რა მოეხსნა მხრებიდან ნანკა ქოქიაშვილს საყვარელი მამაკაცის პოვნის შემდეგ და რაშია წყვილის იდილიური ოჯახის საიდუმლო
ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00 16.10
რადიოწამვანმა და ჟურნალისტმა ნანკა ქოქიაშვილმა საყვარელ მამაკაცთან თანაცხოვრება სამი წლის წინ დაიწყო, თუმცა ჯვრისწერა ახლახან ჰქონდა და ამბობს, რომ ამ დღეს ბედნიერების ცრემლების გარეშე არ ჩაუვლია. წყვილს, ნანკას და მომღერალ არჩილ ცანკაშვილს, ერთი ქალიშვილი, ნანე ჰყავთ და სულ მალე მეორეს ელოდებიან. ჟურნალი „თბილისელები“ ულოცავთ მათ ურთიერთობის ღვთის წინაშე დაკანონებას და ბედნიერ მშობლობას უსურვებს.
ნანკა ქოქიაშვილი: ძალიან გამიმართლა პირად ცხოვრებაში, მეუღლეში და ადამიანში, რომელიც დღეს ჩემს გვერდითაა. იღბლიანი ვყოფილვარ. ყველა ადამიანის ცხოვრების გარკვეულ ეტაპებზე ვიღაცები გამოჩნდებიან, ვიღაცები ქრებიან... რაც ჩემს მეუღლეს შევხვდი, მივხვდი, ეს სწორედ ის ადამიანია, ვინც გვერდით მჭირდება, ვისთანაც მინდა ყოფნა და ვისთანაც ბედნიერი ვარ.
– სად გაიცანით ერთმანეთი და რამდენ ხანში გადაწყვიტეთ ოჯახის შექმნა?
– ჩვენი გაცნობა უცნაურად მოხდა. ფეისბუქ-მეგობრები ვიყავით. გადაცემა მქონდა ერთ-ერთ რადიოში და როგორც მომღერალი, პირდაპირ ეთერში ჩამერთო. ეს იყო ჩვენი პირველი დიალოგი, რომელიც ოფიციალურად შედგა. გადაცემის მერე საიტისთვის უნდა გამეშიფრა მომღერლის საუბარი, დამეწერა სტატია და დამედო. გაშიფვრის დროს მივხვდი, უფრო ვეპრანჭებოდით და ვეფლირტავებოდით ერთმანეთს და ის ხელჩასაჭიდი ინფორმაცია, რაც რესპოდენტისგან სტატიისთვის უნდა დამეწერა, დამაკლდა. მოკლედ, ამის მერე არჩილმა მითხრა, რადიოში უნდა ამოვიდეო. დავუშალე, მაგრამ მიპასუხა: მე შენთან არ მოვდივარ, მანდ ყველას ვიცნობ და საქმე მაქვსო. მენეჯერი რომ შემოვიდა და მითხრა თქვენთან სტუმარიაო, მივხვდი, რომ ის იყო და ასე მოხდა ჩვენი პირველი შეხვედრა. შემდეგ გაგრძელდა მიმოწერები, შეხვედრები და მალევე გადავწყვიტეთ ოჯახის შექმნა, ბევრი არ გვიფიქრია.
– ანუ, ისეთი ადამიანი აღმოჩნდა, როგორ მამაკაცზეც წარმოსახვაში ოცნებობდი?
– რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, არის ადამიანი, რომელსაც ვენდობი და პირველ რიგში, საუკეთესო საყრდენი. ალბათ, ყველა გოგონას აქვს წარმოსახვა, როგორი უნდა იყოს მისი მომავალი მეუღლე. ჩემი მეუღლე კი ზუსტად არჩილისნაირი წარმომედგინა. რაც არ უნდა პრობლემა შემხვდეს, ზუსტად ვიცი, თუ ვერ გავუმკლავდები, მის გადალახვაში ის დამეხმარება. დამოუკიდებელი რომ ვიყავი, ყველაფერთან მე მიწევდა შეჭიდება, მოგვარება, ახლა არჩილი მიდგას გვერდით და მიადვილებს ყოფას. მხრებიდან მომეხსნა ის დარდი, რომ მარტოს არ მომიწევს გამკლავება და ვიცი ჩემი მეუღლე გამოსავალს ყველა სიტუაციიდან იპოვის. არ დამავიწყდება, ადრე ინტერვიუში მაქვს ნათქვამი, ჩემი მომავალი მეუღლე, სერიოზული და დაღვინებული მამაკაცი უნდა იყოს-მეთქი და ზუსტად ასეთია არჩილი. რომანტიკულიცაა, განსაკუთრებულად იცის ყვავილების შერჩევა და ჩუქება.
– სამი წლის თანაცხოვრების შემდეგ, ახლახან ჯვარი დაიწერეთ და ამ ბედნიერ დღეს თქვენი ქალიშვილიც ესწრებოდა. მანამდე ხელი არ გქონდათ მოწერილი?
– ოჯახი რომ შევქმენით, გავყევით ცხოვრების დინებას და ხელი არ მოგვიწერია. მიმაჩნია, რომ მთავარი ღვთის წინაშე ურთიერთობის დაკანონებაა საჭირო და არა ფურცელზე დასტური, რომ ნამდვილად ცოლ-ქმარი ვართ. ჩემი მეუღლე ლისიონის მამათა მონასტერში გალობს. ამ მონასტრის ეზოში გაიხსნა ღვთისმშობლის შობის ტაძარი. არჩილმა რომ გაიგო, ეს ტაძარი შენდებოდა, მაშინ თქვა, ჩვენ უნდა ვიყოთ პირველები, ვინც ამ ტაძარში ჯვარს დაიწერსო. და ასეც მოხდა – სამი წლის თანაცხოვრების შემდეგ ახალაშენებულ ტაძარში პირველი ჩვენი ჯვრისწერა შედგა. მოკლედ, კურთხევის დღეს, როცა ტაძარი გაიხსნა, პირველი ჯვრისწერა ჩვენი ჩატარდა და უბედნიერესი დღე იყო ჩვენთვის, იმდენად ემოციური, რომ გული ამიჩქარდა და ჯვრისწერის დროს ამეტირა. ძალიან ამაღლებული შეგრძნება ყოფილა საყვარელ მამაკაცთან ჯვრისწერის გააზრება. ასე რომ, ჩემთვის მნიშვნელოვანია, ჯვარდაწერილი ვიყო საყვარელ მამაკაცთან, ვიდრე ქაღალდზე სიყვარული დავაკანონო. ხელმოწერა უბრალო ფორმალობაა ჩემთვის. ასე რომ, არ დაგიმალავთ მინდოდა ჯვრისწერა, რადგან ვცხოვრობდი მამაკაცთან, რომელიც მიყვარს, მყავს შვილი და მეორესაც ველოდები.
– როგორც ვიცი, ჯვრისწერის შემდეგ სუფრა არ გქონიათ, რადგან იმ საღამოს არჩილის სოლო კონცერტი ჩატარდა. ეს ამბავიც ამ დღეს დაამთხვიეთ?
– ჯვრისწერის დღეს, უბრალოდ, დაემთხვა არჩილის სოლო კონცერტი, რომელსაც ერქვა „არჩილი და მეგობრები“ და ახალჯვარდაწერილებმა პირდაპირ „ოტიუმში“ ამოვყავით თავი (იცინის). სცენიდან მომიძღვნა სიმღერა და სამწუხაროდ, ვიდეო ვერ გადავიღე. სხვათა შორის, დიდი ხანი პაუზა ჰქონდა და ცხოვრებისეულ ახალ ეტაპზე რომ გადავედით, შესაბამისად, კარიერულადაც სხვა ეტაპზე გადაინაცვლა – გადაწყვიტა, განეახლებინა თავისი პროგრამა, ახალი სიმღერები ჩაეწერა. მე ჩემი მეუღლის შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ იმდენად კარგი კონცერტი გამოვიდა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ასე რომ, ეს დღე არასოდეს დამავიწყდება და ვხუმრობ ხოლმე: ჩემმა მეუღლემ ჯვრისწერის დღეს კიდევ ერთხელ გამაოცა და სოლო კონცერტი მომიძღვნა-მეთქი (იცინის). ვფიქრობ, გარდა სიყვარულისა, იდილიური ოჯახის საიდუმლო თავად ადამიანის შინაგანი მდგომარეობა და ღირსებაა. როცა შენი შინაგანი მდგომარეობა კომფორტშია საყვარელი ადამიანის გვერდით, იმ ოჯახში ყოველთვის სიმშვიდეა, მიუხედავად ყოფითი პრობლემებისა. როცა არ გაქვს შიში და გაქვს საყვარელი ადამიანის იმედი, იქ ყოველთვის იდილიაა. მე შინაგან ღირსებაში ვგულისხმობ ერთგულებას, დამოკიდებულებას, შეგნებას, რა არის შენთვის ოჯახი და რა მნიშვნელოვბას ანიჭებ. როცა გიხარია ოჯახში მისვლა, რომ იქ მეუღლე დაგხვდება, ბავშვი გამოიქცევა და ჩაგეხუტება და ეს სიამოვნებას განიჭებს, რომელი პრობლემა და ბარიერი შეგაშინებს?!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან