კახა მიქიაშვილი: პატრიარქი ისეთი თავმდაბალი იყო, ამბობდა - ვინმეს განკურნება რომ შემეძლოს, ჩემს თავს განვკურნავდი, მე ნურაფერს მაბრალებთო
ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:32
მსახიობი კახა მიქიაშვილი ერთ-ერთია ამ ადამიანთაგან, ვისაც ჰქონდა ბედნიერება პატრიარქთან ახლო ურთიერთობა ჰქონოდა და საკუთარი თვალით ენახა მისი ცხოვრების წესი, ეგრძნო მისი სიდიადე და გაოცებულიყო მისი უბრალოებით თუ უშუალობით.
კახა მიქიაშვილი: ძალიან გამიმართლა – ღვთისგან და პატრიარქისგან მქონდა წყალობა, ბევრი წელი ვყოფილიყავი ილია მეორის გარემოცვაში და მასთან პირადი ურთიერთობა მქონოდა.
16 წლის განმავლობაში საპატრიარქოს ყველა ღონისძიების, მიღების თუ საიუბილეო თარიღის ორგანიზებაში ვიყავი ჩართული, ასევე, ამ ღონისძიებების წამყვანი გახლდით. ეს დიდი ბედნიერება იყო ჩემთვის. ცხადია, ამას მაშინაც ვაცნობიერებდი, მაგრამ ახლა კიდევ უფრო მეტად ვაფასებ.
პატრიარქმა საოცრება გააკეთა და ჩვენი თაობა ამის მომსწრეა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ახლა იწყება მისი უკეთ გაცნობის ეტაპი. ჩვენ კიდევ გავიგებთ უამრავ ამბავს, რომელიც აქამდე არ ვიცოდით და მის ზეციურ სამარადჟამო მზრუნველობასაც ვიხილავთ.
ის იყო უკიდურესად უბრალო და თავმდაბალი ადამიანი. საოცარი შინაგანი სიმშვიდისა და დათმენის უნარის მქონე. ამ უნარებმა გააძლებინა და გამოაყვანინა არაერთი ურთულესი მდგომარეობიდან ეკლესია და საქართველო. პატრიარქი არასდროს ყრიდა ფარ-ხმალს, მაშინაც კი, როცა შეიძლება, გვერდით მხარდამჭერი არ ჰყოლოდა. თმენით და ღმერთის იმედით მიდიოდა წინ. გააზრებული ჰქონდა მთავარი – ის იყო ქრისტიანი და ეს ნიშნავდა, რომ უნდა წამებულიყო ქრისტესთვის. მან ბოლო ამოსუნთქვამდე ასე იცხოვრა. ფიზიკურად უკიდურესად უძლურ მდგომარეობაშიც კი, როცა შეეძლო, მაინც მიდიოდა, რომ ემსახურა, რათა ხალხს ენახა და მათთვის იმედი მიეცა.
ძალიან უყვარდა ხალხთან ურთიერთობა. ამის გარეშე არ შეეძლო. ვინც არ უნდა მისულიყო მასთან, ან საჩუქარს ჩუქნიდა, ან თავისთან სადილზე ეპატიჟებოდა. უყურადღებოდ არავის უშვებდა. შეიძლება, ერთი სიტყვა ეთქვა, მაგრამ ეს სიტყვა, ყველაფერს გერჩივნა ადამიანს.
მასთან მოდიოდა ხალხი, რომელიც შეიძლება, საერთოდ არ ყოფილიყო მორწმუნე ან სულაც მისი მაკრიტიკებელი ყოფილიყო და შემდეგ თავად ეს ადამიანები ამბობდნენ, რაღაც აქვს პატრიარქს ისეთი, რისი დამსახურებითაც მისგან სულ სხვანაირები გამოვდივართო. ეს რაღაც იყო მასში დავანებული სულიწმიდის მადლი, რომელიც ასხივებდა. ის იყო დიდი სიყვარული და ვერ წარმოედგინა, როგორ შეიძლებოდა სიყვარულის გაცემის გარეშე ცხოვრება.
– დღეს როგორ იხსენებთ პირველ პერიოდს, როცა მასთან შეხვედრისა და ახლოს გაცნობის საშუალება მოგეცათ?
– მაშინ, უბრალოდ, ახალი მრევლი ვიყავი და ქაშუეთში შემხვდა. ეტყობა, ძალიან აქტიურად ვიქცეოდი – შემომხედა, ნაკურთხი წყალი შემომასხა და გაიცინა. მახსოვს, მისი ნათელი სახე. შემდეგ საპატრიარქოში დავიწყე მსახურება, მოკრძალებით შევხვდი, დამლოცა.
პატრიარქს ძალიან უყვარდა ადრე გაღვიძება. როცა კარგი ამინდი იყო, ჩამობრძანდებოდა და ეზოში ლოცულობდა. თან მოყვებოდნენ მამაოები, დაცვა, მორჩილები. ერთ დილით ადრიანად მივედი საპატრიარქოში. ისე მოხდა, რომ პატრიარქი მარტო ჩამობრძანდა და მე დავხვდი. სანთელი დავანთეთ, ლოცვა წამაკითხა, მერე ეზოში გაიარა. მაშინ მკითხა, ვინ ბრძანდებით, რა პროფესიის ხართო. გასაოცარი თვისება ჰქონდა, თქვენობით მოგმართავდა. რომ გაიგო, მსახიობი ვიყავი, დაინტერესდა, რა ხდებოდა თეატრში. მომაყოლა სოფიკო ჭიაურელზე, თეატრის ამბებზე... როგორც იცით, მას ძალიან უყვარდა ხელოვნება. მკითხა, სახლში ყვავილები თუ გაქვსო?! მას ძალიან უყვარდა მცენარეები, ცხოველები, ფრინველები – მათ ელაპარაკებოდა...
მაშინ გავიცანით ერთმანეთი და მერე დამიახლოვა. მქონდა იმდენი ბედნიერება, რომ მის გვერდით დიდი დრო გამეტარებინა. იტყოდა ხოლმე, „ჩაი დავლიოთ“, რაც ნიშნავდა, რომ მასთან ერთად უნდა გვესადილა. საოცრება იყო, გვერდით ვეჯექი და თავის ლუკმას მომაწვდიდა ხოლმე.
ბევრჯერ უჩუქებია საკუთარი სამოქალაქო ტანსაცმელი, ერთხელ ძალიან მომეწონა მისი ფეხსაცმელი, მაგრამ თქმით, რა თქმა უნდა, არაფერი მითქვამს. ცოტა ხანში, ზუსტად ეს ფეხსაცმელი მაჩუქა. მარტო ეს არ იყო, თავის თექის მოსაცმელიც მისახსოვრა. ძალიან ბევრჯერ თანხა უჩუქებია. ფულს რომ გვაჩუქებდა, არ უყვარდა, რომ ვინახავდით. იმიტომ გაძლევთ, რომ დახარჯოთო, გვეუბნებოდა, არადა, როგორი დასახარჯი იყო პატრიარქის ნაჩუქარი თანხა.
ძალიან მოკრძალებულად ცხოვრობდა. მისი საძინებელი რომ ნახოთ, მიხვდებით, რომ ნებისმიერ ჩვენგანს გაცილებით პომპეზურ გარემოში გვძინავს – ერთი პატარა მისაღები და ნივთების ოთახი, მეტი არაფერი ჰქონდა.
– ბევრს უთქვამს, რომ ყველაფერს უთქმელად გრძნობდა...
– რა თქმა უნდა, ამას ბევრი გეტყვით. პატრიარქი ყველაფერს გრძნობდა. შენს ფიქრებსა და სურვილებს ხედავდა. უამრავჯერ ზუსტად ის უთქვამს ან გაუკეთებია, რაც იმწუთას ყველაზე მეტად გჭირდებოდა და რაც გადარდებდა.
რენტგენი იყო, რომ შემოგხედავდა, გრძნობდი, რომ იცოდა: რას ფიქრობდი, რა გიჭირდა, რა გჭირდებოდა. ოღონდ ჩუმად, არაფერს გეტყოდა, უსიტყვოდ დაგეხმარებოდა. ნამდვილი მამის მზრუნველობა ჰქონდა.
ერთხელ, თურქეთში დავკარგე ჯვარი და ძალიან დამწყდა გული. რომ ჩამოვედი, დამიძახა პატრიარქმა, მივედი და დედაოს უთხრა, ჯვარი მომეცი, კახას უნდა მივცეო. მოვუყევი, უწმიდესო, ასეთი რამ შემემთხვა-მეთქი. მას, უბრალოდ, გაეღიმა და ჯვარი გამიკეთა.
ის არასდროს გიწყებდა საუბარს რელიგიაზე და მაღალ მატერიებზე. შენ მას უყურებდი, ხედავდი მის გამაოგნებელ უბრალოებას და მისი მაგალითით ხვდებოდი, როგორი უნდა იყოს ქრისტიანი. ქრისტიანობა მხოლოდ ის არ არის, რამდენჯერ ეზიარე და რამდენი მეტანია გააკეთე... ამაზე კი არ გელაპარაკებოდა, შეიძლება, ელაპარაკა როკზე ან მუსიკის სხვა მიმდინარეობაზე, ფრინველებზე და ხვდებოდი, რომ ასეთი შეიძლება იყოს ღვთის კაცი.
არ არჩევდა ადამიანებს აღმსარებლობით. მისთვის ძვირფასი იყო ადამიანი და ურთიერთობები. იმდენჯერ უთქვამს ხან ვისზე და ხან ვისზე, მოვიკითხოთ, მოვიყვანოთ სტუმრადო. მახსოვს, ბოლოს გავიგეთ, რომ ბატონო რეზო ესაძე ცუდად იყო. თქვა, მოვიყვანოთ ბატონი რეზო სტუმრადო.. გვითხრეს, რომ ბატონი რეზო საერთოდ არ ლაპარაკობდა. ჩემი მანქანით მოვიყვანეთ, თავიდან ჩუმად ისხდნენ, შემდეგ კი ალაპარაკდა ბატონი რეზო, წარმოიდგინეთ, ლექსების წაკითხვა დაიწყო, ყველა გაგვაკვირვა. რომ მოვკვდე აღარ მეშინიაო, თქვა. რომ გამოდიოდა, დამშვიდობებისას პატრიარქმა მას ხელზე აკოცა. ხვდებით მის სიმდაბლეს?! მერე პატრიარქმა მითხრა, მღვდელი მივიყვანოთ მასთან, ვაზიაროთო... ბატონი რეზო მალე გარდაიცვალა. ასეთი მილიონი მაგალითი იყო.
რამდენჯერ ყოფილა, სამებიდან გამობრძანებულს დახმარების მთხოვნელი ან დაუძლურებული ადამიანი თუ დახვდებოდა, ჩაისვამდა მანქანაში, თავის ტრაპეზზე წაიყვანდა, მერე დაასაჩუქრებდა და თავისივე მანქანით გაუშვებდა სახლში.
კიდევ ერთი წესი ჰქონდა: როგორც ვიცი, მამამისი აკეთებდა ასე და მერე ეს თვისება პატრიარქმა წესად აქცია – თავის დაბადების დღეზე საუკეთესო სუფრას გაამზადებინებდა და მოჰყავდა მშიერი და უპოვარი ადამიანები. მათთან ერთად აღნიშნავდა დაბადების დღეს, მერე ყველას ასაჩუქრებდა და ისე უშვებდა.
ერთხელ ეზოში ვისხედით, თქვა, მე ჩემი აღსარება უნდა დავწეროო და ცოდვების მოყოლა დაიწყო. იცით, რა იყო ცოდვა, რომელსაც მთელი გულით განიცდიდა? – ბავშვობაში ჩიტი მოვკალიო. ფიქრობდა, რომ საშინელება ჩაიდინა და ამაზე ძალიან დარდობდა.
– ბევრი გააკვირვა მისმა სიყვარულმა „სუპერსტარის“ მიმართ...
– თვითონ ვარ ამის მომსწრე. ერთ-ერთ თანამდებობის პირთან შეხვედრის შემდეგ სადილზე, უცებ გვეუბნება – „ჩართეთ „სუპერსტარი“, იუდას არია“, გაოგნდა ეს ადამიანი. ასევე, ძალიან უყვარდა მერკურის „ბარსელონა“.
არ შეიძლება, პარტიარქი რამე ჩარჩოში ჩავსვათ. ის იყო სრულიად მრავალმხრივი ადამიანი. ყველაფერს სწვდებოდა. რა სფეროს ადამიანიც არ უნდა მისულიყო მასთან, ისეთ ცოდნას ავლენდა, ყველა გაოგნებული გამოდიოდა მისგან. მედიცინაც ძალიან კარგად იცოდა, ხელოვნებაზე აღარ ვსაუბრობ. იხსენებენ სამების აშენების პერიოდს – არქიტექტორებს ისეთ დეტალს ეუბნებოდა, გაოგნებულები იყვნენ, ჩვენ როგორ ვერ მოვიფიქრეთო. თუ რამე კეთდებოდა, ყველაფერში ჩართული იყო, დეტალების დონეზე. შეეძლო, ყველასთვის ეკითხა აზრი, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად არასდროს მიიღებდა. მის სიდიადესთან ერთად, გასაოგნებელი იყო მისი ზეუბრალოება.
ძალიან ბევრს უთქვამს, რომ თავის მოკვლას აპირებდა და ზუსტად ამ დროს დაურეკა პატრიარქმა ან უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფს დაურეკა და თავისთან დაპატიჟა...
– რთულ პერიოდში თქვენც თუ გიგრძნიათ მისი მხარდაჭერა?
– განსაკუთრებით რთულ პერიოდს ვერ ვიხსენებ, მაგრამ იყო შემთხვევა, როცა კონკრეტული თანხა მჭირდებოდა. საპატრიარქოში ვიყავი, პატრიარქი ჩამობრძანდა, ეზოში ვიარეთ, ვისაუბრეთ. პარალელურად, ჩემს გონებაში საჭირო თანხაზე ფიქრი ტრიალებდა, თუმცა ამის შესახებ პატრიარქთან სიტყვაც არ მითქვამს. ცოტა ხანში აბრძანდა ოთახში, ამოვიდესო, – უთქვამს ჩემზე. ავედი და მაძლევს კონვერტს, რომელშიც დევს ზუსტად ის თანხა, რამდენიც მჭირდებოდა...
რამდენჯერ ყოფილა, სიტყვები, როცა მჭირდებოდა სწორედ იმ დროს უთქვამს ის, რაც ყველაზე მეტად დამხმარებია. ეს სხვებისგანაც არაერთხელ გამიგია. ბევრს არ გესაუბრებოდა, ორ სიტყვას გეტყოდა და ის სიტყვები ყველაფრად ღირდა.
მე პირადად მიმიყვანია მასთან ადამიანი, რომელსაც წლები შვილი არ ჰყავდა. დაულოცავს და შვილი შესძენია. ასეთი რამ ერთხელ არ მომხდარა, თუმცა, თავად ისეთი თავმდაბალი იყო, ამბობდა – ვინმეს განკურნება რომ შემეძლოს, ჩემს თავს განვკურნავდი, მე ნურაფერს მაბრალებთო. იმავდროულად, ზღაპრული იუმორი ჰქონდა.
– იყო მომენტები, როცა სიმკაცრეს იჩენდა?
– მასავით შემწყნარებელი სასულიერო პირი მე არ მინახავს, მხოლოდ ქრისტე ვიცი ასეთი. ერთ-ერთი მღვდელი მიუყვანეს დასასჯელად, ალბათ, გარკვეული გადაცდენები ჰქონდა და ამიტომ. თქვა, ჩემს ადგილას ქრისტე აპატიებდა და მეც ვაპატიებო. უკიდურესი შემთხვევა უნდა ყოფილიყო, რომ სასჯელი ან გაფრთხილება მიეცა ადამიანისთვის. წარმოუდენლად დიდი მიმტევებელი იყო, იმხელა სიყვარული იყო მასში, რომ მასთან ერთად სხვა გრძნობებს ვერ იტევდა. ცნობილი ფაქტი იყო, ეკლესიაში, თუ ეპისკოპოსი მღვდელს დასჯიდა, როგორმე პატრიარქთან უნდა მიეყვანათ, ის აუცილებლად აპატიებდა და სასჯელს მოუხსნიდა.
მახსოვს, ერთხელ მითხრა, ნუ ხმაურობო. ამას მერჩივნა, მთელ სამებას გავეგლიჯე და ველანძღე. ეს მარტო შენიშვნა არ იყო, ამით მასწავლა, რომ მსახურების დროს ჩუმად უნდა ვიყო. ეს მთელი ცხოვრება მემახსოვრება.
მჯერა, რომ ძალიან მალე დადგება დრო, როცა ის წმიდანად იქნება აღიარებული. თუმცა, ხალხმა უკვე აღიარა – როგორც წმიდანთან, ისე მიდიოდნენ მასთან მთელი ეს დღეები.
ამ დღებში სამებაში უკვე არაერთი სასწაული ხდებოდა. ერთი პირადად მე შემემთხვა – მეგობარმა, რომელიც მოსვლას ვერ ახერხებდა, მთხოვა, პატარა ხის ჯვარი შემეხო მისი ცხედრისთვის მადლის მისაღებად. ამ დროს ცხედართან ვდგავარ, ფეხზე რაღაც მომედო, დავიხედე და ვხედავ ძირს ხის ჯვარი გდია. ჩემთვის ეს პირდაპირი სასწაულია. მივწერე, როგორ ჰყვარებიხარ პატრიარქს-მეთქი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





