ ვარსკვლავური სეზონის გამარჯებული გახდი და ეს ნამდვილად დაიმსახურე. ზოგადად, რატომ გადაწყვიტე მონაწილეობის მიღება? რომ შემოგთავაზეს, ბევრი იფიქრე თუ მალე დათანხმდი? გქონდა იმედი, რომ ფინალში გახვიდოდი და გაიმარჯვებდი კიდეც?

– შოუს პროდიუსერმა დამირეკა და მითხრა: სელებრითების ვარსკვლავურ სეზონს ვაკეთებთ და გვინდა, შენც იყო, მეწყვილედ ჩვენი შოუს გამოცდილი შეფი გეყოლებაო. იმ პერიოდში სამსახურში საკმაოდ დაკავებული ვიყავი, თან გასტროლი მიწევდა ამერიკაში და ორი კვირა გადავუდე პასუხის გაცემა. მოკლედ, დავფიქრდი და ვთქვი: მოდი, ვცდი, მივალ და გავაკეთებ საჭმელებს-მეთქი, გამარჯვებაზე არც მიფიქრია. სახლში ვამზადებდი რაღაცებს, კარგი ხელი მქვს, თუმცა კულინარია პროფესიონალურ დონეზე არ ვიცოდი. უფრო, ხორციანი კერძები გამომდიოდა კარგად. მოკლედ, თვითნასწავლი, ცოტა ნიკო ფიროსმანი ვიყავი კულინარიის სფეროში (იცინის). მივედი, მეწყვილედ ომიკო ბენაშვილი ამირჩიეს და დავიწყეთ შოუ. სხვათა შორის, პირველ დღეს კერძის მოსამზადებლად ოცი წუთი გვქონდა დრო, მანამდე რაღაცები გავამზადე და დრო რომ ჩაირთო, ომიკო ტრიალებდა და მე შეფივით ვედექი თავზე (იცინის). შეფად კი „გავიჩითე“ პირველივე დღეს, მაგრამ შენიშვნა მივიღე შეფი მსაჯებისგან, ასე არაფერი გამოვა, ეს კონკურსიაო. მონაწილეებისგანაც ვიგრძენი: ეს ვინ მოვიდა, ვაფშე რა უნდაო (იცინის). არ მიყვარს, როცა შენიშვნას ვიღებ, თან პასუხისმგებლიანი ტიპი ვარ და მეორე დღეს რომ მივედი, ომიკოს ვუთხარი: აბა, დავიწყეთ! ირგვლივ ყველაფერი გავთიშე, სამსახურში ვთხოვე: უნდა ვიბრძოლო, ომებში მოვხვდი და ხელი შემიწყვეთ-მეთქი. რასაკვირველია, ძალიან შემიწყვეს ხელი. ბევრი ვიშრომე, ვიბრძოლე, ჩავახარჯე ნერვები, გული და სული, დავიკელი შვიდი კილო, გავედი ფინალში და კი გავხდი გამარჯვებული. ასე რომ, თუ მოინდომე და მაქსიმალურად დაიხარჯე, შეუძლებელი არაფერია. მერე ვხუმრობდი: ხალხი სამზარეულოში იმატებს და მე დავიკელი-მეთქი (იცინის). არასოდეს დამავიწყდება ის ემოცია, როცა გამარჯვებულად დამასახელეს. ძლიერი კონკურენცია იყო და ფინალში მახარასა და სალომეს სახით საკმაოდ ძლიერი კონკურენტები გვყავდნენ. მე და მახარა მეგობრები ვართ და რასაკვირველია, ერთმანეთს ვამხნევებდით და გვერდში ვედექით. ყველას გვინდოდა გამარჯვება, თუმცა, გული გვწყდებოდა, შოუდან გათიშულ თითოეულ მოთამაშეზე. ფინალისთვის მთელი კვირა გადავდე თავი, ფაქტობრივად, არ მძინებია. იმდენად ბევრი ვიშრომე, კიდევ ვამბობ, სამყაროს გამოვეთიშე, ჩავიკეტე სამზარეულოს ინვენტარში – ქვაბებში, ტაფებში, დანებსა და ჩანგლებში ვიძინებდი და ვიღვიძებდი. თან, ბავშვობა მახსენდებოდა: გარეთ რომ მზეა, გინდა ეზოში ბავშვებთან ჩასვლა და არ გიშვებენ, სასწავლი გაქვსო (იცინის). რომ არ მომეგო, ვიფიქრებდი, შრომა არ ფასდება-მეთქი. ვგრძნობდი, რომ მე და ომიკო ვლიდერობდით, მაგრამ გამარჯვებულად რომ დამასახელეს, იმ ემოციას, ენით ვერ გადმოვცემ. არც კი ვიცოდი, როგორ გამომეხატა. მთელი ამ ორი თვის განმავლობაში ჩემი შვილები – ნიკო და ანდრია, სოფელში იყვნენ, ძალიან მაძლიერებდნენ. ყოველი ტურის წინ ვიდეოქოლი მქონდა ჩართული, იქიდან ისინი ადებდნენ ხელს ეკრანს, აქედან – მე და თითქოს იმათი ძალა გადმოდიოდა ჩემზე. რისთვისაც ამ შოუში გამარჯვება მინდოდა, იყო ის, რომ შვილებისთვის მეთქვა: მე გავიმარჯვე! მათი სახით ყველაზე მაგარი გულშემატკივრები მყავდა და ყველაზე ამაყი ვიყავი, როცა ვუთხარი: მე გავიმარჯვე! ეს ორი თვე იყო ფანტასტიკური პერიოდი, ახალი გამოწვევა ჩემს ცხოვრებაში და იმდენად საინტერესო, რომ მსახიობობის ნაცვლად ეს პროფესია რომ ამერჩია, დღეს, ალბათ, წარმატებული შეფი ვიქნებოდი.

– არც ახლა არის გვიან.

– რასაკვირველია, არც ახლაა გვიან და სწავლის პროცესში ვარ. ბევრი რამ მომცა ამ პროექტმა, სამზარეულოს ანბანი შემასწავლა და ვფიქრობ, ამ ეტაპზე, სადაც ვარ, იმ სფეროში გავაკეთებ კულინარიულ გადაცემას.

– საკუთარი რესტორნის გახსნაზე არ დაფიქრდები?

– ჯერ აქ მაქვს საქმეები და ათი წლის მერე, ამერიკაში გავხსნიდი ქართულ რესტორანს და გავაცნობდი ჩვენს ქართულ გემოებსა და გემრიელი სამზარეულოს პოტენციალს. მინდა, ამით ვთქვა ჩემი სათქმელი მსოფლიოში. თითქოს ბავშვობაშიც დამაბრუნა ამ პროექტმა, მაგრამ მომავალი ათი წლის შემდეგ ამერიკის სახით დამანახვა ჩემი მომავალი.

– სანამ ათი წლის შემდგომ გეგმებს დავსახავთ, აუცილებლად უნდა გკითხო აწმყოზე – გავიგე, ახალი ტელევიზია იხსნება და იმავდროულად, ერთ-ერთ არხზე კულინარიული შოუს გაკეთებასაც აპირებ. იქნებ ამაზეც მომიყვე.

– „კომედი ჯგუფი“ გახდა „სი კორპორეიშენი“, რომელიც იქნება მრავალი მიმართულების შოუების ავტორი. „იუთუბის“ არხზე ნახევარი მილიონი გამომწერი გვყავს, ასევე ძალიან მალე ჩაეშვება მხიარული, იუმორისტული და გასართობი ტელევიზია, რომელიც იქნება ასევე „სი კორპორეიშენისგან“ და მექნება ჩემი კულინარიული გადაცემა. სხვათა შორის, „ნიკა არაბიძის“ შოუში დავპირდი საზოგადოებას, თუ გავიმარჯვე, აუცილებლად ჩემს კულინარიულ გადაცემას გავაკეთებ-მეთქი და მე სიტყვას არასოდეს გადავდივარ. დიახ, ვაკეთებ და ძალიან მალე იხილავთ ერთ-ერთ ტელეარხზე და ასევე, „იუთუბიზე“. თეთრი კიტელი ძალიან მოვიხდინე და მინდა, ხშირად მეცვას.

– შენი სიმღერები ძალიან პოპულარულია, ემიგრანტებიც ხშირად გეპატიჟებიან და ჩადიხარ კიდეც უცხოეთში. ახლა რამდენად გექნება დრო?

– სიმღერა და ჭამა ისეთი რამეა, ამის დრო სულ უნდა გქონდეს (იცინის). ასე რომ, სიმღერის დროც მექნება, გადაცემის გაკეთებისაც და ჭამისაც.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი