რა ოცნება აუხდინა მამამ მართა რამიშვილს და ვინ დააძლევინა მას სიმორცხვის კომპლექსი
ავტორი: ნონა დათეშიძე 20:00 03.03

13 წლის მართა რამიშვილი უსაყვარლესი მსახიობის, მომღერლისა და ტელეწამყვანის, ლაშა რამიშვილის ქალიშვილია. მამა-შვილის დუეტი, არაერთხელ გაჟღერდა ტელევიზიით, თუმცა მართას დამოუკიდებლად შესრულებულმა სიმღერამ, საზოგადოებაში განსაკუთრებული ემოცია გამოიწვია. მიუხედავად პატარა ასაკისა, ის საკმაოდ ჩამოყალიბებულად მღერის, არაჩვეულებრივი ხმის ტემბრი და დახვეწილი შესრულების მანერა აქვს, რაც მომავალში აუცილებლად მისი წარმატების საბაბი გახდება.
– მართა, რა ასაკიდან დაიწყე სიმღერა? და, სამომავლოდ თუ გაქვს არჩეული პროფესია?
– სხვათა შორის, საკმაოდ მორცხვი ბავშვი ვიყავი უცხოებთან, ახლობლებთან კი – ძალიან ცელქი. თუ ისე არ იყო რამე, როგორც მე მინდოდა, სულ ვტიროდი (იცინის). თუმცა, ძალიან მხიარული ვიყავი. მახსოვს, შევიდოდი ოთახში და ვმღეროდი ჩემთვის. უცხოებთან სიმღერა რომ მერიდებოდა და მრცხვენოდა, ბავშვური კომპლექსი იყო და რაც წლები მომემატა, ეს კომპლექსი დავძლიე. ამაში მშობლები და ახლობლები დამეხმარნენ. დედას და მამას სამსახურში რომ დავდიოდი, ყველა მეუბნებოდა, ეს სიმორცხვე უნდა დაძლიო, გადასარევად მღერიო. დავფიქრდი და მივხვდი, სწორს მეუბნებოდნენ. კომპლექსიც დავძლიე და უფრო თავდაჯერებულიც გავხდი. ასე რომ, პატარა ასაკიდან კარგად ვმღერი, ნიჭიერთა ათწლედშიც დავდივარ, ვსწავლობ ფორტეპიანოზე დაკვრას. ასევე, დავდივარ, „სუხიშვილებში“ ცეკვაზე, ანსამბლ „ლომისში“ და ვოკალის აკადემიაში – სიმღერაზე. ყველა მეკითხება: სკოლის პარალელურად, ამდენ რამეზე სიარულს როგორ ასწრებო (იცინის). მართლია, ძალიან ვიღლები, თუმცა, ვასწრებ – სკოლაშიც კარგი მოსწავლე ვარ და მუსიკას და ცეკვასაც ვასწრებ. სამომავლოდ პროფესია არჩეული მაქვს, მინდა, მამის კვალს გავყვე და მსახიობი და მომღერალი გამოვიდე.
– გამიკვირდა, რომ თქვი მორცხვი და კომპლექსიანი ვიყავიო, რადგან ყველა ვიცნობთ მამაშენს, ლაშა რამიშვილს, რომელიც ურთიერთობებში ლაღი და კომუნიკაბელურია და მისი შვილი მორცხვი, ცოტა უცნაურია.
– მამა, ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვდა ჩემგან და ცოტა მკაცრიც იყო. თუმცა, მისი და დედას დამსახურებაა, რომ სიმორცხვე და კომპლექსი დავძლიე. სხვათა შორის, მამა სულ დაკავებულია, მაგრამ ყოველთვის აქვს დრო შვილებთან საურთიერთოდ. უფროსი და უმცროსი ძმები მყავს, მე შუათანა ვარ. მამა, ძალიან მზრუნველია, სულ გვეკითხება, დღემ როგორ ჩაიარა, რამე ხომ არ გჭირდებათო. ცდილობს, თავისუფალი დრო ოჯახში, ჩვენ გვერდით გაატაროს. რაც არ უნდა დაღლილი იყოს, ბევრი საქმე ჰქონდეს, დროს ყოველთვის გამონახავს ჩვენთან სათამაშოდ, ფილმის საყურებლად, სასეირნოდ... მამა სულ ჩართულია ჩემს ყოელდღიურობაში, ნებისმიერ სიტუაციაში გვერდით მიდგას. რომ ვიცით, სამსახურშია და არ ველოდებით, მოიპარავს დროს, მოირბენს ხოლმე, მე და ჩემს ძმებს ტკბილეულს მოგვიტანს და ისევ სამსახურში გარბის. შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ მამისგან განებივრებული გოგო ვარ. სულ მიკეთებს საჩუქრებსა და სიურპრიზებს. მეგობრებთან ერთად რომ ვარ, შემოიპარება, მოგვიტანს წვენებს და შოკოლადებს და გვახარებს. ჩემი მეგობრები გიჟდებიან მამას სიურპრიზებზე და სულ მეუბნებიან: რა ხალისიანი და კარგი მამა გყავსო და მე მიხდიან მადლობას (იცინის). რომ დაინახავენ მამაჩემს, სასწაული ემოციით ხვდებიან, ყველას უყვარს. თუ უცხო საზოგადოებაში ვარ, არ მიყვარს აფიშირება – ლაშას შვილი ვარ-მეთქი და რომ იგებენ, ყველა ღიმილით ამბობს: აუ, რა მაგარი მამა გყავსო. ამაზე მეტად რა უნდა გამიხარდეს? ნიჭიერთა ათწლედში ფორტეპიანოს გამოცდა მქონდა. უამრავი ადამიანი ესწრებოდა ჩემს გამოსვლას, მათ შორის მუსიკოსები და ჩემი პედაგოგები. მამა რომ დაინახეს ყვავილებით, გადაირივნენ: უი, ამის გოგო ხარ? ვიღაცას გვახსენებდი და აი, თურმე, ვისი შვილი ყოფილხარო (იცინის). მამამ ყვავილები ყველა ჩემს მასწავლებელს დაურიგა.
– ყველაზე დასამახსოვრებელი საჩუქარი-სიურპრიზი რა იყო მამისგან, რასაც არ ელოდი?
– ძალიან მინდოდა, რომ მთელი ოჯახი უცხოეთში წავსულიყავით დასასვენებლად. ერთი თვის წინ, მამამ საჩუქარი გაგვიკეთა და მთელი ოჯახი პრაღაში წაგვიყვანა. იქ შევხვდით შობას და მისი ეს საჩუქარი და ეს დაუვიწყარი მოგზაურობა არასოდეს დამავიწყდება.
სხვათა შორის, იქიდან გერმანიაში წავედით და უბედნიერესები ვიყავით. ასე რომ, მამამ გამორჩეული საჩუქარიც გამიკეთა და ოცნებაც ამიხდინა. ძალიან მანებივრებს და უზომოდ ბედნიერი ვარ, ასეთი ოჯახი რომ მაქვს და ასეთი მამის შვილი ვარ.
– რომ გიყურებ, ფიზიკურად მამას ჰგავხარ, ხასიათებშიც მას დაემსგავსე?
– ვფიქრობ, მამას ფიზიკურადაც ვგავარ, მუსიკალური ნიჭით, მხიარულობით და უჟმური ხასიათითაც (იცინის).
– ლაშა და უჟმური ხასიათი?
– ხანდახან არის მომენტები, როცა ორივე უჟმურ ხასიათზე ვართ, ამაშიც ვუგებთ ერთმანეთს (იცინის). როცა ხასიათზე არ არის, ანეკდოტებს ვუყვები, რომ ხასიათზე მოვიყვანო და გავაცინო. ასე ვცდილობ, განწყობა შევუქმნა და გავახალისო.
– მართალია, პატარა ასაკიდან მღერი და მამასთან რამდენიმე დუეტიც შეასრულე, თუმცა ბოლო დროს შენმა დამოუკიდებლად ნამღერმა ფართო საზოგადოებაში დიდი მოწონება დაიმსახურა. რას გწერდნენ უცხო ადამიანები?
– როგორც მახსოვს, 5-6 წლის ასაკში გამოვჩნდი პირველად, ისე მიმიზიდა დიდმა სცენამ, მაშინ გადავწყვიტე: მე აუცილებლად მიკროფონი უნდა მეჭიროს, ვიდგე სცენაზე და ვიმღერო-მეთქი. მას მერე ბევრჯერ გამოვედი საზოგადოების წინაშე, კონცერტიც მქონდა, მამასთან ერთად სპექტაკლშიც ვთამშობდი და ახლაც ვთამაშობ. ჩემმა ბოლო დროს ტელევიზიით ნამღერმა კი დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ყველა მიწერდა კომენტარებში: ბრავო! მწერდდნენ: კარგი მამის კარგი შვილი ხარ, გენეტიკა თავისას შვრებაო. სხვათა შორის, როცა ქუჩაში მამასთან ერთად მივდივარ, გვაჩერებენ, ყველა გვეფერება, გვიღიმიან. ამას წინათ კი, მამას გარეშე, მეტროთი ვმგზავრობდი და ერთი ქალბატონი მიყურებდა დაჟინებული მზერით, მერე მოვიდა და მითხრა: ახლა მივხვდი, ვინც ხარ, ტელევიზიით მოვისმინე შენი სიმღერა და ძალიან მომეწონაო. ისე გამიხარდა, მთელი დღე გაღიმებულმა ვიარე. ასე რომ, მამას გარეშეც უკვე მცნობენ (იცინის). უდიდესი პასუხისმგებლობა და სიამოვნებაა, როცა ხალხი გცნობს და ეს უდიდეს მოტივაციას მაძლევს, მომავალში მეტი და მეტი გავაკეთო. სხვათა შორის, სულ მალე, ჩემი სიმღერის რადიოპრემიერაც იქნება.
– გარდატეხის ასაკში, იოგებზე დატვირთვა-დაჭიმვა არ შეიძლება და ხმას განსაკუთრებული გაფრთხილება უნდა, როცა ადამიანი სასიმღერო კარიიერას უმიზნებს. ამ მხრივ, რაიმე შეზღუდვა ხომ არ გაქვს?
- დიახ, ისეთი ასაკი მაქვს, ხმაზე დატვირთა არ შეიძლება და თავს ვუფრთხილდები. სამი წლის წინ, როცა სიმღერაზე შევედი, პირველ ხმაში დამსვეს, შემდეგ წელს, მეორეში გადამიყვანეს და წელს – მესამე ხმაში, ანუ დროებით ბანში, რომ ხმას დიდი დატვირთვა არ მივცე. მამა სულ მეუბნება, არასოდეს დანებდე, როცა მიზანს დაისახავ, ყველაფერი გააკეთე, რომ იმ მიზანს მიაღწიო, არაფრის შეგეშინდეს, ხომ იცი, გვერდში ამხელა ოჯახი გიდგავართ და წელგამართულა იარეო. მეც ვხვდები, რომ ჩემს უკან უდიდესი ძალა დგას, მამიკოს, დედიკოს და ორი ძამიკოს სახით და არაფრის მეშინია, თამამად გადავდგამ ნაბიჯებს. ჩემი მშობლები არჩევანში არასოდეს მზღუდავენ. მე კი ყოველთვის გავითვალისწინებ მათ რჩევას, ვიცი, არასოდეს მომაქცევენ მათი გავლენის ქვეშ. ისინი, ყოველთვის ფარად მედგებიან და მათ რჩვებზე დაყრდნობით გადავდგამ ჩემს ყველა სამომავლო ნაბიჯს. ჯერ ყველაფერი წინ მაქვს. ძალიან ბედნიერი ვარ და მინდა, ეს ჩემი ბედნიერება მთელი ცხოვრება გაგრძელდეს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან