შოუბიზნესი

რამდენჯერ დაჭრეს და გადაურჩა სიკვდილს გურამ ლომიძე და რატომ არ შედგა მისი პირადი ცხოვრება

№41

ავტორი: ეკატერინე პატარაია 22:00 20.10

გურამ ლომიძე
დაკოპირებულია

ბრძოლა თავის დამკვიდრებისთვის, წარმატებები, მარცხი, პაუზა, ჯგუფის რაღაც პერიოდით დაშლაც კი, ვინაიდან ჯგუფის წევრები სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით გაიფანტნენ... რამდენს იტევს „ქუჩის ბიჭების“ ოცწლიანი ცხოვრება, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს და ამ ფორმატშიც არ ჯდება, თუმცა თითოეული მათგანის ცხოვრება თავისებურად საინტერესოა. დღეს მხოლოდ გურამ ლომიძესთან ინტერვიუს შემოგთავაზებთ, რომლის ცხოვრება უკრაინელი მომღერლის, ივანა მელაის გვერდით დასრულდა. გურამისთვის ეს მესამე ქორწინება იყო და სამივე ქორწინებიდან ჰყავს შვილი. სამივე ცოლისთვის ის ახლა მეგობარია, ბავშვებისთვის კი – ისევ ისეთი მოსიყვარულე და მზრუნველი მამა.

– გურამ, გვითხარი სად ხარ, როგორ ხარ, რას საქმიანობ, პანდემიამ რა შეცვალა შენს ცხოვრებაში?

– პანდემიამ ყველას ცხოვრება შეცვალა, მათ შორის, ჩემიც. პირველ რიგში, არასტაბილურობა შემოიტანა. სასიმღერო კარიერაში დიდი ჩავარდნაა. კონცერტები არავის აქვს. ვზივართ სახლში და აქედან ვუმღერით ერთმანეთს.

– მაგრამ სახლიდან სიმღერა ფინანსურად არაფერს მოგცემთ.

– თავიდან, პირველი სამი თვე, ფინანსურად ძალიან გამიჭირდა თითქმის ბანკროტი ვიყავი, მაგრამ ამერიკის მთავრობამ ძალიან მაგარი და კარგი დახმარებები გასცა თავის მოქალაქეებზე, რამაც მყარად დაგვაყენა ფეხზე, ვისწავლეთ დისტანციურად მუშაობაც და ფინანსური თვალსაზრისით ყველაფერი დალაგდა.

– მინდა, გაიხსენო შენი თავი იმ ასაკში, რომელშიც ახლა შენი უფროსი შვილია. ქუჩას აყოლილი ბიჭი იყავი თუ მშობლების მორჩილი, მეცადინე ბიჭი?

– 16-17 წლის ასაკში ძალიან ენერგიული და სხარტი ვიყავი. მიყვარდა სიმღერა, მეგობრებთან ერთად გართობა, ყველაფერი ის, რაც თინეიჯერებს მოსწონთ. როგორც ყველა 90-იანელებს, ქუჩა მეც მიზიდავდა და ბევრი რამაც მასწავლა. ჩხუბიც ბევრჯერ მომსვლია. რამდენჯერმე დაჭრილიც ვარ, მაგრამ ღმერთის წყალობით, გადავრჩი.

– ესე იგი, ძალიან რთული პერიოდებიც გქონია.

– საერთოდ, არ მიყვარს წუწუნი და რთულ პერიოდზე საუბარი. იმ დროს როგორც ყველას, მეც მიჭირდა, თუმცა, მშობლები ნამდვილად არაფერს მაკლებდნენ.

– ოჯახის შექმნა ყველაზე საპასუხისმგებლო ამბავია. ალბათ, აქაც გაგიჭირდა და შენ და ხატია დაშორდით.

– დაოჯახება ყველა ასაკში დიდი პასუხისმგებლობაა. ჩემი აზრით, ამ ამბავში ასაკს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ, ცნობილი ადამიანებისა და არა ცნობილების ოჯახები განსხვავდება ერთმანეთისგან. როცა შენი ცხოვრების ყველა ნაბიჯს აშუქებენ, ცოტა რთულია, შეინარუნო ის ოჯახური იდილია, რაც ოჯახს ახლავს თან.

– მაგრამ ეს ხომ მხოლოდ ორი ადამიანის საქმეა. როგორ შეიძლება, ვიღაცის აზრმა იქონიოს გავლენა?

– მაშინ დაშორება გარდაუვალი აღმოჩნდა, თუმცა ნიკასთან ურთიერთობა და ზრუნვა არასდროს შემიწყვეტია. ახლაც ვაგრძელებ მასზე ზრუნვას. ძალიან კარგი და მეგობრული ურთიერთობა მაქვს ნიკასთან და მის დედასთანაც. ასე რომ, ვფიქრობ, გადაწყვეტილება, რომელიც მე და ხატიამ მივიღეთ, ძალიან სწორი და დროული იყო.

– შენი მეორე ქორწინების შესახებ არავინ არაფერი იცოდა. ვინ არის? როგორც ვიცი, მასთან შვილი გყავს.

– ერიკა ჩიკაგოში გავიცანი და მასთან ქორწინებაში 7 წელიწადი ვიყავი, გვყავს 11 წლის ბიჭი - ლიამი. ჩვენი დაშორება ბევრმა წვრილმანმა ფაქტორმა განაპირობა - დაწყებული იქიდან, რომ ბავშვს ჩემი გვარი არ მისცა და ებრაული ხაზით წავიდა... კიდევ, არ ვიცი. ბევრი რამ იყო...

- რას აპირებ მომავალში პირად ცხოვრებაში და რას ნიშნავს შენთვის ქალი - მხოლოდ გატაცებაა თუ უფრო მეტი?..

– ახლო მომავალში ბევრი გეგმა მაქვს მაგრამ კაცმა არ იცის, რა მოხდება, ამიტომ ძირითადად, წინასწარ არაფერს ვგეგმავ. რაც შეეხება პირადს, მე არ ვეძებ, მინდა სტაბილური და მშვიდი ოჯახი.... ქალი ჩემთვის გატაცება არ არის, ქალი ღმერთის ქმნილებაა, რომელიც ხელის გულზე უნდა ატარო და ეთაყვანო, ქალი დედაა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ზრდის, ქალი მეუღლეა და შვილების დედა, რომელმაც ახალი თაობები უნდა აღზარდოს. ასე რომ, ქალი გატაცება ვერასოდეს იქნება ჩემთვის, ქალი ყველაფერია მამაკაცისთვის და ეს არის ჩემი პასუხი.

ჩემი აზრით, ქალმაც უნდა დაინახოს მამაკაცი ისე, როგორც კაცი ხედავს მას და არა მისი ემოციები გამოიყენოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოდის კარგი ტანდემი...

– იყო მეორე ოჯახი, შემდეგ კი ურთიერთობა დაიწყე ივანა მელაისთან. მერე მასაც დაშორდი. უფრო სწორად სულ ახლახან.

– ივანასთან მიმართებაში ყველაფერი კარგად და ლამაზად აეწყო. ულამაზესი ელიზაბეტი გვყავს, ბევრი კარგი და ლამაზი დრო გავატარეთ ერთად, არაფერს ვნანობ. ყველაფერი ისე ხდება, როგორც უნდა მოხდეს. რასაკვირველია, ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ჩვენს ურთიერთობაშიც ბევრმა უთანხმოებამ და ხასიათის ჭიდილმა თავისი შედეგი გამოიღო... ამ თემაზე საერთოდ არ მიყვარს საუბარი.

– არ ვიცი ჭორები რამდენად იქცევს შენს ყურადღებას, მაგრამ ამბობენ, ივანამ შეცვალა შენი ცხოვრება და ასე მოხვდი საქართველოს ფარგლებს გარეთ.

– პირველად მესმის ეგ ჭორი, ივანამდე, 8 თუ 9 წელიწადი, ჩიკაგოში ვცხოვრობდი. დედაჩემიც ამერიკაში ცხოვრობს.

– რა გინდა ცხოვრებაში? ბევრმა არ იცის, რა უნდა, რისთვის ცხოვრობს, რა მიზანს უნდა რომ მიაღწიოს. შენ?

– ანუ, ჩემი ცხოვრების კრედო რა არის? ყოველთვის მინდოდა, მსოფლიო დონის ვარსკვლავი ვყოფილიყავი, რაც ძალიან რთული აღმოჩნდა, თუმცა ჩემს ქვეყანაში ძალიან წარმატებული და პოპულარული ჯგუფის ერთ-ერთი სოლისტი ვარ და ესეც დასაფასებელია. რასაკვირველია, ამ წარმატების მისაღწევად ჯგუფის თითოეულმა წევრმა დიდი შრომა და ენერგია ჩავდეთ. ძალიან ბევრ რამეზეც მოგვიწია უარის თქმა. ისე, ტყუილად და უბრალოდ არაფერი მოდის.

– სიმღერის გარდა რა გიზიდავდა ყოველთვის?

– ღრმა ბავშვობიდან ვმღეროდი. სულ მინდოდა, მომღერალი გავმხდარიყავი. რომ არა მომღერალი, ალბათ, ბანკის მმართველი ან ფინანსთა მინისტრი ვიქნებოდი. და რასაკვირველია, ბიზნესი. ეს ის სფეროა, სადაც ამ ეტაპზე ვმოღვაწეობ და საკმაოდ წარმატებულადაც.

– ახლა მოდი შენს ჩვევებზე ვისაუბროთ, მათ შორის, მავნეზე.

– მავნე ჩვევები ბევრი მაქვს. მაგალითად, სიგარეტი, რომელსაც ვერა და ვერ გადავეჩვიე. ვარ ძალიან რბილი ხასიათის, მიყვარს სიკეთის კეთება. ვფიქრობ, რომ სიკეთე გადამდებია. რაც უფრო მეტ სიკეთეს აკეთებ, მით უფრო მეტის გაკეთება გინდება. უხეში არასდროს ვყოფილვარ და რამდენად თბილი და მოსიყვარულე ვარ, ეს, ალბათ, ჩემმა მეგობრებმა და შვილებმა უფრო იციან. ალბათ, საკმაოდ თბილიც ვარ, თუმცა უყურადღებოც, რაც ბევრჯერ ძვირადაც დამიჯდა .

– საკუთარ თავს გაქცევიხარ?

– როცა სადღაც გაქცევა მინდა, ძალიან ბევრი ადგილი მაქვს გასაქცევი, ქვეყნის თუ მსოფლიოს მასშტაბით. ცუდ პერიოდებში პირიქით – გაქცევას დარჩენა და პრობლემის მოგვარება მირჩევნია ხოლმე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

29 ნოემბერი- 5 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

ნოდიკო ტატიშვილი

როგორ გადაურჩა ნოდიკო ტატიშვილი პარიზში დაპატიმრებ...