შოუბიზნესი

რაში ეხმარება თინათინ ნატროშვილს სიჯიუტე და რატომ არ გამოსდის მას ხელმომჭირნედ ცხოვრება

№48

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00

თიკო ნატროშვილი
დაკოპირებულია

ვნახოთ ვინ არის ზოდიაქოთი მოდელი თინათინ ნატროშვილი, რა თვისებებია მასში დომინანტური და სჯერა თუ არა ასტროლოგიის.

თიკო ნატროშვილი: ზოდიაქოს მიმართ ცოტა ზედაპირული დამოკიდებულება მაქვს. ზოგჯერ სამოყვარულო დონეზე თუ გავეცნობი ხოლმე ასტროლოგიურ პროგნოზს. თუმცა, ვაღიარებ, ჩემი ზოდიაქოს ნიშნის თვისებები, ძირითადად, მაქვს. კურო ვარ და სიჯიუტე ნამდვილად მახასიათებს. თვითონაც ვხვდები და ჩემ ირგვლივ მყოფებიც ხშირად აღნიშნავენ, რომ განსაკუთრებით ჯიუტი ვარ. მე ვფიქრობ, რომ ეს თვისება ჩემთვის ზოგჯერ კარგია. მე მას პოზიტიურად ვუყურებ. მაგალითად, თუ საქმეში კრახი განვიცადე, არ ვჩერდები, ჯიუტად ვამბობ, „არა უშავს“ და გზას ვაგრძელებ. ჯიუტი ვარ ცხოვრების მიმართ, მიზნისკენ მიმავალ გზაზე მარტივად არ ვნებდები, თორემ ურთიერთობაში არაფერს დავთმობ და მაინცდამაინც ჩემსას გავიტან-მეთქი – ამ პრინციპით სულაც არ ვცხოვრობ.

– როდის გაქვს დაბადების დღე?

– 14 მაისს, თამარობას და თინათინი მქვია. ამას თავისი ისტორია აქვს. დედას ძალიან მოსწონდა ჩემი სახელი. მაშინ სქესის წინასწარ გაგება ნაკლებად ხდებოდა და როგორც ვიცი, არ იცოდნენ, გოგო ვიყავი თუ ბიჭი, მაგრამ ჩემს ძმას ჩემს დაბადებამდე ჰქონდა სახელი შერჩეული. ზოგჯერ ვხუმრობ ხოლმე, კიდევ კარგი, გოგო დავიბადე, თორემ ბიჭი თინათინი ვიქნებოდი-მეთქი (იცინის). იმდენად მოსწონდათ ეს სახელი, არ მიუქცევიათ ყურადღება, რომ თამარობას დავიბადე.

– კურო ძალიან სტაბილური და გაწონასწორებული ადამიანია. ეთანხმები?

– სტაბილური ნამდვილად ვარ, გაწონასწორებულს რაც შეეხება, გააჩნია, ზოგჯერ ფეთქებადი ხასიათი მაქვს. თუმცა, შემიძლია, დიდხანს მოვითმინო, არასამართლიანი დამოკიდებულება, არასწორი მიდგომა, საერთო საქმეში დილეტანტიზმი და ასე შემდეგ, მოკლედ, ბევრი რამის მოთმენა შემიძლია, ყველაფრის მიუხედავად, სტაბილურობას შევინარჩუნებ, რადგან ჩემში ერთგულების მომენტი დიდია, იქნება ეს ადამიანებთან თუ ნივთებთან მიმართებაში. ჩემთვის პოზიტიური ცვლილებაც კი გარკვეულ სტრესთან არის დაკავშირებული. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთ ადგილას ვარ გაყინული. უბრალოდ, არ მიყვარს ზედმეტი რყევები, თუნდაც ეს პოზიტიური იყოს. მშვიდად მივყვები მოვლენებს. შინაგანი ფორიაქი ყველას გვაქვს, მაგრამ მიზნისთვის რომ მიმიღწევია და უკან მომიხედავს, მივმხვდარვარ, რომ ეს მოთმინების შედეგი იყო. მოთმინებამ და სტაბილურობამ მომიტანა სასურველი შედეგი. „ეს არ გამომდის და ახლა სხვა რამეს ვცდი“ – მე ასეთი დამოკიდებულება არ მახასიათებს.

გარდა ამისა, მე ყოველთვის ვარ მცდელობის მომხრე. ცხოვრებაში მქონდა ძალიან კარგი შანსი, მაგრამ არ ვცადე და დღემდე მომყვება განცდა ამის გამო. რა იქნებოდა, რომ მეცადა?! ახლა მე და ჩემი მეუღლე ხშირად ვკამათობთ ხოლმე ერთი მიზეზით – როცა მე რამე ახლის გაკეთებას ვთავაზობ, ის მეუბნება, თიკო, აზრი არ აქვს, არ გამოვა. მე ვეუბნები, ვცადოთ! ჩემი აზრით, ჯობს სცადო და წინასწარ ნეგატიურად არ განეწყო, ვიდრე არც კი შეეცადო.

– კუროზე ამბობენ, თითქოს გული არ აქვს, უგრძნობი ადამიანია, სინამდვილეში კი, ძალიან მგრძნობიარეა, მაგრამ კარგად მალავს საკუთარ ემოციებს. ასეა?

– მართლა ასეა (იცინის). საკმაოდ ემოციური ვარ, მაგრამ გამოხატვა ხშირად არ მიყვარს, მით უმეტეს, თუ ცუდ ხასიათზე ვარ. ასეთ დროს ისე ვარ, თითქოს „ენა ჩამივარდა“. თუ დადებით ემოციებზეა საუბარი, სიამოვნებით გავაზიარებ. მაგრამ თუ ნეგატიურია, მირჩევნია, დავმალო და სხვას არ გავუზიარო ჩემი განცდები. თუ შინაგანად ცუდად ვგრძნობ თავს და ამას კონკრეტული მიზეზი აქვს, რაღაც მაწუხებს ან გაღიზიანებული ვარ, მირჩევნია, ეს ჩემთვის დავიტოვო. შეიძლება, იმიტომაც, რომ ვერ ვპოულობ ადრესატს, ვისაც შეიძლება ეს გავუზიარო. არ ვიცი, ეს ძალაა თუ საკუთარი თავის გარიყვა გარკვეულ მოცემულობაში, მაგრამ ასეთ მდგომარეობას მე თავად უნდა გავუმკლავდე. ბავშვობიდან დამოუკიდებელი ვიყავი, ჩემით ვაგვარებდი ყველაფერს. დღევანდელი გადმოსახედიდან, ვფიქრობ, რომ ეს საერთოდ არ არის კარგი თვისება – სულ „მე, მე გავაკეთებ“ და მერე რაღაც მომენტში ვხვდები, რომ გადავიწყვი, რომ ძალიან ბევრი ავიღე ჩემს თავზე. ჯობდა, მარტივად შემეხედა, ზედაპირული ვყოფილიყავი, არა ზედმეტად პასუხისმგებლიანი. საერთო ჯამში, შეიძლება, ჩემს ირგვლივ მყოფებმა ბევრი რამ იცოდნენ ჩემ შესახებ ან ეგონოთ, რომ იციან, მაგრამ რეალურად, ბევრი რამ არ იცოდნენ. მგონი, კუროს ეს ახასიათებს. კუროები გულჩათხრობილი ადამიანები არ ვართ, გაზიარებაც შეგვიძლია, მაგრამ უფრო მეტად ვცდილობთ, კონკრეტული ემოციები ჩვენთვის დავიტოვოთ, რადგან ზოგჯერ გაზიარების აზრს, უბრალოდ, ვერ ვხედავთ. ყველაფრის ლაპარაკს შედეგი სულაც არ მოაქვს.

– კუროს სასწაული მეხსიერება აქვს, შეიძლება ახსოვდეს, რა უთხარი ორი წლის წინ, მაგრამ არ ახსოვდეს, სად დადო გასაღები ორი წუთის წინ.

– კი. ეს თვისება მეგონა ჩემი პრობლემა იყო, თურმე კუროს მახასიათებელი ყოფილა (იცინის). გასაღებსა და საფულეს ყოველი გარეთ გასვლის წინ მთელი ოჯახი ვეძებთ (იცინის). ვეძებთ ყველგან, იქაც კი, სადაც შეიძლება, საერთოდ არ იყოს მისი ადგილი. ეს ჩვენი ოჯახის კურიოზია. ყელამ იცის, რომ მე ეს პრობლემა მაქვს (იცინის). ალბათ, ამის მიზეზი ცხოვრების აჩქარებული წესია, სიჩქარეში რაღაცას გაუაზრებლად ვაკეთებ ან ბევრ რამეზე ერთდროულად ვფიქრობ და ეს დაბნეულობას იწვევს. ძველ ისტორიებს რაც შეეხება, ყველაფერი ძალიან კარგად მახსოვს ღრმა ბავშვობიდან. დედაჩემს უკვირს ხოლმე, ეს როგორ გახსოვს, იმ დროს ძალიან პატარა იყავიო. რაღაც მომენტები კადრებად არის შემონახული ჩემს მეხსიერებაში.

– კუროს ძალიან უყვარს ფული და მას დიდ პატივს სცემს. არ ენანება მისი დახარჯვა საყვარელი ადამიანებისთვის, უყვარს ლამაზ ნივთებში თანხის გადახდაც, მაგრამ თან, საკმაოდ ხელმომჭირნეა.

– ახლა ცხოვრებაში ისეთი ეტაპი მიდგას, რომ ხელმომჭინე ვერ ვიქნები. სამი მცირეწლოვანი შვილი მყავს და მათ იმდენი საჭიროება აქვთ, რომ ხელმომჭინეობის დრო ფიზიკურად არ მაქვს. ყოველდღიურობაში გაცილებით მეტის ხარჯვა მიწევს, ვიდრე საჭიროა. ბავშვებთან ერთად სხვანაირად არ გამოდის. რთულია ასეთ გარემოებაში დამგროვებელი იყო. საერთოდ, კი ამბობენ, რომ კურომ იცის, როგორ უნდა დააგროვოს ფული. მე დღემდე მაქვს ეს თვისება, ცალკე ყოველთვის მაქვს გადადებული რაღაც თანხა – ყოველი შემთხვევისთვის (იცინის).

– უზომოდ შრომისმოყვარეები არიან, მაგრამ ამავდროულად სიზარმაცეც ახასიათებთ.

– სიზარმაცეს მაშინ გამოვიჩენ, როცა საქმე რუტინაში გადამდის. რუტინა ინტერესს მაკარგვინებს და მერე შეიძლება, დამეზაროს რაღაცის გაკეთება. თორემ, საერთოდ, როცა საქმე მაქვს გასაკეთებელი, როგორც არ უნდა მეზარებოდეს, თავს დავაძალებ და გავაკეთებ, ეს თვისება მაქვს. ჩემს ვალდებულებებს არასდროს ვღალატობ. არის რაღაცები, რის წინაშეც განსაკუთრებული პასუხისმგებლობები მაქვს და მათი უგულებელყოფა წარმოუდგენელია, იქნება ეს შვილი, სამსახური, პირადი ურთიერთობა თუ ასე შემდეგ. ასეთ დროს სიზარმაცე გვერდზე გადამიდია. როცა სამსახურს ეხება საქმე, ზუსტად ვიცი, მე უნდა ვაკეთო საქმე, რომელიც მართლა მაინტერესებს, სხვანაირად პროდუქტიული ვერ ვიქნები. ერთ-ერთი გასაუბრების დროს აღვნიშნე კიდეც ამის შესახებ. სიზარმაცე მხარ-თეძოზე წამოწოლასაც გულისხმობს, თუმცა ასეთი ნამდვილად არასდროს ვყოფილვარ. იმედია, არც ვიქნები. უენერგიობა, დაღლილობა – ეს ნორმალურია, მაგრამ საერთო ჯამში, ჩემს ცხოვრებას რომ გადავხედო, ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ ჭამა და ძილი მაინტერესებს და სხვა არაფერი.

– სხვათა შორის, კუროს გემრიელად ჭამაც ძალიან უყვარს.

– გურმანი ვარ. ჭამაც ძალიან მიყვარს და მომზადებაც. საყვარელი ადამიანების გამასპინძლებაც ძალიან მსიამოვნებს და ხშირად ვიღებ კომპლიმენტებს. ამოვქექავ ხოლმე რაღაც რეცეპტებს და სიამოვნებით ვამზადებ ჩემი ოჯახისთვის. შეიძლება, ხშირად ვერ გამოვიჩინო თავი განსაკუთრებული რეცეპტებით, მაგრამ როცა დროს ვპოულობ ამას დიდი სიამოვნებით ვაკეთებ. ქართული სამზარეულოდან თითქმის ყველაფრის კეთება ვიცი, მხოლოდ ხინკალი გამომდის ძალიან შეუხედავი (იცინის). აზიურიც გამომდის და საერთო ჯამში, ვფიქრობ, რომ ცუდი კულინარი არ ვარ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი