შოუბიზნესი

რამ შეცვალა რადიკალურად ნანკა ქოქიაშვილის ცხოვრება და რა არის მისი და აჩიკო ცანკაშვილის ოჯახური სიმშვიდის საიდუმლო

№9

ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00 12.03

ნანკა ქოქიაშვილი
დაკოპირებულია

რადიოწამყვან და ჟურნალისტ ნანკა ქოქიაშვილსა და მუსიკოსსა და მომღერალ არჩილ ცანკაშვილს 20 თებერვალს ქალიშვილი შეეძინათ. მათთვის ეს მეორე ქალიშვილია, აჩიკოს კი უფროსი ვაჟიც ჰყავს. ნანკამ და აჩიკომ, ოთხი წლის წინ დაუკავშირეს ბედი ერთმანეთს და წყვილის ცხოვრება პოზიტიურად შეიცვალა.

ნანკა ქოქიაშვილი: ოთხი წელია, რაც გათხოვილი ვარ, ბედი აჩიკოს დავუკავშირე და მადლობა ღმერთს, რომ ეს ადამიანი ჩემი ქმარია. სხვათა შორის, აჩიკო სულ იმას მეკითხება, წარმოიდგენდი, ასე რომ იქნებოდაო? (იცინის). რა თქმა უნდა, ვერც წარმოვიდგენდი, რომ ასე მალე გავთხოვდებოდი, შევქმნიდი ოჯახს და ოთხ წელში ორი შვილის დედა გავხდებოდი. იმდენად ვიყავი გადავარდნილი ჩემს პროფესიაში, ოჯახზე და შვილებზე არც მიფიქრია, ახლა კი ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა, სამყარო ამოტრიალდა და ჩემი ცხოვრება უფრო ფერადი და ბედნიერი გახდა. დედობა საოცარი განცდაა, მადლობა ღმერთს და ჩემს მეუღლეს, რომ ორი არაჩვეულებრივი გოგონას დედა გამხადა. აჩიკოს ცოლობამ და დედობამ სხვა კუთხით შემცვალა. სხვათა შორის, პირველი შვილი რომ გავაჩინე, არ მინდოდა, პროფესიას ჩამოვცილებოდი, არც დამხმარის აყვანა მინდოდა, მსურდა, დედობა ბოლომდე შემეგრძნო. ყველაზე მეტად, რასაც არ ვნანობ, ისაა, რომ დამხმარე არ ავიყვანე. აჩიკო ძალიან მეხმარება, ასევე, დედამთილი და ერთმანეთს ვეშველებით. ნანე უკვე წამოიზარდა და ყველაფერს იაზრებს. ძალიან ჭკვიანი გოგოა, მშვიდი, დამყოლი ხასიათის და მოსიყვარულე. პატარაც, მგონი, უფროს დაიკოს ჰგავს. სხვათა შორის, ნანე რომ წამოიზარდა, უკვე ვგეგმავდით, საქმეებისთვის მიგვეხედა და ბევრი გვემოგზაურა, მაგრამ რომ გავიგე, მეორე ბავშვზე ვიყავი ორსულად, გეგმები შეგვეცვალა. ამ ფაქტმა განსაკუთრებული სიხარული და ბედნიერება მოგვიტანა. ჩემს ქმარს უფროსი ბიჭი ჰყავს და მთელი ცხოვრება გოგოზე ოცნებობდა, ახლა ორი ულამაზესი გოგო ჰყავს. რომ გაიგო, მეორე ბავშვს ველოდებოდით, შამპანური გახსნა, ეს აღსანიშნავი ამბავიაო (იცინის).

– პირველ ქალიშვილს ნანე ჰქვია, მეორეს რა დაარქვით?

– მეორე გოგონას დავარქვით ნუნე. ნანეს ნათლობის სახელია ნანა და ნუნეს ნათლობის სახელი იქნება ნინო. ყველას უკვირს, რა უცნაური სახელია ნუნეო. წმიდა ნინოს, კაბადოკიაში ნუნეს ეძახდნენ. ამ სახელის იდეა აჩიკოს მოუვიდა. მერე კი თქვა, ვიხუმრეო, მაგრამ ისე მომეწონა ეს სახელი ბავშვს დავარქვი (იცინის). ასე რომ, ულამაზესი ნანე და ნუნეს მშობლები ვართ. ბუნებრივი მშობიარობით გავაჩინე. წესით, ცოტა ადრე უნდა დაბადებულიყო, მაგრამ 20 თებერვალს მოევლინა ქვეყანას. სხვათა შორის, 20 თებერვალს ჩემი მულის დაბადების დღეა და პატარა ძმისშვილის სახით, საჩუქარი გავუკეთე.

– უფროსი დაიკო როგორ შეხვდა პატარას მობრძანებას? ხომ არ ეჭვიანობს?

– ყველა მეუბნებოდა, არ არსებობს, ნანემ პატარა დაიკოზე არ იეჭვიანოსო, მაგრამ – არა. ორწლინახევრისაა და ორსულობის პერიოდშივე, სულ მუცელზე მეფერებოდა, ელოდებოდა დაიკოს გაჩენას და სახლში რომ მოვუყვანეთ სიხარულით გადაირია, ბოლო ხმაზე იცინოდა. დაიკოს გვერდით უზის, ეთამაშება და ეფერება.

– უფროს ძამიკოს როგორი დამოკიდებულება აქვს პატარა დაიკოების მიმართ?

– ლუკა გადასარევი ბიჭია, მეორე კურსის სტუდენტია და არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს. ძალიან უყვარს თავისი დაიკოები და თუ გამოცდები არ აქვს, თავისუფალ დროს მოდის და გვეხმარება, გვერდში გვიდგას. საუკეთესო ძმაა დაიკოებისთვის. ნუნე ჯერ პატარაა და ვერ იაზრებს, ნანე კი გიჟდება ძმაზე. მიხარია, რომ ჩემს შვილებს ასეთი უფროსი ძმა ჰყავთ. დარწმუნებული ვარ, გოგონებისთვის ლუკა იმედი და ფარი იქნება. და მეც მშვიდად ვარ და დაცულობის შეგრძნება მაქვს, რომ ბავშვებს უფროსი ძმა ჰყავთ.

– შვილის დაბადებას მამიკო თუ დაესწრო?

– არცერთი ბავშვის დაბადებას აჩიკო არ დასწრებია, თუმცა დიდი სურვილი ჰქონდა. მეუბნებოდა, ამოვალო, მაგრამ მე მის გარეშე ვამჯობინე ბავშვის გაჩენა. ორივე ბავშვი ფიზიოლოგიურად გავაჩინე, ძალიან ემოციური ვარ და მინდოდა, მარტო ვყოფილიყავი და მეუღლეს ჩემი ემოცია არ ესმინა და ზედმეტად არ ენერვიულა. ორივე ბავშვი „იმედის“ კლინიკაში გავაჩინე და არ შემიძლია, თქვენი ჟურნალის საშუალებით უდიდესი მადლობა არ გადავუხადო ჩემს გინეკოლოგს, ლიკა ლუაშვილს, რომელმაც ყოველგვარი გართულების გარეშე გამატარა მთელი ორსულობის ცხრა თვე და უპრობლემოდ მამშობიარა.

– ბევრ წყვილში, დაქორწინების მერე, მით უმეტეს, როცა ბავშვები ჩნდება, ოჯური თანაცხოვრება ერთგვარ რუტინაში გადადის და მოვალეობები სიყვარულის გრძნობას თითქოს თრგუნავს. ამ ყველაფერმა რა გავლენა იქონია თქვენს გრძნობებზე?

– კრიზისი და სირთულეები ყველა ოჯახშია და მით უმეტეს, როცა წყვილი ერთად იწყებს ცხოვრებას. მე და აჩიკოს შვილი მალევე შეგვეძინა და მალევე მოგვიწია ოჯახურ რუტინაზე გადაწყობა. მადლობა უფალს, ჩვენ არც კრიზისი გვქონია და არც სირთულეები, მშვიდი და წყნარი ოჯახური ურთიერთობა გვაქვს. რაც მთავარია, წინ მივდივართ და უფრო მეტად ვახლოვდებით. ერთმანეთს ყურადღებასა და სითბოს არ ვაკლებთ და ჩვენი სიყვარული არამცთუ უფერულდება, პირიქით, უფრო ღვივდება.

– თქვი, აჩიკოს სულ უნდოდა, გოგო ჰყოლოდაო, თუ შეცვალა ორი ქალიშვილის მამობამ?

– როგორც მისი მეგობრები და ოჯახის წევრები მეუბნებიან, გოგონების მამობამ აჩიკო რადიკალურად შეცვალა (იცინის). ადრეც იყო, მაგრამ ახლა უფრო მეოჯახე გახდა. მე ემოციური ვარ, აჩიკო გაწონასწორებული ხასიათისაა, სწორად და კარგად აბალანსებს კარიერას და ოჯახს. ვფიქრობ, ჩემი იდილიური ოჯახური თანაცხოვრების საიდუმლო ისაა, რომ ორივე დამთმობი ვართ, ვუფრთხილდებით ჩვენს გრძნობებსა და ურთიერთობას. მე არ მიყვარს ბევრი ლაპარაკი, სიტუაციის გართულება, პრობლემის გაბუქება და საქმის გარჩევა. არ ვარ კონფლიქტური და არ მიყვარს მოვლენების გამწვავება. აჩიკოს მხრიდანაც არის დათმობა და ყველა საკითხს მაქსიმალურად გაგებით ეკიდება. სულ ვამბობ: ჩვენ ერთმანეთს შემთხვევით არ შევხვდით, ეს ადამიანი ჩემთვის არის გაჩენილი-მეთქი. ძალიან ყურადღებიანია და ჩემგან განსხვავებით, ძალიან მობილიზებული. მე ცოტა დაბნეული ვარ, მავიწყდება რაღაცები (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №9

3–9 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა