რა ოცნება აიხდინა თეონა წიწაკიშვილმა და რატომ გაუშვა მან ბევრი ადამიანი თავის ცხოვრებიდან
ავტორი: ქეთი კაპანაძე 21:00 08.02
![თეონა წიწაკიშვილი თეონა წიწაკიშვილი](/files/2025/02/06/12424/teona-tsitsakishvili_w_h.jpeg)
წარმატებული მოცეკვავე თეონა წიწაკიშვილი Spice T-ის სახელით და ახალი ამპლუით მოგვევლინა – მან ბავშვობის ოცნება აიხდინა და სიმღერა დაიწყო.
თეონა წიწაკიშვილი: გასული წლიდან ჩემს ცხოვრებაში ძალიან კარგი ამბავი დაიწყო, ბავშვობის ოცნება ავიხდინე. მახსოვს, მაშინ ჩემმა დამ მკითხა, რა გინდა, გამოხვიდეო და მოცეკვავესა და მომღერალს შორის არჩევანი ვერ გავაკეთე. საბოლოოდ, მაინც მოცეკვავე-მეთქი, ვუპასუხე, მაგრამ სიმღერის სურვილი სულ თან დამყვებოდა. ჩემი და მომღერალია, ჩემი ძმა უკრავს და მღერის, მე ვცეკვავ და ამიტომ გასაკვირიც არ იყო, რომ ამ სამყაროსთან ახლოს ვიყავი.
მე ყოველთვის ძალიან მიყვარდა სიმღერა და ის ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის იყო. რამდენჯერმე ვოკალის სწავლაც დავიწყე პედაგოგთან, მაგრამ მალევე დავანებე თავი. სიმღერების დამუშავებას ვიწყებდი, მაგრამ ბოლომდე ნაკლებად მიმყავდა საქმე. იმიტომ არა, რომ არ მინდოდა, უბრალოდ, აქამდე ვერ აიწყო საქმე ისე, რომ ბოლომდე მიმეყვანა და სიმღერა მხოლოდ ჩემს ჰობად რჩებოდა.
ამ კუთხით სერიოზულად ფიქრი ცოტა ხნის წინ დავიწყე. ჩემი და ვოკალის პედაგოგია და მასთან დავიწყე სწავლა ძალიან აქტიურად. დავიწყე ვარჯიში და იმდენად მოვინდომე, რომ სიმღერას ცეკვაზე მეტი დრო დავუთმე. ადრე ყველაფერი პირიქით იყო. სიმღერის დაწერა, ჩაწერა და კლიპის გადაღება – ეს ამ საქმის განუყოფელი ნაწილია და ამ მხრივაც გავაქტიურდი. ჩემი, უკვე ყოფილი მეუღლე მუსიკას წერს. მას რომ ვესაუბრებოდი ამ თემაზე, მითხრა, რომ მე თვითონაც შემეძლო, დამეწერა. მან მიბიძგა ამისგან. მანამდე ორ სიტყვასაც ვერ გავრითმავდი ჩემით. მეგონა, ამის ნიჭი არ მქონდა. სხვის ინგლისურენოვან ტექსტებს რომ ვრითმავდი, მითხრა, რად გინდა სხვისი, მოდი თვითონ დაწერეო. ასეთ რამეს ვერც წარმოვიდგენდი. იმდენად სერიოზულად მივუდექი ამ საკითხს, რომ ერთ დილას დავჯექი, ჩემს განვლილ ცხოვრებაზე დავფიქრდი, პუნქტებად დავყავი და ტექსტად გადმოვეცი ყველაფერი, რისი თქმაც მსურდა, რასაც მივაღწიე, რა რჩევებისა და მესიჯების გაგზავნაც მინდოდა ჩემი მსმენელისთვის. ტექსტი თავისით მოდიოდა. დაახლოებით, სამი დღე ვწერდი. მუზა არ მომსვლია, მე თვითონ მოვიყვანე და ყველაფერი გამოვიდა (იცინის). ჩემს ყოფილ მეუღლეს მუსიკა უკვე ჰქონდა, რაღაცები ჩემებურად წავუმღერე და საბოლოო ვერსია ზუსტად ისეთი შევკარით, როგორიც მინდოდა, რომ ყოფილიყო და ჩავწერეთ „სანოს სტუდიაში“. არ გავჩერებულვარ, სანამ ამ სიმღერას ჩავწერდი, ტექსტების წერაც განვაგრძე და ისევ ვაგრძელებ.
– ამდენი წელია, გიცნობენ, როგორც მოცეკვავეს. როგორც მომღერალს, რა მიზანი გაქვს?
– მომღერალს არა, უფრო არტისტს ვუწოდებ ჩემს თავს, ადამიანს, რომელსაც უყვარს ცეკვა და სიმღერა და საერთოდ, სცენა. მე ცეკვასა და სიმღერას ვაერთიანებ. საკუთარ თავს მომღერალს ნამდვილად ვერ ვუწოდებ. ყველაფერს ახლა ვიწყებ და არ მინდა, ამბიციურად გამომივიდეს. იმასაც ვიტყვი, რომ ჩემი შემოქმედების ძირითადი ნაწილი რეპი იქნება და ვიქნები არტისტი, რომელიც უბრალოდ, თავის ემოციებს, აზრებსა და მესიჯებს ასახავს ცეკვაში თუ სიმღერაში.
– ახალი კუთხით აცნობ ხალხს თავს, ნერვიულობ?
– ვნერვიულობ იმაზე, თუ რატომ მეტ დროს არ ვუთმობ ამ საქმეს, მაგალითად, ერთის ნაცვლად, ორი საათი რატომ არ ვვარჯიშობ, თორემ იმაზე არ ვნერვიულობ, რომ რამე არ გამომივა ან ცუდად გავაკეთებ, ან როგორ შემაფასებენ, ამაზე არ ვფიქრობ. მე მჯერა ჩემი თავის, მომწონს, რასაც ვაკეთებ და ვერ ვიტყვი, რომ სხვის აზრსა და შეფასებებზე ვარ დამოკიდებული. ისიც ვიცი, რომ ყველას ვერ მოვეწონები, მაგრამ ჩემი მსმენელი მეყოლება. შევეცდები, როგორი ხარისხიც ცეკვაში დავდე, არანაკლები გავაკეთო მუსიკალურ ინდუსტრიაში. რაც შეეხება ერთი სფეროდან მეორეში გადასვლას, ჰიპ-ჰოპის კულტურა მუსიკასაც აერთიანებს და ცეკვასაც. ამიტომ ეს სულ იყო ჩემს ცხოვრებაში. შესაბამისად, არ მაქვს განცდა, რომ რაღაც ძალიან განსხვავებულს ვაკეთებ, თორემ სიახლე, რა თქმა უნდა, არის. ამ სიახლეს დიდი დრო სჭირდება, ესეც გავაცნობიერე, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ცეკვაზე უარს ვამბობ. შეიძლება, რაღაც პერიოდი, ცეკვის მხრივ, ძველებური დოზით ვეღარ განვვითარდე. ყველაფერს თავისი დრო აქვს. არ ვამბობ, რომ აქ განვითარება დავასრულე, მაგრამ იმ დონემდე ნამდვილად მივედი, რომ ცოტა ხანი შემიძლია, დავაპაუზო და საკუთარ თავს უფლება მივცე, სხვა ინტერესებიც გავიფართოო. უკვე არის ამის საშუალება, რადგან სტუდია მაქვს, გაკვეთილებს ვატარებ და ყოველთვის შემიძლია, ჩემს თავზე ვიმუშაო, როგორც მოცეკვავემ.
– მეუღლესთან ურთიერთობა როდის დასრულდა? როგორც ვხვდები, მუსიკალური კუთხით დაშორების შემდეგაც გვერდით გიდგას.
– ერთი წლის წინ დავიშალეთ. უკვე დაშორებულები ვიყავით, როცა სიმღერა დავიწყე. ბავშვის გამო ჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს. მან მუსიკის წერა ჩემამდე დაიწყო და მიზიარებდა თავის შემოქმედებას. მერე, ბუნებრივია, მეც გავუზიარე ჩემი ამბავი და ყველაფერი თავისთავად მოხდა.
– შვილი იმ ასაკში გყავს, რომ განსაკუთრებული გულშემატკივარი უნდა იყოს დედის, რომელიც რეპით დაინტერესდა.
– დენიმ ჩემი ტექსტები ზეპირად იცის. ყველა მეუბნებოდა, მოცეკვავე ხარ და შენი შვილიც მოცეკვავე გაიზრდებაო და ამასობაში რას ვხედავ? თავით არის გადაშვებული მუსიკაში, იდეალური სმენა აქვს. ჯერ სწავლობს და სხვა პრიორიტეტები გვაქვს, მაგრამ მუსიკის დროც მოვა, თუ ეს მის სურვილად დარჩება. ცეკვას რაც შეეხება, სტუდიაში და სარკის წინ არ უნდა, სწავლის პროცესი არ მოსწონს, მაგრამ იმპროვიზაცია ძალიან ხიბლავს.
– ძალიან კარგი ამბავი დაიწყო 2024-ში, მაგრამ ამბობდი, რომ ამ წელს კრიზისი, დამცირება, ღალატი და განსჯაც იყო.
– წინა წელს ჩემს სტუდიაში ცვლილებები მოხდა. ყველაზე გამოცდილი მოცეკვავეები გვერდით აღარ მყავდა, ზოგი სასწავლებლად წავიდა, ზოგი – სხვა გზაზე და ასე შემდეგ. ერთი პერიოდი ძალიან განვიცდიდი, მაგრამ ყველაფერს აქვს პლუსები და ამჯერადაც ეს ვიგრძენი. მივხვდი, რომ ამ ეტაპზე სხვა საქმისთვის ვიყავი საჭირო და ამიტომ მოხდა ასე, ჩემი რესურსი შემეძლო, სხვა მიმართულებით გამომეყენებინა და ასეც მოხდა – სიმღერას დავუთმე დრო.
ზოგჯერ გგონია, რაღაც დამთავრდა, დაინგრა, მაგრამ მალე ხვდები, რომ სინამდვილეში, თურმე, ძალიან მაგარი ახალი ამბავი დაიწყო. გარდა ამისა, ბევრი ადამიანიც გავუშვი ჩემი ცხოვრებიდან. გამომშვიდობება ძალიან მიჭირს და არც ეს ყოფილა მარტივი, მაგრამ ადამიანები მუდმივად ვსწავლობთ და მივხვდი, რომ გარკვეული ტიპის ადამიანებს საერთოდ არ უნდა ეკონტაქტო. სანაცნობო წრე დიდი მაქვს, მაგრამ მეგობარი – არ მყავს. ბევრი მეგობარი არც მჭირდება, რადგან გარშემო ძალიან ბევრი სიყალბეა. ერთი-ორჯერ რომ გიღალატებენ, მერე უკვე მარტივად აღარავის ენდობი, თუმცა, ნორმალური ურთიერთობა ყველასთან შემიძლია.
– პირად ცხოვრებაში შეიცვალა რამე?
– იყო რაღაც მომენტი. მაინც ყველაფერი გამოცდილებაა, ყველა ურთიერთობიდან რაღაცას ვსწავლობ. ამ ურთიერთობამაც მასწავლა. ერთადერთი, რასაც ვნანობ, ისაა, რომ საჯაროდ გამოვაქვეყნე ინფორმაცია ჩვენი ერთად ყოფნის შესახებ. ამ გადმოსახედიდან ვხვდები, რომ იმ მომენტში ფსიქოლოგიურად დასუსტებული ვიყავი და დაუფიქრებლად გავასაჯაროე. ეს დიდი შეცდომა იყო, თორემ ერთი წელი რომ დაშორებული ხარ ადამიანთან, სხვა ურთიერთობა თუ დაიწყე, ამაში გასაკვირი რა არის?! რომ გავასაჯაროვე, ისე გაიკვირვეს, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს, დედამიწის ზურგზე მარტო მე დავშორდი ქმარს და გარკვეული დროის შემდეგ სხვასთან დავიწყე ურთიერთობა (იცინის). მე ჩემი საქმით, პროფესიით გამოვჩნდი, ჰეითი ჩემთვის მიუღებელია, საამისოს არაფერს ვაკეთებ, ამიტომ ვერ მივიღე ამ ტიპის კომენტარები და ამიტომაც ვამბობ, რომ ემოციურად 2024 წელი ძალიან დატვირთული იყო, თუმცა, კარგით დაგვირგვინდა, ბავშვობის ოცნება ავისრულე – სიმღერა დავიწყე და ამიტომ მშვენივრად დასრულდა. 2025 წელი კიდევ უფრო კარგად დაიწყო და ამის გამო ძალიან ბედნიერი ვარ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან