რა უთხრა რობერტ დე ნირომ ანდრო მჭედლიძეს და რით გააოცა ის საკუთარმა თავმა ამერიკაში
ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 29.07

მიუხედავად იმისა, რომ წარმატებული სატელევიზიო კარიერა ჰქონდა, გადაწყვიტა, რომ სიახლეების დრო იყო და სწავლის გასაგრძელებლად ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად, რასაც ბევრი თავბრუდამხვევი ამბავი, გამოწვევა და აღმოჩენა მოჰყვა. საკუთარ თავგადასავალს ანდრო მჭედლიძე თავად გვიამბობს.
ანდრო მჭედლიძე: წელიწად-ნახევარია, რაც ამერიკაში ვარ. თავდაპირველად ლოს-ანჯელესში ვცხოვრობდი, შემდეგ კი ნიუ-იორკში გადმოვედი. აქ ვსწავლობ, პარალელურად კი, ბევრ საინტერესო პროექტში ვარ ჩართული. აქაც ვაგრძელებ იმას, რითაც საქართველოში ვიყავი დაკავებული, მაგრამ ტელევიზიაში – არა. ვგულისხმობ სხვადასხვა კომპანიასთან კოლაბორაციას, ქართულიდან ამერიკულ კომპანიებზე გადმოვინაცვლე, ანუ, ანდროს ამერიკული ვერსია გავხდი (იცინის).
– ემოციურად რთულად მისაღები გადაწყვეტილება არ იყო?
– არა, იმიტომ რომ ყოველთვის მინდოდა, ამერიკაში მეცხოვრა. ვუყურებდი ამერიკულ ფილმებს, შოუებს, ვაკვირდებოდი ადამიანების ცხოვრებას და გონებაში ეს აზრი სულ მიტრიალებდა. ვფიქრობდი, მაგრამ ამ ნაბიჯს ასე სწრაფად თუ გადავდგამდი, არ მეგონა, იმიტომ რომ საქართველოში ჩემი კარიერა ჩემი ასაკის გათვალისწინებით, ძალიან კარგად მიდიოდა. აქტიური ვიყავი ტელევიზიაში, ჩემს გადაცემას ძალიან ბევრი ნახვები ჰქონდა, ვუყვარდი მაყურებელს, რომელიც თავადაც ძალიან მიყვარს და ზუსტად ამ დროს გადავწყვიტე, რომ საჭირო იყო ნაბიჯის სიახლისკენ გადადგმა, თორემ შეიძლებოდა, რაღაც ეტაპზე გაჩერების საფრთხე დამმუქრებოდა, რაც ძალიან არ მინდოდა მომხდარიყო. ამიტომაც გადავწყვიტე წამოსვლა.
ემოციურადაც ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. მე ძალიან მიყვარს ჩვენი ქვეყანა, კულტურა, ადამიანური ურთიერთობები, რომელიც არ ითარგმნება და სხვაგან არ მოიპოვება, ამიტომ ახალ წელსა და ზაფხულში, რა თქმა უნდა, ჩამოვდივარ და დადებითი მუხტით „ვიტენები“. ჩემი ოჯახის, მეგობრების მონახულება ჩემთვის ყველაფერია. ამ პროცესში ჩემი ოჯახის მხარდაჭერა საკმარის ძალას მაძლევს და ამიტომ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.
– ამ განწყობის გათვალისწინებით, ალბათ, ამერიკასთან ადაპტაცია არ გაგიჭირდა.
– საქართველოში ძალიან მიჩვეული ვიყავი მეგობრებთან ერთად ყოფნას. ერთად ვცხოვრობდით, ერთად ვჭამდით, ერთად ვვითარდებოდით. ამიტომ ამერიკაში მათ გარეშე დიდი დანაკლისის შეგრძნება დამეუფლა და ამასთან შეგუება ნამდვილად გამიჭირდა, თუმცა, აქაც არაჩვეულებრივი ადამიანები გავიცანი – არა მხოლოდ ქართველები, სხვა ეროვნების წარმომადგენლებიც. სამსახურმა საოცარი მეგობრები შემძინა და მიხარია, რომ ასეა. სხვა მხრივ არ გამჭირვებია. პირიქით, სასიამოვნო სიახლეები იმდენად მაოცებდა, რომ მხოლოდ და მხოლოდ დადებით განცდებში ვიყავი.
– სტანდარტული ემიგრანტის რთული გზის გავლა არ გიწევს და ალბათ, ეს გეხმარება.
– ჰო, ასე ვფიქრობ, მე აქ სასწავლებლად ჩამოვედი და არ მიწევს სტანდარტული გზის გავლა, თუმცა აქ საოცარი ადამიანები გავიცანი. ისინი ძალიან ბევრს აკეთებენ საკუთარი ოჯახებისთვის, მომავლისთვის და ნამდვილი გმირები არიან.
– ვიცით, რომ ამერიკაში წასვლა მარტივი არ არის, როგორ გამოგივიდა?
– ლოს-ანჯელესში NYFA-ში ჩავაბარე და შემდეგ გადმოვედი ნიუ-იორკში. სტელა ადლერის აკადემიაში ვსწავლობ და ახლა ჩემი მთავარი მიზანი კარგი აგენტის პოვნაა. საქმე ისაა, რომ მე შევიცვალე პროფესია. ტელევიზიიდან კინოინდუსტრიაში გადავედი, ანუ, სამსახიობოზე ვსწავლობ. წინასწარ ბევრი რამის თქმა არ მინდა, მაგრამ იმას ვიტყვი, რომ მალე ჩემს ცხოვრებაში ბევრი მნიშვნელოვანი ამბავი მოხდება. ამ ეტაპზე რაც შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ ნიუ-იორკში სულ რაღაც ერთი წლის წინ გადმოვედი და ამ დროისთვის უკვე ხუთი ბრენდის სახე ვარ და არა ერთჯერადი, მუდმივი თანამშრომლობა მაქვს საკმაოდ დიდ კომპანიებთან. მე თვითონაც მიჭირს დაჯერება, მაგრამ ამერიკაში ხალხის გარკვეული მასა უკვე მცნობს. ამას რომ მეუბნებიან ხოლმე, მიკვირს. ასე, რომ ყველაფერი კარგად მიდის, ახლა მთავარია, აგენტი ვიპოვო.
– ეს როგორ მოახერხე?
– აქ, რა თქმა უნდა, გარკვეული წრეები იგულისხმება, რადგან რამდენიმე ბრენდის სახე ვარ. მათ მიმდევრებში საკმაოდ ხშირად მცნობენ, განსაკუთრებით ბავშვები. სკოლის მოსწავლეებმა ქუჩაშიც მიცნეს ხოლმე. ჩვენს აქტივობებს ძალიან ბევრი ხალხი ადევნებს თვალს „ინსტაგრამსა“ თუ „იუთუბზე“. ახლახან სტუმრის სტატუსით პირველად ვიყავი ამერიკულ პოდკასტში, რომელსაც არც ისე ცოტა მაყურებელი ჰყავს. ასე რომ, ახლა ვდგამ მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რაც სამომავლოდ ჩემს კარიერაზე აისახება.
– ამერიკულ ტემპს მარტივად აუღე ალღო?
– თავიდან – ძალიან მარტივად. ყველაფერი მინდოდა, მეცადა, ვმუშაობდი ისეთ ადგილებზე, რომლის გამოცდილებაც მანამდე არ მქონია, ხიბლში ვიყავი, ძალიან მომწონდა სიახლეები, მაგრამ მერე რაღაც მომენტში დავფიქრდი, ხომ არ დავიღალე, ხომ არ მომწყინდა ეს ყველაფერი-მეთქი და უკან დაბრუნებაზე დავიწყე ფიქრი. იქნებ, საქართველოში ისევ გადაცემის წამყვანი ვიყო, მქონდეს ჩემი რუბრიკა და მშვიდად გავაგრძელო ცხოვრება, მით უმეტეს, რომ საზოგადოებისგან დიდი სიყვარულს ვგრძნობ თუ ამერიკაში დავრჩე და უსასრულო ჩელენჯში ჩავება-მეთქი. მეორე ვარჩიე, რადგან სიახლეები, რომელსაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვხვდები, იმდენად საინტერესოა, რომ „ჩამითრია“, კარგი გაგებით. ერთხელ ვცხოვრობთ და რატომაც არა?!
მე აქ არ მყავს ოჯახის წევრები ან ნათესავები, ეს, რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ მეორე მხრივ, კარგიცაა, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვაკეთებ და ვცდილობ, ჩემი თავის საუკეთესო ვერსია ვიყო. ძალიან სასიამოვნო პროცესია.
– საქართველოში ძალიან კარგად მიდიოდა ყველაფერი. უკვე ვახსენეთ სატელევიზიო კარიერა, რომელიც დატოვე. ესე იგი, რისკიანიც ხარ.
– არ მეგონა, მაგრამ ვყოფილვარ. 21 წლის ვიყავი, როცა უკვე ამინდის პროგნოზი მიმყავდა და დილის გადაცემის თანაწამყვანი ვიყავი, მერე რუბრიკა „მანქანები“ დავიწყე, რომელიც ძალიან ცნობილი გახდა. კვირაში მილიონი ნახვა მქონდა. ასე გრძელდებოდა სტაბილურად. მე არ ჩამვარდნია პროექტი, რომ ამის გამო წამოვსულიყავი საქართველოდან. გადასარევად ვითარდებოდა ჩემი კარიერა, მაგრამ თუ მასზე უარის თქმას ვერ შევძლებდი, მაშინ აქ სიახლეებს ვერ გავეცნობოდი. დღესვე, ამ გამოცდილებით რომ დავბრუნდე საქართველოში უკეთესი ანდრო ვიქნები, უფრო მეტი მექნება სასაუბრო, მეტის თქმა შემეძლება ადამიანებისთვის, მეტი კარგის გაკეთებას შევძლებ, მაგრამ მე წინ უფრო მნიშვნელოვანი გეგმები მაქვს.
– კონკრეტული ვადით წახვედი?
– თავიდან ვფიქრობდი, რომ ლოს-ანჯელესში დავამთავრებდი აღებულ კურსებს და სხვაგან აღარ ჩავაბარებდი. მანამდე თბილისშიც ვსწავლობდი, სატელევიზიო გამოცდილებაც მივიღე და ვფიქრობდი, რომ ამით შემოვიფარგლებოდი, ანუ დავასრულებდი და დავბრუნდებოდი. კონკრეტულ პროექტებზე უკვე მესაუბრებოდნენ, კინოდან, სერიალებიდან და სხვადასხვა პროექტებიდან მქონდა შემოთავაზება, მაგრამ მაინც ვარჩიე, რომ კიდევ მეცადა და გაამართლა. როგორც უკვე ვთქვი, ნიუ-იორკში გადმოვედი სწავლის გასაგრძელებლად, ყველაფერი გადავარესტარტე და ვაგრძელებ გზას სიახლეებისკენ.
– ახლა მოვყვეთ ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ აღმოჩნდი მეგობართან შეხვედრაზე წასული „ჰოლივუდის“ ვარსკვლავების გარემოცვაში?
– ასე გამოვიდა, ამ ვახშამზე რობერტ დე ნირო და მარტინ სკორსეზე იყვნენ, ლედი გაგამ კი იმღერა. სწავლის პარალელურად, „ქოფი ბარში“ ვმუშაობდი, რომელიც დილის 7 საათზე იღება. მე ღამის ორ საათზე ვიძინებ და მოკლედ, ერთ დღესაც ავდექი ძალიან გამოუძინებელი, დილით ვიმუშავე და საღამოს მეგობარმა მეგობრულ ვახშამზე დამპატიჟა. საერთოდ არ ვიცოდი, ჩემი მეგობრის გარდა იქ ვინ დამხვდებოდა. მივედი, ვხედავ, ძალიან დიდ გალა ვახშამს, ბევრი ცნობილი სტუმრით, მათ შორის, რობერტ დე ნიროს, თავისი ოჯახით. თურმე, ეს საღამო მათ ერთ-ერთ მეგობარს ეძღვნებოდა. სხვათა შორის, რობერტ დე ნირომ სიტყვა წარმოთქვა და ისიც დაამატა, რომ ხუთი წლის შემდეგ ამ საღამოს პირველად გამოვიდა ასე საჯაროდ სიტყვით. წარმოიდგინეთ, გვერდზე მიზის დე ნირო, ოთხი ადგილის გამოტოვებით. მართლა შოკში ვიყავი, ჩემი აზრით, ჩვეულებრივ „დეითზე“ მივედი და მაგიდასთან დე ნიროს ვხედავ, ხვდებით რა დამემართებოდა?! უზარმაზარი მაგიდა იყო, უამრავი სტუმრით და იქვეა დე ნიროც (იცინის). ვერც აღვწერ, რა დამემართა. მეგობარი დამეხმარა, რომ მელაპარაკა კიდეც მასთან და ძალიან გამიხარდა, როცა მითხრა, საინტერესო ადამიანი ხარო. ჩემი მიზნის შესახებაც ვუთხარი და მითხრა, აქ ყველა ადამიანი ამ მიზნით ჩამოდის, მთავარია, შენ მიხვდე, რატომ უნდა იყო შენ და არა სხვებიო.
მგონია, რომ ამით ყველაფერი ამოიწურა, ხიბლში ვარ, თავს წარმოუდგენლად ვგრძნობ და ამ დროს, ვხედავ, მარტინ სკორსეზე გამოდის სიტყვით. მართლა შოკში ვიყავი, არ ვიცი, ამას რა დავარქვა. ალბათ, მარტივად თუ ვიტყვით, ეს ნიუ-იორკია. რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება, გაიღვიძო დილის 7 საათზე და ყავას აკეთებდე, ხეხავდე ან სხვა, ნებისმიერი საქმით იყო დაკავებული და საღამოს „ჰოლივუდის“ ვარსკვლავების გარემოცვაში ივახშმო.
როგორც ვთქვი, ლედი გაგაც იყო. მოწვეული სტუმარი გახლდათ, მანაც სფიჩი წარმოთქვა და წაიმღერა კიდეც.
ისეთი ბედნიერი ვიყავი, მას შემდეგ კარგა ხანი აღარ მომიწყენია (იცინის). იცით, ეს რამხელა მოტივაციაა? ასეთი რამ უცებ რომ დაგეცემა თავს, ეს კიდევ სხვა ამბავია. რომ მცოდნოდა იმ საღამოს ასეთ ადამიანებს შევხვდებოდი, მოვკვდებოდი ნერვიულობით, ათას დეტალზე ვიფიქრებდი და უცებ რომ ხდება, ეს სხვა სიხარულია.
– და ეს არ იყო ერთადერთი განსაკუთრებული ამბავი...
– ერთ დღესაც ჩემს სახლთან ახლოს ვსაუზმობდი და ფაი ხადრა და რომეო ბექჰემი გამოჩდნენ. რომეო ბექჰემი ვერ ვიცანი, მაგრამ ფაი ხადრა ვიცანი. გამოველაპარაკე, მაგრამ ძალიან ცოტა მესაუბრნენ. საღამოს მეგობარმა „ნეთფლიქსის“ ფართიზე დამპატიჟა და შემთხვევით, ესენი იქაც აღმოვაჩინე, ერთ-ერთ განყოფილებაში. იქ საერთოდ აღარ დამეკონტაქტნენ, მაგრამ მაინც საოცარი ამბავი იყო. აქ ყველაზე მეტად საკუთარმა თავმა გამაოცა, თურმე რამდენ პრობლემასთან შემძლებია გამკლავება.
– როგორი სურვილები გამოძრავებს კინოინდუსტრიაში?
– მოდი, ვიტყვი, მინდა, ვიყო პირველი ქართველი, ვინც „ოსკარს“ აიღებს. არ ვიცი, როგორ მოხდება ეს, მაგრამ ვნახოთ, რას გვიმზადებს მომავალი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან