რატომ არ მიიჩნევს აზარტულ ადამიანად თავს ირაკლი მახარაძე და რა მოუტანა მას კომფორტის ზონიდან გამოყვანამ
ავტორი: ნონა დათეშიძე 20:00 02.10

სატელევიზიო რეალითი შოუ „პრაიმ ჰაუსის“ მესამე სეზონის გამარჯვებული 33 წლის ირაკლი მახარაძე გახდა. მაყურებლის უმრავლესობამ, მესიჯებისა და „ფეისბუკის“ საშუალებით, არჩევანი სწორედ მასზე გააკეთა და ამით მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. როგორც თავად ირაკლი ამბობს, ამ პროექტმა მას ბევრი რამ ასწავლა და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადაიყვანა. ის პროფესიით იურისტია და ამ განხრით გამოცდილებაც აქვს. სულ მალე კი ირაკლი ისევ გამოჩნდება „რუსთავი 2-ზე“, ოღონდ ერთ-ერთი გადაცემის წამყვანად.
ირაკლი მახარაძე: შრომასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანს ჰქონდეს იღბალი. შრომა მიყვარს და მიმაჩნია, რომ იღბლიანი ადამიანიც ვარ. თუნდაც იმიტომ, რომ მყავს საუკეთესო მეგობრები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ძალიან კარგი ადამიანები – გვერდით. ამით კი ძალიან, ძალიან იღბლიანი ვარ. ზოგადად, მგონია, რასაც გასცემ, ის გიბრუნდება და ამიტომ სამყაროში, ძირითადად, კარგ ემოციებს ვუშვებ.
– რატომ გადაწყვიტე პროექტ „პრაიმ ჰაუსში“ შესვლა, თუ გქონდა გამარჯვების იმედი და ზოგადად, როცა პირველი ნაბიჯი შედგი, მიხვდი, რომ ეს ის ადგილი იყო, სადაც უნდა მისულიყავი?
- „პრაიმ ჰაუსში“ შესვლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ მინდოდა, საკუთარი თავი გამომეყვანა კომფორტის ზონიდან და ისეთი უცნაური რამ გამეკეთებინა, რასაც არასოდეს ვიზამდი. მოკლედ, მაშინ სხვა გარემოებები იყო ჩემს ცხოვრებაში და ძალიან უცნაურად გადავდგი ეს ნაბიჯი. ერთადერთი მიზანი მქონდა – ჩემი პიროვნება დატესტილიყო, გამომეცადა ის სირთულეები და საჯაროობა, რაც „პრაიმ ჰაუსს“ ახასიათებს. თან, ამ პროექტს მთელი საქართველო უყურებს. მოკლედ, იმიტომ გადავდგი ეს ნაბიჯი, რომ გავზრდილიყავი, საკუთარი თავი გამოცდებში ჩამეგდო და კომფორტის ზონიდან გამომეყვანა. რაც შეეხება მოგებას, არ დაგიმალავთ, ნამდვილად არ ვფიქრობდი, ვერ წარმოვიდგენდი, მესამე სეზონის გამარჯვებული თუ გავხდებოდი. თუმცა, დღეს ამ ფაქტით ძალიან ბედნიერი ვარ და ყველაზე ბედნიერი ვარ იმიტომ, რომ ხალხის სიყვარული ყველაზე დიდია, რაც შეიძლება, ამ პროექტიდან წაიღო. შესაბამისად, ეს მე მაქვს და ამიტომაც ვარ ბედნიერი. თავიდან, როცა შევედი, ნამდვილად არ მეგონა, რომ იქ მოვხვდი, სადაც უნდა ვყოფილიყავი. პირიქით, ალბათ, მე ვიყავი ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც სულ ამბობდა – მგონი, არასწორ ადგილას მოვხვდი; მგონი, ეს ჩემი არ არის, ვერ გავუძლებ... არ ვარ ადამიანი, ვინც იჩხუბებს, შეურაცხყოფას მიაყენებს ვინმე სხვას და შესაბამისად, არ მეგონა, თუ ამ ყველაფერს გავუძლებდი (იცინის).
– ყველაზე მეტად რა გაგიჭირდა?
– ყველაზე მეტად გამიჭირდა დაძაბულობები ადამიანებს შორის, ვერ ვხვდებდი, რა იყო დაძაბულობისა და შეურაცხყოფის მიზეზი და თან, ეს ყველაფერი იყო საჯარო. ეს იყო ჩემთვის მიუღებელი და ნამდვილად გამიჭირდა.
– თქვი, არ ველოდი გამარჯვებასო, კომფორტის ზონიდან გამოვედი და თან, ამბობდი, ეს ის ადგილი არ არის, სადაც უნდა შემოვსულიყავიო. მიუხედავად ამისა, გადალახდე ყველა პრობლემა, დაძაბულობა, გაუგებრობა, დაპირისპირება, სირთულე და ასე შემდეგ. ამან თუ იმოქმედა შენს ფსიქიკაზე?
– აღმოჩნდა, რომ მაქვს ძალიან მყარი ფსიქიკა. ძალიან ბევრი მანიპულირების მიუხედავად, აბსოლუტურად არაფერს ავყევი, არ ვიშლიდი ნერვებს და არც გამოვხატავდი, სხვანაირად „ვხარშავდი“. მოკლედ, აღმოჩნდა, რომ მაქვს მყარი ფსიქიკა და ამის ხარჯზე მივედი გამარჯვებამდეც. ის, რის გამოც ვახანგრძლივებდი ჩემს იქ ყოფნას, იყო ადამიანების მხარში დგომა, მათ მე იმედებს ვერ გავუცრუვებდი. ანუ, რადგან ეს ნაბიჯი გადავდგი და უფრო და უფრო „შევტოპე“, ჩემი მთავარი მიზანი იყო: ვიქნები ბოლომდე და იმ ადამიანებს იმედებს გავუმართლებ, ვინც ჩემ გვერდით არის.
– ფაქტია, ამ პროექტმა ცხოვრების ახალ ეტაპზე გადაგიყვანა. გამოგიჩნდა ახალი სამსახური და თუ პროექტში ყოფნის დროს შენი თაყვანისმცემლები ოთხი თვე გადევნებდნენ თვალყურს, ახლა ეს ოთხი თვე გაგრძელდა და კვლავ გიხილავენ ტელეეკრანზე, ოღონდ, უკვე წამყვანის ამპლუაში.
– სანამ პროექტში არ შევედი, კამერებთან ურთიერთობის გამოცდილება არ მქონია. უცნაური და მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი, მაგრამ მივეჩვიე. შეხვედრაზე დამიბარეს არხის დირექტორთან და რასაკვირველია, შემოთავაზებას დავთანხმდი. ეს ყველაფერი იმიტომ მინდოდა, რომ ისევ აქტიური ვყოფილიყავი ეკრანზე და დავრჩენილიყავი გულშემატკივართან, რომელიც პროექტის მსვლელობისას, ოთხი თვე იყო ჩართული. ახლა, ჩემს ცხოვრებაში დადგა ეტაპი, როცა გამოწვევების წინაშე დავდექი. ყველაზე დიდი გამოწვევა კი ის არის, რომ ვიქნები გადაცემის წამყვანი, რომელიც ძალიან მომწონდა, როგორც მაყურებელს. დიდი გამოწვევაა ჩემთვის, ვიყო გადაცემის, „შაბათ-კვირის შუადღის“ წამყვანი და მაყურებელს სხვანაირად დავანახვო ჩემი თავი, თუმცა, ისევ ისე, ბუნებრივად და ტყუილის გარეშე.
– წარმოშობით გურული ხარ. ამ კუთხის ხალხი ცოტა აფექტურები არიან და ეს თვისება შენც გაქვს ხასიათში?
– გარდა იმისა რომ გურული ვარ და ვარ აფექტური, ზოდიაქოთი ვარ „ვერძი“. წამში შემიძლია, „ავფეთქდე“, უხეშად ვთქვა, რასაც ჩემი ზოდიაქოც ხელს უწყობს და რქებითაც მივაწვე. თუმცა, პროექტში რქებით მიწოლა მოზომილი იყო. ცხოვრებაში, მთავარი ამოცანა მაქვს – ყველანაირი დამცირების, შეურაცხყოფისა და ბულინგის გარეშე, შევძლოთ ადამიანებმა, თუნდაც, არასასიამოვნო საუბრის დასრულება.
– ირაკლი, ბევრი თაყვანისმცემელი გოგონა გაგიჩნდა და როგორც ვიცი, მათგან უამრავ შეტყობინებას იღებ. ზოგადად, რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში? შეყვარებული გყავს?
– არა, შეყვარებული არ მყავს და ჩემს პირად ცხოვრებაში სერიოზული არც არაფერი ხდება. რაც შეეხება თაყვანისმცემელ გოგონებს, უამრავ შეტყობინებას მწერენ, მთხოვენ შეხვედრას, ვიდეოს გადაღებას და გაგზავნას. ერთ-ერთს კი მილანში შევხვდი, რომელიც ოთხი თვის განმავლობაში აქტიურად მგულშემატკივრობდა. ასე რომ, ყველა ჩემს გულშემატკივარ გოგონას მინდა, დიდი სიყვარული გადავცდე. რაც შეეხება ჩემს პირად სივრცეს, ამ მხრივ, ჯერჯერობით სიმშვიდე და სიწყნარეა (იცინის).
სიახლეები ამავე კატეგორიიდან