რატომ არ აინტერესებს ანანო მგალობლიშვილს „შოპინგი“ და კოსმეტიკური საშუალებები და რაში ეხმარება მას ცვალებადი ხასიათი
ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 12.08

რამდენად იღბლაინ ადამიანად მიიჩნევს თავს მსახიობი ანანო მგალობლიშვილი, რა არის მისთვის პრიორიტეტი ცხოვრებაში და რაში არ კარგავს დროს, ამას პირადად მისგან შეიტყობთ.
ანანო მგალობლიშვილი: საკმაოდ იღბლიანი ადამიანი ვარ. შეიძლება, გრანდიოზული არაფერი მომიგია, მაგრამ ჩემი ცხოვრებით კმაყოფილი ვარ. ადამიანმა ყოველთვის შეიძლება, ინატრო უკეთესი, მაგრამ კარგი ცხოვრება მაქვს, რაც მაკმაყოფილებს. რაც მდომებია ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, სრულად თუ არა, გარკვეული დოზით მაინც მქონია. რაც ყველაზე მთავარია, ისეთი ოჯახი მაქვს, როგორიც მინდოდა, მქონოდა და არაჩვეულებრივი შვილი მყავს. ასევე, იმ პროფესიაში ვარ, რომელიც ძალიან მიყვარს. მაქვს შესაძლებლობა, ვიმოგზაურო, რაც ჩემთვის ყველაზე დიდი თავგადასვალია და ასე შემდეგ.
– რამდენად შრომისმოყვარე ხართ?
– ძალიან ზარმაცი ვარ. ერთხელ შემისწორეს, ზოგადად, ზარმაცი არ ხარ, რაც არ გინდა და არ გაინტერესებს, მხოლოდ იმ საქმეში ხარ ზარმაციო. მართლა ასეა და ეს ლოგიკურიცაა, მაგრამ რომ დავაკვირდი, გამოირკვა, რომ ძალიან ცოტა რამ მინდა (იცინის). თუ ამ კუთხით შევხედავთ, იმ საქმეში, რომლითაც მე ვარ დაკავებული, ნამდვილად შრომისმოყვარე ვარ. გადაღება არასდროს მეზარება, რამდენჯერ ყოფილა, რომ ჰონორარის გარეშე მიმუშავია, ვინმეს დავხმარებივარ და ასე შემდეგ.
რაც შეეხება სხვა საქმიანობებს, იქნება ეს სხვა სფეროში მუშაობა, ოფისში ჯდომა, თუნდაც, სახლის საქმეები, ყოველდღიურად საჭმელების კეთება და ასე შემდეგ, ამ მხრივ შრომისმოყვარეობით არ გამოვირჩევი (იცინის). ალბათ, ეს უმეტესობას ეზარება და ვაღიარებ, რომ ამ მხრივ, მეც ზარმაცი ვარ.
პროფესიაში, რომელიც ავირჩიე და რომლის გარდა ხელს არაფერს ვკიდებ, ნამდვილად შრომისმოყვარე ვარ, უბრალოდ, ჩემს სფეროში ყოველთვის არ არის გასაქანი, ანუ, სისტემატურად სიახლეები არ მაქვს. მაგალითად, ცოტა ხნის წინ სერიალზე ვმუშაობდი, რომელიც დამთავრდა და ამწუთას განსაკუთრებული არაფერი ხდება. შიგადაშიგ არის რეკლამები, ეს არის და ეს. მეტად დატვირთული რომ ვიყო, ზუსტად ვიცი, რომ ძალიან გამიხარდებოდა და ბევრსაც ვიმუშავებდი.
– ყველაზე დიდი შრომა რისთვის გაგიწევიათ? რაღაც რომ ძალიან გვინდა და მისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, ასეთი რა იყო თქვენთვის?
– სხვათა შორის, არ მქონია ასეთი მომენტი კარიერის მხრივ. ყოფილა როლები, რომელთა ქასთინგზეც მივსულვარ, მაგრამ არ ავურჩევივართ. ეს ჩვეულებირივი მომენტია ჩვენს პროფესიაში. რაიმესთვის რომ განსაკუთრებულად ვემზადებოდი და მისთვის ყველაფერი გავაკეთე – ასეთი მომენტი არ მქონია. დღეს, როცა უკვე დედა ვარ, ჩემი შვილის მიმართ მაქვს ეგეთი დამოკიდებულება.
– რთულ პერიოდებში რა გეხმარებათ ფეხზე წამოდგომაში?
– ბუნებით ძალიან ცვალებადი ვარ. ამწუთას რომ კარგ ხასიათზე ვარ და რაღაც ძალიან კარგი მეჩვენება, ხვალ შეიძლება, იმავე ამბავზე საერთოდ სხვანაირად ვფიქრობდე და ძალიან უიმედოდ ვუყურებდე. ამისთვის აუცილებელი არ არის, რამე მოხდეს, ასე მარტივად და უმიზეზოდ, შეიძლება, შემეცვალოს განწყობა, აღქმა, თან, ძალიან მოკლე დროში. აქედან გამომდინარე, მე არ მახასიათებს დიდი ხნით არც საოცარი სიხარული და არც დეპრესიული მდგომარეობა. სწრაფად მეცვლება ხასიათი და ძალიან სწრაფად ვლავირებ საკუთარ თავთანაც. დიდხანს ცუდად ყოფნა, გულში ჩადება და დარდი არ მჩვევია. როგორც უცბაც შემიძლია, უმიზეზოდ ცუდი ხასიათზე დავდგე, ისე უცებ შემიძლია, თავი გავიხალისო. არ მახსენდება პერიოდი, რომ ცუდად ყოფნა დიდხანს გამყოლოდა, მით უმეტეს, დეპრესია მქონოდა. რთული პერიოდი ყველა ადამიანს გვაქვს, მაგრამ ისეთი, რომ ძალიან მძიმედ დამმახსოვრებოდა, არ ყოფილა.
– ხართ ადამიანი, ვინც საკუთარ ფიზიკურ თუ მენტალური მდგომარეობას უფრთხილდება?
– სიმართლე რომ ვთქვა, დიდად არა. ამ მხრივაც ძალიან ზარმაცი ვარ. სულ მინდა ვარჯიშის დაწყება, მაგრამ ან მეზარება, ან თუ დავიწყე, მალე ვწყვეტ. ახლაც ვაძალებ თავს, იქნებ კიდევ ერთხელ ვცადო. ასე რომ, ფიზიკურად აქტიური არ ვარ. არც ჯანმრთელობაზე ვზრუნავ განსაკუთრებით. ხომ არიან ადამიანები, პერიოდულად რომ გამოკვლევებს იტარებენ და ცდილობენ, საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ ყურადღებიანები იყვნენ, მე; თუ რამე არ დამემართა და ფაქტის წინაშე არ დავდექი, მსგავსი შიშებიც არ მაწუხებს. მენტალური კუთხით, თუ ვხვდები, რომ ძალიან გადავიღალე და დასვენება მჭირდება, შეიძლება, სადმე წავიდე. ცოტა ხნის წინ მე და ჩემი ქმარი ვიყავით დასასვენებლად მარტოები 12 დღე.
– საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა რამდენად გიყვართ?
– ძალიან სამარცხვინოა, მაგრამ არ მიყვარს. ვიცი, რომ ეს საამაყო არ არის, მაგრამ ცხოვრებაში მაკიაჟისთვის საჭირო საშუალებები არ მიყიდია. ერთადერთხელ, გათამაშების წამყვანი ვიყავი, კოვიდის პერიოდი იყო, მაკიაჟი თვითონ უნდა გაგვეკეთებინა და იმდენად არაფერი მქონდა, რომ მათ მიყიდეს. არაფერი გამაჩნია, ერთი რვა წლის გამხმარი ტუშისა და „რუმიანის“ გარდა. ათასი დასახელების კოსმეტიკა არსებობს, რაზეც მე წარმოდგენა არ მაქვს. თუმცა, უცებ შემიძლია, მოვკოხტავდე, მაქსიმუმ, ტონალურითა და ტუშით.
თავის მოვლას რაც შეეხება, ერთი კრემი მაქვს და სახეზეც და ტანზეც მას ვისვამ (იცინის). არ მიყვარს ქალური ამბები. არც შოპინგია ჩემი. შემიძლია, არ ვიშოპინგო, არაფერი არ ვიყიდო, მაგრამ წავიდე ჯუნგლებში სამოგზაუროდ, თვითმფრინავიდან გადმოვხტე და ასე შემდეგ. ექსტრემიც მიყვარს, მოგზაურობაც, ერთადერთი, რაც არასდროს მეზარება და რისთვისაც არაფერი მენანება, ეს არის მოგზაურობა. მოგზაურობისას შეიძლება, ყველაფრის უფლება მივცე თავს, რომ კარგად გავერთო. პარიზში საშოპინგოდ არასდროს წავალ, მხოლოდ და მხოლოდ – თავგადასავლებისთვის. მეუბნებიან ხოლმე, რატომ არ დებ ვიდეოებს, სადაც, მაგალითად, თავის მოვლასთან დაკავშირებულ რჩევებს გასცემო და არ არის ეგ ჩემი სფერო. მოუვლელი ნამდვილად არ ვარ, თუმცა ეს არ არის ჩემი ინტერესის საგანი. მე მკითხეთ, სად უნდა წახვიდეთ სამოგზაუროდ, საიდან უნდა, გადმოხტეთ, სად რომელ სასტუმროში ჯობს დარჩენა და ამას ნამდვილად გირჩევთ (იცინის).
სიახლეები ამავე კატეგორიიდან