შოუბიზნესი

რა ტრადიცია ჩამოყალიბდა ლექს-სენის დაბადების დღეზე და რის უფლებას არ მისცემს ის საკუთარ თავს

№33

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 21.08

ლექს-სენი
დაკოპირებულია

როგორ აღნიშნავს ლექს-სენი დაბადების დღეს, რამდენად უყვარს ეს დღე და როგორ ხვდება ასაკის მატებას, ამაზე მუსიკოსი თავად მოგვიყვება.

ლექს-სენი: დაბადების დღე 18 ივლისს მაქვს. 42 წლის გავხდი. წელს ეს დღე ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული და განსაკუთრებული იყო. უკვე ტრადიციასავით მაქვს, ამ დღეს სცენაზე ვხვდები და ამჯერადაც ასე მოხდა – ჩემი დაბადების დღე მსმენელთან ერთად გავატარე. არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება, როდესაც საკუთარ დაბადების დღეს მაყურებლით სავსე დარბაზში ხვდები და ამდენი ადამიანი გილოცავს. უკვე მესამე წელია, ასე ხდება.

ამის გარდა, მეგობრებმა გამიკეთეს ძალიან მაგარი სიურპრიზი: თბილისიდან ბათუმში „დამადგნენ“ ამ კონცერტზე და შემდეგ მათთან ერთად აღვნიშნე ეს დღე ფანტასტიკურად.

– საერთოდ, რამდენად გიყვართ საკუთარი დაბადების დღე?

– რატომ არ უნდა გიყვარდეს საკუთარი დაბადების დღე, მაგრამ პრინციპში, ასაკი გემატება, წლები გადის და რა საყვარელი ეგ არის. ამავე დროს, ამ სამყაროში შენი გაჩენის დღეა და მიყვარს იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებას და ხალხს უყვარს. ისინი მაგრძნობინებენ, რომ ეს მნიშვნელოვანი დღეა. როცა მთელი თუ არა, ნახევარი ქვეყანა გილოცავს და უამრავი შენი კარგის მსურველია, უნდა არ გიყვარდეს კიდეც ეს დღე.

– როცა პოპულარული გახდით, მგონია, რომ ეს დღე ფეიერვერკი იქნებოდა...

– მერე – კი. რომ იზრდები, ისედაც კრეატივს ამატებ ადამიანი, გინდა, დაბადების დღეც განსაკუთრებული იყოს. მერე ყველაფერი ინდივიდუალური ხდება, თუმცა, ესეც, როგორც ყველაფერი, ხარჯებთან არის დაკავშირებული. როგორი საშუალებაც გაქვს, იმის მიხედვით გეგმავ შენს დღესასწაულს. იმ წლებში ჩემს თავზე ვიყავი ორიენტირებული, გართობაზე, დალევაში შეჯიბრებაზე. მაშინ ამ დღეს უფრო ღრეობის სახე ჰქონდა. ახლა ბევრად უკეთესია.

– გამორჩეული საჩუქარი...

– ძალიან დიდი ეფექტი ჰქონდა ჩემი მეგობრის მიერ გაკეთებულ საჩუქარს წლევანდელ დაბადების დღეზე. ძალიან მოულოდნელად, ისე, რომ საერთოდ არ ველოდი, ტორტი მომართვა, რომელიც ბოლომდე რეპერის სტილში იყო გაფორმებული. ძალიან მაგარი იყო ეს ყველაფერი.

– მეუღლე და შვილი როგორ გილოცავენ და გიფერადებენ ხოლმე ამ დღეს?

– მათთვის შეჩვეული ადამიანი ხარ და ჩვეულებრივად, სტანდარტულად (იცინის). მეუღლესა და შვილს იქით უნდა უკეთო საჩუქრები, მნიშვნელობა არ აქვს, შენი დაბადების დღეა თუ მათი (იცინის). სხვათა შორის, წინა დაბადების დღეს მეუღლემ ძალიან მაგარი ყელსაბამი მაჩუქა, არ ველოდი, გამიკვირდა შესაძლებლობიდან გამომდინარე, მაგრამ ძირითადად, მაინც პირიქითაა და ის საჩუქარიც მე ავანაზღაურე (იცინის).

– ასაკთან ერთად, როგორ იცვლება ცხოვრების მიმართ დამოკიდებულება?

– ხშირად მესმის, უკვე ამხელა კაცი ხარ და ასე შემდეგ... არ მაქვს დალხენილი ცხოვრება, იქიდან გამომდინარე, როგორ ქვეყანაშიც ვცხოვრობ. სტრესმა რომ ჯანმრთელობა და ნერვები არ შეიწიროს, უნდა ეცადო, შენი თავი თავად გაახალისო. მეც ვცდილობ, მუდმივად პოზიტიური ვიყო და მოსაწყენ ციფრებს ასე ვებრძოლო. შეიძლება, ბევრი სირთულიდან გამომდინარე, ხასიათიც დაგიმძიმდეს, მაგრამ ყველაფერი შინაგანი სამყაროდან მოდის. ხომ გინახავთ 60 წლის ადამიანი, რომელიც ისე გამოიყურება, როგორც 30-ის, მორალურადაც და მენტალურადაც ძალიან მხნედ გრძნობს თავს. ასე ნამდვილად ჯობს და ჩვენი თავი თუ ჩვენ თვითონ არ გავამხნევეთ, რა თქმა უნდა, ჩაგითრევს სირთულეები. ჩვენი განწყობა დიდწილად განსაზღვრავს ჩვენს მდგომარეობას, თორემ ცხოვრების კანონზომიერებას ვერ გაექცევი. რაც არ უნდა ებრძოლო ასაკსა და ნაოჭებს, პროცესს ვერ გააჩერებ, ჯერ ასეთი სამყაროში არაფერი შექმნილა, ამიტომ ყველაზე მეტად საკუთარი თავის გამხნევება დაგვეხმარება.

– საკუთარი თავის დასაჩუქრება გახასიათებთ?

– სიმართლე გითხრათ, კი. მეც გამიკეთებია ჩემი თავისთვის საჩუქარი. მიფიქრია, ჩემი თავისთვის როგორ უნდა დამენანოს-მეთქი, როცა ასეთი მომენტია, დაბადების დღეა, ერთხელ გაქვს წელიწადში და გიხარია. შეიძლება, სულ არ გაქვს საშუალება რამის შესაძენად ან სადმე წასასვლელად, მაგრამ ამ დღისთვის შეიძლება, წინასწარ მოემზადო და ისე დაამთხვიო, რომ საკუთარ თავს კარგი საჩუქარი გაუკეთო.

– რაც სხვისთვის გართობაა, თქვენთვის სამუშაოა. გართობა და სიამოვნება რა არის?

– კი, ბევრი ცდება ამაში, ჰგონიათ, რომ მე ამით ვერთობი. ეს დიდი პასუხისმგებლობაა. ვინც ჩემს კონცერტებზე დადის, იცის, როგორი შოუ იდგმება. შეიძლება, ეს ამბიციურად ჟღერს, მაგრამ რაღაცები, ალბათ, უნდა ჟღერდეს კიდეც ამბიციურად, იმიტომ, რომ ჩემი კონცერტები ყოველთვის გამოირჩევა, განსაკუთრებულია. ანალოგიური შეიძლება, თითებზე ჩამოსათვლელი იყოს, იმდენად მაგარია, საქართველოში არსებული რესურსების გათვალისწინებით. ყველაფერი გაწერილია, უამრავი ჰიტი, უმაგრესი განწყობა. იქ არცერთი წამით არ მივცემ თავს უფლებას, სცენაზე გასართობად დავდგე და ამას ნეგატიური შეფასება მოჰყვეს. ჩემს გუნდთან ერთად ყველაფერს უმაღლეს დონეზე ვაკეთებ და ამას ყოველთვის შესაბამისი აპლოდისმენტები მოჰყვება ხოლმე. ეს უკვე სტანდარტია, რომლის დაწევის უფლებაც არ მაქვს. რაც შეეხება ჩემს გართობას, როცა კონცერტს ვამთავრებ, მერე მიდის ფოტოების გადაღება, ყველა მესიყვარულება, მეც ვცდილობ, ყველას მოვეფერო, არ მინდა, ვინმეს გული დავწყვიტო. მიუხედავად იმისა, რომ დაცვას სულ ბარიერი აქვს, მე თვითონ ვთხოვ ხოლმე, ახლოს მოუშვან გულშემატკივრები. კიბეზე ფეხს ჩამოვდგამ თუ არა, მიდით, დაასხით-მეთქი და მერე მე ვიწყებ გართობას (იცინის). წარმატებული კონცერტის შემდეგ ასე გართობა უმაგრესია. სხვა შემთხვევაში, შემიძლია, სხვა არტისტის კონცერტზე წავიდე.

– პატარა ლექსოს, როგორი ოცნებები ჰქონდა მომავალთან დაკავშირებით და დღევანდელი რეალობა რამდენად ჰგავს იმ ოცნებებს?

– რაღაც კუთხით, ეს ყველაფერი ახდა. ჩემი ბავშვობა არ იყო მონოტონური. პირიქით, მდინარესავით შეუჩერებელი ვიყავი, ძალიან ენერგიული და ჰიპერაქტიური. მიყვარდა თევზაობა, სპორტი, ლაშქრობები, 50 კილომეტრი მაქვს ფეხით გავლილი საკმაოდ რთულ გზებზე. ეს დინამიკა დღემდე მომყვება. ჩემი მუსიკა და რეპი, ჩემი თავგადასავლები და შეხედულებებია ამ ცხოვრებაში. ბავშვობის წლებში ბევრი ინტერესი მქონდა. 12-13 წლის ასაკში ჩამოყალიბებული არ ვიყავი, რა მინდოდა, მაგრამ მერე და მერე, შიგნიდან რომ გაწვება და სულ რეპავ, ნელ-ნელა ირჩევ ამ გზას. მეათე-მეთერთმეტე კლასიდან უკვე გონებაში მქონდა აზრი რეპერობის შესახებ. სკოლა რომ დავამთავრე, კლასის ბანკეტზე ჩემი სიმღერები შევასრულე და ყველას ძალიან მოეწონა, რა მაგარიაო, ამბობდნენ. რაც ჭკუაში ჩავვარდი, მივხვდი, რომ ეს იყო ჩემი გზა და აღარც გადამიხვევია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა