შოუბიზნესი

რა ტრადიციას არ ღალატობს ნია წივწივაძე საახალწლოდ და როგორ ამზადებს ის ტყუპ შვილებს დღესასწაულისთვის

№52

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 05.01

ნია წუივწივაძე
დაკოპირებულია

„მის საქართველო“ ნია წივწივაძე ორი შვილის დედაა. მისი საოცარი ტყუპები უკვე ორი წლისები არიან და მათ ოჯახში განსაკუთრებული მხიარულებაა. მით უმეტეს, რომ ახალი წელი მოდის და ოჯახში, სადაც პატარები ცხოვრობენ, ეს დღესასწაული კიდევ უფრო მეტად ხალისიანია.

ნია წივწივაძე: ჩემი შვილები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან. გოგო და ბიჭია და რა თქმა უნდა, ესეც განაპირობებს მათ განსხვავებულობას. ხასიათი, გემოვნება – ყველაფერი სხვადასხვა აქვთ და შესაბამისად, მიდგომებიც განსხვავებული სჭირდებათ, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესოა. თან გოგო და ბიჭი რომ არიან, ურთიერთობებიც ძალიან დაბალანსებულია, თითქოს, გოგოში ჩემს თავს ვუყურებ, ჩემს ბავშვობას და ბიჭში კი სიახლეებს ვხედავ და თან, როგორც ვიცით, ბიჭები დედაზე განსაკუთრებით არიან შეყვარებული. მათთან ურთიერთობა დღითიდღე საინტერესო ხდება. ნელ-ნელა უფრო და უფრო მეტად შემოდიან კონტაქტში, გეუბნებიან, რომ ძალიან უყვარხარ, მეც ვიგებ, რა მოსწონთ, რა – არა, რა ახარებთ და ეს ძალიან სასიამოვნო პროცესია. ძალიან უყვართ გართობა, სიმღერა და განსაკუთრებულად უყვართ ერთმანეთი. როგორც კი ერთი გაიღვიძებს, მაშინვე მეორეს კითხულობს. ძალიან გაუმართლათ, რომ დაბადებიდან ერთმანეთი ჰყავთ. ერთად კარგად ერთობიან, თან ძალიანაც ჩხუბობენ (იცინის). ხანდახან ეჭვიანობენ, ორივეს ერთად უნდა დედასთან და მერე გაშველება გვიწევს ხოლმე, მაგრამ რამდენიმე წუთში ერთმანეთს ეხუტებიან, მიხარია, რომ მარტოები არ არიან. თამაშისთვისაც ერთმანეთი ჰყავთ (იცინის).

– ტყუპი შვილის დედობას როგორ აუღე ალღო?

– ყველაზე რთული პირველი სამი-ოთხი თვე იყო. ერთი ჩვილის დედობაა რთული და ორი რომ გყავს ერთად, ფაქტობრივად, არ გძინავს. მე და ჩემი მეუღლე დღემდე ვხუმრობთ იმაზე, რომ პირველი სამი-ოთხი თვე საერთოდ არ გვახსოვს. დედაჩემი მეხმარებოდა ძალიან და მისი დიდი დამსახურებაა, რომ მე და ჩემს მეუღლეს გამოძინების საშუალება გვქონდა. ჩვილებსაც კი იტოვებდა მარტო, რომ გათენებული ღამეების შემდეგ როგორღაც გამოგვეძინა. დამხმარე რომ გყავს, ძალიან ბევრს ნიშნავს. ვინც ახლა გადის ამ ეტაპს, ვეტყვი, რომ რაც დრო გადის, მით უფრო მარტივი ხდება, საინტერესოც და სასიამოვნოც. სამშობიაროდან რომ გამომწერეს, პირველივე დღიდან დავიწყე ზრუნვა, რომ ორივეს ერთნაირი რეჟიმი ჰქონოდა. მეუბნებოდნენ, ჯერ ძალიან პატარები არიანო, მაგრამ ორი-სამი თვისებს უკვე რეჟიმი ჰქონდათ და დღემდე ამ რეჟიმში არიან. ეს ძალიან მეხმარება. ვიცით, როდის იძინებენ, როდის იღვიძებენ, როდის გვაქვს დრო საქმეების გასაკეთებლად, ჩვენც მშვიდად ვართ და ბავშვებიც, რადგან ყველაფერს თავისი დრო აქვს. როცა ოჯახში ორი პატარა გყავს, რეჟიმის გარეშე ურთულესი მგონია.

– სადმე წასვლა რომ გინდათ, ორი ბავშვის დატოვება საკმაოდ რთულია, არა?

- კი, რთულია, თან ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ერთს ერთი რამ უყვარს, მეორეს – მეორე. ორი ბავშვის დაძინებაც რთულია ერთი ადამიანისთვის. მე დედა ვარ, შედარებით მარტივად ვაძინებ, მაგრამ სხვისთვის ასე არ არის. ამიტომ, რომ ვიცი, ჩემს შვილებს 9-ზე სძინავთ, თუ მეგობრების ნახვა მინდა, 10-ზე ვნახულობ. თუ საქმე მაქვს, შუადღის საათებში ვგეგმავ, რადგან ამ დროსაც სძინავთ. რა თქმა უნდა, სამსახურს არ ვთვლი, სამსახურს თავისი დრო აქვს.

– ახალი წელი ყველა ოჯახისთვის განსაკუთრებული დღესასწაულია, მაგრამ როცა პატარები გყავს, კიდევ უფრო ჯადოსნურია. როგორია თქვენს ოჯახში ეს დღესასწაული წელს?

– ახალი წელი ჩემი საყვარელი დღესასწაულია. ოქტომბრიდან უკვე დღეების ათვლას ვიწყებ, ვყიდულობ სათამაშოებს. ნაძვისხეს ყოველ წელს სხვადასხვანაირად ვაწყობ. ამ პროცესების გამო დეკემბერი განსაკუთრებულად მიყვარს. შარშან ძალიან პატარები იყვნენ და ნაძვისხე რომ ავაწყვეთ, ძალიან მალე, ქვედა ტოტებზე სათამაშოები გაქრა, მხოლოდ ზედა ნაწილში შემორჩა (იცინის). ცოტა ხანი გაუძლო, რამდენიმე ფოტოს გადაღება მოვასწარით იმის დასტურად, რომ ნაძვისხე გვქონდა (იცინის).

წელს ბავშვები ცოტა მოვამზადე. ბევრს ვუყვებოდი იმაზე, რომ ახალ წელს თოვლის ბაბუა მოდის და პირველად თოვლის ბაბუა დავდეთ სახლში, რომ შეჩვეოდნენ. მან რომ საჩუქრები უნდა მოუტანოს, ესეც ვუთხარი და უხარიათ, აინტერესებთ, რას აჩუქებს და უკვე კონკრეტული სურვილებიც აქვთ. პატარ-პატარა ვიდეოებს ვაყურებინებ ამ რიტუალებთან დაკავშირებით, საახალწლო სიმღერებს ვასმენინებ და ეს ყველაფერი ძალიან მოსწონთ, მაშინვე კარგ ხასიათზე დგებიან, როცა საახალწლო მუსიკა ესმით. ჯერ პატარები არიან, მაგრამ მგონია, რომ წელს ცოტა უკვე აქვთ ახალი წლის შეგრძნება.

– როგორი ტრადიციები გაქვს ახალი წლის ღამეს?

– არ მახსოვს წელი, როცა ახალ წელს სახლში არ შევხვედროდი. ძალიან მიყვარს ოჯახთან ერთად შეხვედრა, მერე მეგობრებთან ერთად მივდივარ ხოლმე სადმე. სამეგობროს დეკემბერში უკვე დაგეგმილი გვქონდა, სად უნდა წავსულიყავით. მაშინ მე და ჩემი მეუღლე შეყვარებულები ვიყავით, თუმცა ახლაც იგივე ტრადიცია გვაქვს, სახლში შევხვდებით და მერე სადმე წავალთ.

ყველაზე მეტად სამზადისი მიყვარს. როგორ მოვრთო სახლი, რა ჩავიცვა, ამ ყველაფერზე ზრუნვა ძალიან მსიამოვნებს. ახალი წელი რომ დგება, მერე უკვე მალე გადამდის განწყობა.

– ახალი წლის სუფრის მომზადებაში იღებ მონაწილეობას?

– დედაჩემს ვეხმარები. მას ისეთი გემრიელი ხელი აქვს, რომ მარტო ვერაფერს გავაკეთებ, მისი დამხმარე ვარ ხოლმე (იცინის). ჩემს თავზე სუფრის გალამაზებას ვიღებ. ძალიან მიყვარს, როცა სუფრა ლამაზად არის გაწყობილი. წინასწარ ვარჩევ, რა ფერია აქტუალური და აქცენტებს ამის მიხედვით ვაკეთებ. ახლა მე და ჩემს მეუღლეს ბავშვების გამო ცოტა ხანი ჩემს მშობლებთან გვიწევს ყოფნა, მაგრამ როცა მარტოები ვცხოვრობდით, ერთად ვაკეთებდით ყველაფერს, მაგალითად, გოზინაყს, საახალწლო ორცხობილებს და ჩვენთვის პატარა, ორკაციან სუფრას ვშლიდით.

– საახალწლო სუფრისთვის კომფორტულ სამოსს არჩევ თუ სადღესასწაულოს?

– ყოველთვის – სადღესასწაულოს. შეიძლება, სხვა დღეებში არ მქონდეს ამის განწყობა, თუნდაც, ჩემს დაბადების დღეზე, მაგრამ ახალი წელი იმდენად კაშკაშა დღესასწაულია, ყოველთვის მინდა, კარგად გამოვიყურებოდე და დასამახსოვრებელი დღე იყოს. თუ სხვა დღეებში შეიძლება, დამეზაროს და სახლურად და კომფორტულად ჩავიცვა, ახალ წელს ეს გამორიცხულია.

– სურვილების ჩაფიქრების რიტუალი გაქვს?

– რიტუალი არა, მაგრამ როცა ახალი წელი მოდის, დეკემბრის ბოლოს, ჩემს სურვილებს ჩამოვწერ ხოლმე, რისი გაკეთებაც მომავალ წელს მინდა. მერე, წლის ბოლოს ვამოწმებ და რაღაცები უკვე გაკეთებული მაქვს, ნაწილი კი შემდეგი წლის გეგმებში გადადის. წლის ბოლოს სულ მგონია, რომ ბევრი რამ არ გამიკეთებია, მაგრამ ჩემი სურვილების სიას რომ ჩავხედავ და განხორციელებულ სურვილებს პლუსებს ვუსვამ, აღმოჩნდება ხოლმე, რომ თურმე, ბევრი ისეთი რამეც გამომსვლია, რაც მეგონა, რომ შეიძლებოდა, ვერ გამოსულიყო, რაც ძალიან მახარებს. ეს ერთგვარი მანიფესტაციაა. ძალიან სასიამოვნო პროცესია და ამას ყოველთვის სიამოვნებით ვაკეთებ. მთავარია, ბევრი მიზანი გქონდეს ადამიანს და იმ წელს თუ არა, შემდეგ წლებში, შენივე მონდომების შედეგად, ნელ-ნელა აუცილებლად ახდება. ეს უკვე რამდენიმე წელია, ჩემი ტრადიციაა, რომელსაც არ ვღალატობ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი