რატომ აღმოჩნდა თინათინ მაღალაშვილის ჩვენება განსაკუთრებით ემოციური მილანის მოდის კვირეულზე და რას მოჰყვა დიდი გამოხმაურება
ავტორი: ქეთი კაპანაძე 19:00 21.03

თინათინ მაღალაშვილს მილანის მოდის კვირეულზე საოცარი წარმატება ხვდა წილად. დეტალებზე ის თავად მოგვიყვება.
თინათინ მაღალაშვილი: მილანის მოდის კვირეულის გახსნის პარალელურად, ბევრი საინტერესო ღონისძიება ტარდება. ზოგი მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში, ზოგიც – მის ფარგლებს გარეთ. ღონისძიება, რომელშიც ჩვენ 27 თებერვალს მივიღეთ მონაწილეობა, მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართა საკმაოდ ცნობილ ლოკაციაზე, სადაც ყოველთვის ძალიან მაღალი ხარისხის ღონისძიებები ტარდება. ჩვენ, როგორც საქართველოს მოდის კვირეულის ორგანიზატორმა მხარემ, პარტნიორობა დავამყარეთ „მილანის ფეშენ-ვიქის“ ორგანიზატორებთან. წარვადგინეთ ორი ბრენდი: ერთ-ერთი ჩემი ბრენდი გახლდათ და მეორე ბრენდი იყო „ხარჩი“. ასევე, წარმოდგენილი გვყავდა რამდენიმე დიზაინერი და მოდელი. მზადების პერიოდში, როდესაც ამ თემაზე ვსაუბრობდით, ერთმანეთს დავუკავშირდით მე და ანა მაზანაშვილი. ეს არ იყო ჩვენი პირველი კონტაქტი. ერთად ჩვენ ხშირად გაგვიკეთებია საქველმოქმედო ღონისძიებები ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალბატონებისთვის – ყოფილი თუ მოქმედი პაციენტებისთვის. მოგეხსენებათ, ანა ამ მიმართულებით ძალიან აქტიურია. როგორც იცით, ანა გახლავთ EUROPA DONNA GEORGIA-ს ხელმძღვანელი. როდესაც მე და ანა ვსაუბრობდით, გამოიკვეთა, რომ 30 წლის წინ, სწორედ მილანში ჩამოყალიბდა ეს ორგანიზაცია. ძალიან სიმბოლური გადაკვეთა გამოვიდა. აქედან გამომდინარე, მე მივწერე ორგანიზატორებს, რომ გვსურდა აქცია გაგვეკეთებინა მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში, ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალბატონების მხარდასაჭერად. ორგანიზატორებს ძალიან მოეწონათ ეს იდეა და ჩვენ ამ ღონისძიებაში უშუალოდ ეს ქალბატონები ჩავრთეთ. პარამეტრების მიხედვით, 7 ქალბატონი ავარჩიეთ. ისინი EUROPA DONNA GEORGIA-ს წარმოადგენდნენ და ჩვენებაზე ვარდისფერი გულსაბნევები ჰქონდათ გაკეთებული. ამით გამოირჩეოდნენ ისინი პროფესიონალი მოდელებისგან. საერთოდ, რომ შევაფასოთ, შესანიშნავად ორგანიზებული, ძალიან ლამაზი შოუ იყო. ჩვენ წარმოდგენილი გვქონდა მაღალი მოდის კოლექცია ქართული სიმღერის, „გელინოს“ ფონზე. ყოველთვის, როცა მე საზღვარგარეთ მივდივარ, ქართული მუსიკა მიმაქვს. სადაც აცხადებენ, რომ საქართველოდან ვარ. მინდა, იქ ყოველთვის გაიგონ, როგორი მდიდარია საქართველო ფოლკლორით, ფერადოვანი ხალხით, სტილითა და კულტურით. მინდა, გითხრათ, რომ ეს ყველა მოდის კვირეულზე ყურადღების ქვეშ ექცევა. 17 წლის განმავლობაში 26 ქვეყანაში მაქვს ჩატარებული მოდის კვირეულები და ქართული კულტურა ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევს. ასე იყო ამჯერადაც. თუმცა, ახლა კიდევ უფრო მეტად ემოციური ჩვენება გამოვიდა. როდესაც ქალბატონები პოდიუმზე გამოვიდნენ, მოიხსნეს გულსაბნევები და შემთხვევითობის პრინციპით, იქ მყოფ ადამიანებს აჩუქეს. ეს იყო კულმინაცია, კვანძის გახსნა. მაშინ ყველა მიხვდა, რა მოტივაცია ჰქონდათ ამ ქალბატონებს და რა შინაარსს ატარებდა ეს ჩვენება. ყველასთვის ნათელი გახდა, რისი თქმა გვსურდა: რომ ცხოვრება გრძელდება და ეს ქალბატონები ყველაზე ლამაზები და მოტივირებულები არიან, ყველაზე მეტად აფასებენ და უყვართ სიცოცხლე. ჩვენების შემდეგ ძალიან ბევრი „სთორი“ იდებოდა „ინსტაგრამზე“ ამ ბროშებით, მადლობას გვიხდიდნენ ორგანიზატორებს, რომ ასეთი პრეცენდენტი შემოვიტანეთ. ძალიან აღელვებულები ვიყავით, განსაკუთრებული ემოციები იყო. ბექსთეიჯში შემოვიდნენ ეს ქალბატონები, აღელვებულები, ბედნიერები, ყველა ტიროდა სიხარულისგან. ვინც პარამეტრებში ვერ ჯდებოდა, რომ პოდიუმზე გამოსულიყო, მათთვის ფოტოსესია გავაკეთეთ. ძალიან ამაღელვებელი იყო ეს ყველაფერი. ორგანიზატორებმა ეს ქალბატონები პარიზში მიიწვიეს. ქალბატონ ანა მაზანაშვილს კი ორგანიზატორი პირადად გაესაუბრა.
გარდა ამისა, კიდევ ერთი ძალიან კარგი ამბავი მოხდა: მეორე ბრენდი – kharchi, რომელიც წარმოდგენილი იყო საქართველოს მოდის კვირეულის სახელით, დიდი ხნის ბრენდია, თუმცა, საქართველოს მოდის კვირეულზე გამოჩენა მისთვის ძალიან დიდი ტრამპლინი აღმოჩნდა.
გეტყვით იმასაც, რომ ჩვენებაზე მოვიწვიეთ საქართველოს საკონსულო. ძალიან დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა მათთვის, როცა ორი დიზაინერის ჩვენება ქართული ჰანგების ფონზე იხილეს.
– მოსამზადებელ ეტაპზე საკმაოდ დიდი შრომა დაგჭირდებოდათ.
– ჩვენ ერთი წლის განმავლობაში ძალიან მძიმე მდგომარეობაში მოგვიწია ღონისძიებების ჩატარება. მაისში, დიდი აქციების პერიოდში, ჩვენ უამრავი უცხოელი სტუმარი გვყავდა საქართველოს მოდის კვირეულის მესამე სეზონზე. საბედნიეროდ, საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში მეოთხე სეზონი გვქონდა. ეს არ არის მხოლოდ მოდის კვირეული. ჩვენ ტურისტული განვითარებისთვისაც ვიბრძვით. ორასი სტუმარი გვყავდა სხვადასხვა ქვეყნიდან. ძალიან დიდი სპექტრი იყო წარმოდგენილი. იმ დროს, როცა ქართულ სასტუმროებს სჭირდებათ სტიმულირება და საერთოდ, მთელ ტურისტულ სპექტრს, ასეთი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ არ გვაქვს სახელმწიფო დაფინანსება, ყველაფერს ჩვენი რესურსით ვაკეთებთ და პირიქით, ვეხმარებით ჩვენს სახელმწიფოს და მგონია, რომ ეს დიდი საქმეა.
ქართველი დიზაინერებისთვის ჩვენ გვაქვს გაცვლითი პროგრამები და მათ სხვადასხვა ქვეყნის მოდის კვირეულებზე ვუშვებთ. მაგალითად, ივა პაპიძე გამოვიყვანეთ საქართველოს მოდის კვირეულზე, მერე შვედეთში, სკანდინავიის მოდის კვირეულზე გავუშვით და მას შემდეგ აეწყო მისი კარიერა. ეს ყველაფერი დიზაინერისთვის უფასოდ ხდება. საზღვარგარეთის მოდის კვირეულებში მონაწილეობისას საკმაოდ მაღალი ფასია გადასახდელი, მაგრამ ჩვენ კონტაქტი გვაქვს ორგანიზატორებთან, ერთ სტუმარს გაცვლითი პროგრამით ვუშვებთ და სანაცვლოდ, მათგანაც ვიღებთ. პარიზსა და მილანშიც გვაქვს მსგავსი მოლაპარაკებები და ძალიან საინტერესო სიახლეები გველოდება. ქვეყნების საკმაოდ დიდი სპექტრია, რომლებიც გვეუბნებიან, რომ ქართველი დიზაინერების მონაწილეობა მოდის კვირეულებზე დიდი ფუფუნებაა. ეს ძალიან სასიამოვნოა. ახლახან პოტენციურ უცხოელ სპონსორებსაც შევხვდით, რომლებიც თურმე, სამი წელია, გვაკვირდებიან და ძალიან სერიოზული შემოთავაზებები აქვთ. წინ მივდივართ, ჩვენებას უბრალოდ ჩვენებისთვის არ ვაკეთებთ. ჩვენ ვქმნით გლობალურ პროექტს, რათა აღმოვაჩინოთ ახალი ქართული ბრენდები და რა თქმა უნდა, ძველი ბრენდების გვერდით, წარმოვაჩინოთ და ხელი შევუწყოთ, რომ ევროპისა და აზიის კვირეულებსა და შოუ-რუმებზე გავხადოთ წარმატებულები, რაც პირდაპირ აისახება მათ ბიზნესსა და საქართველოს ეკონომიკაზე.
– გასული ერთი წელი საკმაოდ დატვირთული ყოფილა თქვენთვის.
– კი, ბატონო, როგორც პირადად ჩემი ბრენდისთვის, ასევე, საქართველოს მოდის კვირეულისთვის. ჩემთვის ორივე ძალიან მნიშვნელოვანია, ორივეს შვილივით ვზრდით ერთი გუნდი. ჩემი ბრენდისთვის იმიტომაც იყო წარმატებული, რომ ქართული ბრენდის დღეზე დაგვაჯილდოვეს, როგორც სტაჟიანი ქართული ბრენდი. 17 წელია, ჩვენ ვარსებობთ ქართული მოდის სივრცეში და მშვიდად ვაკეთებთ ჩვენს საქმეს მაღალი მოდის სფეროში, რაც ჩვენთან საკმაოდ ფასდება.
– ასეთი ინოვაციები სირთულეებთან არის დაკავშირებული. რამდენად რთულია მსგავსი ნაბიჯების გადადგმა?
– ძალიან რთულია, მაგრამ მე ჩემი კონტაქტები მეხმარება. 2008 წელს გავხსენი მოდის სახლი და რა თქმა უნდა, სირთულეები მხვდებოდა, მაგრამ ხომ გაგიგიათ, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ არის შენ წინააღმდეგ, როცა ღმერთია შენ მხარეს. ყოველთვის ასე ვცხოვრობდი, ვცდილობდი, ბევრი სიკეთე მეკეთებინა, საქველმოქმედო ღონისძიებებში ვყოფილიყავი ჩართული და ღმერთი ყოველთვის ჩემს მხარეს იყო. ძალიან ბევრი მოწვევა მოდიოდა საზღვარგარეთიდან და მუდმივად ვცდილობდი, საზღვრებს გარეთ გამეტანა ჩვენი კულტურა. მე თავიდანვე მაღალი მოდის სფეროში დავიწყე მუშაობა, რაც იმ წლებში საქართველოში პოპულარული არ იყო. ამიტომ ვცდილობდი, სხვა ქვეყნებში გამეტანა. ყოველი წარმატებული სვლის შემდეგ ვამყარებდი ძალიან საინტერესო კონტაქტებს, რომელიც დღემდე მომყვება და მეხმარება. ის წარმატებები, რაც წლების განმავლობაში გვქონდა, ერთი მოდის სახლისთვის ძალიან ბევრი იყო. მაშინ გადავწყვიტეთ, ჩამოგვეყალიბებინა ფონდი, რომელიც შექმნიდა პროექტს, სადაც აღმოვაჩენდით ახალ სახეებს და მათ განვითარებაში დავეხმარებოდით, რაც საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნისთვის იქნებოდა სასარგებლო. ძალიან მიხარია, რომ ეს გამოგვივიდა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან