შოუბიზნესი

რა საჩუქრებს არ იღებს მაიკო ლაფაჩიშვილი თაყვანისმცემლებისგან და როგორი ექიმია „მის ევროკავშირი“

№45

ავტორი: ქეთი მოდებაძე 21:00 18.11, 2021 წელი

მაიკო ლაფაჩიშვილი
დაკოპირებულია

ულამაზესი ექიმი მაიკო ლაფაჩიშვილი „მის ევროკავშირი 2021-ის“ საამაყო ტიტულის მფლობელი გახდა. როგორ უთავსებს ექიმობას წარმატებულ სამოდელო კარიერას და მიუხედავად სტრესული სამსახურისა და ღამეების თენებისა, როგორ გამოიყურება ასე საოცრად, ამას თვითონ მოგვიყვება.

მაიკო ლაფაჩიშვილი: რამდენიმე წელია, ვთანამშრომლობ სამოდელო სააგენტო „კატრინთან“, რომლის დამფუძნებელია ეკა მგალობლიშვილი. ეკა ოცი წლის განმავლობაში 25 საერთაშორისო სამოდელო და სილამაზის კონკურსების ფესტივალებისა და მოდის კვირეულების წარმომადგენელი და ჟიურის წევრია მსოფლიო მასშტაბით. რაც შეეხება კონკურსს „მის ევროკავშირი“, ერთი კვირით ადრე შევიტყვე, რომ ბუდაპეშტში მივემგზავრებოდი და ეს ჩემთვის ძალიან მოულოდნელი და სასიხარულო ამბავი იყო. ფინალში 22 ქვეყნის წარმომადგენელი ვიყავით და დიდი პასუხისმგებლობა მქონდა.

– რა დაგჭირდა ამ კონკურსზე გამარჯვების მოსაპოვებლად?

– ძალიან დიდი ძალისხმევა. ყურადღება ექცეოდა ყველაფერს. სილამაზის კონკურსზე ყველა კარგი გარეგნობისაა. იქ ყველა ლამაზი და მოვლილია, მაგრამ გარეგნობასთან ერთად, დიდი ყურადღება ექცევა პიროვნულ თვისებებს, ნიჭს, განათლებას, იმას თუ რამდენად შემდგარი ხარ შენს სფეროში. ჟიურის მხრიდან მე თავიდანვე განსაკუთრებული პატივისცემა ვიგრძენი, მით უმეტეს, როცა გაიგეს, რომ ექიმი ვიყავი. ორი კვირის განმავლობაში ჟიურის წევრები ჩვენთან ერთად ატარებდნენ დროს და შევეცადე, მაქსიმალურად წარმომეჩინა ჩემი პიროვნული თვისებები. ჩემი აზრით, კიდევ ერთმა ფაქტორმა ითამაშა დიდი როლი ჩემს გამარჯვებაში – კონკურსს ძალიან ცივი ამინდები დაემთხვა. ყველას თხელი კაბა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი გვეცვა, მუდმივად ფორმაში უნდა ვყოფილიყავით, მაკიაჟითა და მოწესრიგებული ვარცხნილობით. ასე გვიწევდა სიცივეში გადაადგილება ბუდაპეშტის ქუჩებში და აბსოლუტურად ყველა გავცივდით. ზოგი მოიწამლა, ერთ-ერთს ყურის ანთება დაემართა, ერთს ფეხი გადაუბრუნდა და ამ გოგონების მკურნალი ექიმის როლი მე შევითავსე. ძალიან თავისუფლად გავუმკლავდი ამ სიტუაციას და ექიმის მოწვევა აღარ დასჭირდათ. ბოლოს „მის ჯორჯიად“ კი არა, დოქტორად მომიხსენიებდნენ (იცინის). მე ვფიქრობ, რომ ამან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჟიურიზე. გამარჯვების შემდეგ, ჟიურის თითქმის ყველა წევრისგან ძალიან საინტერესო შემოთავაზებები მივიღე თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

„მის ევროკავშირი 2021“ გახდი, რა შეგრძნება იყო ამის გაცნობიერება?

– ძალიან ემოციური მომენტი იყო. ბოლო დღეებში ვხვდებოდი, რომ ჟიურის ჩემ მიმართ ძალიან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა და ვფიქრობდი, რომ სამეულში დავიკავებდი ადგილს. ტოპ-ხუთეულში რომ გამომაცხადეს, ჩემთვის ესეც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და უკვე დიდ გამარჯვებად ჩავთვალე, რადგან გვერდით იტალია და გერმანია მედგნენ. სილამაზის კონკურსებზე ხშირად პოლიტიკური გავლენების მიხედვით ხდება ხოლმე გადაწყვეტილებების მიღება და ბოლომდე ვერ წარმომედგინა, რომ ამ ბუმბერაზი ქვეყნების გვერდით პატარა საქართველო რამეს გახდებოდა. თუმცა ბოლომდე ვიბრძოლე და წარმატებამაც არ დააყოვნა. თვითონ უნგრეთსაც ძალიან ლამაზი გოგო ჰყავდა და საუბარი იყო იმაზე, რომ ის გაიმაჯვებდა, მაგრამ პირველი ადგილის მფლობელად „ჯორჯია“ რომ დასახელდა, ვერ აღგიწერთ, რა ვიგრძენი – ეს განცდა მთელი ჩემი ცხოვრება არ დამავიწყდება. იმ მომენტში მივხვდი, რომ ბავშვობის ოცნება ამისრულდა, რომელიც საკუთარი თავისთვისაც კი არ მქონდა გამჟღავნებული. ეს ჩემთვის პირველი კონკურსი იყო, აქამდე გადაღებებში მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ კონკურსში – არა, რადგან პროფესიით ექიმი ვარ, ვფიქრობდი, რომ ეს საჩემო არ იყო.

– ექიმი სამოდელო სფეროში როგორ აღმოჩნდი?

– ძალიან პატარა ასაკში შემთხვევით შევხვდი ერთ-ერთ დიზაინერს, რომელმაც თავის სამოდელო სახლში მიმიწვია და მასთან ვიზაჟისა და დიზაინის კურსები გავიარე. ხატვა კარგად მეხერხება, მაგრამ ბავშვობიდან სამედიცინო სფეროზე ვოცნებობდი. სკოლაში ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე ვიყავი და მასწავლებლებიც მიბიძგებდნენ, რომ ჩემი გონებრივი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამომეყენებინა. ამიტომ, სამოდელო კარიერისთვის დიდი დრო არ დამითმია. სამედიცინოზე ჩავაბარე. სამოდელო სფეროდან გარკვეული იმედგაცრუებებიც მქონდა და ამ სამყაროს სტუდენტობისას ბოლომდე ჩამოვშორდი. თუმცა შემდეგ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ახლა უკვე ჩემი საუკეთესო მეგობარი, რომელმაც შემომაბრუნა სამოდელო კარიერისკენ. ეს არის მარიამ მიქაბაძე და ის აგზავნის ხოლმე ჩემს ფოტოებს ქასთინგებზე.

– ღამის თენება, სტრესი... ამ რეჟიმში როგორ ზრუნავ გარეგნობაზე?

– ცოტა ხნის წინ გავიხადე ეკიპირება, რადგან კოვიდპაციენტებთანაც ვმუშაობ. ალბათ, გენეტიკის დამსახურებაა ჩემი ვიზუალი, თორემ მე ყველაფერს ვაკეთებ, რაც არ უნდა ვაკეთო – ღამეებს თეთრად ვათენებ, ეს სილამაზის პირველი უკუჩვენებაა. ძილი და დასვენება ჩემთვის ძალიან უცხოა. ამ ეტაპზე არანორმალური რეჟიმით ვცხოვრობ, მომავალში ვნახოთ.

– ზოგჯერ ადამიანებს მარტო ვიზუალით აფასებენ. არ გქონია ეს მომენტი?

– კი, ამის გამო სერიოზული წინააღმდეგობა შემხვდა. კოლეგები ხშირად მეუბნებიან, თუ ექიმობას აპირებ, დროა ამ ყველაფერს შეეშვაო. პაციენტები – არა, ისინი მხიარულად მეტყვიან ხოლმე, ექიმს არ ჰგავხარო. კლინიკაში მაკიაჟი არ მიკეთია და პროფესიის შესაბამისად გამოვიყურები, მაგრამ ვიზუალი მაინც თავისას შვება და ყურადღებას ვიქცევ. ამან ერთი პერიოდი დამაკოპლექსა. ჩვენთან ასეა – ლამაზ გოგოს რომ ხედავენ, მის გონებრივ შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებათ. რაღაც პერიოდით უარი ვთქვი მოდელობაზე – ექიმის ლიცენზია რომ ავიღე, პოდიუმს დავემშვიდობე, მაგრამ მერე მეგობრებმა მიბიძგეს ამ საქმეს დავბრუნებოდი.

– თაყვანისმცემლებზეც ვისაუბროთ – ალბათ, პაციენტებიც ხშირად ცდილობენ, ვიღაცები გაგირიგონ.

– ძალიან მკაცრი კრიტერიუმები მაქვს – მომწონს ძალიან მაღალი და ჭკვიანი ბიჭები. ხშირ შემთხვევაში, თაყვანისმცემლები ჩემს კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ და ზოგადად, ძალიან რთულია, ექიმობა პირად ცხოვრებას შეუთავსო. ურთულესი გრაფიკი მაქვს, ისე ვიღლები, ზოგჯერ თაყვანისმცემლისთვის პასუხის მიწერაც აღარ შემიძლია და შეხვედრაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. გარიგების მცდელობები ხშირია და ამაზე ვხუმრობ ხოლმე.

– განსაკუთრებულის პოვნა რთულია?

– როცა ფიქრობ, რომ განსაკუთრებული ხარ, განსაკუთრებულს ეძებ და მისი პოვნა მართლა რთულია. თუ ასეთი ადამიანი გამოჩნდება, მგონია, რომ ურთიერთობა არ გაგვიჭირდება. ძალიან რბილი ხასიათი მაქვს, თბილი ვარ, მაგრამ სამწუხაროდ, დღემდე არ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში სწორი ადამიანი.

– თაყვანისმცემლებისგან სიურპრიზებითა და საჩუქრებით თუ ხარ განებივრებული?

– არის მცდელობები, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, მათი ჩემდამი დამოკიდებულება ბოროტად არ გამოვიყენო და საჩუქრები არ ავიღო. ვარდებზე უარს არ ვამბობ, მაგრამ როცა საქმე ძვირფას საჩუქარს ეხება და მე იმ ადამიანთან ურთიერთობაზე არ ვფიქრობ, მისგან საჩუქარს არ ვიღებ.

– არ გეუბნებიან, რომ ძალიან ბევრს მოითხოვ და მაღალი სტანდარტები გაქვს?

– კი, მეუბნებიან, მაგრამ მგონია, რომ ახლა ბიჭებიც შეიცვალნენ. ჩემი გამოცდილებით, კარგი ბიჭები გოგოს მხრიდანაც ითხოვენ აქტიურობას. მე ეს არ შემიძლია, ბიჭთან არასდროს მიაქტიურია. ყოველთვის მისგან ველოდები პირველ და შემდეგ ნაბიჯებს. შეიძლება, ესეც არის ხელისშემშლელი ფაქტორი ჩემს პირად ურთიერთობაში. კარგი გარეგნობისა და პროფესიულად შემდგარ ბიჭებს, ჩემი არ იყოს, ნარცისული მომენტები აქვთ და იქით ელოდებიან აქტიურობას, რაც მე არ გამომდის (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი