თათა ვარდანაშვილი: რომ არა მამაჩემის გარდაცვალება, შეიძლება, გონს ვერც მოვსულიყავი, არ ვიცი, რით დამთავრდებოდა ჩემი ცხოვრება
ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00
იღბალი და შრომისმოყვარეობა – რომელმა ითამაშა გადამწყვეტი როლი თათა ვარდანაშვილის წარმატების გზაზე, როგორ არ დანებდა ის რთულ პერიოდს და რამ მისცა დიდი ძალა, ამაზე ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
თათა ვარდანაშვილი: ვფიქრობ, რომ ყველაფრის თავი და თავი მიზნის არსებობაა, ამის შემდეგ კი შრომისუნარიანობა. გარდა ამისა, ადამიანი წინააღმდეგობებს არ უნდა შეუშინდეს. მე მიმაჩნია, რომ გამიმართლა, ისეთ დროს დავიბადე ამ ქვეყანაში, როცა ბევრი რამის ნახვა არის შესაძლებელი. ბევრნაირი სოციალური მდგომარეობა გადავიტანე და არაერთი გარდაქმნის თანამონაწილე გავხდი.
– რას მიიჩნევთ თქვენს მთავარ მიღწევებად?
– ვთვლი, რომ ყველაფრის თავი და თავი ის არის, რომ დედა გავხდი და ამისთვის მადლობა ღმერთს! მთავარი და ძირეული მიღწევაა ის, რომ დემეტრეს დედა ვარ და მერე – ყველაფერი დანარჩენი. თუნდაც ის, რომ თუ საქართველოს მოდის ისტორიაში სახელებს მოიხსენიებენ, მათ შორის ჩემსასაც ამბობენ.
– საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩენილხართ?
– ძალიან ხშირად. შემიძლია ვთქვა, რომ ახლაც ასე მოხდა და საჭირო დროს საჭირო ადამიანების გარემოცვაში აღმოვჩნდი – „ნიუ ვიჟენ“ უნივერსიტეტში, სადაც პედაგოგიურ მოღვაწეობას ვეწევი. ჩემი მიზანიც ეს იყო. წლების წინ პროფესიული სასწავლებელი დავაარსე, სამწუხაროდ, მისი ფუნქციონირება შეწყდა, მაგრამ ამ ეტაპზე განათლებას ვავრცელებ და ადამიანებს ვაძლევ იმის საშუალებას, რომ პროფესია შეისწავლონ და სჯეროდეთ, რომ შრომისმოყვარეობით კარიერულ წინსვლას მიაღწევენ. ესეც იმის დამსახურებაა, რომ სტაგნაციის შემდეგ სწორი ადამიანების გარემოცვაში აღმოვჩნდი. მინდა, ჩემს დღევანდელ სტუდენტებს მადლობა ვუთხრა. მათთან ჩემი ურთიერთობა ბევრად უფრო დიდი მოტივაციაა ჩემთვის, ვიდრე ოცი წლის წინ იყო. დღეს ვახერხებ, რომ სრულად დავიხარჯო.
– რამდენად დიდი დოზით არის თქვენში შრომისმოყვარეობა?
– 50/50-ზე. როცა ვშრომობ, დასვენება არ ვიცი. სანამ დაწყებულ საქმეს არ დავასრულებ, შემიძლია, არ ვჭამო, არ დავიძინო, არ დავჯდე, არ დავისვენო. მთავარია, შედეგი დავინახო. თუმცა, თუ კავშირი გამიწყდა, მაგალითად, თუ ვხატავ და ოთახიდან გამოსვლა მომიხდა, უკან რომ შევბრუნდები, ძალიან მიჭირს ჩემს შინაგან სამყაროსთან კავშირის ახლიდან დამყარება და პროცესის გაგრძელება. უკან მისაბრუნებლად შეიძლება რამდენიმე წელი დამჭირდეს. ამ შემთხვევაში პროფესიაში გავაკეთე ძალიან დიდი პაუზა.
– როდის აძლევთ საკუთარ თავს სიზარმაცის უფლებას?
– სიზარმაცე ჩემგან ძალიან შორს არის. თუ რამის გაკეთებას გადავწყვეტ, ჩემს თავს ვაძლევ ფიქრის დროს. ჩემი მოქმედებები დასაწყისიდან დასასრულამდე უნდა ჩამოვაყალიბო, რომ მერე დავიწყო. ერთი ადგილიდან მეორე ადგილამდე რომ უნდა გადავაადგილდე, სანამ გონებაში არ გაგვივლი ამ გზას, მანამდე მოძრაობას არ დავიწყებ. მაგალითად, ჩანთას სანამ გონებაში ბოლომდე არ შევკერავ, მანამდე თარგს არ გავაკეთებ. უნდა დავინახო გამზადებული პროდუქტი და მერე დავიწყებ მის შესრულებას.
– გქონიათ შემთხვევა, როცა ძალიან ბევრი იშრომეთ, ბევრი გაიღეთ კონკრეტული მიზნისთვის, მაგრამ ყველაფერი „წყალში ჩაიყარა“?
– მთელი ჩემი ბიოგრაფია ასეთი გამოცდილებებისგან შედგება. რაღაც ეტაპამდე მივდივარ, ყველაფერს კარგად ვაკეთებ, შეიძლება ითქვას, ბრწყინვალედ, ცოტა ხანში მოვტრიალდები და წყალში იყრება, კიდევ და კიდევ.
– რატომ ხდება ასე?
– ჩვენი ცხოვრება დაბადებიდან გარდაცვალებამდე გზა არის, რომელიც ადამიანმა უნდა გაიაროს. ერთ წერტილში თუ დარჩები, ვერც გაიზრდები, ვერც განვითარდები. როდესაც ჩემ მიმართ საზოგადოებრივი ყურადღება იყო მომართული, სულ ახალ-ახალი მოდელების შექმნა მიწევდა. იყვნენ ადამიანები, რომლებიც თვალყურს ადევნებდნენ ჩემს ახალ მოდელებს, იპარავდნენ, სერიაში ამრავლებდნენ და მდიდრდებოდნენ. იმისთვის, რომ შენში საწყისი ისევ მოძებნო და ხელახლა დაიწყო იმავეს კეთება, განწყობა გჭირდება. ხარ თუ არა მზად, ეს საზრდო მისცე სხვა ადამიანებს, მიუხედავად იმისა, რომ იცი, ისევ წყალში ჩაიყრება? ხომ შეიძლება, ადამიანი მოვიდეს და პატიოსნად გაგირიგდეს – მოდი, შენ მოდელი გააკეთე, მე ამას სერიაში გავამრავლებ, შემოსავალს შევიქმნი და შენ საავტორო უფლებაში გადაგიხდი ჰონორარსო. მაშინ იქნებოდა სწორი დამოკიდებულება, როგორც საზღვარგარეთ ხდება, მაგრამ ამას უნდა იღბალი თუ უნდა, რაც მე არ მაქვს.
– ეს ყველაფერი ემოციურად როგორ მოქმედებს თქვენზე?
– ემოციურად ძალიან დამთრგუნველია, არა მარტო ჩემთვის, ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანისთვის ასე იქნება. ჩემზეც ძალიან ცუდად მოქმედებს. მერე რაღაც პერიოდი არაფრის კეთება არ მინდა. ჩემს თავში მჭირდება, მოვძებნო ძალა, თავს შემოვუძახო და განვითარების ერთი საფეხურიდან, მეორეზე გადავიდე. ამასობაში ჩემს ცხოვრებაში იმდენი დრო გავიდა, რომ აღარ ვიცი, როდის რა უნდა მოვასწრო. 21 აპრილს 55 წელი შემისრულდება, პატარა ხომ აღარ ვარ?!
– ალბათ, „თავის შემოძახება“ საკმაოდ რთულია. ყველაზე რთულ პერიოდებში ფეხზე წამოდგომასა და გზის გაგრძელებაში რა გეხმარებათ?
– პირველ შემთხვევაში, როდესაც ოჯახი დამენგრა, ფიქრის დრო არ მქონდა, დემეტრე მყავდა და მინდოდა, შვილისთვის ვყოფილიყავი პირადი მაგალითი – კეთილსინდისიერი შრომის, პროფესიული წარმატების და ასე შემდეგ. ბოლოს და ბოლოს შვილიც უნდა მერჩინა და თავიც გადამერჩინა.
რაც შეეხება წარმოებას, ამ პერიოდში ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემმა სულიერმა მდგომარეობამ. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ღმერთს მივანდე. რომ არა მამაჩემის გარდაცვალება, შეიძლება, გონს ვერც მოვსულიყავი. არ ვიცი, რით დამთავრდებოდა ჩემი ცხოვრება, მაგრამ ჩემთვის მამის გარდაცვალება ტრაგედია იყო, რომელმაც გამომაფხიზლა, ნაცვლად იმისა, რომ ამას დეპრესია გამოეწვია. ძალიან განვიცდი მამის გარდაცვალებას, ის ჩემი დასაყრდენი და ყველაზე ერთგული მეგობარი იყო. ამის გადატანა ძალიან რთული აღმოჩნდა, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ რადიკალურად შევიცვალე და გადავწყვიტე, მეცხოვრა ისე, როგორც მამას გაუხარდებოდა. ამან მესამეჯერ შემომაბრუნა ცხოვრებისკენ.
პარალელური მოტივაცია იყო შვილიშვილების დაბადება. მათმა დაბადებამ ბევრი რამ დამანახვა. ვიგრძენი, რომ ყველაფრის მიუხედავად, ცხოვრება გრძელდება, რომ სანამ ცოცხალი ხარ, ადამიანმა საკუთარ თავში უნდა მოძებნო იმდენი ძალა, რომ არა მხოლოდ სხვებს, საკუთარ თავსაც მცირეოდენი სიხარული მოუტანო.
– ცხოვრებისეული სირთულეები რამდენად ხელის შემშლელია პროფესიაში და პირიქით?
– ცხოვრებაში უამრავი სირთულის გადალახვაში პროფესია მეხმარება. მე მხატვარი ვარ და თუ ვერ ვხატავ, ყოველ შემთხვევაში, წარმოსახვა მაქვს. თუ ფიზიკურად ვერ შევკერავ, წარმოსახვაში მაინც შემიძლია ამის გაკეთება. ეს ყოველთვის მეხმარება ცუდი ფიქრებისგან გათავისუფლებაში. რაც შეეხება პროფესიულ სირთულეებს, მათთან გამკლავებაში ცხოვრება ვერ მეხმარება. თუ პროფესიაში კრახი მაქვს, საზღვარგარეთ რომ წავიდე და მუზეუმი დავათვალიერო, ეს ვერ მიშველის. ისევ მირჩევნია, საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ან ოქროს ფონდს მივმართო და ძველი ხელნაკეთი ხატების ან ჭედური ნივთების ხილვით დავიმშვიდო გული იმის ფიქრით, რომ ამ ხალხმა რაღა უნდა თქვას, როცა ამხელა ტკივილზე დგას საქართველოს ისტორია. ამის გააზრება უფრო მეხმარება.
– რამდენად იღბლიანი ხართ ადამიანებთან ურთიერთობაში?
– ძალიან რთულია, ადამიანები ჩემგან მოყოლებული პირველი კლასიდან მოელიან ძალიან დიდს და დიადს. მიზეზი არ ვიცი, მაგრამ ეს ჩემთვის ძალიან დამთრგუნველი პასუხისმგებლობაა. მეშინია, ამას თავი რომ ვერ გავართვა, დავკარგავ ადამიანებს, ვისთან ურთიერთობასაც ძალიან ვუფრთხილდები. სულ დაკარგვის მოლოდინში ვარ... ეს პასუხისმგებლობა მზრდის პიროვნულად. თითზე ჩამოსათვლელი მეგობრები მყავს და ყველა განსაკუთრებული პიროვნული ღირსებით გამოირჩევა, ყველა წარმატებულია თავის პროფესიაში, მაგრამ ჩემი კოლეგები არ არიან.
– ბავშვობაში როგორი იყო თქვენი წარმოდგენები და ოცნებები მომავალთან დაკავშირებით და რამდენად ახლოს არის რეალობა მასთან?
– მთელი ბავშვობა მინდოდა, გავმხდარიყავი დედა და მყოლოდა გოგო შვილი. დედა გავხდი, შემეძინა შვილი ბიჭი, მაგრამ ზუსტად ისეთი გოგო შვილიშვილი მყავს, როგორი შვილიც მინდოდა. 50 წელი დასჭირდა ჩემი ბავშვობის ოცნების ასრულებას. ალექსანდრა ზუსტად ისეთი ბავშვია, როგორი შვილი გოგოც მინდოდა. ვფიქრობ, როგორც კი ექვსი წლის გახდება, თავისი შეკერილი კაბა ეცმევა. ტყუპი შვილიშვილი მყავს, გოგო და ბიჭი. ბიჭი ვიზუალურად საოცრად მგავს, რომ ვუყურებ ჩემი თავი მახსენდება. ხანდახან დემეტრესაც ვეძახი, მასაც ძალიან ჰგავს. გოგოც და ბიჭიც ვიზუალურადაც და თვისებებითაც ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ჯერ პატარები არიან, მაგრამ იგრძნობა, რომ ცხოვრებაში სხვადასხვა გზას გაივლიან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





