შოუბიზნესი

რას ასწავლის მარიამ მაისურაძეს წარუმატებელი მცდელობა და როდის ავიწყდება მას ყველა პრობლემა

№14

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 14.04

მარიამ მაისურაძე
დაკოპირებულია

იღბალი და შრომისმოყვარეობა – რომელს რა წვლილი მიუძღვის ტელეწამყვან მარიამ მაისურაძის ცხოვრებაში და რამდენად იღბლიანი ადამიანია ის, ამას მისგან შევიტყობთ.

მარიამ მაისურაძე: შეუძლებელია, თავი იღბლიან ადამიანად არ მივიჩნიო. მადლიერი ვარ იმ ყველაფრის გამო, რაც მაქვს: ჩემი ოჯახი, შვილი, საქმე – რომლის კეთებაც ყოველთვის მინდოდა, ისეთი მეგობრები მყავს, როგორებიც ყოველთვის მინდოდა, მყოლოდა... ასეთ დროს მგონი, ძალიან უმადური უნდა ვიყო, რომ უიღბლობაზე ვისაუბრო. თუმცა, ისევე როგორც ყველას, ჩემს ცხოვრებაშიც არის სირთულეები, პრობლემები, გამოწვევები, მაგრამ თავს იღბლიანად და ბედნიერად მივიჩნევ, რადგან მგონია, რომ მადლიერება არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

– საჭირო დროს საჭირო ადგილას მოხვედრილხარ?

– ჩემი აზრით, იღბალი ზუსტად საჭირო დროს საჭირო ადგილას მოხვედრაა. მე ვფიქრობ, ბევრ რამეში გამიმართლა, მაგრამ იმავდროულად, იღბალს მოტივაციასთან გავაიგივებდი. ის ჰაერიდან არ ჩნდება. ადამიანი საკუთარი ცხოვრების სტილით ქმნის იღბალსაც. თუ რაღაც ძალიან გინდა და დიდი მოტივაცია გაქვს, მჯერა, რომ ბედი აუცილებლად გაგიღიმებს და მოხვდები იქ, სადაც გინდა, რომ იყო. ასე რომ, საკუთარი მოტივაციით შეგიძლია, საკუთარივე იღბალი შექმნა.

– ამ პროცესში, ალბათ, დიდი მნიშვნელობა აქვს შრომისმოყვარეობას. რამდენად შრომისმოყვარე ხარ?

– შრომისმოყვარეობა და დისციპლინა გვეხმარება, რომ არ გავჩერდეთ. ჩვენმა მოტივაციამ და იღბალმა თუ საჭირო დროს საჭირო ადგილას მიგვიყვანა, შრომისმოყვარეობაა ის, რაც შემდეგ გვეხმარება მიღებულის შენარჩუნებასა და განვითარებაში. ვფიქრობ, რომ შრომისმოყვარე ვარ. შეიძლება, ამასთან დაკავშირებით სხვებმა უნდა თქვან, მაგრამ მე მაქსიმუმს ვაკეთებ. ზოგჯერ შეიძლება, არ გამოვიდეს ისეთი, როგორიც გინდა, მაგალითად, ჩემს შემთხვევაში, პირდაპირი ეთერი რომ ავიღოთ, შეიძლება, ვერ იყოს იდეალური, მაგრამ კმაყოფილების შეგრძნებას იცით, რა მიქმნის? ის, რომ მე ამისთვის ძალიან ბევრი ვიშრომე და საკუთარი ძალები არ დავზოგე. როცა საკუთარ თავთან მართალი ხარ, ეს ყველაზე კარგი შეგრძნებაა.

– როდის აძლევ თავს სიზარმაცის უფლებას?

– როცა ვხვდები, რომ ბევრი საქმე უკვე დისკომფორტს მიქმნის. ასეთ დროს, ვფიქრობ, რომ დროა ცოტა ხანი გავჩერდე, დავისვენო, სხვა საქმეზე გადავერთო. მგონია, რომ ცხოვრებაში ბალანსი ძალიან მნიშვნელოვანია. სამსახურს თავისი დრო აქვს, ოჯახს – თავისი, მეგობრებს და ასე შემდეგ. ყველასთან და ყველაფერთან ერთად, საკუთარ თავსაც აუცილებლად უნდა დაუთმო დრო.

– ალბათ, ასეც უნდა იყოს, მაგრამ თუ მომხდარა, რომ სიზარმაცის გამო კარგი შანსი გაგიშვია ხელიდან?

– მგონია, რომ შრომისმოყვარეობა და დისციპლინა უნდა გამოიმუშავო, ეს გამოცდილებას მოაქვს. მე მიყვარს საკუთარ გამოცდილებაზე სწავლა, იქნება ეს წარმატებული თუ წარუმატებელი. კი, ასეთი რამ მომხდარა და სწორედ ეს დამეხმარა, რომ დისციპლინა გამომემუშავებინა და უფრო მეტად შრომისმოყვარე გავმხდარიყავი. ყველაფერს შენარჩუნება სჭირდება და რაც იღბალმა მოგიტანა, ის დისციპლინით უნდა შეინარჩუნო; ამას გამოცდილება გასწავლის. ვისწავლე ისიც, რომ მცდელობა უკვე წარმატებაა, თუნდაც წარუმატებელი გამოდგეს, ბევრს გასწავლის. წარუმატებელი მცდელობა იმდენად დიდი გაკვეთილია იმისთვის, რომ მომავალში უფრო მეტ წარმატებას მიაღწიო, რომ ხანდახან წარმატებულ მცდელობასაც კი სჯობს ხოლმე.

პროფესიულ საქმიანობაში ცხოვრებისეული სირთულეები თუ გიშლის ხელს, რამდენად ახერხებ მათ გამიჯვნას?

– ცხოვრებისეული პრობლემები სამსახურზეც ახდენს გავლენას და საერთოდ ყველაფერზე. როცა პრობლემები გვაქვს, შეიძლება, საქმეშიც სხვანაირები ვიყოთ, მეგობრებთან ურთიერთობაშიც და ასე შემდეგ, თუმცა, ის პასუხისმგებლობა, რასაც მე საქმიანობა მაკისრებს, ნებისმიერ დროს შემიძლია, შევასრულო. ზოგადად, პრობლემების გავლენა ყველგან იგრძნობა. შეიძლება, ადამიანი ძალიან ცდილობდეს დამალოს, მაგრამ ემოციურად მაინც გამოიხატება და ამ მდგომარეობას სამსახურში ყოფნის რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ გააქრობ, ეს შეუძლებელია. თუმცა, ეს მაშინ, როცა მხოლოდ კოლეგების გარემოცვაში ხარ. რაც შეეხება პირდაპირ ეთერს, მას აქვს ის მუხტი, რომ რამდენადაც არ უნდა გეძინებოდეს დილით, ან უხასიათოდ იყო, ან პრობლემა გქონდეს, როგორც კი კამერები ირთვება, ყველაფერი ქრება და მაყურებლის პირისპირ მარტო რჩები. პირდაპირი ეთერი კიდევ სხვა სპეციფიკაა და რა თქმა უნდა, იქ, ყველაფერი გავიწყდება, ეს ყველაფერი ავტომატურად, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ხდება.

– რამდენად ზრუნავ საკუთარ გარეგნობაზე. იმის გათვალისწინებით, რომ არაჩვეულებრივად გამოიყურები...

– დიდი მადლობა. მართლა ძალიან ჩვეულებრივი რუტინა მაქვს. ჯერჯერობით, არანაირი ინიექციური ჩარევა არ გამიკეთებია. როცა ჩავთვლი, რომ მჭირდება ან სურვილი გამიჩნება, რამე შევცვალო, ამას აუცილებლად ვიზამ, თუმცა, მე მაინც ბუნებრიობის მოტრფიალე გახლავარ (იცინის). ჩემი თავის მოვლის რუტინა ისეთივე ჩვეულებრივია, როგორც ყველა გოგონასი. უბრალოდ, რადგან დილის ეთერში ვარ, შესაბამისიად, კარგად უნდა გამოვიყურებოდე და ვცდილობ, წინა საღამოს ისეთი ნიღაბი გამოვიყენო, რომელიც ჩემს კანს დაამშვიდებს. ვცდილობ, სწორად ვიკვებო, მაგრამ ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, ვერ მოვიტყუები და ვერ ვიტყვი, რომ იდეალურად გამომდის, თან „ჯანქ ფუდიც“ მიყვარს და ხანდახან მასზეც ვერ ვამბობ უარს (იცინის). ვერ დავიბრალებ, რომ განსაკუთრებულად ვიკვებები, თუმცა გეგმაში მაქვს, რომ ეს უკეთესობისკენ შევცვალო. ასევე, ვგეგმავ, რომ ფიზიკურად უფრო გავაქტიურდე. დღესაც ვფიქრობ, რომ ორშაბათს ვარჯიში უნდა დავიწყო (იცინის). ყველაფერი გამზადებული მაქვს, რაც ამისთვის საჭიროა, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ არასდროს ვყოფილვარ სპორტდარბაზში (იცინის). მეხმარება ის, რომ მთელი ბავშვობა ვცურავდი. ეზოში გავიზარდე, მთელ დროს „მზიურში“ ვატარებდი. იქვე ვცხოვრობდი და დილით რომ ჩავიდოდით, საღამოს ამოვდიოდით. აქტიური ვიყავი, ჩემი მშობლების დამსახურებით, ჯანსაღად ვიზრდებოდი და ეს მეხმარება.

– ბავშვობაში როგორ წარმოგედგინა საოცნებო მომავალი და დღევანდელი რეალობა რამდენად ჰგავს იმ ოცნებებს?

– მგონია, რომ უკეთესიც კია. ბავშვობაში ვერ წარმოვიდგენდი, რომ 28 წლის ასაკში ვიქნებოდი იმ გადაცემის წამყვანი, რომელსაც ყოველ დილას ვუყურებდი, ასევე, „ნიჭიერის“ გუნდსაც შევუერთდი. ამ ასაკისთვის მე კმაყოფილი ვარ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სამომავლოდ უფრო მეტის გაკეთება არ მინდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

14–20 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა