რატომ მიდიოდა შვილის გენეტიკის წინააღმდეგ გიგა კუხიანიძე და რის გამო მოუწევს მას თვე-ნახევარი დაპაუზება
ავტორი: ნონა დათეშიძე 20:00 07.07

მუსიკოსი გიგა კუხიანიძე ცოტა ხნის წინ მარჯვენა მხრის მოტეხილობით საავადმყოფოში შეიყვანეს. ორსაათიანმა ოპერაციამ კარგად ჩაიარა, რამდენიმე დღე სტანციონარში დატოვეს და შემდეგ სახლში გამოწერეს. სამწუხაროდ, ფაქტია, მისი სამუშაოდან გამომდინარე, დროებით მოუწევს შესვენების აღება, რაზეც ძალიან განიცდის და ნერვიულობს.
– გიგა, როგორ მოიტეხე მხარი და ახლა როგორ გრძნობ თავს?
– რამ გამასულელა, არ ვიცი, ლუციფერი შემომაჯდა თავზე – სქროლზე დაჯექიო, მითხრა. დავჯექი და ამოვტრიალდი. დილის ცხრა საათზე ფეხით მივსეირნობდი, დავინახე სქროლი და ვიფიქრე, ამით წავალ-მეთქი. ალბათ, ბედისწერა იყო, თორემ, წესით, იმ ადგილას სქროლზე, რომლის ტარებაც კარგად არ ვიცი, არ უნდა დავმჯდრიყავი. მაგრამ, არ ვიცი, რატომ მომინდა. მოკლედ, სქროლით მოვინდომე ჭავჭავაძეზე გადაადგილება, ცუდი გზა იყო, წონასწორობა ვერ დავიცავი, ცუდად დავამუხრუჭე, გადმოვვარდი და მხარი მოვიტეხე. გამვლელებმა ძლივს ამფხიკეს მიწიდან, გამოიძახეს სასწრაფო, გადამიყვანეს საავადმყოფოში, გამიკეთეს ოპერაცია და რკინები ჩამიდგეს. ახლაც გამაყუჩებლებს და ანტიბიოტიკებს მიკეთებენ, გაოგნებული ვარ და გული მწყდება, რომ უამრავი საქმე მქონდა და ხელი მეშლება. თვე-ნახევარი ხელი დაფიქსირებული უნდა მქონდეს, მერე რეაბილიტაციის პერიოდი უნდა გავიარო, თავისი ვარჯიშებით. ახლა, როცა ამდენი საქმე მაქვს, ჩემთვის მხრის მოტეხა ჩვეულებრივი „დასტოპებაა“.
– ზოგადად, რამდენად ხიფათიანი ადამიანი ხარ და მანამდე თუ მოგიტეხავს რამე?
– არასოდეს არაფერი მომიტეხავს, თუმცა ბავშვობაში მარცხიანი ვიყავი. არ ვიყავი სპორტული, არც ექსტრიმი მიყვარდა და ახლა, ამ ასაკში, 45 წლის კაცი რამ გადამრია, არ ვიცი. პირველად მოვიტეხე და ისიც მხარი. არადა, ამ ზაფხულს ბევრი რამე მაქვს გასაკეთებელი და სხვა გზა არ მაქვს, მხოლოდ მარცხენა ხელით მომიწევს დაკვრა. როგორც იცით, მომღერლებთან ვმუშაობ, უცხოური პროექტიც მაქვს და გამიჩერდა ყველაფერი, თვე-ნახევარი დავპაუზდი.
– ამ ბოლო დროს, როგორც ვხედავ, ბავშვებთან აღარ მუშაობ და ძირითადად, მომღერლებთან გიწევს მუშაობა ანუ შოუ-ბიზნესს დაუბრუნდი?
– დიახ, ამ ბოლო დროს, მომღერლებთან მიწევს მუშაობა და შიგადაშიგ, ნიჭიერ ბავშვებსაც არ ვწყვეტ გულს და ვუკეთებ სიმღერებს. მაგალითად, ახლახან ანასტასია ბერიშვილის სიმღერა გავაკეთე, ვიდეოც გადაუღეს და სულ მალე გამოვა. ძალიან კარგი გოგონაა, „რანინას“ ფინალში გავიდა შარშან, წელს „ნიჭიერის“ ფინალისტი გახდა, ძლიერი ვოკალისტია და ისეთი ვოკალი აქვს, დიდივით მღერის. თვალი რომ დახუჭოთ და ისე მოუსმინოთ, იფიქრებთ, თვრამეტი წლის გოგო მღერის, არადა 11 წლისაა. საერთაშორისო კონკურსის დონის ბავშვია. იმედი მაქვს, მომავალში ბევრ წარმატებას მიაღწევს. მე მასში დიდ მომავალს ვხედავ, მონდომებულია, ნიჭიერი და შრომობს. მჯერა, რომ ასეთი ნიჭიერი და მშრომელი ბავშვები არ იკარგებიან, რომლებიც ადრეული ასაკიდან აქტიურად არიან ჩართული ამ საქმიანობაში. არა მარტო ანასტასია, კიდევ ბევრი მაგარი ბავშვია. მაგალითად, ახლახან გადავუღე კლიპი ანასტასია ვასაძეს, ძალიან მაგარი გოგოა. შარშანწინ „ევროვიზიაზეც“ იყო, ჩემთან, „ბზიკების“ სტუდიაში გაიზარდა, სულ პატარა მომიყვანეს. მერე „რანინას“ გამარჯვებული გახდა და მისი ვიდეოკლიპიც მალე გამოვა. ასე რომ, ბავშვებთანაც მიწევს მუშაობა, მაგრამ ამ ეტაპზე ისევ მომღერლებს დავუბრუნდი და მათთან ვმუშაობ.
– წელს, საბავშვო „ევროვიზია“ საქართველოში გაიმართება. კერძოდ, როდის და სად?
– საბავშვო „ევროვიზია“ გაიმართება 13 დეკემბერს, ახალ სპორტის სასახლეში. 2017 წელსაც იქ ჩატარდა და წელსაც იმავე ლოკაციაზეა. სამზადისი დაწყებულია, მონახაზები გაკეთებულია და მალე აქტიურ ფაზაში შევა. მეც, მელოდება უამრავი სამუშაო, თუმცა, ამის გამოცდილება მაქვს და ვიცი, წინ რა მელოდება. 2017 წელსაც თავაუღებლად ვიმუშავე, ბევრი მასალა იყო გასაკეთებელი და მოსასწრები და წელსაც იგივე იქნება. თუმცა, ახლა უფრო მომზადებული ვარ, არ ვიქნები დაძაბული. თან, როცა მთლიან შოუზე გიწევს მუშაობა – მუსიკალური დიზაინის, გახსნის, ვიდეოფაილებისა და ასე შემდეგ, ძალიან საინტერესო პროცესია. ასე რომ, სექტემბრიდან აქტიურად მომიწევს საბავშვო „ევროვიზიაზე“ მუშაობა.
– შენს პროფესიონალიზმზე ლაპარაკი ზედმეტია და ვინც გიცნობს, იცის, როგორი შრომისმოყვარე და პასუხისმგებლიანი ადამიანი ხარ. დამოუკიდებელი ცხოვრება რა ასაკიდან დაიწყე და თუ გახსოვს, პირველი ხელფასი რაში დახარჯე?
– პირველი მუსიკალური დაკვეთა ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრიდან მქონდა. 14 წლის ასაკში გავაფორმე სპექტაკლი. არ დამავიწყდება, პირველი ხელფასი ავიღე 5 ათასი კუპონი და ამ ფულით როლინგი ვიყიდე. მაშინ ძალიან მოდაში იყო გრძელყელიანი, ფერადი როლინგები და ზუსტად ხუთი ათას კუპონად ვიყიდე. ჭკუაზე არ ვიყავი, ისე მიხაროდა, რომ ეს ჩემი ფულით შევძელი (იცინის). შემდეგ ქუთაისის საბავშვო სტუდიებისგან მქონდა დაკვეთები. 16 წლის ასაკში კი საცხოვრებლად დედაქალაქში გადამოვედი და აქ დავიწყე მუშაობა. თბილისში არავინ მყავდა. ახლა რომ ვფიქრობ, ამ ასაკში ამ რისკზე ვერ წავიდოდი. თუმცა, გამიმართლა და დედაქალაქი ოთხი დღის ჩამოსულმა, ჩემი უსაყვარლესი მომღერალი, ნინო სურგულაძე გავიცანი. ვაჩუქე სიმღერა, რომელიც ძალიან მოეწონა და იმ დღიდან დაიწყო ჩვენი არანორმალური მეგობრული ურთიერთობა. მერე ნინო ჩემი შვილის ნათლია გახდა და დღემდე ძალიან ახლობლები ვართ. მოკლედ, როცა ნინომ ჩემი სიმღერა „მე და შენ“ იმღერა, მერე დაინტერესდნენ სხვა მომღერლები და ასე ნელ-ნელა დაიწყო ჩემი კარიერული ზრდა.
– შენი დონის მუსიკოსი, უცხოეთში საკმაოდ ფასობს, არ გიფიქრია იქ წასვლა და კარიერის გაგრძელება?
– ძალიან ბევრჯერ მიფიქრია უცხოეთში კარიერის გაგარძელება და შემოთავაზებაც ბევრჯერ ყოფილა. შემეძლო, უფრო კარგად ვყოფილიყავი, თუნდაც ეკონომიურად, ვიდრე დღეს ვარ, მაგრამ მე მიყვარს ჩემი სახლი, ჩემი სამეგობრო, ჩემი ოჯახი... ვიცი, აქ ვარ და ჩემს ახლობელს რომ რამე გაუჭირდეს, გვერდით უნდა ვედგე, ნებისმიერ დღეს. ამით ვარ მშვიდად.
ეს ერთი და მერე მეორე – არასოდეს მქონია იმის დეფიციტი, რომ მე არაპროდუქტიული ვყოფილიყავი და რამე არ გამომსვლოდა. რა თქმა უნდა, ეს დიდი წვალების შედეგად ხდება და უცხოეთში ამის მეასედი წვალებაც არ დამჭირდებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ პატრიოტი ვარ და ვერ ველევი ჩემს ქვეყანას. რა ვიცი, ვფიქრობ, უკან მოსახედი კარგი მაქვს, ვამაყობ ჩემი საქციელებით და ჩემი საქმიანობით. მიხარია, რომ ხალხს ვუყვარვარ. ახლაც, კლინიკაში რომ ვიწექი, ყველა ექთანი და ექიმი თავს მევლებოდა, ვგრძნობდი მათ დადებით განწყობას და არ მირჩევნია, ჩემს ქვეყანაში ვუყვარდე ადამიანებს, ვიდრე უცხო მხარეში ვუმტკიცო ვინმეს, მე ვინ ვარ?! იცით, რას მივხვდი? ალბათ, არ მდომებია ზედმეტი რაღაცები, თორემ წავიდოდი. ეტყობა, ეს მინიმალური მყოფნის, მაკმაყოფილებს. რასაკვირველია, ზედმეტი არასოდეს არაფერია, მაგრამ რაც გაქვს, უნდა იკმარო და რაღაცები დააფასო. სხვათა შორის, ადრე უფრო ბევრი რამ მინდოდა, ახლა კი ვხვდები, რომ თითოეული დღე უნდა დააფასო, უნდა მოუფრთხილდე იმას, რაც გაქვს, არ დაკარგო და შეინარჩუნო. ყველაზე ადვილია წარმატების მიღწევა, როცა განსაკუთრებული უნარები გაქვს და შრომობ, მაგრამ მისი შენარჩუნება ძალიან რთულია. ამ წარმატების შენარჩუნებას ვუნდები ყოველდღე, ყოველთვის და სულ ვფიქრობ, ხვალ რამე არ გავაკეთო ცუდად, რამე არ წემეშალოს. ხომ იცით, ხალხი როგორია, არასოდეს გაიხსენებს შენს წარმატებებს და ერთ პატარა გადაცდენასაც კი არ გაპატიებს. სამწუხაროდ, ეს ახალი სენია ჩვენს ერში, რომ სოციალურ ქსელში დაუმსახურებლად ხდება გულისტეკენები და ეს მეც შემეხო, მაგრამ მივხვდი, ამან არ უნდა დამაინტერესოს და არ მივაქციო ყურადღება, ეს მისი პრობლემაა. მთავარია, მე ვარ ბედნიერი, გამიმართლა ოჯახში, ყველა კარგად მყავს, რა პროფესიაც ავირჩიე, იმ პროფესიაში წარმატებული ვარ, ამ პროფესიით უზრუნველვყოფ ჩემს ოჯახს და რაც ყველაზე მეტად მიხარია, ხალხს ვუყვარვარ. ამაზე მეტი ბედნიერება და გამართლება რა უნდა იყოს. როცა სიკეთე გიბრუნდება და ხალხს უყვარხარ, ამაზე ძვირი არაფერია სამყაროში. ეს ყველაზე დიდი ჯილდოა ჩემთვის და ამას გაფრთხილება უნდა, მეტი სიყვარულის გაცემა, რომ ისევ უკან დაგიბრუნდეს.
– მუსიკალური ოჯახიდან ხარ, შენი ცოლი ნინო ძოწენიძე და ძმა კახა კუახიანიძე შოუ-ბიზნესში საკმაოდ წარმატებულები არიან. ვიცი, შვილსაც საკმაოდ კარგი მონაცემები აქვს და არ გწყდება გული, რომ შენი შვილი სცენაზე არ დგას და ოჯახურ ტრადიციას არ აგრძელებს?
– სხვათა შორის, სანდროს სწყდება გული, რადგან მე შევუშალე ხელი. მომღერლობა ძალიან მძიმე პროფერსიაა და თითქმის ყველა მომღერალი დეპრესიაში ვარდება, როცა კარგავს რეიტინგს და შემოსავალი არ აქვთ. სანდროს დღესაც უნდა სცენაზე დგომა და ამღერება, მაგრამ მე ჩავთვალე, რომ არ უნდა მდგარიყო. თუმცა, უკვე დიდი ბიჭია და თუ გადაწყვეტს, ხელს შევუწყობ. უბრალოდ, მეგონა, ავარიდე, აღარ მოუნდებოდა სცენა, ეკონომიურზე სწავლობს, მაგრამ გენეტიკა თავისას აკეთებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან