შოუბიზნესი

რამაზ ნოზაძე: უცხოეთში გართობა ღალატად ნამდვილად არ მიმაჩნია

№26

ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 05.07, 2021 წელი

რამაზ ნოზაძე
დაკოპირებულია

რამაზ ნოზაძე და ხატია სიჭინავა ოთხ შვილს – სამ გოგონასა და ერთ ბიჭს ზრდიან. მყარი ოჯახი აქვთ და ერთმანეთს ყოველთვის გვერდში უდგანან. რა არის ამის მთავარი პირობა და მათი ოჯახური იდილიის მიზეზი, რამაზისგან მოვისმენთ.

რამაზ ნოზაძე: ოჯახში ჩემი კაცური მოვალეობები ისეთია, როგორიც უნდა იყოს. თავს არ ვიქებ, მაგრამ მგონია, რომ კარგი მეოჯახე გამოვდექი. ღმერთის წყალობით, დიდი ოჯახი მაქვს და ძირითად დროს მას ვუთმობ – პირველ ადგილზე ოჯახია და მერე – ყველაფერი დანარჩენი.

– ბოლო დროს ბევრი წყვილი ლაპარაკობს ოჯახში საქმეების გადანაწილებაზე. თქვენთან როგორ არის?

– ვერ ვიტყვით, რომ რაღაც გადანაწილებული გვაქვს. ისეთი კარგი მეუღლე შემხვდა, რომ ამას არ აქვს მნიშვნელობა. რამეს რომ ვეტყვი, ცდილობს, მაშინვე გააკეთოს. ასევე, მეც ყოველთვის ვუწყობ ხელს ჩემს ხატიას. კაცურ საქმეზე რომ მეტყვის, გასაკეთებელიაო, არასდროს მეზარება და მირჩევნია, მალევე მოვაგვარო. არის ოჯახები, რომელშიც საქმეები გადანაწილებულია და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ზოგი ოჯახი დროში ისეა შეზღუდული, აუცილებელიც არის, საქმეები გადაინაწილონ. ჩვენ ეს მომენტი არ გვაქვს. ზოგჯერ, ქვეყნიდან რომ ვარ წასული, ვიცი, რომ ხატია ჩემს ჩამოსვლამდე ყველაფერს გაართმევს თავს. რომელიმე რომ ჩვენს პასუხისმგებლობებთან დაკავშირებით ვჯუჯღუნებდეთ, ის იდილია არ გვექნებოდა, რაც ჩემსა და ხატიას ერთობას აქვს. ჩვენს ოჯახში ჩემი და ხატიას კანონებია – ჩვენთან ყველაფერი გაგებაზეა აწყობილი.

– ხატიას გამოჩენამდე როგორ იყო – წარმოგედგინათ, რომ ერთ დღეს ამხელა ოჯახი გექნებოდათ?

– ვიცოდი, რომ აუცილებლად მეყოლებოდა გვერდით ადამიანი, რომელიც მეყვარებოდა და არასდროს დავშორდებოდი. მამამ და დედამ საკუთარი მაგალითით დამანახვეს, რომ დიდი ოჯახი ძალიან დიდი ბედნიერება და ძალაა. ჩემი მშობლებისგან „დავაკოპირე“ დიდი და სიყვარულით სავსე ოჯახი. მე და ხატიამ პატარა ნაპერწკალი დიდ ცეცხლად ვაქციეთ – ეს ჩვენი სიყვარულია. სანამ ცოლს მოვიყვანდი, სხვადასხვა ფიქრი მქონდა, მაგრამ, როცა ეს მოხდა, იმ დღიდან ვიცი, რომ ოჯახის კაცი უნდა ვიყო და ეს ერთობა სიცოცხლის ბოლომდე მივიყვანო.

– ჩვენთან, კაცის ღალატი, თითქოს, უფრო მარტივია და მას უფრო ეპატიება, ქალის მხრიდან კი ტრაგედიად აღიქმება. როგორია თქვენი პირადი დამოკიდებულება?

– ღალატი ყოველთვის ცუდია, მაგრამ ქართველი კაცის ბუნებაში ცოტა სხვანაირად არის ეს ყველაფერი. ქართველი კაცისთვის ადვილია ეს, მაგრამ ქართველი ქალისთვის ტრაგედიაა. მე ვიტყვი, რომ ღალატი მიუღებელია, რადგან ტყუილთან ასოცირდება. ხატიას უთქვამს, რამაზი საზღვარგარეთ რომ წავიდეს და იქ რამე მოხდეს, ჩემთვის ამას არ აქვს მნიშვნელობა. კაცია და თვეები რომ იქ იქნება, ვერ მოითმენსო. მაგრამ მან არ იცის, რომ მე ძალიან მომთმენი ადამიანი ვარ და მინდა, პატარა ხინჯიც არ მქონდეს გულში. მე თავისუფალი კაცი ვარ, ჩემმა ცოლმა არანაირად არ შემზღუდა, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ ეს კარგი არ არის და ზიანის მომტანი იქნება, აზრის დონეზე მაინც. ამიტომ, სადმე, საზღვარგარეთ რომ ვარ და თუნდაც, ნასვამ მდგომარეობაში, ვცდილობ, რაღაცებს არ ავყვე და ჩემს ოჯახზე ვიფიქრო. ამიტომ, მსგავს გართობაზე უარს ვამბობ.

– ბევრ კაცს უთქვამს, უცხოეთში საძმაკაცო რომ „საგულაოდ“ მიდის, იქ ერთის დარჩენა „ტეხავს“. შესაძლოა, სულაც არ უნდოდეს, მაგრამ, რადგან ყველა მიდის, სხვანაირად არ გამოდისო. მართლა ახდენს გავლენას ეს მომენტი?

– ალბათ, ცოტა უხეშად ჟღერს, მაგრამ მე ვერ ვხედავ პრობლემას იმაში, თუ კაცი უცხოეთში არის წასული, იქ მეგობრები დახვდნენ, საქმეები გააკეთეს და მერე ნასვამები სადღაც „საგულაოდ“ წავიდნენ. არის დაწესებულები, სადაც მიხვალ და ქალის პრობლემა არ იქნება. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ შენ სხვა ქალი გიყვარდება და იმასთან ყოფნა გინდება. უხეშად რომ ვთქვათ, ხატიას სიტყვებს გავიმეორებ, ტრენაჟორი დაარქვა ამ მომენტს. ტრენაჟორზე რომ ივარჯიშო, ეს ხომ არ გამოდის შენი ცოლისადმი სიყვარულის ღალატი?! ეს მხოლოდ ფიზიკური მოთხოვნების დაკმაყოფილებაა. შესაძლოა, არც გინდოდეს არაფერი, მაგრამ დალიოთ ბიჭებმა და გართობას ესეც მოჰყვეს – ეს არ ნიშნავს, რომ შენს შეყვარებულ ადამიანს უღალატე. ეს მხოლოდ იმ მომენტში მოხდა, ხომ არ გრძელდება. არის შემთხვევები, როცა ღრმად შედიან და უკვე საყვარლების თემა მოდის, ცოლსაც დაშორებიან ამ მიზეზით – ეს უკვე მარაზმში გადადის. თუმცა, უცხოეთში გართობა ღალატად ნამდვილად არ მიმაჩნია.

– სხვათა შორის, ბოლო პერიოდში ქალებისგანაც მსმენია მსგავსი რამ უცხოეთთან დაკავშირებით, რომ იქ გართობა ღალატად არ ითვლება.

– მე არ გამიგია ასეთი რაღაც, მაგრამ ალბათ, ასეთი რაღაცებიც ხდება. ქალის ასეთი გართობა აღარ გამიგია, ჩემამდე ვერ მოდის. კაცთან – კი, ხდება ცხოვრებაში ასეთი რაღაცები, მაგრამ ქალთან მიმართებაში გაფიქრებაც მიჭირს: წავიდა დაქალებთან ერთად და მერე სექსით დაკავდა გასართობად? ქალის სინაზესა და პიროვნებაში არ ჯდება ასეთი ქცევა. თუ არიან ასეთი ქალები, მე ვფიქრობ, ის უკვე ქალი არ არის, სხვა სახელი უნდა დავარქვათ. კაცს იმავეს ვერ დაარქმევ, კაცის შემთხვევა სხვა არის. გლობალურადაც რომ შევხედოთ, ასე ჩანს. თორემ გენდერული თანასწორობა უნდა იყოს და ადრეც კი არ მიმაჩნდა ლამაზად, როცა ეს ასე არ იყო. ქალი უნდა იყოს კაცის თანასწორი, მაგრამ ჩარჩოში უნდა იყოს ეს ყველაფერი და ქალი უნდა იყოს ლამაზი თავისი სინაზითა და აზროვნებით. კაცი მაინც უხეშია თავისი ცხოვრებით.

– გოგონების აღზრდის მეთოდებზე ადრეც გვისაუბრია. მერე გაჩნდა ბიჭი, რომელსაც მთელი საქართველო ელოდა. როგორი წარმოგიდგენიათ მისი მომავალი?

– ვფიქრობ, ჩემი პირველი გოგო რომ გაჩნდა, მანდ გადმომეცა ესტაფეტა – დავიწყე გაბრიელას მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნვა, მისი სურვილების გათვალისწინებით. ასე გავაგრძელე მეორე და მესამე გოგონებზეც. დედამისთან ისე ვერ იხსნებიან ჩემი გოგონები, როგორც ჩემთან. ყველაფერზე ველაპარაკები. გარეთ რომ გინებას გაიგებენ, მოვლენ და შემეკითხებიან. კი არ ვუკრძალავ ამის ხსენებას და გარკვეულ თემებს ტაბუს კი არ ვადებ, პირიქით, განვუვრცობ და ვუხსნი, რა არის ცუდი და რატომ. ასე გავზრდი ჩემს ბიჭსაც და დარწმუნებული ვარ, ჩემი გოგონებიც მომეხმარებიან. ეს ჩემი ნანატრი ბიჭია, კიდევ გოგო რომ გვყოლოდა, დიდი სიამოვნებით მივიღებდით მე და ჩემი მეუღლე, მაგრამ ღმერთმა მომცა ნანატრი ბიჭი, რომელიც აუცილებლად უნდა ყოფილიყო ნოზაძის ოჯახში. ძალას არ დავიშურებ, რომ ძალიან კარგი ქართველი გავზარდო.

– ბოლო პერიოდში, არაერთი სპორტსმენი ვიხილეთ პოლიტიკაში. რამაზს არ ჰქონდა სურვილი ან შემოთავაზება?

– მე რომ პოლიტიკაში მოვიდე, ჩვენს პოლიტიკას ძაღლი არ დაყეფს, მაგრამ ჯერ არ ვარ ამისთვის მზად. იმას არ ვამბობ, რომ ცოდნა მაკლია, სიტყვა-პასუხი ან თავაზიანობა, მაგრამ უხეშად გეტყვით, ახლა ერთი მხარეც მაღიზიანებს და მეორეც, თანაც იმ დონეზე, რომ ტელევიზორის ყურებაც აღარ მინდა. არ მაქვს სურვილი, მე ამ პოლიტიკოსებთან ვასოცირდებოდე. არაფერში ვარ შეზღუდული – თუ ჩემს ქვეყანას გამოვადგები, არც პოლიტიკოსობა მეთაკილება და არც მენაგვეობა. ვერც სპორტსმენების პოლიტიკაში წასვლაში ვხედავ პრობლემას. სპორტსმენი ხალხი პატრიოტი ხალხია – მათ საქართველოს დროშა საკუთარი მხრებით უზიდიათ და საკუთარი სამშობლოსთვის მხოლოდ კარგი უნდათ. ახლა არასასიამოვნო შემთხვევების გამო სპორტსმენების ლანძღვის ტენდენცია წამოვიდა და იძახიან, როგორი ცუდები და მოძალადეები არიან. ძალადობა და სპორტი ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ. მიმიფურთხებია იმათთვის, ვინც სპორტსმენებს ასე მოიხსენიებს. მათთვის, ვისაც მიაჩნია, რომ ქართველი სპორტსმენები მოძალადეები არიან, არასდროს ამიწევია დროშა და არც საქართველოს ჰიმნი ამიჟღერებია. ქართველი კაცი არ არის მოძალადე!

– გულწრფელი ვიქნები – მე მქონდა მოლოდინი, რომ დღეს უკვე პოლიტიკაში მყოფ სპორტსმენებთან ერთად რამაზ ნოზაძეც იქნებოდა.

– იყო შემოთავაზებები, მაგრამ ყველაფერი გადავხაზე. რომ ვუყურებ, როგორი უტვინო პოლიტიკოსები გვყავს, მეზიზღებიან, ოცნებიან-ნაციონალებიანად. არ გამოჩნდა ისეთი კაცი, რომელთანაც მივალ და ვეტყვი, ძმაო, მე მინდა პოლიტიკოსი ვიყო, იმიტომ, რომ ჩემს საქართველოს გამოვადგე. პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ სპორტსმენები მიჰყავთ და რეიტინგს იწევენ, მაგრამ მე სარეიტინგო ტიპი არ ვარ. მე ნასწავლი ვარ, სამი ინსტიტუტი მაქვს დამთავრებული, დიპლომი არ მიყიდია და მინდა, ჩემი ცოდნა პიარისთვის კი არა, სამშობლოსთვის გამოვიყენო. მე ჩემი გასაკეთებელი მაშინ გავაკეთე, როცა მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი, ახლა ჩემს საქართველოს უნდა გამოვადგე. ერთ რამეს გეტყვით: ჩემნაირი ჭკვიანი რომ გამოვა და ამათ ყველა არასწორ საქციელზე თავს არ დაუხრის, ეგეთი რაში უნდათ?! მაგათ ლენჩები სჭირდებათ, ყველაფერზე რომ თავი დაუქნიონ და არა რამაზ ნოზაძე, რადგან მე ასე ადვილად სამართავი არ ვარ. მე რამე არასწორს თუ დავინახავ, თვალს არ დავხუჭავ. ამიტომ, ამ ნაძირალებს რომ ვუყურებ, მათ გვერდით ყოფნის სურვილი არ მიჩნდება. მოვა დრო, როცა კარგი ადამიანი გამოჩნდება და შესაძლოა, მის გვერდით მეც გადავდგა ეს ნაბიჯი. ძალიან მალე ყველას წიხლით გააგდებენ და მერე ვისაუბროთ ჩემს ურთიერთობაზე პოლიტიკასთან. მე იმედს არ ვკარგავ და ჩემი ძალის დატანება თუ გახდა საჭირო ამათ გასაგდებად, აუცილებლად დავატან ძალას და გამოვჩნდები, სადაც საჭიროა, ოღონდ ესენი მოშორდნენ პოზიცია იქნება თუ ოპოზიცია. ახლა ამის გარდაც დიდი პრობლემები გვაქვს პანდემიის სახით და მინდა, ყველაფერი მალე დაუბრუნდეს ჩვეულ ყოფას, მოიხსნას სიცრუის ნიღბები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა