შოუბიზნესი

რა წინათგრძნობა აუხდა დათუნა ტატულაშვილს და როგორ გახდა ის უცებ ძალიან პოპულარული

№8

ავტორი: მარიამ დვალაშვილი 22:00 27.02

დათუნა ტატულაშვილი
დაკოპირებულია

დათუნა ტატულაშვილი საზოგადოებამ „ტიკ-ტოკ“ პლატფორმიდან გაიცნო. ის იუმორისტული ვიდეოების საშუალებით მალევე მოექცა ყურადღების ცენტრში და უამრავი გულშემატკივარი შეიძინა.

დათუნა ტატულაშვილი: როგორც ყველამ, „ტიკ-ტოკის“ გამოყენება მეც პანდემიის დროს დავიწყე. თავიდან აქტიური არ ვიყავი. გადმოვიწერდი აპლიკაციას, წავშლიდი, გადმოვიწერდი – წავშლიდი. არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა და ვერც ვისვენებდი. ერთ დღეს ჩემი იუმორისტული ვიდეო დავდე და „გავარდა“. ისეთი კარგი გამოხმაურება ჰქონდა, რომ მივხვდი, ეს საქმე უნდა გამეგრძელებინა.

– მაშინ ფიქრობდი, რომ შეიძლებოდა, ამხელა მასშტაბებზე გასულიყავი?

– სიმართლე რომ ვთქვა, არ გამიკვირდა. ბავშვობიდან მიყვარდა ადამიანების გამხიარულება, პაროდიების გაკეთება. მხოლოდ ის გამიკვირდა, რომ ამდენი დადებითი კომენტარი წამოვიდა და ხალხმა ძალიან მალე შემიყვარა.

– როდის იგრძენი, რომ უკვე პოპულარული იყავი?

– ერთ დღესაც, სამსახურში მივდიოდი, ტაქსიდან გადმოვედი და თურმე, ამ დროს ვიღაცამ ჩუმად გადამიღო ვიდეო და სოციალურ ქსელში დადო (იცინის). ეს რომ ვნახე, მაშინ ვიფიქრე, ვაიმე, ხალხი უკვე მცნობს-მეთქი (იცინის). სასიამოვნო იყო, მაგრამ ცოტა დავკომპლექსდი კიდეც, თუმცა, ამას თავის მიზეზი ჰქონდა. მაგალითად, მეტროში მომაძახებდნენ ხოლმე, ეს ნონა არ არის?! გამოწკეპილი ბიჭი რომ მივდივარ, ჭკუაზე არ ვარ, უცებ მოდის ვიღაც ბავშვი და მეკითხება: შენ ნონა არ ხარ?! ცოტა არასასიამოვნო მომენტი იყო, მრცხვენოდა (იცინის). მერე შევეჩვიე. ნონა ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პერსონაჟია და უკვე მგონია, რომ მართლა ასე მქვია (იცინის). ახლა გამორიცხულია, ქუჩაში ხუთ წუთში ერთხელ არ გამაჩეროს ვინმემ. ეს ძალიან მიხარია, ვცდილობ, მეც შესაბამისად მოვიქცე.

– თავიდან, ალბათ, ერთობოდი, ეს საქმედ და შემოსავლის წყაროდ როგორ იქცა?

– პირველი რეკლამა რომ შემომთავაზეს, მაშინ მივხვდი, რომ ეს უკვე საქმე გახდა და ძალიან გამიხარდა. თამამად ვიტყვი, რომ დღეს ჩემი შემოსავლის ძირითადი წყარო „ტიკ-ტოკია“.

– „ჰეითერები“ გყავს?

– „ჰეითი“ საერთოდ არ მაქვს, ღმერთმა არც მომცეს. თავიდან მხოლოდ „ტიკ-ტოკზე“ ვაქტიურობდი. შემდეგ „ინსტაგრამსა“ და „ფეისბუკეც“ გადავედი და აღმოვაჩინე, რომ „ფეისბუკზე“ საერთოდ სხვა კატეგორიის ადამიანები მიყურებენ, უფრო ასაკოვანი ქალბატონები. ერთი კომენტარი მახსენდება. ერთ-ერთ იუმორისტულ ვიდეოზე დამიწერა ქალბატონმა ლეილამ, ნეტავ დედაშენმა სამშობიაროში რატომ არ დაგტოვაო (იცინის). საბედნიეროდ, მხოლოდ ერთი შემთხვევა მქონდა ასეთი.

– რომელი ვიდეოები და პერსონაჟებია ყველაზე პოპულარული?

– ყველაზე პოპულარული ნონა იყო, მაგრამ ბოლო პერიოდში ბერას ფანის პაროდიის კეთება დავიწყე და ძალიან მოსწონს ხალხს, სულ ამასთან დაკავშირებით მეუბნებიან კომპლიმენტებს, ასე რომ, ახლა ბერას ფანია ლიდერი.

– ნონა როგორ შეიქმნა?

– ნონა ნამდვილი ქალბატონია. ვიცნობ, მაგრამ სხვა სახელი ჰქვია. არ იცის, რომ მას ვაჯავრებ, მაგრამ ეჭვებშია. გავიგე, რომ უკითხავს, მე ხომ არ მაჯავრებსო?! საერთოდ, ჩემი ვიდეოების ძირითადი ნაწილი რეალური ამბებიდან არის აღებული, მაგრამ ახლა იმდენად ამომეწურა თემები, რომ ბოლო რამდენიმე ვიდეოსთვის თვითონ მოვიგონე სიტუაციები. უკვე აღარ ვიცი, რაზე გადავიღო (იცინის).

– იუმორის და სამსახიობო მონაცემების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდი. ამ მხრივ, ბავშვობიდანვე გამოირჩეოდი?

– სინამდვილეში ძალიან მშვიდი ბავშვი ვიყავი. ჩემს ოჯახში სულ ხმაური და ქეიფი იყო, რასაც ვერ ვიტანდი, ეს ახლაც ცუდად მახსენდება, სულ სიმშვიდეში მინდოდა ყოფნა. შეიძლება, ახლაც ეგონოს ვინმეს, რომ ძალიან მხიარული ვარ, გასვლა და ბარში ან კლუბში „გულაობა“ მიყვარს, მაგრამ პირიქით, ვერ ვიტან ამ ყველაფერს. მირჩევნია, სახლში მეგობართან ერთად ღვინო დავლიო. მთავარია, ვის გარემოცვაში ვარ. იუმორიც მაშინ მოდის, როცა ჩემთან ერთად მყოფი ადამიანები შესაბამის განწყობაზე მაყენებენ. ქუჩაში ზოგჯერ ისეთი სახით დავდივარ, რომ მოუწერიათ კიდეც, დაგინახე და ძალიან ცუდი სახე გქონდა, იმედია, რეალურად ეგეთი არ ხარო. სინამდვილეში უჟმური არ ვარ, მაგრამ სიმშვიდე ძალიან მიყვარს.

– ძალიან დაბალი თვითშეფასება მაქვსო, ამბობდი. მართლა ასეა?

– კი, ძალიან დაბალი თვითშეფასება მაქვს. შეიძლება, ცოტა ცუდად ჟღერს, მაგრამ კიდევ ვერ ვხვდები, საერთოდ რატომ ვუყვარვარ ადამიანებს. ჩემი ოჯახის წევრებს ეგრე ძალიან არ ვუყვარვარ (იცინის). რეალურად, მართლა რა გავაკეთე ისეთი, მაგრამ ვგრძნობ, რომ ხალხს ვუყვარვარ. რაც მთავარია, ბოროტი ადამიანი არ ვარ. თავის გამოჩენა და ყურადღების ცენტრში ყოფნა დღემდე არ მიყვარს. ვინმე სადმე რომ მეპატიჟება, დაბადების დღე იქნება თუ ქორწილი, მე პირველი უნდა მივიდე. ბოლო მოსულს ხომ ყველა უყურებს და მე ეს ძალიან არ მიყვარს (იცინის).

– ამ ფონზე ასე საჯაროდ გამოჩენის გამო არ ნერვიულობდი?

– ვაიმე, ძალიან. დასაწყისშიც ხომ ვთქვი, რამდენჯერმე გადმოვიწერე და წავშალე „ტიკ-ტოკი“. ვფიქრობდი, რომ ზედმეტი მომდიოდა. ჩემს თავს ვეუბნებოდი, სირცხვილია, დათუნა-მეთქი, კომპლექსები გამიჩნდა. გასაუბრების კომპლექსიც მქონდა. როცა ვანო ჯავახიშვილმა დამირეკა „შაბათის შოუსთან“ დაკავშირებით, ისე მიჭირდა მისვლა, ვერც აღვწერ. ვფიქრობდი, რატომ დამირეკავდა, თუ არ მოვეწონე-მეთქი და ჩემს თავს დავაძალე, გასაუბრებაზე წავსულიყავი.

– ესეც, ალბათ, სოციალურ ქსელში აქტიურობას მოჰყვა.

– აშკარად, მიყურებდნენ და მაკვირდებოდნენ. კასტინგზე დამიბარეს და ვანომ მითხრა, ძალიან მომწონს შენი მიმიკებიო. ასე დაიწყო ეს ყველაფერი. საერთოდ არ გამჭირვებია ამ საქმის გაკეთება. თვითონაც მიკვირს ჩემი თავის, მაგრამ პირველ გადაღებაზეც კი არ მინერვიულია. თითქოს ცხოვრებამ მაჩუქა ეს სამსახური. თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ და ერთი სული მაქვს ხოლმე გადაღების დღე მოვიდეს. სხვათა შორის, დიდი ხნით ადრე ზუსტად ვიცოდი, რომ მე მომავალში აუცილებლად ვიქნებოდი „შაბათის შოუში“. რომ დამირეკეს, თითქოს არც გამიკვირდა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ერთ დღეს ეს მოხდებოდა, თუმცა არ ვიცი, რატომ.

– ბავშვობა გავიხსენოთ, სკოლაში როგორი იყავი?

– ძალიან ცუდი ბავშვი ვიყავი, მასწავლებლებს არ ვუყვარდი, იმიტომ, რომ მათაც ვაჯავრებდი, რაც სწყინდათ. ერთ მასწავლებელს ვუყვარდი ძალიან, მას მოსწონდა ჩემი პაროდიები და მეუბნებოდა, მიდი, ახლა ის გააჯავრე, ახლა ისო. ჩემი დამრიგებელი არ იყო, მაგრამ თავის კლასის ექსკურსიებზეც დავყავდი, რომ კარგი დრო გაეტარებინათ (იცინის).

სკოლა რომ დავამთავრე, ჯარში წამიყვანეს და 18 წლის ასაკში ერთწლიანი მოვიხადე, რაც ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო, მაგრამ დღემდე ვამაყობ ამ გამოცდილებით და ვფიქრობ, რომ ჯარი ყველა ბიჭმა უნდა გამოიაროს.

– მერე როგორ განვითარდა შენი ცხოვრება?

– ჯარიდან დაბრუნების შემდეგ სამსახურს ვეძებდი. არაერთ კომპანიაში ვიმუშავე. მერე საზღვარგარეთ წავედი, იქაც ვმუშაობდი. იქიდან რომ დავბრუნდი, მაშინ დავიწყე „ტიკ-ტოკზე“ აქტიურობა.

– ვინ არიან შენი ოჯახის წევრები და ისინი როგორ აღიქვამენ შენს აქტიურობას და პოპულარობას?

– ბებიასთან, ბიძასთან, დედასთან და ძმასთან ერთად ვცხოვრობ. მამა რვა წელია, ამერიკაშია. მეც მქონდა სურვილი, მაგრამ მაქსიმუმ, ერთი თვით წავსულიყავი, ჩემი ქვეყნის გარდა ვერსად ვიცხოვრებ, გამოცდილებამაც ეს მიჩვენა. რამდენიმე თვით ვიყავი ესპანეთსა და იტალიაში და დეპრესიით დავბრუნდი. ნერვიულობით ვკვდებოდი, ყველა მენატრებოდა. ჩემი ოჯახი დღემდე ვერ ხვდება ჩემს პოპულარობას. დედაჩემს რომ ეუბნებიან, ძალიან მიყვარს თქვენი შვილი, სულ ვუყურებო, გაკვირვებული მეტყვის ხოლმე: ვაიმე, დათუნა, რას აკეთებ ასეთსო (იცინის). ჩემი ოჯახის წევრებს „ტიკ-ტოკი“ საერთოდ არ აქვთ და ამიტომ ვერ იაზრებენ ამას, მხოლოდ „შაბათის შოუში“ მიყურებენ.

– რა ხდება პირად ცხოვრებაში, შეყვარებული ხარ?

– არა, ერთადერთხელ მიყვარდა ძალიან და ეგ ამბავი რომ არ გამოვიდა, ძალიან დიდი დეპრესიები გამოვიარე. მას შემდეგ სიყვარულზე უარი ვთქვი და დღემდე ამ აზრზე ვარ (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა