შოუბიზნესი

რატომ აღნიშნავს ქეთი ხუციშვილი ახალ წელს შემწვარი კარტოფილით და რატომ არ ზრუნავს ის დამატებით შემოსავალზე

№3

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 23.01

ქეთი ხუციშვილი
დაკოპირებულია

მსახიობ ქეთი ხუციშვილის ახალი წელი ძალიან მოკრძალებული, არასადღესასწაულო და მშვიდი იყო. ამ დღისადმი მას განსხვავებული მიდგომა აქვს, რაზედაც თავად მოგვიყვება.

ქეთი ხუციშვილი: ეს წელი ჩემთვის ძალიან ჩვეულებრივად დაიწყო. ვმუშაობდი, ერთ-ერთ რესტორანში ვმღეროდი. მეტი არაფერი განსაკუთრებული. სახლში საერთოდ არაფერი მქონია, მაცივარიც ცარიელი იყო და შესაბამისად, მაგიდაც. არც ყიდვაზე მიზრუნია და არც რამის გაკეთებაზე. ნაძვის ხეც კი არ მქონია.

- არ გიყვარს ახალი წელი?

- როგორ არა, ახალი წელი ძალიან მიყვარს, მაგრამ საჭიროდ არ მიმაჩნია, საჭმელები ვაკეთო. შარშან მქონდა ძალიან პატარა, მინიატიურული ნაძვის ხე, წელს ეგეც აღარ მაქვს და არც მიფიქრია, რომ მეყიდა. უსადავესად შევხვდი ამ დღეს. ვინმე რომ მოსულიყო ჩემთან სახლში, ვერც მიხვდებოდა, რომ ახალი წელია (იცინის). როგორც ერთი ჩვეულებრივი დღე, ისე გავატარე. საერთოდ, არც ერთ დღეს არ ვიტვირთავ თავს. ადრე, დედა იყო ამ ტრადიციების ზედმიწევნით მიმდევარი და ის თუ გააკეთებდა ხოლმე რამეს, თორემ მე, რაც ცალკე ვცხოვრობ, მას შემდეგ ახალ წელს არასდროს მოვმზადებულვარ. თუმცა, სხვები რომ ემზადებიან და ფუსფუსებენ ახალი წლისთვის, ეს ძალიან მომწონს.

- შვილი არ აპროტესტებს?

- არა, ჩემი შვილიც ასეთია. მასაც იგივე ხასიათი აქვს. თუმცა, ჩემგან განსხვავებით, ის ამბობდა, ნაძვის ხე მაინც დავდგათო, მაგრამ ეგეც არ დავდგით (იცინის).

- ნამდვილი გრინჩი გამოდიხარ.

- კი, ასეა (იცინის). მე ვმუშაობდი 31-ში, ჩემი შვილიც სხვაგან შეხვდა და ვისთვის გამეკეთებინა რამე? რისთვის დამეხარჯა თანხა? არ ვიცი, სხვები რას და როგორ აკეთებენ, მაგრამ ეს ჩემთვის უბრალოდ ფულის ხარჯვაა. მე არ მაქვს იმდენი შემოსავალი, რომ ასეთი სუფრებიც ვაკეთო და მეორე დღეს სხვა რამის თანხაც მქონდეს. ფინანსები ძალიან გაწერილად მაქვს, უკაცრავად, მაგრამ ვერ „გავიწეწები“. ახალ წელს კარტოფილს შევწვავ და ეგაა, რა პრობლემაა?! მე არ მაქვს იმდენი შემოსავალი, რომ ყველაფერი ერთად მქონდეს, ოღონდ ამაზე სულაც არ ვწუწუნებ. საერთოდ არ მგონია, რომ საწუწუნოა და მარტო იმიტომ კი არა, რომ მე თანხა არ მქონდა, არ მიმაჩნია საჭიროდ და რომც მქონდეს, არაფერს ასეთს არ გავაკეთებ. რა ვქნა, ასეთი ვარ, ასე ვფიქრობ.

- არც ბავშვობიდან გაქვს შემორჩენილი ზღაპრული მოგონებები ამ დღესთან დაკავშირებით?

- არანაირი ზღაპრული მოგონებები (იცინის). მგონი, თავიდანვე ვიცოდი, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობდა და ის ჩვეულებრივი გადაცმული კაცი იყო. ძალიან ადრეული ბავშვობიდანვე რეალისტი ვიყავი. რა თქმა უნდა, მიხაროდა წინასაახალწლო სამზადისი, მაგრამ არ მიყვარდა, დედა გოზინაყისთვის ნიგოზს რომ მაჭრევინებდა, ოლივიესთვის ინგრედიენტებს და საერთოდ, თუ კი რამე დასაჭრელი იყო, ყველაფერს (იცინის). არც ნაძვის ხის მორთვის რიტუალი მაგიჟებდა მაინცდამაინც არასდროს. თუმცა კიდევ ვიტყვი, ძალიან მიხარია, როცა ვხედავ, როგორ უხარიათ სხვებს და საერთო ჯამში, მიყვარს ეს დღესასწაული. უბრალოდ, მე არ ვემზადები.

- განსაკუთრებულად რომელი დღესასწაული გიყვარს?

- აღდგომა. მართლა ძალიან მიყვარს. თან გაზაფხულია, გარშემო რომ ყველაფერი იღვიძებს, განსაკუთრებულ განწყობაზე ვდგები. თუმცა, სუფრებით არც ამ დღეს ვხვდები. მე და მყავს გარდაცვლილი და დედა აკეთებს ხოლმე ყველაფერს. სოფელში მივდივართ და იქ აღვნიშნავთ.

- წელს, რადგან ახალ წელს რესტორანში შეხვდი, მეკვლე გამოდიხარ საკუთარი თავის?

- ვაიმე, არც დავკვირვებივარ. ან მე მოვედი სახლში პირველი ან ჩემი შვილი. ის მეუბნება, რომ პირველი თვითონ მოვიდა, ანუ, ის არის მეკვლე. აბა, ვნახოთ, როგორი წელი იქნება (იცინის). ბავშვობაში უფრო მჯეროდა მეკვლის, ახლა ვერც იმას ვიტყვი, რომ მჯერა და ვერც იმას, რომ - არა.

- თვითონ როგორი ფეხი გაქვს?

- ბარბარობას მითხრეს, ეს არის ნამდვილი მეკვლეობაო და მე და ჩემი შვილი ვიყავით ოთხ ოჯახში მეკვლედ. სხვათა შორის, მეუბნებიან, კარგი ფეხი გაქვსო. ალბათ, კარგი ამბები მოხდა, როცა მივედი, რა ვიცი, ტყუილად ხომ არ მეტყვიან ამას (იცინის).

- რესტორანში განსაკუთრებულ ფორმაში შეხვდებოდი ახალ წელს, სხვა დროს იპრანჭები ხოლმე?

- არა, არა. საერთოდ, მაკიაჟს არ ვიკეთებ არასდროს - მხოლოდ გადაღებაზე და იქაც ელეთმელეთი მემართება, იმ დონეზე მეზიზღება. ძალიან მიყვარს კარგად დაბანილი, გახეხილი სახე და კრემს რომ წავისვამ, ჩემზე ბედნიერი არავინაა. მაკიაჟზე ისტერიკა მაქვს. ამიტომ არანაირი მაკიაჟი და არანაირი სადღესასწაულო ჩაცმულობა. თუ სახლში ვარ საღამურები მაცვია. 12 რომ გახდება, ბაგაბუგს ვუყურებ და რომ დამთავრდება, დავწვები და ვიძინებ. რა მაკიაჟი, გამორიცხულია. ჩემი გაპრანჭვა მაქსიმუმ ტუში და პომადაა.

- არადა, გიხდება.

- მე ვფიქრობ, რომ ასაკს მმატებს. კი მაკიაჟში სხვანაირად გამოიყურები, გასაგებია, მაგრამ მე ჩემი თავი უფრო უმაკიაჟოდ მომწონს და მეკომფორტულება. ჩაცმულობაც ძალიან თავისუფალი და სპორტული სტილის მომწონს. წლებია, ასეა. სადაც არ უნდა ვიყო, ასე ვარ. რაც წლები მემატება, უფრო მეტად ვაფასებ სპორტულ სტილს, დაბადების დღეა თუ რესტორანი, ყველგან ასე მივდივარ. ადრე, 23-24 წლის რომ ვიყავი, წარმოიდგინეთ, ყოველდღიურად მაღალ ქუსლებზე ვდგებოდი და ისე გავდიოდი გარეთ. ახლა რომ ყოველდღე ასე მატარო, ხომ გავგიჟდები. არადა, ადრე მართლა სულ ქუსლებით, მოკლე კაბებითა და კარგი მაკიაჟით დავდიოდი. მეგონა, ასე უფრო მოვეწონებოდი სხვებს. რა არის ადამიანი, ყოველდღე შეიძლება შეგეცვალოს ხასიათი. ვერ წარმომედგინა ქუსლის იქით ცხოვრება, სიმახინჯე მეგონა (იცინის).

- შინაარსობრივადაც შეიცვალე?

- რა თქმა უნდა. ღამის ცხოვრება არასდროს მიყვარდა, გათენება არ შემიძლია. სადაც არ უნდა წავიდე, 12-ზე სახლში უნდა ვიყო, მაგრამ ახლა კიდევ უფრო მეტად მიყვარს სახლში ყოფნა. ბევრი რამის გადაფასება მოხდა. რაღაცებს ადრე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი, მის გარეშე ვერ წარმომედგინა, ახლა საერთოდ არ მაინტერესებს, მშვიდი და წყნარი ცხოვრება მიყვარს.

- დღეს ძალიან აქტუალური პროფესია გახდა - ინფლუენსერობა, რასაც დამატებითი შემოსავალი მოაქვს. არ ცდილობ ამ მხრივ აქტიურობას?

- აპ, აპ, აპ - არავითარ შემთხვევაში. ეგ კი არა, „ფეისბუქი“ ძალით გამაკეთებინეს (იცინის). თუმცა აქტიური საერთოდ არ ვარ, არ მიყვარს პოსტების წერა, ფოტოების დადება. ინფლუენსერობაზე სხვათა შორის ბევრი მეუბნება, მაგრამ არანაირი სურვილი არ მაქვს, ასე წავიყვანო ჩემი ცხოვრება. რატომაც არა, ვის არ უნდა დამატებითი შემოსავალი, მაგრამ რა ვქნა, არ მინდა ზედმეტად გამოჩენა. მე ძალიან მინიმალისტური ცხოვრების წესი მაკმაყოფილებს, არ მაქვს განსაკუთრებული ამბიციები. პირიქით, ჩრდილში, ჩემთვის, წყნარი ცხოვრება მიყვარს. არც მატერიალისტი ვარ, რომ დამატებითი შემოსავლისთვის ვაკეთო რაღაც. ელემენტარული მაკმაყოფილებს. იმიტომ კი არა, რომ ზარმაცი ვარ, უბრალოდ, არ მაქვს მეტისმეტი მოთხოვნილება. თუ იქნება, ცუდი კი არ არის, თუ შემიძლია გავაკეთებ კიდეც, თუ არადა, როგორც ვცხოვრობ, იმით ვკმაყოფილდები.

- ძვირად ღირებული ტანსაცმელი, მაკიაჟი, სხვადასხვა ნივთი, გართობა - ის, რაშიც ქალები დიდ თანხებს ხარჯავენ, დიდად არც გაინტერესებს, როგორც ვხვდები.

- ვაიმე, არა. არც მაკიაჟში ვხარჯავ ფულს, არც ტანსაცმელში, არც გართობაში. თუმცა, ჩაკეტილი ადამიანიც არ ვარ. ტანსაცმელი ძალიან ცოტა მაქვს, მე ამით ვკმაყოფილდები. მაკიაჟი არ მაქვს, ერთი ტუშით, პომადითა და კრემით შემოვიფარგლები. ძვირად ღირებული არც ერთი არაა. ანუ, მოთხოვნაც არ მაქვს განსაკუთრებული, რასაც ბევრი ფული სჭირდება, მაგრამ, აი, კარგი სუნამო მიყვარს. ერთი უნდა მქონდეს და კარგი. მგონია, რომ კარგი სუნამო სულ სხვანაირ ეშხს სძენს ადამიანს და აი, ამაზე მიჭირს უარის თქმა (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

3- იანვარი - 5 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 26 დეკემბერი – 1 იანვარი