შოუბიზნესი

რამ დაუტოვა მამაკაცთან ურთიერთობის მძიმე გამოცდილება სალომე უშხვანს და რატომ არ ჰქონია მას ბავშვობა

№20

ავტორი: ქეთი მოდებაძე 22:00 24.05, 2023 წელი

სალომე უშხვანი
დაკოპირებულია

სალომე უშხვანი „პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეა, რომელმაც საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება ჯერ კიდევ სოციალურ ქსელ „ტიკ-ტოკზე“ აქტიურობის დროს, მაკა ასათიანთან მსგავსების გამო მიიქცია.

სალომე უშხვანი: „პრაიმ ჰაუსის“ ანკეტა „მოდი შევავსებ“ პრინციპით შევავსე და გაამართლა, თუმცა, ძალიან რთული პერიოდი გამოვიარე ამ შოუში. საერთოდ, ცხოვრებაში მხოლოდ იმათ ვუახლოვდები, ვისაც კარგად ვუგებ, მეგობრების მეგობრებთანაც კი არ მაქვს აქტიური ურთიერთობა. სულ 5-7 ადამიანია, ვისთანაც ახლოს ვარ, რადგან ამ მიყვარს ბევრ ხალხში გარევა. ამ შოუში, პირველად აღმოვჩნდი ჩემგან რადიკალურად განსხვავებულ ადამიანებთან ერთად და შესაბამისად, ვერ ვახერხებდი ჩემი რეალური სახის გამოვლენას. სტრესი ძალიან მძიმედ მოქმედებდა და ჩემი დადებითი თვისებების გამოვლენაში ხელს მიშლიდა. ნიკოსთან და დიმისთანაც შემეძლო მეხუმრა, რადგან მათთან შედარებით მეტი საერთო აღმოვაჩინე. ამიტომ, თუ განტვირთვა მინდოდა, მათთან შევდიოდი კომუნიკაციაში, რაც კოალიციად მიიჩნიეს და შედეგი, ალბათ, ყველამ კარგად იცით.

- ახლა როგორია შენი ყოველდღიურობა?

- ბევრად უფრო მეტ ხალხს შევუყვარდი „პრაიმ ჰაუსის“ დატოვების შემდეგ. სოციალურ ქსელში გამომწერები მომემატნენ, კიდევ უფრო მეტ აქტივობაში ვარ ჩართული, ბევრი შემოთავაზება მაქვს, რადგან ახლა ჩემს სოციალურ სივრცეში ზუსტად ისეთს მხედავენ, როგორიც სინამდვილეში ვარ. იქ სულ გაღიზიანებული, დაძაბული და თავდაცვის პოზიციაში ვიყავი, ამიტომ ვერ გამოვავლინე დადებითი მხარეები. ახლა დაინახეს ჩემი პლუსები და ძალიან შემიყვარეს. ეს მინეიტრალებს პროექტით გამოწვეულ გულის წყვეტას.

- შენმა გარეგნობამ თავიდანვე მიიქცია ყურადღება, თუმცა ასევე, გარეგნობის გამო გაკრიტიკებდნენ კიდეც. როგორ რეაგირებ ამ ყველაფერზე?

- ვფიქრობ, გაღიზიანება გამოიწვია მაკა ასათიანთან შედარებამ. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მაკა იყო ჩემთვის ერთადერთი ქალი. ლამაზ ქალებს რომ ახსენებს ვინმე, უპირველესად, მაკა მახსენდება და არც მიცდია მასთან მსგავსება. ერთადერთი, რაც გავაკეთე ისაა, რომ წინამო შევიჭერი, ისიც იმიტომ, რომ თმის სტილს ძალიან ხშირად ვიცვლიდი. მაკას ბაძავსო, წამოვიდა ასეთი კომენტარები. ჩვენ აბსოლუტურად სხვადასხვა პიროვნება ვართ და ვინც არ უნდა შეეცადოს მაკას მიბაძვას, მაკამდე ვერასდროს მივა. მე ცალკე ინდივიდი ვარ, ის სხვაა. მაკაზე უკეთესი ვარ-მეთქი, არასდროს მითქვამს. შედარებით უფრო ნაკლები ვიზუალის მქონე ქალისთვის რომ შევედარებინე ვინმეს, ეს აგრესია არ გაჩნდებოდა ჩემ მიმართ.

- ასევე, აქტიურად განიხილავდნენ, რა გქონდა გაკეთებული და რა იყო ბუნებრივი შენი ვიზუალიდან. როგორია რეალობა?

- არაფერი მაქვს საწინააღმდეგო რამის გაკეთებასთან, მაგრამ ერთადერთი, რაც გაკეთებული მაქვს, რინოპლასტიკაა. ამბობენ, ყვრიმალებიც გაკეთებული აქვსო, მაგრამ ეს არ არის სიმართლე. ორი წლის წინ გავიკეთე ფილერი ტუჩზე, გაიწოვა და კორექციაზეც კი არ მივსულვარ, თუმცა ვაპირებ. არ ვაპირებ არაფრის დამალვას იმის დასამტკიცებლად, რომ ნატურალური ვარ. ამას არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა. თუ ქალი ლამაზია, ჩარევების შედეგია თუ ბუნების, ამას არ ვაქცევ ყურადღებას, ნებისმიერ შემთხვევაში, მივესალმები.

- როგორ მოექეცი ყურადღების ცენტრში „პრაიმ ჰაუსამდე“?

- „ტიკ-ტოკის“ მეშვეობით, თუმცა, ეს ჩემთვის გართობის საშუალება იყო, მარკეტინგული გათვლები არ მქონია. განწყობიდან გამომდინარე, ვწერდი ვიდეოებს მოყვარულის დონეზე. მერე მაკა ასათიანთან მსგავსებამ გამოიწვია ინტერვიუ ჩემთან. შოუშიც მივუთითე ჩემი „ტიკ-ტოკის“ ლინკი და შესაძლოა, ამანაც განსაზღვრა ჩემი „პრაიმ ჰაუსში“ მიწვევა. მიხარია, რომ მაყურებელმა მაინც სწორად დამინახა ამ შოუში და გარეთ გამოსულს, ქუჩაში არავინ შემაფურთხებს, რადგან ჩემთვის მათი აზრი მნიშვნელოვანია.

- როგორია შენი რეალური ცხოვრება, ინტერესები და ასე შემდეგ?

- პროექტამდე ძალიან ჩვეულებრივად ვცხოვრობდი, როგორც რიგითი დიასახლისი და დედა. ქმარს გაშორებული ვარ, თუმცა კარგი ურთიერთობა მაქვს. დასთან და ბავშვებთან ერთად ვცხოვრობ. დედა საქართველოში არ არის, საფრანგეთში მკურნალობს. სკოლა, ბაღი, მეგობრებთან სტუმრობა, სხვა მხრივ აქტიური ცხოვრება, დიდი სამეგობრო, კლუბები და ღამის ცხოვრება არ მქონია. შეიძლება ითქვას, ჩაკეტილად ვცხოვრობდი. ამ პროექტის შემდეგ მართლა ძალიან ბევრი შემოთავაზება მივიღე, უამრავი გადაღება მაქვს. მოთხოვნა გაიზარდა სარეკლამო კუთხით. მეც მაქვს რაღაც გეგმები, რომელთა განხორციელებასაც ვაპირებ და ვგრძნობ, რომ ჩემი გულშემატკივრები გვერდში მიდგანან.

- რა ხდება ამ დროს პირად ცხოვრებაში?

- ნიკოსთან ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა პროექტის ფარგლებში. ახლაც კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ახალ ეტაპზე არ გადავსულვართ. არ დავარქმევ ამ ურთიერთობას სიყვარულს. ნიკოს აქვს ჩემ მიმართ გრძნობები, მეც ემოციურად ვარ განწყობილი, მაგრამ არის კითხვის ნიშნები და სანამ ეს იარსებებს, არ ვაპირებ, ამ ურთიერთობას სერიოზული სახე მივცე. მე მესმის სიტყვები, მაგრამ ჩემთვის მთავარია, მოქმედება. უნდა ვხედავდე, რომ რეალურია ის, რასაც მამაკაცი ამბობს. იმდენად რთული გამოცდილება მაქვს, მარტივად ვერავისთან შევალ ურთიერთობაში, რამდენადაც არ უნდა ვიყო დარწმუნებული მის სიყვარულში.

- რა გამოცდილება დაგიტოვა წინა ურთიერთობამ?

- რადიკალურად განსხვავებულები ვიყავით მე და ჩემი ყოფილი მეუღლე. ის ძალიან ეგოისტურად იყო განწყობილი ჩემ მიმართ, ძალიან ეჭვიანი იყო. ხშირად გვქონდა კონფლიქტური სიტუაციები ეჭვიანობის საფუძველზე. ფინანსური პრობლემებიც იყო, მაგრამ მირჩევნია, ამაზე თვალი დავხუჭო, თუ სიმშვიდე მექნება. ეს ურთიერთობა ჩემი ინიციატივით დასრულდა, რადგან გაუსაძლისი იყო ცხოვრება ადამიანთან, ვისთანაც მუდმივად კონფლიქტი გაქვს. არც იმის სურვილი მქონდა, ეს ბავშვებს ეყურებინათ. საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, რა მძიმეა ეს. ჩემი ბავშვობა კარგად არ მახსენდება.

დედას და მამას შორის სულ დაძაბულობა იყო. ამიტომ, მე არასდროს ვიქნები კაცთან, რომელიც ჩემს შვილებს დისკომფორტს შეუქმნის. ამის გამო დავანგრიე ოჯახი.

- დედა მძიმე დაავადებას ებრძვის?

- დედას რამდენიმე წლის წინ დაუდგინდა სიმსივნე და ონკოლოგიურში გაიკეთა ოპერაცია. მკერდსა და იღლიაში ჰქონდა მესამე სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე. ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შემდეგ იტალიაში, ემიგრაციაში ყოფნის დროს, ფილტვში წყალი აღმოაჩნდა. დაუდგინდა, რომ სიმსივნე ფილტვზე იყო გადასული. ჩამოვიდა და საფრანგეთში წავიდა. იქ იმკურნალა ფილტვზე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ხერხემალზეც იყო გადასული სიმსივნე. ახლა კვანძები მეორე მკერდზეც გამოუვლინდა და მკურნალობს.

ეს ყველაფერი ძალიან მოქმედებს მის ნერვებზე, ხშირად არის გაღიზიანებული, მაგრამ ცდილობს, არ შეიმჩნიოს. დედა ყოველთვის გვერდში მედგა, როდესაც მეუღლე ჩემთან აღარ იყო. ის იყო ჩემი საყრდენი, როდესაც შვილებთან ერთად მარტო დავრჩი. ძალიან გამიჭირდა მთელი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. მის მდგომარეობასთან შეგუება, მაგრამ ვცდილობ, ამ თემას არ ჩავუღრმავდე.

- პროექტში შენი მონაწილეობის გამო, ინერვიულებდა კიდეც, მაგრამ საერთო ჯამში, შვილის წარმატება, ალბათ, მისთვისაც დიდი სტიმულია.

- კი, ასეა. ეშინოდა ჩემი მისამართით დიდი „ჰეითი“ არ წამოსულიყო. ერთი პერიოდი იყო ეს დამოკიდებულება, თითქოს მე ოჯახებს ვანგრევ და ასე შემდეგ, რაზეც დედამ ძალიან ინერვიულა. თავიდან ამან მეც ძალიან გამაღიზიანა. როგორი მოსასმენია, როცა ასეთი აბსურდული ბრალდების გამო, უშვერი სიტყვებით მოგიხსენიებენ და ამ დროს ზუსტად იცი, რომ შენ არ ხარ ქალი, რომელიც ოჯახებს ანგრევს. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ძალიან ვერიდებოდი დედასთან კამერების თანდასწრებით საუბარს. არ მინდოდა, მანიპულაციაში ჩამთვლოდა და იმიტომ. არ მიყვარს ოჯახური სიტუაციების გამოყენება შოუში. ახლა ბედნიერია, რადგან რეალურად ხალხს არ ვეზიზღები, რაც მეც ძალიან მიხარია. პროექტიდან ისე გამოვედი, ჩემზე იშვიათად თუ იტყვის ვინმე ცუდს. ძირითადად, ყველა დადებითად არის განწყობილი.

- რაც შეეხება მამას?

- მამას სმა უყვარდა. რადიკალურად სხვანაირია ფხიზელი, მაგრამ სულ სხვაა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. ამის გამო ყოველთვის დაძაბული ურთიერთობა გვქონდა. ზუსტად იმიტომ მქონდა ცუდი ბავშვობა, რომ მამა ხშირად იყო ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. კვირაში რამდენიმე დღე იყო ასეთ მდგომარეობაში და გვიწევდა აგრესიის ყურება. ამიტომ ვამბობ, რომ მე ბავშვობა არ მქონია, დადებითს ვერაფერს გავიხსენებ, გარდა იმ პერიოდისა, როცა სტუმრად დავდიოდით. მატერიალურადაც არ ვიყავით სახარბიელო მდგომარეობაში და ამიტომაც წავიდა დედა ემიგრაციაში. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, მამა ძალიან მიყვარს, რადგან ალალი, უბრალო და კარგი ადამიანია. დღეს მასთან იშვიათად ვკონტაქტობ. როცა ვურეკავ, ხისტი საუბარი გამოგვდის, მაგრამ ტელეფონს რომ ვთიშავ, მაინც მეტირება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №52

23-29 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა