რა უცნაური ნიჭი აღმოაჩინა საკუთარ თავში ელენე ფოჩხუამ და რაში შველის მას ჯინიანი ხასიათი
ავტორი: ნონა დათეშიძე 15:10 05.06

მომღერალი ელენე ფოჩხუა საზოგადოებამ მუსიკალური კონკურსიდან გაიცნო და შეიყვარა. ახლახან ის კულინარიულ შოუშიც ვიხილეთ და დავრწმუნდით, რომ სამზარეულშიც ისეთივე პროფესიონალია, როგორც სცენაზე მიკროფონით ხელში.
ელენე ფოჩხუა: რისკიანი ადამიანი ვარ. შემიძლია თუ არა, მაინც ვცდილობ, რისკზე მივდივარ. ბავშვობიდან ასეთი ვიყავი. გაკვეთილი ვიცოდი თუ არ ვიცოდი, მაინც ვდგებოდი და გავდიოდი საპასუხოდ. ზოგადად, ცხოვრებაში ცვლილებები და გამოწვევებიც მომწონს და მიყვარს. სხვათა შორის, ახალი გამოწვევა იყო ჩემს ცხოვრებაში „რუსთავი 2-ზე“, რეალითი შოუ „შეფების ლიგაში“ მონაწილეობის მიღება. კი მომიწია პროექტის დატოვება, მაგრამ ამ ახალი გამოწვევის არ შემშინებია. პირიქით, რომ დამირეკეს, ვიფიქრე: რატომაც არა, ჩემს თავს აქაც ვცდი-მეთქი. ვერ ვიტყვი, კულინარია არ მეხერხება-მეთქი. მაინც მიმაჩნია, რომ როგორც ამ საქმის არაპროფესიონალს, კარგად გამომდის სამზარეულოს ამბები. თან, მეგრელს შეიძლება, რამე არ გამოუვიდეს? (იცინის). კიდევ ვამბობ, კი დავტოვე პროექტი, მაგრამ სიახლე იყო, ბევრი რამ ვისწავლე, არ შევუშინდი ამ ახალ გამოწვევას და ვთვლი, რომ ამ პროექტში მონაწილეობით არაფერი დამიკარგავს, პირიქით. არც იმას განვიცდი, რომ პროექტის დატოვება მომიწია, ალბათ, ასე უნდა მომხდარიყო და უნდა გაიმარჯვოს იმან, ვინც ამ საქმის ნამდვილი პროფსიონალია. ვგულშემატკივრობ ყველა მონაწილეს და მინდა, ღირსეულმა გაიმარჯვოს, მან, ვისაც ეს ეკუთვნის.
– ზოგადად, რამდენად გიყვარს კონკურსებში მონაწილეობის მიღება?
– ეს რომ სიმღერის კონკურსი ყოფილიყო, ნამდვილად თავს შევიკავებდი და არ წავიდოდი და არ ვათქმევინებდი ხალხს: უიმე, ეს კიდე კონკურსზე გამოდისო? (იცინის) „შეფების ლიგაში“ კი ხალხმა სხვა კუთხით დამინახა და გამიცნო.
– რა ასაკიდან დაიწყე კერძების კეთება და სამზარეულოში ტრიალი?
– ჩემს სახლში იმდენი ქალი იყო – ბებია, მამიდები, დედა. სამზარეულოში მე არაფრის კეთება არ მიწევდა. სტუდენტობის დროს კი დეიდასთან ვცხოვრობდი და სამზარეულოში იქაც არაფრის კეთება არ მიწევდა. მახსოვს, ერთხელ, დეიდაშვილის მეუღლემ მთხოვა მჭადის გამოცხობა. ძალიან უყვარდა, მარტო ვიყავი სახლში და მითხრა: ელენე, ხომ იცი მჭადის გაკეთება და შეგიძლია, გამომიცხოო? აზრზე არ ვიყავი როგორ კეთდებოდა, მაგრამ ამას როგორ ვიტყოდი? ვუთხარი: როგორ არ ვიცი, რომ მოხვალ დაგახვედრებ-მეთქი. „გამიტყდა“ მეთქვა, არ ვიცი-მეთქი. ხასიათითაც ჯინიანი ვარ. ყველაფერზე ვამბობ, ვიცი-მეთქი, მაგრამ რასაც ვიტყვი, აუცილებლად გავაკეთებ. მოკლედ, მოვინდომე და ისეთი მჭადები დავაცხვე, შექება დავიმსახურე. რომ მოვიდნენ, ისე მაქეს და მადიდეს, ჭკუაზე არ ვიყავი (იცინის). დღეს ყველაფერს ვაკეთებ, არ არსებობს კერძი, რომელიც არ გამომდის. ჩემი გემოებით ვამზადებ, ზუსტად ვიცი, რომელ კერძს რომელი სანელებელი მოუხდება და ჩემს ნახელავს ვინც კი აგემოვნებს, ყველას მოსწონს. დღესასწაულებზე ჩემთან მოდიან მეგობრები და ულამაზესად გაწყობილ სუფრას ვახვედრებ. ჩემი „წიკია“, გემრიელ კერძებთან ერთად, სუფრის ლამაზად სერვირება, თავისი აქსესუარებით. და ვგიჟდები, რომ მიუსხდებიან სუფრას და ამბობენ: დედა, რა გემრიელია, დედა, რა გემრიელიაო (იცინის). ჩემი ქება-დიდებით ვტკბები, როცა ჩემს ნახელავს ასე აფასებენ. ვერ წარმომიდგენია ოჯახი, სადაც მეგობრული თავშეყრები არ ეწყობა.
– ვიცი, ბევრი მეგობარი გყავს და მათთვის ყოველთვის დასაყრდენი, საიმედო და ერთგული მეგობარი ხარ. თუმცა, ხდება ხოლმე გაუგებრობებიც. ყოფილა მეგობრის მხრიდან გულისწყვეტა?
– ახლა არა, მაგრამ ადრე ყოფილა. თუმცა, მადლობა ღმერთს, ხშირად არა. მეგონა, ჩემი ნადვილი მეგობარი იყო და როგორი გულითაც მე ვიყავი მისთვის, ისიც ასე იყო, მაგრამ შევცდი. ახლა ჩემ გვერდით დროში გამოცდილი ადამიანები არიან, ვისიც მესმის და ვისაც ესმით ჩემი. ზოგადად, თუ მიყვარს ადამიანი, მიყვარს გულით, ცოტა სიყვარული არ შემიძლია. ჩემი მეგობრებისთვის, ჩემი ახლობლებისთვის, ჩემებისთვის, არაფერი მენანება. ღამის ოთხ საათზეც რომ დამირეკოს და მითხრას მჭირდებიო, გავიქცევი და წამებში იქ გავჩნდები. მე ასეთი მეგობრობის მწამს და ეს მაბედნიერებს. ბევრი ერთგული მეგობარი ყველაზე დიდი სიმდიდრეა. ამ მხრივ მდიდარი ადამიანი ვარ, უმეგობროდ ვერც ვიცოცხლებ, ვერ გავძლებ. დილით, რომ ავდგები, მოვწესრიგდები და ვისაუზმებ, ეგრევე ვრეკავ სამეგობროს ჩატში და საათობით ვსაუბრობთ, განვიხილავთ ერთმანეთის სიხარულსა და პრობლემებს. დამცინიან: ჩვენი დილის მაღვიძარა ხარო (იცინის). და, ასევე ჩატით სრულდება გვიანი საღამო და უკვე დღის ამბებს განვიხილავთ. ფაქტობრივად, მეგობრები ერთმანეთის ცხოვრებით ვცხოვრობთ. როცა ჩემი უახლოესი ადამიანი წარმატებულია, გულით მიხარია. ჩემში ეს თვისება მომწონს, მაგრამ არ მომწონს ის, რომ ძალიან მიმნდობი ვარ და ყველას ვენდობი. ზოგადად, როგორიც ხარ ადამიანი, ყველა ისეთი გგონია და მერე იმედგაცრუებული რჩები, როცა ხვდები, შეცდი. არ მიყვარს დამალვა და ჩემსას ყველაფერს ვყვები, მგონია, ყველა ჩემიანია და არადა, ასე არ ხდება.
– იყო შენს ცხოვრებაში ისეთი შანსი, რომელზეც ბევრი იფიქრე, ბოლოს უარი თქვი და ახლა ნანობ?
– ჩემს ცხოვრებაში ისეთი არაფერი ყოფილა, რომ ვიფიქრო, ნეტავ ასე რატომ არ გავაკეთე-მეთქი, ან პირიქით. თუმცა, ახლა, ამ ჭკუით რომ ვიყო და ოცი წლის ასაკის, მთებს გადავდგამდი, სხვანაირად დავიწყებდი ცხოვრებას, პროფესიაში მეტ გამბედაობას გამოვიჩენდი. ამაზე ხშირად მეფიქრება. ზოგადად, ადამიანი შეცდომებით იზრდება და ამ შეცდომებით სწავლობს ცხოვრების აზრს. შეცდომის გარეშე ადამიანი ვერ იცხოვრებს. თუმცა, საბედისწერო და გამოუსწორებელი შეცდომა არ უნდა დაუშვა, რაშიც მე გამიმართლა. და, არც ისეთი შანსი ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, ხელიდან გამეშვა და ახლა მენანა.
– წლების წინ საზოგადოეობამ შენი სასიმღერო ვოკალური ნიჭი და შესაძლებლობა მუსიკალური კონკურსიდან გაიცნო. ახლახან კი კულინარიული შოუთი შენი, ამ მხრივ, ნიჭის შესახებაც გავიგეთ. გარდა ამისა, კიდევ რის ნიჭი გაქვს?
– სხვათა შორის, არ ვიცი ეს ნიჭია თუ არა, მე უფრო უცნაურობას დავარქმევ – უკუღმა კითხვა შემიძლია. რომ მეტყვით რაიმე სიტყვას, იმას წამებში უკუღმა ვაბრუნებ. 15 წლის ვიყავი, როცა შემთხვევით ჩემში ეს უცნაური ნიჭი აღმოვაჩინე. სულ ვხუმრობ ხოლმე: ნეტავ ამის კონკურსიც იყოს, აუცილებლად გავიმარჯვებდი-მეთქი. ბევრი მეუბნება, უცნაური ნიჭიაო და რა ვიცი, ეს ნიჭიც აღმომაჩნდა და თუ იქნება ამის კონკურსი, აუცილებლად მივალ (იცინის).
სიახლეები ამავე კატეგორიიდან