შოუბიზნესი

რას წერენ თათა ქართველიშვილის შესახებ „ფორბსის“ ფურცლებზე

№37

ავტორი: ქეთი მოდებაძე 11:00 21.09, 2021 წელი

თათა ქართველიშვილი
დაკოპირებულია

თათა ქართველიშვილს, რომელსაც ქართული მოდის ელჩს ეძახიან, „ფორბსმა“ სტატია მიუძღვნა. ქართველი პიარაგენტი სულ რამდენიმე წელია, საცხოვრებლად ლოს-ანჯელესში გადავიდა, საკუთარი სააგენტო ჩამოაყალიბა და ძალიან მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია.

თათა ქართველიშვილი: ეს ფაქტი ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნო იყო. მათი ინტერესი, ალბათ, ცნობილმა ივენთებმა, კლიპებმა და რეკლამებმა გამოიწვია, სადაც „თათა პიარს“ მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა კულისებში.

ჩემი სააგენტო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია „ელლე-ში“, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ცნობილი ადამიანების ჩაცმულობაზე. თუკი რამე ივენთი ან გადაღებაა ამერიკაში და მასში სელებრითები იღებენ მონაწილეობას, კულისებში ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან როლს ვასრულებთ. პირველი ჩვენ მოგვდის ხოლმე ინფორმაცია ასეთი ღონისძიებების შესახებ. სელებრითების სტილისტები ზოგჯერ თვითონ გვეუბნებიან, რა ტიპის სამოსს ეძებენ, ზოგჯერ კი ჩვენ გვეკითხებიან, რისი შეთავაზება შეგვიძლია და ვიწყებთ მუშაობას საუკეთესო შედეგისთვის.

როგორც ჩანს, „ფორბსის“ ჟურნალისტიც მოხვდა ისეთ წრეში, სადაც არაერთხელ ახსენეს სააგენტო „თათა პიარი“ – მოდის ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანები ხშირად ახსენებენ ჩვენს სახელს, რადგან ჩვენ მუდმივად კონტაქტზე ვართ. ალბათ, ამიტომაც დაინტერესდნენ.

– რას ნიშნავს „ფორბსის“ ფურცლებზე მოხვედრა „თათა პიარის“ იმიჯისთვის?

– ეს ძალიან კარგად აისახება ჩვენს საქმიანობაზე. ეს ნიშნავს ჩვენი წარმატების აღიარებას ისეთი მნიშვნელოვანი გამოცემისგან, როგორიცაა „ფორბსი“ და ჩემთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. კიდევ უფრო გავიზრდებით იმ ადამიანების თვალში, ვისთანაც ვთანამშრომლობთ.

– ეს ყველაფერი მაშინ მოხდა, როდესაც თქვენს ოჯახში კიდევ ერთი პატარა გაჩნდა...

– კი, ასე დაემთხვა. ბავშვი რომ გავაჩინე, რამდენიმე დღეში გამოქვეყნდა ჩემი ინტერვიუ „ფორბსში“. ერთი კვირის განმავლობაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა ჩემს ცხოვრებაში. ყველაზე მნიშვნელოვანი ოდრის დაბადება იყო, ამიტომ მეორე ამბავს ვერ მივაქციე ისეთი ყურადღება, როგორსაც იმსახურებდა (იცინის). სამშობიაროდან რომ გამოვედი, „ფორბსის“ ინტერვიუ ზუსტად იმ დღეს გამოქვეყნდა და შვილის დაბადებას და ამ წარმატებას, ერთად მილოცავდნენ.

– რას წერენ „თათა პიარის“ შესახებ „ფორბსში“?

– ინფორმაციული ინტერვიუა, ვსაუბრობთ მოდის ინდუსტრიაზე, პიარსა და სელებრითებზე. ჩვენმა სააგენტომ საკმაოდ კარგი შეფასებები დაიმსახურა. აღნიშნეს, რომ ძალიან მოკლე დროში მივაღწიეთ სერიოზულ წარმატებას, რაც არ არის მარტივი, მით უმეტეს, ისეთ კონკურენტულ ბაზარზე, როგორიც „ჰოლივუდშია“.

– რამდენი ხანია გასული ამ საქმის დაწყებიდან?

– სააგენტო ოფიციალურად 2018 წელს დავაფუძნე. მანამდე ერთი წელი ვმუშაობდი და ბევრს ვსწავლობდი.

– საქართველოს ბაზარზეც კი გასაკვირი იქნებოდა ეს შედეგი სამ წელიწადში და ამერიკაში როგორ გამოვიდა?

– ნამდვილად. ეს იდეა ამერიკაში გადმოსვლისთანავე გამიჩნდა. ბევრს ვმუშაობდი, ბაზარს ვსწავლობდი და ჩემი გამოცდილებით, წარმატება მაშინ მოდის, როდესაც ძალიან ბევრს შრომობ და სწორად ირჩევ საქმეს, რომელიც გინდა, რომ აკეთო. პირველი ორი წელი გიჟური ტემპებითა და რეჟიმით ვმუშაობდი. თავიდან სრულიად მარტო ვიყავი, მერე ნელ-ნელა შემოვიკრიბე თანამშრომლები და დღეს უკვე სერიოზული გუნდი მყავს. ჩვენს სააგენტოს ორი დიდი ოფისი აქვს ბევერლი ჰილზზე. საყვარელი საქმის კეთების სურვილი, ალღო, სწორი დიზაინერებისა და კოლექციების შერჩევა და კონტაქტები იმ სტილისტებთან, აგენტებსა თუ მენეჯერებთან, რომლებიც სელებრითებზე მუშაობენ – ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია წარმატების მისაღწევად. ძალიან ბევრი მუშაობაა საჭირო იმისთვის, რომ სელებრითებმა ჩვენ მიერ არჩეული ბრენდები მოირგონ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ სტილისტთან ვმუშაობ და საბედნიეროდ, ძირითადად, წამყვან სპეციალისტებთან ვთანამშრომლობთ. თავიდან უაზროდ ბევრს ვმუშაობდი, მაგრამ თუ კონტაქტები ვერ დაამყარე იმ ადამიანებთან, ვისზეც ვისაუბრე, მარტო შრომა არ კმარა, სწორი კონტაქტების გარეშე ძალიან რთული იქნება წარმატების მიღწევა.

– ორ ბავშვთან ერთად ეს ყველაფერი რთული არ არის?

– თავიდან ძალიან რთული იყო. ჩემი უფროსი ქალიშვილი – მარიამი, ძალიან პატარა არ იყო, მაგრამ ჩემგან მაინც ბევრი დრო სჭირდებოდა. ამიტომ სკოლაში რომ მიმყავდა, ძირითად სამუშაოს მაშინ ვასრულებდი. სკოლის შემდეგ სხვადასხვა წრეებზე იყო დაკავებული და მაგალითად, მას რომ ცურვაზე დავტოვებდი, მე იქვე სტილისტთან მქონდა შეხვედრა. მე „ჰოლივუდში“ ქართველ დიზაინერებს წარმოვადგენ, თუმცა არა მხოლოდ და დროის თვალსაზრისით, ჩვენ შორის ძალიან დიდი სხვაობაა. ამიტომ ხშირ შემთხვევაში ღამის საათებში მიწევდა მათთან ურთიერთობა. ახლა მეორე შვილიც მყავს, მაგრამ უკვე ძალიან კარგად არის გამართული ჩვენი სააგენტო, ბევრი თანამშრომელი მყავს და შემიძლია, სახლიდან ვიმუშაო. ამ ეტაპზე ასეც არის, სააგენტოში კვირაში მხოლოდ რამდენიმე დღე მივდივარ. ასე რომ, ყველაფერი შესაძლებელია ორ შვილთან ერთად და მეტთანაც. ამერიკაში ბევრს ჰყავს ხუთი შვილი და პარალელურად ძალიან წარმატებული კარიერაც აქვთ. დამხმარეები კი ცოტას ჰყავთ, აქ ამის კულტურა ნაკლებადაა. ასე რომ, ყველაფერი მოხერხებადია – მთავარია დროის სწორი მენეჯმენტი.

– ახლა უკვე მიჩვეულები ხართ სელებრითებთან მუშაობას, მაგრამ პირველ ეტაპზე იმ ადამიანებისთვის მუშაობა, ვისთანაც შეიძლება, ფოტოს გადაღებაც კი ოცნებაა, განსაკუთრებით ემოციური იქნებოდა.

– თავიდან მართლა ძალიან ემოციური იყო. რომ მირეკავდნენ, თუ შეიძლება, ჯენიფერ ლოპესისთვის ან ქეითი ფერისთვის გამოგვიგზავნე სამოსიო, ძალიან მიხაროდა და აჟიტირებულიც ვიყავი. მაქსიმალურად ვცდილობდი, საუკეთესო ლუქები შემერჩია. 24 საათის განმავლობაში ვფიქრობდი, რა იქნებოდა მათთვის საინტერესო, მუდმივად მათ ცხოვრებას ვაკვირდებოდი. ზოგჯერ არც მჯეროდა, რომ ეს მართლა ხდებოდა, რომ მათთან ვთანამშრომლობდი. თუმცა ახლა ეს ჩემი ყოველდღიური სამსახურია, ყოველდღიურად სელებრითებთან ვმუშაობ. მაგალითად, ახლა ნიუ-იორკის „ფეშენ-ვიქისთვის“ ქენდალ ჯენერისა და ჰეილი ბიბერის ლუქებზე ვმუშაობთ. ეს უკვე ძალიან ჩვეულებრივი პროცესია, მაგრამ პირველი თვეები მართლა საოცრად ემოციური იყო. მით უმეტეს, თუ მუშაობის პროცესი სასურველი შედეგით დასრულდება და სელებრითი შენს შერჩეულ სამოსს მოირგებს, ორმაგად სასიხარულოა. ჩვენ გარდა იმავე მიზნისთვის ბევრი სააგენტო მუშაობს, შეიძლება ასი ლუქი იყოს წარმოდგენილი ერთი კონკრეტული ღონისძიებისთვის და მათ შორის, რომ შენს შერჩეულ, ქართველი დიზაინერის სამოსს გამოარჩევენ და მერე სოციალურ ქსელსა თუ ეკრანებზე ხედავ, როგორ მოირგო ამა თუ სელებრითმა შენი დიზაინერის სამოსი, ეს დიდი სიხარული და შენი შრომის შედეგია.

– ვარსკვლავებს შორის ვინ არის ყველაზე პრეტენზიული და პირიქით, ყველაზე საყვარელი?

– სელებრითების უმრავლესობა საკმაოდ პრეტენზიულია. შეიძლება, ერთი კვირა ვიმუშაოთ კოსტიუმების შესარჩევად, მაგრამ ზუსტად გადაღების ან შეხვედრის წინ შეცვალონ აზრი. ამ დროს თავიდან იწყება მუშაობა და ეს, რა თქმა უნდა, სტილისტებისა და ჩვენს უკმაყოფილებას იწვევს. თუმცა ისინი სელებრითები არიან და აქვთ ასე მოქცევის საშუალება. ყველაზე პრეტენზიულის გამოყოფა გამიჭირდება, იმიტომ, რომ ძირითადად, ყველა ასეთია. მაგრამ ყველაზე ხშირად გამიგია, რომ პერის ჰილტონი არის ძალიან ჰუმანური და მოსიყვარულე იმ ადამიანების მიმართ, ვისთანაც უწევს მუშაობა. ჰეილი ბიბერზეც შემიძლია, ვთქვა, რომ უფრო უშუალო ადამიანია. თუმცა, პირადად მე მათთან არ მქონია შეხება, ჩვენ სტილისტებთან ვმუშაობთ და მათი პიროვნული თვისებების შესახებ ინფორმაცია საერთო წრეებიდან გვაქვს. ჯენერებიდან და კარდაშიანებიდან, ცნობილია, რომ ქლოე კარდაშიანია ძალიან კეთილგანწყობილი ადამიანების მიმართ, ამას ყველა აღნიშნავს.

– ამერიკაში მეუღლემაც ახალი საქმე წამოიწყო. გამოდის, გეორგაფიული ცვლილება ორივესთვის ძალიან დიდი რესტარტი აღმოჩნდა.

– როდესაც საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში გადადიხარ, საკმაოდ რთული პერიოდის გავლა გიწევს. ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყო, ბევრი ისწავლო. მით უმეტეს, ამერიკა ისეთი ქვეყანაა, სადაც ყველაფერი ევროპისგან განსხვავებულია, მარტივი არ არის ალღოს აღება, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ყველაფერი საკმაოდ კარგად გამოვიდა. ვერ ვიტყოდი, რომ მარტივად, მაგრამ მალე მოვახერხეთ ადაპტირება და ჩვენ-ჩვენი საქმის პოვნა. ზურა ძალიან მეხმარება და ხელს მიწყობს, ვაკეთო ის საქმე, რომელიც მიყვარს. თავად ძალიან დაკავებულია საკუთარი საქმეებით, დააარსა აპლიკაციების დეველოპერული კომპანია და ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობს.

– „დაურეკე თათას” – ის ფაქტი, რომ ბევრი ვარსკვლავის სტილისტს პირველ რიგში თათა ახსენდება, წლების წინ იყო ოცნება, რომელზე ფიქრიც კი წარმოუდგენლად გეჩვენებოდათ?

– მართლაც სასიამოვნოა ამ ფრაზის მოსმენა. მე საკმაოდ ახლო ურთიერთობები მაქვს სტილისტებთან და მათ შეუძლიათ, ნებისმიერ დროს დამირეკონ ან მომწერონ თუ ამის საჭიროებაა და არ დაელოდონ როდის ვუპასუხებთ მათ გამოგზავნილ იმეილს. რა თქმა უნდა, ეს იყო ჩემი გეგმა, რომლისკენაც ამდენი წელი მივდიოდი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი