რატომ დაიმარხა თავი სამი დღით გიგი ქათამაძემ და რა უმძიმესი რიტუალი ჩაიტარა მან ინდონეზიაში სულიერი და ფიზიკური განწმენდისთვის
ავტორი: ქეთი მოდებაძე 23:00 16.06

გიგი ქათამაძეს, ალბათ, ბევრი იცნობთ საინტერესო მოგზაურობების ამსახველი ვიდეოებით, საინტერესო ჩელენჯებითა და ექსტრემის განსაკუთრებული სიყვარულით.
გიგი ქათამაძე: აქამდე მარკეტინგის სფეროთი ვიყავი დაკავებული. დაახლოებით, ორი წელი ამერიკაში ვმუშაობდი, მანამდე იტალიაში ვიყავი სამი წელი. შემდეგაც გერმანიაში წავედი გაცვლითი პროგრამით. ორი წელი მარკეტინგში ვმუშაობდი და სულ იმაზე ვფიქრობდი, რომ მეტი დრო მჭირდებოდა ჩემი ოცნებების განსახორციელებლად, რაშიც სამსახური ვერ დამეხმარებოდა. ვფიქრობდი, რა გზით შეიძლებოდა თავისუფლება მომეპოვებინა. ასეთი გზა ვერ ვიპოვე, ამიტომ გადავწყვიტე, თანხა მომეგროვებინა, რომ ხუთი თვე მაინც მემოგზაურა ჩემი ხარჯებით. ამასობაში კი უნდა მეპოვა გზა, გავმხდარიყავი ფრილანსერი და მოგზაურობა და მუშაობა ერთმანეთისთვის შემეთავსებინა. შიგადაშიგ კომპანიებისთვისაც ვმუშაობდი და ნელ-ნელა მივედი იმ ეტაპამდე, რომ მოგზაურობის დროს გავხდი კონტენტ-კრეატორი, შედეგად, შემოსავალიც წამოვიდა სხვადასხვა კომპანიისგან. ჩემი სიამოვნებისა და შემოსავლის წყარო ერთი და იგივე გახდა.
– შენი მოგზაურობა არ არის სტანდარტული, ცოტა გიჟური თავგადასავლები გახასიათებს. რა არის მთავარი ამ პროცესში?
– კი, მე მომწონს გიჟური მოგზაურობები, ასე უფრო მეტს ვსწავლობ საკუთარი თავის შესახებ. ჩემთვის მიმზიდველია გიჟური თავგადასავლები და გამოწვევები, გამოცდილებას ვაგროვებ, მეტს ვნახულობ და სტანდატრულ მოგზაურობას ამიტომაც მირჩევნია დაუგეგმავი და თავგადასალებით სავსე დღეები.
– ვიდეოებს რომ ვუყურებ, სულ მაინტერესებს, საიდან გაქვს ამხელა ენერგია, კადრს მიღმაც ასეთი ხარ?
– ჩემი ენერგიის წყარო ისაა, რომ ვაკეთებ იმას, რაც მინდა და მაშინ, როცა მინდა. ასევე, ვარ იქ, სადაც მინდა, ეს ყველაფერი ძალიან დიდი ძალა და მოტივაციაა. ემოციები, რომელსაც ამ მოგზაურობის დროს ვიღებ, მართლა დიდი ენერგიის წყაროა. როგორც ამბობენ, ყოველთვის ასეთი ვარ (იცინის).
– განსაკუთრებული შთაბეჭდილებებით რომელი ქვეყნიდან დაბრუნდი?
– პირველად – მექსიკიდან. იქ ხალხი ძალიან ლაღი და მხიარული იყო, რაც ძალიან მომეწონა, კულტურული შოკი მქონდა. მეორედ კულტურული შოკი ინდოეთში მივიღე. ძალიან ხალხმრავალი ადგილები, განსხვავებული რელიგია, კულტურა, ტრადიციები – ყველაფერი გასაოცარი იყო.
– ძალიან გიყვარს ექსტრემი და არაერთი ასეთი თავგადასავალიც გაქვს...
– კი, ბევრი ექსტრემალური აქტივობა მქონია. ჩამოთვლა რომ დავიწყო, შორს წაგვიყვანს (იცინის). გამოვარჩევ ბაყაყის შხამის გაკეთების ფაქტს. ჩემმა მეგობარმა მირჩია, ეს გამეკეთებინა, მითხრა, საინტერესო გამოცდილება იქნებაო, რადგან იცის ექსტრემისადმი ჩემი დამოკიდებულება. საშინელი განცდები დამეუფლა, იმ რამდენიმე წუთის განმავლობაში, სანამ ეს პროცესი გრძელდებოდა, მართლა სიკვდილი მინდოდა. ფიზიკურად ძალიან ცუდად ვიყავი: ციებ-ცხელება, გულისრევა, კანკალი, ლაპარაკი არ შემეძლო, ძალიან მძიმე წუთები იყო, რთულად გასაძლები.
– რა არის ამ რიტუალის მიზანი?
– როგორც სულიერი, ასევე ფიზიკური განწმენდა. ორგანიზმში არსებულ ბაქტერიებსა და მავნე ნივთიერებებს კლავს და გამოდევნის. სულიერებას რაც შეეხება, ვისაც სჯერა სპირიტუალური რიტუალების, მათთვის ეს ახლიდან დაბადების ტოლფასია.
– ეს წუთები რომ გავიდა და გადარჩი, როგორი შეგრძნებები გქონდა?
– ერთი კვირა კიდევ ცუდად ვიყავი ფსიქოლოგიურად. მართლა ძალიან რთული იყო მენტალურად. ინდონეზიაში ჩავიტარე ეს რიტუალი. რთული იყო, მაგრამ არ მინანია, არასდროს ვნანობ, რასაც ვაკეთებ. მხოლოდ იმას ვნანობ, რომ იტალიაში სამი წელი ცხოვრებისას იტალიური არ ვისწავლე.
– არც გველებთან შეხვედრა იქნებოდა სასიამოვნო...
– გველები ბევრ ქვეყანაში მინახავს, მაგრამ ჩემი ყველაზე დიდი შიში გველებთან დაკავშირებით მაროკოს უკავშირდება. გავრისკე და კისერზე შემოვახვევინე. გადავწყვიტე, მეცადა, იქნებ, დავძლიო გველის შიში-მეთქი. მეორეჯერაც ვცადე, მესამედაც, გადავწყვიტე, შიშისთვის თვალებში ჩამეხედა, მაგრამ მაინც არ გაქრა (იცინის). ალბათ, კიდევ ვცდი, რომ როგორღაც დავამარცხო.
– შენს ერთ-ერთ „ჩელენჯს“ გავიხსენებ, სასმელი დალიე, რომელშიც გველის ცოცხალი გული იყო, რას გრძნობდი იმ წამებში?
– ეგ ერთ-ერთი დელიკატესი იყო და მე დელიკატესები ძალიან მაინტერესებს. ამიტომაც დავაგემოვნე ვიეტნამში ეს სასმელი, ანუ, მფეთქავი გველის გული არაყში. ეს ჩემი ერთ-ერთი სპონსორის იდეა იყო. დამაჩელენჯეთ, მე ყველაფერს შევასრულებ-მეთქი და ასეთი რამ მოიფიქრეს (იცინის). რას ვგრძნობდი და ალბათ, ზიზღს (იცინის). დიდად არ მინდოდა გასინჯვა, მაგრამ თან მაინტერესებდა, თუ სინჯავენ, იქნებ და გემრიელია-მეთქი. გავსინჯე, მაგრამ მივხვდი, რომ სისულელე იყო, არანაირი განსაკუთრებული გემო მას არ ჰქონდა.
– თუმცა, ასეთ არაორდინალურ ნაბიჯებს ძალიან დიდი გამოხმაურება აქვს სოციალურ ქსელებში, ბევრის ინტერესს იწვევს.
– კი და ამაზე უარესებიც მაქვს გაკეთებული კამერის გარეშე, როცა კონტენტ-კრეატორი არ ვიყავი, ბევრი უცნაური საჭმელი დამიგემოვნებია. მაგალითად, ერთ-ერთი დელიკატესი იყო კოლუმბიაში – ხორცი, რომელზეც მოშარდული იყო, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ იჭმება, მაშინვე არა (იცინის).
– სირიაში მოინახულე ყველაზე სასტიკი ციხე, არა?
– ამ ციხის ტერიტორია ტოპ სამ ადგილს შორის შედის, რომელიც ყველაზე საინტერესოა მოსანახულებლად. ეს იყო ციხე, რომელშიც გაქცეული პატიმრები ჰყავდათ, აწამებდნენ, იქ სისხლის სუნი დღემდე იდგა.
ასეთ ადგილებს რომ ვნახულობ, ჩემს ცხოვრებას უფრო და უფრო ვაფასებ, ძალიან მძიმე ისტორიები მოვისმინე, გარემოც ძალიან დამთრგუნველი იყო.
– სულ რამდენ ქვეყანაში ხარ ნამყოფი?
– 63 ქვეყანა მოვინახულე. ბოლო ორი წელია, რაც უფრო აქტიურად ვმოგზაურობ და ამ პერიოდში 30 ქვეყანა ვნახე. საქართველოში უფრო ნაკლებ დროს ვატარებ, ვიდრე მოგზაურობიში. რომელი ქვეყანაც მაინტერესებს, ყველგან მივდივარ, განწყობას გააჩნია. ძირითადად, მარტო ვმოგზაურობ, თუმცა, ქვეყანასაც გააჩნია. მაგალითად, ევროპაში მეგობრებთან ერთად მირჩევნია, რადგან ევროპელი ხალხი სხვანაირია, მაგალითად, ქუჩაში მათთან კომუნიკაციაში შესვლა უფრო რთულია.
– საქართველოში არ ხარ დაბადებული, არა?
– არა, ამერიკაში დავიბადე. ერთი წლის ვიყავი, როდესაც საქართველოში ჩამოვედი. ზრდასრულ ასაკშიც გამოვცადე ამერიკაში ცხოვრება, რადგან მაინტერესებდა, როგორი იყო იქაური ცხოვრების სტილი.
– სპორტს რა ადგილი აქვს შენს ცხოვრებაში?
– ბევრი წელი ვიყავი წყალბურთის ნაკრებში. 17 და 21 წლამდელებში ვითამაშე ევროპის ჩემპიონატი. მერე საზღვარგარეთ წავედი, იტალიაში, გერმანიასა და ამერიკაშიც ვთამაშობდი და დაახლოებით, ორი წლის წინ დავასრულე სპორტული კარიერა, აქტიური მოგზაურობის დაწყებამდე.
– საკმაოდ რთულ ჩელენჯებში იწვევ საკუთარ თავს.
– კი, მაგალითად, ცოტა ხნის წინ, ხუთი დღე თვალებახვეულმა გავატარე. ყველა ჩელენჯს თავისი მიზანი აქვს. ყველაფერს საკუთარ თავში რაღაც უნარების გასაუმჯობესებლად ვაკეთებ. ამ შემთხვევაში, მინდოდა, ცხოვრება დამენახა იმ ადამიანების თვალით, ვინც ვერ ხედავს, რომ უფრო მეტად დამეფასებინა. რაც უფრო მეტ გამოწვევას უკეთებ საკუთარ თავს, მით უფრო ვითარდები, მე ასე ვფიქრობ. ათი დღე გამიტარებია საკვების გარეშე, მხოლოდ წყალს ვიღებდი, სამი თვე გამიტარებია შაქრის გარეშე, ექვსი თვე, შაქრის, ალკოჰოლისა და ფასთფუდის გარეშე. ყველაფერი პატარ-პატარა გამოწევით იწყება და მერე ვზრდი დროს, რომ გონება ფსიქოლოგიურად შევამზადო. ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღე ხუთ წუთს ყინულიან წყალში ვატარებდი და ასე შემდეგ.
– ახლახანს თავი რატომ დაიმარხე?
– მინდა, მსოფლიოში საუკეთესო იუთუბერის რეკორდი მოვხსნა, მან 7 დღე გაატარა მიწის ქვეშ. მე ამ ეტაპზე 3 დღე გავატარე. ეს საცდელი ეტაპი იყო, შემდეგ ჯერზე რვა დღეს გავატარებ. საკმაოდ რთული სამი დღე იყო, ძალიან საინტერესო, გამოწვევებით სავსე, მაგრამ ჩემთვის – არა, უფრო მათთვის, ვინც მიწის ზემოთ იყო. შემეშინდა, როცა გაწვიმდა და ელავდა. მთელი ღამე არ მეძინა, ვშფოთავდი, რამე არ მომხდარიყო. მანდ ვიგრძენი საფრთხე, მართლა რომ მოვკვდე, სად წავიდე-მეთქი, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ უკვე შესაბამის ადგილზე ვიყავი (იცინის). სამი დღე არც ისე ბევრია, მენტალურად მზად ვიყავი, ალბათ, რვა დღე უფრო გამიჭირდება. როდესაც 200 ათას გამომწერზე ავალ და ეს ვიდეო, 20 ათას მოწონებას დაიმსახურებს, მაშინ უკვე რვა დღეს გავატარებ მიწის ქვეშ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან