შოუბიზნესი

რა სასწაული მოხდა ანი გიუნტერის ოჯახში დედის საოცარი გადაწყვეტილების შემდეგ

№15

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 19.04, 2022 წელი

ანი გიუნტერი
დაკოპირებულია

მესამე თვალი, ძლიერი ინტუიცია და წინათგრძნობა არის ის, რაც ადამიანს იმაზე მეტის დანახვაში ეხმარება, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ამ თემაზე საკმაოდ საინტერესო ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს ტელეწამყვან ანი გიუნტერს და მას ჩვენს მკითხველს უზიარებს.

ანი გიუნტერი: ყოველთვის მაინტერესებდა, რა იმალებოდა იმის უკან, რასაც მთელი ცხოვრება ვგრძნობდი. კონკრეტულად – რა არის ის, რის გამოც ჩვენი ვარაუდები მართლდება. წლები დამჭირდა, უამრავი ნაშრომი გადავიკითხე, ტრენინგები გავიარე, თანამედროვე ქოუჩების განხილვებს ვუსმინე, რომ მარტივი ჭეშმარიტებისთვის მიმეგნო, რაც ახლა ჩემი ცხოვრების კრედოა – ჩვენ თვითონ ვქმნით ჩვენს რეალობას ჩვენი ფიქრებით.

შენ რომ რამეში ეჭვი შეგეპარება, დამთავრდა, ეს სიგნალია და მართლაც ისე ხდება, როგორც შენი ეჭვი გკარნახობდა. მაგალითად, ხშირად ამბობენ ხოლმე, „ზუსტად ვიცოდი, რომ ეს ადამიანი არ გამომადგებოდა“ – ადამიანზე ამას რომ გაიფიქრებ, ის აუცილებლად მოიქცევა ისე, რომ შენი ფიქრები გაამყაროს. გაფიქრებიდან რეალობამდე ძალიან პატარა მონაკვეთია. საკმარისია, გაიფიქრო და ყველაფერი გიხდება. როგორც კარგი, ისე ცუდი. „ხომ ვამბობდი, რომ ქმარი მიღალატებდა, მე ამას ვგრძნობდი“ – ადამიანი თუ სულ ამას იმეორებს, შესაბამის პროგრამას წერს. „ვიცოდი, რომ მომატყუებდნენ, ვგრძნობდი, რომ არ დამაფასებდნენ“ – ასე თუ ფიქრობთ და მუდმივად ამას იმეორებთ, აუცილებლად ასე მოხდება და ეს რეალობა თქვენივე შექმნილი იქნება.

პირადად მე ვერასდროს დავუშვებ, რომ ან მიღალატებენ, ან მომატყუებენ, ან უსამართლოდ მომექცევიან. ამიტომაც მსგავსი რამ ჩემს შემთხვევაში მინიმუმამდეა დასული. მეგობრები მთელი ცხოვრება მაფრთხილებენ, ზედმეტად მზრუნველი ხარ, ზედმეტად მფლანგველი ხარ, ზედმეტად გულღია ხარ, შენი სიკეთით აუცილებლად ისარგებლებენო და ამის მიუხედავად, ადამიანებთან ურთიერთობების შიში არასდროს მქონია. მათ შორის, არც წარუმატებელი ურთიერთობის შემდეგ. თუნდაც ოჯახის დანგრევა იყოს: ის, რომ ერთხელ დასრულდა, შეიძლება, ეს ნაბიჯი მეორედაც წარუმატებელი აღმოჩნდეს – სტერეოტიპია. მაგრამ თუ ასე იფიქრებ, ასეც მოხდება.

მესამე თვალი ნამდვილად არსებობს, პირადად მე ძალიან მაქვს გამახვილებული ინტუიცია. ეს უნარი ან გაქვს, ან არა, თუმცა მისი გამომუშავებაც შესაძლებელია.

– როგორ?

– მესამე თვალი კი არა, ადამიანს რომ შეეძლოს, ორივე თვალი ბოლომდე გაახილოს, ბევრი რამ გაცილებით უკეთ იქნებოდა. სამყარო იმის რეზონანსია, როგორც შენ გრძნობ. მე ვქმნი ჩემს ბედნიერ ვიბრაციებს და მერე ჩემ გარშემო ყველაფერი სასიკეთოდ იცვლება. მაშინაც კი, როცა ერთი შეხედვით, არაფერი არ არის ისე, როგორც მე მინდა, მაინც ვცდილობ, გავიხარო და ამის მიზეზი ძალიან მცირე დეტალებში დავინახო. რამე ცუდი რომ მოხდება და ხასიათი გაგიფუჭდება, მერე ყველაფერს უიმედოდ უყურებ. არადა, ამ დროს უნდა გაიხსენო, რომ ცუდი ამბები ცუდს იზიდავს, კარგი კი კარგს. მესამე თვალი ადამიანში კარგის დანახვის უნარს ნიშნავს, ეს კარგი კი ათასჯერ უფრო კარგად მოგიბრუნდება. სხვა თუ ცუდს ხედავს, ის კარგ შედეგს ვერ მიიღებს. მარტივი მაგალითი ავიღოთ: ორი ადამიანი შედის სასახლეში. ერთი ხედავს არაჩვეულებრივ დიზაინს და ძვირფას ძველებურ ნივთებს, მეორე კი მტვერს. რომელ მესამე თვალზეა ლაპარაკი – ჩვენ იმას ვხედავთ, რაც გვინდა და მერე ყველაფერი ისე მიდის, როგორც ჩვენ ვხედავთ. კონკრეტული ადამიანის შესახებ თუ გვექნება წარმოდგენა, რომ ის ძალიან ყურადღებიანი, კეთილი და საიმედოა, ასეთიც იქნება ჩვენ მიმართ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ უსამართლობაზე რეაქცია არ ექნება. მაგალითად, რამეზე სამართლიანი პრეტენზია რომ გამომითქვამს, ვიღაცას მოუწერია: ქალბატონო ანი, ერთ წუთში დამემსხვრა თქვენზე წარმოდგენა. სულ ვფიქრობდი, რომ ასეთი კეთილი არ იქნებოდითო. გამეცინა და მინდოდა მიმეწერა, ასე რომ ფიქრობდით, ამიტომ გამოიწვიეთ ეს დამოკიდებულება-მეთქი.

ახლა მსოფლიოში ისეთი მდგომარეობაა, წარმოუდგენელია ამაზე თვალი დახუჭო და მარტო ყვავილებსა და პეპლებზე ისაუბრო. არც ასეთი ადამიანების მესმის. თუმცა, ეს არ არის ყოველდღიურობა. აი, უკრიანელებს რომ შეხედოთ და მე დედაჩემის მაგალითიც ხშირად მომყავს, მათ რეალობაში შეიძლება, მართლა გაგიჟდე, მაგრამ ისინი იმედიანად არიან – გაივლის, ჩვენ აუცილებლად გავუძლებთ. ეს მიდგომა რომ არ ჰქონოდათ, ამდენ ხანს ვერ გაძლებდნენ.

ჩემთვის შოკის მომგვრელი იყო დედაჩემის მაგალითი. შვილი ჰყავდა საავადმყოფოში, კომაში იყო და დედა ამბობს: არა უშავს, შევცვალოთ რაღაც, ბავშვი წამოიყვანე, ვითამაშოთო. გავგიჟდი – რა დროს ეს იყო. ეს 12 წლის წინ მოხდა. ვკითხე კიდეც – დედა, როგორ გაქვს ამის ძალა-მეთქი?! კომა არის მდგომარეობა, როცა არაფერი იცვლება და ადამიანის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. დედა კი უცებ ამბობს, მოდი ბავშვი წამოვიყვანოთ. სიტუაცია რომ შეიცვლება და სახლი ამოძრავდება, ისიც ამოძრავდებაო. იცით რა მოხდა? მეორე დღეს რომ მივედი, ჩემი და აპარატიდან იყო მოხსნილი. გონს იყო მოსული და მაწონს ჭამდა, ეს არასდროს დამავიწყდება. ადამიანი აპარატზე იყო შეერთებული, მაგრამ როცა მდგომარეობა შევცვალეთ და მთელი ოჯახი ისე ვიქცეოდით, თითქოს უკვე ყველაფერი გამოსწორდა, მართლა ყველაფერი შეიცვალა. ოღონდ ის კი არა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ახლა ცუდად არის, მაგრამ გამოსწორდება. უნდა დაიჯერო, რომ უკვე კარგად არის და ასეც იქნება.

სამყაროსთვის სულ ერთია, რაზე ნერვიულობ – ასეთ მძიმე მდგომარეობაზე თუ გაფუჭებულ ლაინერზე, ენერგეტიკა ორივეს უარყოფითი აქვს. რა თქმა უნდა, რაღაც ძალიან დიდზე და მძიმეზე რომ ჩაიციკლები, ეს გაცილებით ამძიმებს ენერგეტიკას, მაგრამ კრედიტის გადაუხდელ ხუთ ლარზე ჩაციკვლაც ძალიან მოქმედებს. ადამიანებმა ყველაზე უკეთ უნდა ვისწავლოთ ორივე თვალის გახელა და დავინახოთ ის, რის გამოც მადლიერი უნდა ვიყოთ. დაგაგვიანდათ დილით სადმე? არა უშავს. იფიქრეთ: უი, რა კარგია, გამოვიძინე! დაიწვა ქვაბი? – უი, რა კარგია, ახალი გვექნება. მე უკვე ჩემი შვილებიც იმავეს მეუბნებიან. სახლში რაღაც გაფუჭდა? – რა კარგია, ბათუმში წავალ და ორი კვირა დავისვენებ. წონაში მოვიმატე? – მშვენიერია, სულ მინდოდა, მევარჯიშა და ახლა სხვა გზა არ მაქვს... ასეთი აზროვნება მე უკვე ჩვევაში მაქვს.

– დედას ისეთი მაგალითი მოუცია, რომ ეს, ალბათ, მთლიანად მისი დამსახურებაა.

– ბებიაც სამაგალითო იყო ჩემთვის და მამაც. ჩვენს ოჯახში არანორმატიულ ლექსიკას ვერ გაიგონებდით. ათი წლის მეზობელი ბიჭი გვყავდა, რომელმაც არც თუ ისე კარგი სიტყვა გამოიყენა ჩვენს სახლში და ეს მამაჩემისთვის იმდენად მიუღებელი იყო, რომ ის ბავშვი ჩვენთან აღარ შემოდიოდა. სერიალ „მუსკულებშიც“ კი სერია დაწერეს მხოლოდ იმიტომ, რომ მე შემეგინებინა. ოც წლამდე ეს სიტყვა არ ამოსულა ჩემი პირიდან. ჩემი ოჯახი ყოველთვის მოსიყვარულე ადამიანების ერთიანობის მაგალითი იყო. სხვათა შორის, მამა დედაზე შვიდი წლით უმცროსი იყო. იმ დროისთვის ეს იგივე იყო, ახლა რომ ოცი წლით ახალგაზრდა მეგობარი გყავდეს. მეც ასეთი ვარ, სულ ახალგაზრდა მეგობრები მყავს. ამ ენერგეტიკას მეგობრებისგან ვიღებ. ახალი სიცოცხლე და ენერგია მასაზრდოებს და მაბედნიერებს. ბებიას გავიხსენებ, მას არასდროს უთქვამს სხვაზე ცუდი სიტყვა და არავინ გაუჭორავს. საქმეს რომ აკეთებდა, სულ გალობდა და ღიღინებდა. ცუდი აზრი რომ მოგივა გონებაში, მისი ასე, უბრალოდ დავიწყება არ გამოდის, მაგრამ შენი აზრები თავიდან უნდა გადაწერო, ეს ნამდვილად შესაძლებელია. როცა გეუბნებიან, ცუდზე არ იფიქროო, არასწორია, სწორია – ცუდი ფიქრები კარგი აზრებით ჩაანაცვლო. თუ ფიქრობ, რომ სამსახურში არ გაფასებენ, მაშინვე იწყებ ფიქრს, რომ პირიქით, ძალიანაც გაფასებენ, რომ შენ ნამდვილად გამორჩეული ხარ. როგორც კი ეჭვი გაგიჩნდება, მაშინვე უნდა დაიწყო ამ ინფორმაციის საპირისპიროთი ჩანაცვლება. ბებიას მაგალითიც იმიტომ მოვიყვანე, რომ მას ცუდზე ფიქრისა და ლაპარაკის დრო არ ჰქონდა, მას გალობითა და სიმღერით ანაცვლებდა. რაც არ უნდა მომხდარიყო, ცუდს ვერ ათქმევინებდი. ერთხელ, ჩემი თაყვანისმცემელი ამოძვრა ჩვენს აივანზე რომეოსავით. მაშინ 19 წლის ვიყავი. ჩემი მეზობელი, ჩემი საუკეთესო მეგობარი, როგორც ყოველთვის, იმ დროსაც მეჭორავებოდა. ამ დროს ამოვიდა ბებიაჩემი და ვზივართ ჩვენ ჩახუტებულები. უი, ნინო, შენ ხარო, ეუბნება ბებია ჩემს მეგობარს, თითქოს იქ სხვა არავინ იყო. მართლა არ უნდოდა იმ ბიჭის დანახვა და არც ის ჩააგდო უხერხულ მდგომარეობაში და არც საკუთარი თავი (იცინის).

– წინასწარმეტყველური სიზმარი, ხილვა, ძლიერი წინათგრძნობა – ეს მომენტებიც გქონია?

– ძალიან მძიმეა ამის გახსენება, მაგრამ მამაჩემის მკვლელობა მე ისე მძაფრად ვიგრძენი, რომ ჩემი დისგან ამის თქმა აღარ მჭირდებოდა. რომ შემოვიდა, პირდაპირ ვკითხე, გარდაიცვალა-მეთქი? უფრო ადრე, როცა მამა გადიოდა და თქვა, მოვბრუნდე თუ არაო, მე ვუთხარი, მობრუნდი-მეთქი. მერე ჩემს თავს ვკითხე, რატომ ვუთხარი ეს და ეს ფიქრები ჩემგან განვდევნე. ერთადერთი რამის თქმა შემიძლია, ყველაფერს ეშველება სიკვდილის გარდა...

სიზმარს რაც შეეხება, ესეც ჩვეულებრივი ქვეცნობიერია. არაფერია გასაკვირი, რომ ის გიხდება. სხვათა შორის, წუხელ ჩემი ფიტნესინსტრუქტორი დამესიზმრა, ვარჯიშთან დაკავშირებით მეუბნებოდა რაღაცას და როგორც კი გავიღვიძე, მსგავსი შინაარსის ტექსტი მომწერა (იცინის). აქ მთავარი ერთი რამ არის – რა ფორმითაც არ უნდა იყოს შეგრძნებები გამოხატული, ის გეხმარება, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა