შოუბიზნესი

რა სიურპრიზი გაუკეთა საკუთარ თავს ზურა გორგაძემ და რის გამო გაურბის ის კომფორტის ზონაში ყოფნას

№49

ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00 09.12

ზურა გორგაძე
დაკოპირებულია

ტელეწამყვანი და მსახიობი ზურა გორგაძე დამოუკიდებელ ცხოვრებას ბავშვობიდან შეეჩვია. ამაში მას მშობლები დაეხმარენ, შრომის ფასიც ასწავლეს და ფულის ყადრიც.

ზურა გორგაძე: დამოუკიდებელი ცხოვრება საკმაოდ ადრეული ასაკიდან დავიწყე, ჯერ კიდევ, მაშინ, როცა პატარა ვიყავი და ზესტაფონში ვცხოვრობდი დედასთან და მამასთან ერთად. ვცდილობდი, მშობლებს დავხმარებოდი და მათთვის შრომა შემემსუბუქებინა, ბაზარში ვაჭრობდნენ და მეც ვეხმარებოდი გაყიდვაში. ამაში გასამრჯელოსაც მიხდიდნენ და ჩემი ფული სულ მქონდა. სახლში ასეთი მენეჯმენტი გვქონდა – მამა თუ რამეს დამავალებდა და შევასრულებდი, ფულს მაძლევდა. რა თქმა უნდა, მძიმე სამუშაოს არ მავალებდა, გართობასავით იყო და ამით შრომის ფასიც ვისწავლე და ფულადი გასამრჯელოც მქონდა. პრინციპში, მშობლებმა ბავშვობიდან შემაჩვიეს შრომას, ფულის ყადრს და დამოუკიდებლად ცხოვრებას. კრიზისული 90-იანი წლები გამოვიარეთ, მაგრამ მშობლებს არაფერი დაუკლიათ. მიუხედავად გაჭირვებისა, ბოლო კაპიკს არ ზოგავდნენ. ცდილობდნენ, ბოლო ლუკმა გამოეღოთ პირიდან და ინვესტირება გაეკეთებინათ ჩემს განათლებაში. მუსიკალურ ათწლედში ვსწავლობდი, ადრეული ასაკიდან რეპეტიტორებთან დავდიოდი და ვემზადებოდი. სულ მარიგებდნენ: უნდა ისწავლო, უნდა იშრომო, უნდა იცოდე ფულის ყადრი და აუცილებლად ყველა ოცნებას აიხდენო. ბავშვობაში კარგად ვმღეროდი, მუსიკალურ კონკურსებზეც გამოვდიოდი და ბევრი წარმატებაც მქონდა, მათ შორის გრან-პრი, პირველი ადგილი... კარგ მუსიკალურ მომავალს მიწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ 14 წლის ასაკში, გარდატეხის ასაკი რომ დამეწყო, სხვა გზით წავედი.

– როგორც ვიცი, საკმაოდ პატარა ასაკში დედაქალაქში ჩამოხვედი და აქ განაგრძე დამოუკიდებლად ცხოვრება. თავი რომ გაგეტანა, პარალელურად, მუშაობდი თუ ამისთვის დრო არ გრჩებოდა?

– სკოლაში ადრე შევედი, 5 წლის ასაკში. შესაბამისად, ადრე დავამთავრე და 15 წლის ასაკში უნივერსიტეტში ჩავაბარე, ვიქირავე ბინა და იქ ვცხოვრობდი, ჯერ ძმასთან ერთად და მერე ცალკე გადავედი. პირველი კურსიდანვე ვმუშაობდი და ვცხოვრობდი დამოუკიდებლად, მარტო. მიუხედავად იმისა, რომ სპორტთან არ ვმეგობრობდი, გამოჩნდა შანსი, გამოვიყენე და პირველ კურსზე გაზეთ „სარბიელში“ დავიწყე მუშაობა. რამდენიმე სტატია დავწერე და ჩემი პირველი ხელფასი 30 ლარი იყო. ძალიან ბედნიერი და გახარებული ვიყავი. ის ჩემი პირელი ხელფასი, კურსელებთან ერთად დავხარჯე და გემრიელად მივირთვით. მალევე თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე და რადგან ორივეგან – ჟურნალისტიკურზე და თეატრალურზე – სწავლა არ შემეძლო, ჟურნალისტიკის დათმობა მომიწია. სწავლის პარალელურად, სულ ვმუშაობდი – ბავშვთა გასართობ ცენტრში ხან სპაიდერმენი ვიყავი, ხან – სპანჯბობი, ხან – ვინ და ხან – ვინ(იცინის). არ ვზოგავდი თავს და შესაძლებლობებს, რომ საქმით, რომელიც არც თუ ისე კარგად გამომდიოდა და არც ჩემს პროფესიასთან იყო ახლოს, ფული მეშოვა.

– რა იყო ყველაზე რთული სამუშაო?

– ყველაზე რთული სამუშაო ჩემთვის, ალბათ, იყო საქმე, რომელიც ჩემს პროფესიასთან არაფერ კავშირში არ იყო. მინდოდა, ახალი ცხოვრება დამეწყო, საკუთარი თავის განვითარება, ახალი გამოცდილების მიღება, გამოწვევები და ამიტომ ავსტრიაში, კერძოდ ვენაში, სამი წლით გადავბარგდი. დისტანციურად კი ვმუშაობდი, „რუსთავი 2-ში“ გახმოვანებაზე, აქედან მიგზავნიდნენ სერიებს, მაგრამ მარტო ამ შემოსავლითა და აღებული ლარით თავს იქ ვერ გავიტანდი. მომიწია უნივერსიტეტში მებაღედ მუშაობა, ასევე, ვინოთეკაში ტურისტულ ადგილას, სადაც შემოსულ სტუმარს ღვინის დაგემოვნებას ვთავაზობდი. სამი წელი დავყავი ავსტრიაში და მივხვდი, რომ მირჩევნია, საქართველოში, ჩემს ქვეყანაში ვიყო, ჩემი პროფილით ვიმუშაო, ჩემი საყვარელი საქმე ვაკეთო და თუნდაც ნაკლები შემოსავალი მქონდეს, ვიდრე გადავიხვეწო.

– ზურა, როგორც ვიცი, გამოწვევების, ცვლილებების არ გეშინია. ბევრი სამსახური გამოიცვალე, დღეს სტაბილურად ხარ. მაგრამ მაინც, როგორ ფიქრობ, გიმართლებს?

– არასდროს მაშინებს გამოწვევები და ცვლილებები, პირიქით, უფრო ხშირად გამოწვევის გზას ვირჩევ. კომფორტის ზონაში ყოფნას ყოველთვის გავურბივარ. ამართლებს კიდეც. ვერ ვიტყვი, უიღბლო ადამიანი ვარ-მეთქი, ცხოვრების ყველა ეტაპზე გამიმართლა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რთული პერიოდი გავიარე. და, ბოლოს მივხვდი, ეს ყველა ეტაპი უნდა გამევლო, თავისი სირთულეებით, რომ დღემდე მოვსულიყავი. არასდროს სინანულით არ ვუყურებ არცერთ განვლილ ეტაპს, თუმცა, რა თქმა უნდა, ვნანობ ბევრ რამეს და უკეთესი იქნებოდა რაღაც კონკრეტული არ მომხდარიყო. მაგრამ, ვფიქრობ, ყველა გამოწვევა, ყველა სირთულე ადამიანს მხოლოდ სცდის, გამოცდილებას აძლევს და მერე უფრო ძლიერი, მიზანდასახული, შეუპოვარი მიიწევს წინ და წინ. ამას ჩემი გამოცდილებიდან ვამბობ. ნებისმიერმა სისულელემ ძალიან დიდი გამოცდილება მომცა ცხოვრებაში და გამაძლიერა, იმუნიტეტი შემძინა ბევრი რაღაცის მიმართ. იმ განვლილმა განსაცდელებმა ძლიერ პიროვნებად ჩამომაყალიბა. შრომა არასოდეს მეთაკილებოდა, შესაბამისად, ყოველთვის მქონდა ჩემი შემსავალი და დღეს საუბარიც კი მეუხერხულება იმაზე, რომ შრომა ადამიანის ყველაზე დიდი ღირსებაა და არანაირი საქმე არ „ტეხავს“. „ტეხავს“ ის, როცა დამოკიდებული ხარ ვიღაცაზე, ვიღაცას ხელებში შეჰყურებდე ან ვიღაცას რაღაც წაართვა, იმაიმუნო და იეშმაკო. ყველა საქმესა და პროფესიას თავისი სირთულე აქვს, მაგრამ ჩემთვის, ყველა შავი საქმე, ოფლით ნაშოვნი ფული, ყველაზე დასაფასებელია.

– ახლახან, ბინა შეიძინე, გილოცავ. შენი დანაზოგით მოახერხე ყიდვა, ბანკიდან აიღე სესხი თუ ოჯახის წევრები დაგეხმარნენ?

– მშობლებისგან ნაყიდი პატარა ბინა მქონდა და ჩემს გარდერობსაც ვეღარ ვტევდი. ცხადია, რაღაც უნდა მექნა. ზოგადად, არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ დანაზოგით ბინა შევიძინოთ და შესაბამისად, მეც ბანკიდან დამჭირდა სესხის გამოტანა. ახლა, რემონტის პროცესში ვარ და ახალ წელს ახალ სახლში შევხვდები. წელს ჩემი ოცნება ავიხდინე დიზაინერიც ჩართული მყავს, სარემონტო კომპანიაც ჩაერთო და ნახევრად ბარტერული თანამშრომლობით მიკეთებენ ბინის რემონტს, პლუს ამას ბევრი კომპანია გამომეხმაურა და მათაც უნდათ ბარტერული თანამშრომლობა. თუ ვინმეს კიდევ ექნება სურვილი, შეუძლიათ, შემეხმიანონ და სიამოვნებით ვითანამშრომლებ და მადლობელიც ვიქნები. სხვათა შორის, წელს, მეგობართან ერთად, რომელიც ფოტოგრაფია და მე – გახმოვანების მსახიობი, ჩამოვაყალიბეთ და დავაფუძნეთ სტუდია და დავარქვით „ვოის მარკეტი“. ჩემთვის ეს წელი საკმაოდ კარგი წელი იყო და იმედია, მომავალი წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა