შოუბიზნესი

რა შიში დასძლია ოთო დეისაძემ მომავალი მეუღლის გასაცნობად და როგორი დედა– შვილობა აქვთ მას და მადონა კოიძეს

№13

ავტორი: ქეთი მოდებაძე 20:00 08.04

ოთო დეისაძე
დაკოპირებულია

ოთო დეისაძე მადონა კოიძის შვილი გახლავთ, საკმაოდ საინტერესო ცხოვრებით, რომელზეც თავად გვიამბობს და იმასაც გაგვიმხელს, თუ როგორია ქალბატონი მადონა დედის ამპლუაში.

ოთო დეისაძე: საკმაოდ მშვიდი და წყნარი ბავშვი ვიყავი. ექსპერიმენტები მიზიდავდა, რადგან ყველაფერი მაინტერესებდა. მე და ჩემი სამეგობრო მუდმივად სიახლეების ძიებაში ვიყავით. რასაც ვნახავდით, ყველაფერი საკუთარ თავზე უნდა გამოგვეცადა. მაგალითად, ფილმი „ადამიანი ობობა“ რომ გამოვიდა, მთელი სამეგობრო ხეებზე გავდიოდით (იცინის).

– როგორ მთავრდებოდა მსგავსი ექსპერიმენტები?

– სხვათა შორის, საკმაოდ საინტერესოდ, ანუ, ორჯერ ხელი მაქვს მოტეხილი, ერთხელ – ფეხი (იცინის). ხიფათიანი ბავშვი ვიყავი, მაგრამ საინტერესო თავგადასავლები გვქონდა.

– როგორი ინტერესები გქონდათ?

– ბავშვობიდანვე მსახიობობა მინდოდა, მაგრამ აბიტურიენტობის დროს გადავწყვიტე, რომ ეს არ იყო სტაბილური პროფესია და ბიზნესი ავირჩიე. თუმცა, არაპროფესიონალი მსახიობი მაინც გავხდი. ჯერ აგრარული უნივერსიტეტის თეატრალურ დასში დავიწყე თამაში, შემდეგ ფილმშიც ვითამაშე. ასევე, დიდი ხანი ვმონაწილეობდი „მანსანკანში“ და შესაბამისად, რაღაც დოზით, მაინც გავხდი მსახიობი.

– ახლა რა ადგილი უჭირავს ამ პროფესიას თქვენს ცხოვრებაში?

– კოვიდის დროს ვითამაშე ფილმში და სამწუხაროდ, მას შემდეგ აღარ მქონია შეხება ამ პროფესიასთან. ისევ სწავლის გაგრძელება გადავწყვიტე. მეღვინეობის მიმართულებით წავედი მაგისტრატურაზე და პარალელურად, უკვე 6-7 წელია, რესტორატორის პროფესიას ვითავსებ. აქედან გამომდინარე, დროის დიდი ნაწილი რესტორანს მიაქვს.

– დედა მადონა კოიძეა, რომელსაც მთელი საქართველო იცნობს. ზოგს ძალიან უყვარს, ზოგს – პირიქით. როგორია დედის ამპლუაში?

– დედების ჩემპიონატი რომ არსებობდეს, მსოფლიოს ჩემპიონი იქნებოდა, სუპერდედაა. საკმაოდ მძიმე სამსახური აქვს, ემოციურად რთულია და ენერგიასაც ძალიან დიდს მოითხოვს. ამის მიუხედავად, ცდილობს, ჩვენც მაქსიმალურად მოგვაქციოს ყურადღება, მაგრამ მომხმარებლის შემდეგ, რა თქმა უნდა (იცინის). სამსახურის თემებს მაქსიმალურად გარეთ ტოვებს. სახლში რომ შემოდის, ამაზე აღარ საუბრობს. ოჯახში ყველა ასე ვართ, ვცდილობთ, ერთმანეთს მივაქციოთ სათანადო ყურადღება – ეს ჩვენი ოქროს წესია.

– ბევრს წარმოუდგენია, რომ სახლში ძალიან მკაცრი იქნება. ასეა?

– საკმაოდ მკაცრია, მაგრამ ჰუმანურიც. ტყუილად არ დაიწყებს ჩხუბს. ობიექტურად შეიძლება, გამოთქვას პროტესტი.

– როცა ბავშვი იყავით, მაშინ როგორ იყო?

– სიმართლე გითხრათ, ჩვენს ურთიერთობას დიდი ცვლილება არ განუცდია. ბავშვობაშიც მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. ვიცოდით, რას გვაპატიებდა და რას – არა. შესაბამისად, წესებს არ ვარღვევდით. მაგალითად, სწავლასთან პრობლემები არ უნდა გვქონოდა. ისე, სახლში „სახალხო კონტროლი“ ყოველ 15 წუთში გვაქვს. ყველაფერი ყოველთვის წესრიგში უნდა იყოს (იცინის).

– რაში გამოიხატება ეს?

– მხოლოდ დეზობარიერების რაოდენობას გეტყვით: სადარბაზოს შესასვლელთან გარეთ, სადარბაზოს შესასვლელთან შიგნიდან, ჩვენი სახლის კართან ორივე მხრიდან და „გარაჟის“ კარის წინ და შიგნით. რა თქმა უნდა, მუდმივად სითხეებს ასხამს, რომ სახლში ბაქტერიები არ შემოვიდეს. ჩვენთან სულ ასეა (იცინის).

– რა ხდება, თუ სახლში ნივთები აურიეთ, არ გარეცხეთ და ასე შემდეგ? თუ თქვენთან ასე არ ხდება?

– კი, უფრო არ ხდება (იცინის). პატარებმაც კი იციან, რომ ყველა ნივთს თავისი ადგილი აქვს. პატარა დისშვილები მყავს და ჩვენთან რომ მოდიან, მაგალითად, ჭამის დროს, ნამცეცები თუ დაეყარათ დაბლა, რომ დაასრულებენ, თვითონვე აწესრიგებენ, მიუხედავად იმისა, რომ 6-7 წლისები არიან. უფროსები, თავისთავად, მიჩვეულები ვართ წესრიგს. არც სახლში უნდა ვინმეს პრობლემები ქალბატონ მადონასთან (იცინის).

როგორი ემოციები აქვთ, როცა იგებენ, ვინ არის დედათქვენი?

– პირველ რიგში, ყველა დადებით ემოციებს გამოხატავს, 99 პროცენტს უხარია, რომ იგებენ და მადლობას მეუბნებიან, რომ ასეთ საქმეს აკეთებს. განსაკუთრებულ სიყვარულს ბავშვები გამოხატავენ. ჩემი მეგობრის შვილებიც რომ იგებენ ხოლმე, დედაჩემია, მასზე ისე მელაპარაკებიან, როგორც სუპერგმირზე. სიმართლე გითხრათ, ეს ყველაფერი ძალიან მიხარია. სასიამოვნო მოსასმენია და მეამაყება, თუმცა ამის აფიშირებას ვერიდები. ისიც უთქვამთ, რომ ეშინიათ მისი, თუმცა, უფრო უყვართ და მადლობელობლები არიან. ბევრს უთქვამს, მისი დამსახურებით, შეგვიძლია, ცოტა მშვიდად შევიყვანოთ ბავშვები კვების ობიექტებშიო.

მინდა, გითხრათ, რომ საკმაოდ სტუმრიანი ოჯახი გვყავს და ჩემი ახლობლების ძირითადი ნაწილი ჩვენთან ნამყოფია, შესაბამისად, მადონას პირადად იცნობენ და კარგად იციან, როგორიცაა. სანამ სტუმრები მოვლენ, მადონამ ათჯერ მეტი საჭმელი უნდა გააკეთოს და ათჯერ მეტად უნდა დაალაგოს. ძალიან ბევრი რამის მომზადება იცის ხოლმე.

– როგორი მზარეულია?

– ძალიან კარგი. ამ მხრივ, ბავშვობიდან განებივრებული ვარ. სამსახურიდან გამომდინარე, როცა დრო ჰქონდა, ყოველთვის ძალიან გემრიელად ამზადებდა. დღესასწაულებზე, მით უმეტეს, ყველა ძირითად კერძს აკეთებდა და აკეთებს, ძალიან კარგადაც გამოსდის.

ყოველთვის ძალიან აქტიურია. მისი ტემპი გამორჩეულია. ვინც მის გვერდითაა, ავტომატურად უწევს ცხოვრების ტემპის მომატება. ყველაფერში სწრაფია: ჩქარა დადის, ჩქარა ამზადებს, სწრაფად ასუფთავებს და ასე შემდეგ. ნერვები ეშლება, თუ სხვა მის ტემპს ვერ მიჰყვება (იცინის).

– ხასიათით ჰგავხართ ერთმანეთს?

– ალბათ, 97 პროცენტით ვგავართ (იცინის).

– მგონი, ერთ-ერთ „მანსანკანზე“ ერთადაც მონაწილეობდით...

– ერთ-ერთ გუნდს ცნობილი სახე უნდა დაემატებინა და დედა დაიმატეს. იმ წელს ის გუნდი ჩემპიონი გახდა. ასე რომ, დედაც საქართველოს ჩემპიონი გამოდის „მანსანკანში“. არა მარტო მე, ორივეს გვაქვს ჩემპიონის სტატუსი. უბრალოდ, მე ორგზის ჩემპიონი ვარ (იცინის). საინტერესო იუმორი აქვს. იშვიათად თუ იხუმრებს, მაგრამ თუ იტყვის, მაგარს იტყვის. იყო პერიოდი, ხუმრობებს ვწერდი „მანსანკანისთვის“, შემდეგ რამდენიმე ტელევიზიაში ვმუშაობდი იუმორისტულ გადაცემებზე და ჩემს დაწერილ ხუმრობებს დედას ყოველთვის ვუკითხავდი.

ოდნავაც თუ გაეღიმებოდა, ესე იგი, ძალიან მაგარი ხუმრობა იყო. ასე ვტესტავდი (იცინის). ოდნავ გაღიმებაც საკმარისია, მისი მაგრად გაცინება ძალიან რთული ამბავია (იცინის). ემოციებს ნაკლებად გამოხატავს, უფრო ქმედებებით გაგრძნობინებს, რაც საჭიროა.

– როგორი დედამთილია, მკაცრი არ არის?

– ფანტასტიკურია. საერთოდ არ არის მკაცრი. ოფიციალურად ახლახან დავოჯახდი, თუმცა დედა ჩემს მეუღლეს უკვე დიდი ხანია, იცნობს და არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ. სულ ტელეფონზე საუბრობენ, იდეებს ცვლიან. ცოტა ხანში ქორწილი გვაქვს და ერთად ვგეგმავთ.

– თქვენი მეორე ნახევარი, თავიდან, ალბათ, ცოტას ნერვიულობდა, სანამ ქალბატონ მადონას გაიცნობდა.

– პირველ შეხვედრამდე ნერვიულობდა, მაგრამ პირველი შეხვედრის შემდეგ უკვე მეგობრები იყვნენ.

– თქვენი ოჯახი...

– მეუღლე გახლავთ გალინა ლაბაძე. მისი ოჯახი წარმოშობით სოხუმიდანაა. რუსეთში დაიბადა და შემდეგ ოჯახით საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად. გალინა ერთ-ერთი სეირნობის დროს ბევრ ძაღლთან ერთად დავინახე. მე ძაღლების ძალიან მეშინია. შევეცადე, გამეცნო ძაღლების გარეშე, მაგრამ მარტო არ დადიოდა (იცინის). ექვსი თვის შემდეგ გავიცანი. გადავწყვიტე, რომ ძაღლების არ უნდა შემშინებოდა. მივედი, მოვეფერე მის ძაღლებს, გავიცანი და გასასეირნებლად გავყევი. ახლა ძაღლების აღარ მეშინია, მე ვაჭმევ და ვასეირნებ (იცინის). ჩემს მეუღლეს ძალიან უყვარს ძაღლები. მიტოვებული ძაღლები შეიკედლა, პატარა თავშესაფარი აუშენა, ერთ-ერთს ოპერაცია გაუკეთა და უვლის.

ოფიციალურად უკვე მოვაწერეთ ხელი და ზაფხულისთვის ქორწილსაც ვგეგმავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №14

7–11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა