შოუბიზნესი

რატომ გადაწყვიტა მარიამ შუკაკიძემ დაცვის აყვანა და რა შრომა ჩადო მან პოპულარობისთვის

№45

ავტორი: ქეთი მოდებაძე 21:48 12.11

მარიამ შუკაკიძე
დაკოპირებულია

მარიამ შუკაკიძე ერთადერთი ქართველი ინფლუენსერია, რომელსაც თითქმის ხუთი მილიონი გამომწერი ჰყავს. ულამაზესი მარიამის ცხოვრებაში ბევრი ძალიან სასიამოვნო სიახლეა და ამის შესახებ ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

მარიამ შუკაკიძე: როგორც ყველა ქალი, მეც ვოცნებობდი საკუთარი სილამაზის ცენტრი მქონოდა, ზუსტად ისეთი, როგორიც ახლა მაქვს. ამიტომ, როცა შვილები წამოვზარდე, ბიზნესზე გადავერთე. არა მხოლოდ ჩემთვის, მინდოდა, ჩემი ქალაქისთვის, ბათუმისთვისაც სასარგებლო საქმე გამეკეთებინა. ჩვენს ქალაქში ასეთი სალონი აქამდე ნამდვილად არ ყოფილა. ჩვენთან ყველაფერი ერთ სივრცეში არის, უმაღლესი ხარისხის სპეციალისტები გვყავს და ასევე, უმაღლესი ხარისხის ტექნიკა გვაქვს. თითქმის, ნახევარი წელია, გავხსენით და ბათუმში პირველები ვართ. ეს მიზანი ყოველთვის მქონდა.

ძალიან რთული პროცესი იყო. ბევრი საფიქრალი მქონდა იდეაზე, დიზაინზე, ფერებზე, შემდეგ – უკვე რემონტზე. გამიმართლა იმაში, რომ ძალიან ბევრი გამომწერი მყავს და როცა სოციალურ ქსელში ვწერდი, რომ გამოცდილ სპეციალისტებს ვეძებდი, ისინი თავად გამომეხმაურნენ და ერთად ყველაფერი გამოგვივიდა. შეიძლება, ადამიანებს შორიდან ჰგონიათ, რომ ადვილია და ყველაფერი თავისით კეთდება, მაგრამ სინამდვილეში სილამაზის სალონის და ესთეტიკური ცენტრის გახსნა და მართვა ერთ-ერთი ყველაზე რთული ბიზნესია.

– ოჯახში არ გსაყვედურობენ, რომ მათთვის ძალიან ცოტა დრო გრჩება?

– კი. სანამ ამ ბიზნესს წამოვიწყებდი, მანამდე, ძირითადად, სახლში ვიყავი, ბავშვებთან ერთად. ახლა რადიკალურად შეიცვალა ჩემი ცხოვრების წესი. სულ ვცდილობ, იქ ვიყო და იმავდროულად, უკვე მეორე ბიზნესი დავიწყე. იქიდან გამომდინარე, რომ სალონმა გაამართლა, გადავწყვიტე, არ გავჩერებულიყავი და ბათუმისთვის კიდევ ერთი საჭირო ბიზნესი წამომეწყო. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველას ძალიან გაახარებს. მაღაზიის გახსნას ვაპირებ, სადაც უმაღლესი ხარისხის ბრენდების კოლექციებით ქალბატონებიც შეიმოსებიან, მამაკაცებიც და ბავშვებიც. ყველაფერი უმაღლესი ხარისხის გვექნება და უკვე ვატყობ, რომ გახსნას უამრავი ადამიანი ელოდება. მიხარია, რომ ხალხში ამხელა ნდობა მაქვს და ვცდილობ, ეს მოლოდინი გავამართლო.

– ხშირად შემხვედრია ნიუსები და ფოტოები სათაურებით – „მარიამ შუკაკიძის მდიდრული ცხოვრება“ და ალბათ, ბევრი ფიქრობს, რომ ამ ბიზნესის გარეშეც არაფერი გაკლდა...

– სანამ ჩემს მეუღლეს გავიცნობდი, მე უკვე „ინფლუენსერი“ ვიყავი. იმ დროს ამ საქმიანობის შესახებ ბევრმა საერთოდ არ იცოდა. ვიღებდი ფოტოებს, ლამაზად ვიცმევდი, რეკლამებს ვაკეთებდი და ასე დავიწყე თანხის გამომუშავება. ვერ ვიტყვი, რომ ფინანსურად მხოლოდ მეუღლეზე ვარ დამოკიდებული. თვითონაც მაქვს შემოსავალი. მეუღლეს თავისი ბიზნესები აქვს, კაპიტანია და სამი თვით მიდის ხოლმე, მაგრამ ის ჩემი მთავარი საყრდენია და ყველაფერში გვერდით მიდგას.

ექვსი წლის წინ მე და ჩემმა მეგობარმა ონლაინმაღაზიებით დავიწყეთ, ვცდილობდი, ფინანსურად დამოუკიდებელი ვყოფილიყავი. ყოველთვის მინდოდა პოპულარობა, ძალიან ბევრ შრომას ვდებდი საკუთარ თავში. ერთი ფოტოს გადაღება ფინანსურადაც საკმაოდ დიდი თანხა მიჯდებოდა და ასევე, დრო და ენერგიაც დიდი მიჰქონდა. ამას ვაკეთებდი იმისთვის, რომ სოციალურ ქსელში ლამაზად წარმომეჩინა ყველაფერი. ჩემი ფოტოები ხშირად მხვდებოდა სხვადასხვა გვერდებზე, მიდიოდა განხილვა და ჩემი პოპულარობა იმატებდა. რაც უფრო მეტად აქტიური ხარ და „ინსტაგრამზე“ გამომწერები გემატება, შემოთავაზებებიც იზრდება და შესაბამისად, შემოსავალიც. ასე მოვედი აქამდე. ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი თავისით მოვიდა. საერთოდ, ნებისმიერ საქმეში ასეა, ჭკუაც საჭიროა, ენერგიაც და დიდი შრომაც, თუ გინდა, სასურველ შედეგს მიაღწიო. ფეხი ფეხზე გადადებული ნამდვილად არასდროს ვყოფილვარ, არ მქონია ამბიცია, რომ ჩემთან რაღაც თავისით მოვიდოდა. კარგად მაქვს გააზრებული, რომ თუ რამე მინდა, ამისთვის უნდა ვიშრომო კიდეც. შესაბამისად, ეს ბიზნესიც ლოგიკური გაგრძელება იყო. საქმიანი კუთხით მალე თბილისთან დაკავშირებითაც გვაქვს გეგმები, თუმცა, ამაზე მოგვიანებით, ახლა კი იმას ვიტყვი, რომ უკვე სამი თვეა, საკუთარი კოსმეტიკური ხაზის გამოშვებას ვაპირებ. მინდა, ჩემი ბრენდი შევქმნა. მეუღლესთან და პარტნიორებთან ერთად აქტიურად დავდივარ საზღვარგარეთ, ვეძებ საუკეთესო ქარხნებს, მაღალი ხარისხის მასალებს და როდესაც ყველაფერი დალაგდება, ჩემი კოსმეტიკური ხაზის პრეზენტაციასაც გავმართავ.

– ამდენ რამეს როგორ ასწრებ?

– მეც არ ვიცი. სამი შვილი მყავს. ახლახან ვარჯიში დავიწყე, რომ ენერგიის ნაკლებობას არ ვუჩიოდე. იყო პერიოდი, როცა საერთოდ არაფერს ვაკეთებდი, გარდა შვილების აღზრდისა და საოჯახო საქმეებისა. შეიძლება, ერთი კვირა სახლში ვყოფილიყავი, მაგრამ მუდმივად ვფიქრობდი იდეებზე, გეგმებს ვსახავდი, მაგრამ საქმესთან დაკავშირებით, შეიძლება, გარეთ არც კი გავსულიყავი. ახლა სულ სხვანაირი რეჟიმი მაქვს, ძალიან დატვირთული ვარ. სანამ ასე აქტიური არ ვიყავი, ბიზნესის კუთხით განათლებაც მივიღე და ეს ძალიან მეხმარება. ყველა გოგოს ვურჩევ, ეს გააკეთონ, თუ ბიზნესში აპირებენ ძალების მოსინჯვას, რადგან კონკურენცია ძალიან დიდია და მხოლოდ შრომა და ბედს მინდობა ვერ დაგვეხმარება.

– არც საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა გავიწყდება და ყოველთვის საოცრად გამოიყურები...

– კი, ამას ყოველთვის ვაქცევ ყურადღებას. თან, სილამაზის სალონი მაქვს და სხვანაირად არც შეიძლება: თმა, ფრჩხილი, სახის კანი თუ სხვა, ყოველთვის მოწესრიგებული უნდა მქონდეს. არ არსებობს დღე, როცა მე სახლიდან მოუწესრიგებელი ან უმაკიაჟოდ გამოვდივარ. მიყვარს, როცა კლასიკურად მაცვია და გაპრანჭული ვარ. გამორიცხულია, გარეთ მოუწესრიგებელი თმითა და სპორტული სამოსით გამოვიდე. ძალიან ბევრი ადამიანი მხედავს და მგონია, რომ მათ მიმართ ცოტა უპატივცემულობაცაა, მოუწესრიგებელი გახვიდე გარეთ, როდესაც ცნობილი ადამიანი ხარ.

– ქუჩაში გრძნობ ინტერესს?

– სხვათა შორის, ბოლო დროს – განსაკუთრებით. მოდიან, მეუბნებიან, რომ რეალურად უფრო ლამაზი ვარ. ჩემ მიმართ დიდი დოზით იყო ბულინგი, თითქოს ყველაფერი ფოტოშოპის დამსახურება იყო. ფოტოშოპს ყველა იყენებს და მათ შორის მეც, მაგრამ არა იმ დოზით, რომ ქუჩაში ვერ მიცნონ. პირიქით, ყველა სიყვარულით მხვდება და უამრავ კომპლიმენტს მეუბნება. ჩემთვის ეს არის ყველაზე დიდი სიამოვნება.

– და ამ ყველაფრის გამო დაცვის აყვანაც გადაწყვიტე.

– კი, მე მყავს დაცვაც და მძღოლიც. პირველ რიგში, ვიტყვი, რომ მე არ ვარ ამპარტავანი ადამიანი და არ ვფიქრობ „მე ვარ, რაც ვარ“. უბრალოდ, რადგან ცნობილი ადამიანი ვარ, ცოტა გარეგნობითაც გამოვირჩევი, ვფიქრობ, რომ ეს აუცილებელია. სამწუხაროდ, საქართველოში ბოლო დროს ძალიან ცუდი ფაქტები ხდება, ამის გამო უფრო მეტად ჩემი მეუღლის გადაწყვეტილება იყო, დაცვა მყოლოდა, რადგან თვითონ, ძირითადად, საქართველოში არ არის. მიზეზი მხოლოდ ესაა და არა ის, რომ მე ვინმეს ზემოდან ვუყურებ.

– მალე ახალ სახლშიც აპირებთ გადასვლას.

– კი, ძალიან ლამაზ ადგილას ვიშენებთ სახლს. ბათუმთან ძალიან ახლოს, ხუთი წუთის გზაზე. ეს ჩემი ოცნების ადგილია. ყოველთვის მინდოდა, დიდი და ლამაზი სახლი მქონოდა. მშენებლობა უკვე დავიწყეთ და დიდ სახლს, თავისი აუზით, ჩემი გემოვნებით მოვაწყობ, დიზაინზე თავად ვზრუნავ. მშენებლობა უკვე მიდის. არ ვიცი, როდის დასრულდება, მაგრამ უკვე ძალიან ბედნიერი ვარ. ულამაზესი ხედი აქვს, ბათუმის ულამაზესი ხედებიც ჩანს, ზღვაც, სიმწვანეც და ეს ჩემთვის ყველაფერია.

– დასვენებასა და მოგზაურობას თუ ახერხებ?

– მოგზაურობას – კი, მაგრამ უფრო ბიზნესშეხვედრებისთვის. ყველაფერს რომ დავასრულებთ, მერე მივცემ თავს დასასვენებლად მოგზაურობის უფლებას. ჯერ კი ძალიან მეჩქარება, ყველაფერი განვახორციელო, ამიტომ ვერ დავკარგავ დროს, თუნდაც პარიზში მოგზაურობისთვის. დღეს არავის არაფერი უკვირს და პარიზში წასვლაში განსაკუთრებული არაფერია. მგონია, რომ მოგზაურობაზე მნიშვნელოვან საქმეებს ვაკეთებ და იმედი მაქვს, რომ ამისთვის მომავალში მექნება დრო. ახლა ჩემთვის განტვირთვა სახლში მშვიდად ყავის დალევა და ახალ იდეებზე ფიქრია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა