შოუბიზნესი

რატომ იკვებება ქეთი ხუციშვილი მხოლოდ ფაფით და როგორ იცავს ის ყველასთან დისტანციას

№13

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 02.04

ქეთი ხუციშვილი
დაკოპირებულია

ქეთი ხუციშვილის „უცნობი მხარე“👇

– ვინ არის ქეთი ხუციშვილი?

ქეთი ხუციშვილი: ჩვეულებრივი გოგო, რომელსაც ყოველდღიური ცხოვრება აქვს – დილას ხან ყავით იწყებს, ხან ფაფით და მერე მოვლენებს მიჰყვება. შვილთან ურთიერთობა და სამსახური – ჩემთვის ეს არის მთავარი.

– როგორია შენი საოცნებო ცხოვრება?

– ზოგადად, ოცნებები არ მაქვს, მაგრამ თუ მაინცდამაინც, ვიოცნებებდი, მოგზაურობაში დავბერებულიყავი.

– გიკეთებია საქმე, რომელიც გძულდა?

– ალბათ, კი. პასუხისმგებლობა რომ გაქვს აღებული, შეიძლება, ისეთი საქმის კეთებაც დაგჭირდეს, რომელიც არ გიყვარს, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში ასეთი რამ, ალბათ, ძალიან ადრე ხდებოდა. ვფიქრობ, უფრო სწავლის პერიოდში, როცა მეზარებოდა, მაგრამ ვალდებულება მქონდა და ვსწავლობდი.

– გულჩვილი ადამიანი ხარ?

– კი, ვარ. ძალიან პრიმიტიულმა ამბავმაც კი შეიძლება, ჩემში სენტიმენტები გამოიწვიოს. შესაძლოა, ტირილი არ დავიწყო, მაგრამ გული მომეწურება. საერთოდ, დიდად მტირალა არ ვარ.

– როგორც ვიცი, კომფორტზე შეყვარებული ადამიანი არ ხარ და რას გულისხმობ?

– ჩემთვის კომფორტი შეიძლება, ერთ ოთახში ცხოვრება იყოს და ვცხოვრობ კიდეც. მე საერთოდ არ მჭირდება 2-3 ოთახი და შესაბამისად, სურვილიც არ მაქვს, რომ მქონდეს. ძალიან პატარა ზომის ოთახშიც შემიძლია, ვიცხოვრო. მხოლოდ ერთი ჭიქა ყავითაც ვისიამოვნო და ადამიანებთან ურთიერთობით დავტკბე. თუ ლატარიაში ფულს მოვიგებ, ჩემს თავს შევუქმნი კომფორტს, რაც ბევრ მოგზაურობაში გამოიხატება.

– გინდა, რომ მსოფლიოში ცნობილი ადამიანი იყო?

– არა, რად მინდა?! როგორც ვარ ისიც ძალიან კარგად მაკმაყოფილებს. საქართველოში რომ მცნობენ, ესეც საკმარისია. მეტი სულაც არ არის საჭირო. ჩემს ცხოვრებაში ესეც ძალიან მოულოდნელად მოხდა. ასეთ რამეზე ვერც ვიფიქრებდი, მაგრამ მსოფლიო მასშტაბები სულ სხვაა, გაასმაგებული პასუხისმგებლობაა, ცოტა საფრთხილო და საშიშიც კია – მე ასე მგონია. ასეთ შემთხვევაში სიმშვიდე აღარ გაქვს, ადამიანები თითს იშვერენ შენკენ. ამიტომ, ნამდვილად ჯობია, ისე ვიყო, როგორც ვარ.

– რა მიგაჩნია შენს ყველაზე ცუდ საქციელად ან თვისებად?

– არაფერი ისეთი არ გამიკეთებია, რომ მენანა. თვისებას რაც შეეხება, შეიძლება, ძალიან ვინერვიულო ისეთ რამეზე, რაც საერთოდ არ არის სანერვიულო, მაგრამ მე ჩავიციკლო, კუდები გამოვაბა და ძალიან განვიცადო – ეს თვისება არ მომწონს, თორემ დანარჩენი – კი ბატონო, ჩემში ყველაფერი მომწონს (იცინის).

– რა გამოცადე ბოლო პერიოდში ცხოვრებაში პირველად?

– ეტაპი, რომელიც ბოლო პერიოდში მიდგას, ვგულისხმობ, პოპულარობას. ამან ბევრი რამ მასწავლა, ახალმა სიტუაციებმა მნიშვნელოვანი გამოცდილებები შემძინა. ახალი ურთიერთობები დავამყარე და ეს ყველაფერი ძალიან კარგია. ვერ დავიწუწუნებ, რომ რთულია, პირიქით, ეს სასიამოვნოა. ალბათ, იმიტომაც მომწონს, რომ მე ძალიან მიყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია. არ ვარ ჩაკეტილი ტიპაჟი. თუმცა, ხალხთან ურთიერთობა არ ნიშნავს მაინცდამაინც ქუჩაში გასვლას და ვინმესთან საუბარს. შეიძლება, ფინჯანი ყავით დავჯდე სადმე მარტო და ხალხი ვათვალიერო. ჩემთვის ეს უკვე ურთიერთობაა. ამ დროს ძალიან ვივსები და ყველანაირად მაკმაყოფილებს. არც ვინმესთან საუბარია პრობლემა. პირიქით, ზოგჯერ ხან ვის დაველაპარაკები, ხან ვის, ძალიან მალე შემიძლია ადამიანთან საერთო ენის გამონახვა. კომუნიკაბელური ვარ, მაგრამ ჩემდა უნებურად, ყველასთან დისტანცია მაქვს. ამას განზრახ არ ვაკეთებ, უბრალოდ, ასე ხდება, ასეთი ტიპაჟი ვარ. ეს არ ნიშნავს, რომ არ მომწონს ვინმე, პირიქით, ყველას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მე ასე უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს. ძალიან აქტიური ურთიერთობები არ არის ჩემი სტილი.

– უხერხული შემთხვევა, რომელიც თავს გადაგხდენია...

– უხერხულად ვგრძნობ თავს, თუ ვინმე სადმე მეპატიჟება, სუფრაზე ჩემსას იხდის და მსგავს სიტუაციებში. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა და მადლობელი ვარ, მაგრამ თან, ძალიან მერიდება.

– ბოლოს როდის მოიტყუე და რა?

– არ ვიტყუები, იმიტომ, რომ ვფიქრობ, შუბლზე მაწერია, როცა ვინმეს მოტყუებას ვცდილობ. რამდენჯერმე ვცადე. განა რა უნდა მომეტყუებინა, შეიძლება, სახლში ვიყავი და ვთქვი, რომ არ ვიყავი ან პირიქით, მაგრამ ამ დროსაც ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს. არა, რა, არ გამომდის ტყუილის თქმა. სჯობს, თქვა, რომ სახლში ხარ, მაგრამ არ გცალია. მე ასე მირჩევნია.

მე თვითონ, დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვხვდებოდი, როცა მატყუებდნენ. ამ ბოლო დროს, ვცდილობ, გამოვიცნო ტყუილს მეუბნება ადამიანი თუ მართალს და მგონი, ცოტათი გამომდის, მაგრამ მაინც რთულია. სხეულის ენას უნდა ფლობდე, რომ ადამიანის ნათქვამი სწორად შეაფასო. იმასაც გააჩნია, რამდენად გამოცდილ მატყუარასთან გაქვს საქმე.

– როდის ყოფილხარ ყველაზე სასტიკი?

– ალბათ, მაშინ, როცა გაბრაზებულზე დამიყვირია (იცინის). როგორც ასეთი, სასტიკი არ ვარ. არ არის ეს თვისება ჩემში. მაქსიმუმ, ხმას ავუწიო, მაგრამ ბრაზიც მალე გადამდის. ოჰ, ოჰ, როგორ არ მიყვარს კონფლიქტური სიტუაცია! რა საყვარელი ეგ არის?! ყველანაირად ვცდილობ, თავი ავარიდო უსიამოვნებებს. ზოგჯერ რთულია, მით უმეტეს, როცა შენი სიმართლე არ გაგდის, მაგრამ ჯობს, თავი დაანებო და ადამიანს ისე ეგონოს, როგორც უნდა. არ შემიძლია ზედმეტი შეხლა-შემოხლა. რაც წლები მემატება, მით უმეტეს, უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ სიმშვიდეზე კარგი არაფერია.

– ეკრანული სახისგან ძალიან განსხვავდები?

– აბსოლუტურად. სულ სხვა ადამიანი ვარ ეკრანზე და სულ სხვა – რეალურად.

– რა მიგაჩნია შენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?

– არ ვთვლი, რომ ცხოვრებაში დიდი მარცხი განვიცადე. გამარჯვებას უფრო გამართლებით შევცვლი. ეტაპი, რომელიც ახლა დგას ჩემს ცხოვრებაში, უფრო გამართლებაა, ვიდრე ჩემი გამარჯვება. ეს არ ყოფილა ჩემი მიზანი, რომლისთვისაც ვიბრძოდი. ერთი საათიც კი არ მიბრძოლია, თუნდაც, იმისთვის, რომ ადამიანებს ჩემ შესახებ სცოდნოდათ. თავიდან ბოლომდე გამართლებაა ის, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა.

– სახლის საქმეებიდან რისი კეთება გიყვარს?

– ჩემს სახლში საჭმელი არ კეთდება (იცინის). ჩემს შვილს ჩემი გაკეთებული არ მოსწონს. შესაბამისად, არ ვაკეთებ. მე ჯანმრთელობის მცირე პრობლემა მაქვს და ამიტომ სპეციალურ კვებაზე ვარ. ყველაფერი არ მეჭმევა და ფაფას თუ მოვიმზადებ ხოლმე. ეგ არის და ეგ. სპეციალური კვება რომც არ მქონდეს დანიშნული, ისედაც მთელი ცხოვრებაა ასე მოვდვარ – წვნიანი და ფაფა, მორჩა – მე ეს მაკმაყოფილებს. დღეში ორჯერ ან სულაც ერთხელ ვჭამ. უფრო ხალისით სახლს ვალაგებ. სულ ერთი ოთახი მაქვს და რა უნდა ამის დალაგებას. რომ მოვრჩები, მერე ვჯდები და სიამოვნებით ვუყურებ, როგორ გამოიყურება ჩემი დასუფთავებული სახლი. აი, ყველაზე მეტად ეს მსიამოვნებს (იცინის). კიდევ ძალიან მიყვარს სარეცხის გაფენა. რომ გავფენ, მერე ვჯდები, ვუყურებ და ვფიქრობ, ვაიმე, რა კარგად არის გაფენილი (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა