შოუბიზნესი

რა მინიშნებებს აძლევენ სიზმრად ნატა გულიაშვილს გარდაცვლილი ახლობლები და რას ეხვეწებიან მას მეგობრები

№34

ავტორი: ნონა დათეშიძე 16:00 01.09, 2021 წელი

ნატა გულიაშვილი
დაკოპირებულია

მსახიობი, ივენთების წამყვანი და ახლა უკვე, ტელეკომპანია „თრიალეთის“ მთავარი პროდიუსერი ნატა გულიაშვილი, როგორც თავად ამბობს, უცნაური ნიჭით ბავშვობიდან არის დაჯილდოებული. მართალია, ამას გარკვეულ ასაკამდე არ აქცევდა ყურადღებას, თუმცა ახლა ამბობს, რომ იმქვეყნად წასულ, გარდაცვლილ ახლობლებთან გარკვეული კონტაქტი აქვს, მისი ნათქვამიც ხშირად ხდება და სიზმარშიც ბევრი მინიშნება-გაფრთხილება მიუღია. ამას მისი მეგობრებიც ადასტურებენ და ამბობენ, რომ მის წინასწარმეტყველურ ნათქვამს, ყურადღებით ისმენენ და ითვალისწინებენ.

ნატა გულიაშვილი: ბავშვობიდან უცნაური ჩვევები მქონდა, თუმცა ამას არ ვაქცევდი ყურადღებას. სასწაულად მოჭარბებული ენერგია მქონდა, იმავდროულად, როგორც მერე მივხვდი და მაშინ ამას ვერ ვაცნობიერებდი, ბიოდენებიც. ასევე, ბავშვობიდან ვხედავდი უცნაურ სიზმრებს, რომელიც სულ მიხდებოდა. ამ ყველაფერს ვმალავდი, მაგრამ ამ ბოლო დროს ისე შემაწუხა მოზღვავებულმა ენერგიებმა, გადავწყვიტე, ხმამაღლა ვისაუბრო. როგორც გითხარით, ხედვები პატარა ასაკიდან დამეწყო, წინასწარ ვგრძნობდი რაღაცებს, მეგობრებს ვეუბნებოდი – ეს ასე იქნება, ასე მოხდება-მეთქი. არ სჯეროდათ, მაგრამ უხდებოდათ. ჩემი წინასწარ ნათქვამი ზუსტად ემთხვეოდა მომავალში მომხდარ მოვლენებს. ბებიას რომ ვუსვამდი თავზე ხელს, მეუბნებოდა: შენ რომ თავზე ხელს გადამისვამ, თითქოს აღარ მტკივა, კარგად ვგრძობ თავსო. მეც ბავშვურად ვეუბნებოდი: მოდი, ბებო, მე განგკურნავ-მეთქი. კიდევ ვამბობ, ამას მაშინ არ ვაქცევდი ყურადღებას, მაგრამ ამ ბოლო პერიოდში, რაც მამა გარდაიცვალა და მას შემდეგ ოთხი წელი გავიდა, ვხვდები, ჩემი ენერგიები უფრო გამძაფრდა და მას, სწორი მიმართულება უნდა მივცე.

– როგორც ვიცი, მისი გარდაცვალების შემდეგ მამა ხშირად გესიზმრება.

– მამა აპარატზე იყო შეერთებული და ზუსტად აღდგომის დღეს გარდაიცვალა. გასვენების წინა დღეს, პანაშვიდზე, მამის გადიდებულ სურათს, რომელიც კედელზე ეკიდა, თვალიდან ცრემლები წამოუვიდა. პირველად ეს მე შევნიშნე და შოკში ჩავვარდი. საოცრება მოხდა, რადგან ისეთ ადგილას იყო, შეუძლებელი იყო მას წყალი შესხმოდა. მამაოსთან მივიტანე ფოტო, მოვუყევი ყველაფერი და მითხრა: ღმერთს ჰყვარებია, აღდგომა დღეს გარდაიცვალა და სამოთხეშია ახლა, ილოცე მისთვისო. ამის შემდეგ ოთხი წელი გავიდა და კვირაში ერთხელ, ხან ათ დღეში ერთხელ, ყოველთვის მესიზმრება და რასაც მეუბნება სიზმარში, არ არსებობს, მეორე ან მესამე დღეს არ ახდეს. სხვათა შორის, რვეული მაქვს, სადაც ყველაფერი მაქვს ჩამოწერილი, რაც მითხრა, დამესიზმრა და ამიხდა. ასეთი სიზმარი ვნახე: მამამ დამიძახა, ფანჯრიდან გამახედა და მითხრა: ნატა, იქ დედაშენია, სასწრაფოდ ჩაირბინე, ჩქარა, უშველე, გაიქეციო. სიზმარში გავვარდი ქუჩაში, ვეძებდი დედაჩემს და ვერ ვიპოვე. როგორც კი გამეღვიძა, დედას ვუთხარი, ასე დამესიზმრა და გეხვეწები, ფრთხილად იყავი, თავს გაუფრთხილდი, რამე არ მოხდეს-მეთქი. ზუსტად ორ დღეში, ქუჩაში მიმავალი დავარდა და ფეხი და ხელი ისე იღრძო, ექვსი თვით თაბაშირში ჩასმა გახდა საჭირო.

– მხოლოდ გარდაცლილი მამის სიზმრად ნათქვამი გიხდება თუ სხვა გარდაცვლილებისაც?

– ბიძა დამესიზმრა, რომელიც ერთი წლის გარდაცვლილია – მასთან ვიყავი სახლში, დივანზე იწვა და მითხრა: ნატა, ჩვენი მეზობელი მარინა რომ არის, იმას დაუძახეო. რატომ-მეთქი, ვკითხე და მიპასუხა: ჩქარა დაუძახეო. გავედი და ვეძახდი. რომ გამომეღვიძა, ბიცოლაჩემს მოვუყევი სიზმარი. იმ კვირაში მეზობელი მარინა მართლა გარდაიცვალა. ყველა მეუბნება, ალბათ, არხი გაქვს გახსნილი, რისი მეშვეობითაც იმქვეყნად ეკონტაქტები გარდაცვლილ ახლობლებსო. სხვათა შორის, ჩემი დეიდაშვილი რომ გარდაიცვალა, წინა დღეს სიზმარში ვნახე მამაჩემი, ბიძაჩემი, დეიდაჩემი ბაბუაჩემი და ბებიაჩემი – ყველა გარდაცვლილია. ბებია ლოგინზე იწვა, ვეუბნებოდი: ბებო, ადექი, შენ ისე ცუდად არ ხარ, ასე იწვე-მეთქი. მიპასუხა: არა, ბებო, ძალიან ცუდად ვარო. მოკლედ, ყველანი ჩავსხედით მანქანაში და რაჭაში წავედით. რომ გამომეღვიძა, ვერ მივხვდი, რას ნიშნავდა ეს სიზმარი და ზუსტად იმ საღამოს, ჩემი დეიდაშვილი ავარიაში გარდაიცვალა რაჭაში. მოკლედ, მიცვალებულები ხშირად მაძლევენ მინიშნებებს. მინდა, დავეხმარო ადამიანს, მაგრამ არ გამომდის, ჯერჯერობით ვერავის გადარჩენა ვერ შევძელი.

- თავად თუ გაქვს წინასწარმეტყველური შეგრძნებები, რომელიც გიხდება და თავადვე გიკვირს?

– ორი წელია, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მესამე თვალი გამეხსნა. ვერ გეტყვით, ეს ცუდია-მეთქი, პირიქით. წინასწარ ვხედავ ყველაფერს და წინასწარ ვგრძნობ. საკმარისია, ადამიანზე გავიფიქრო და ეგრევე მირეკავს, მხვდება ან მწერს. ამას წინათ ჩემს ოპერატორს ერთ გოგოზე ვუყვებოდი და იმ წამს მომივიდა მაგისგან მესიჯი. კინაღამ, გავაფრინეთ ორივემ (იცინის)! ვმალავდი, არ ვამბობდი, მეშინოდა, ეს ნიჭი არ გაქრეს-მეთქი (იცინის). ინფორმაციულად ვგრძნობ, რა მოხდება, თითქოს ტალღებივით მოდის ჩემამდე ეს ინფორმაცია, რაღაც ძალა მოდის, რაღაც ენერგია და ჩვეულებრივად ვხედავ. ამის მერე საშინელი თავის ტკივილები მეწყება. მეგობრები მყავს ნათელმხილველები, ეზოთერიკოსები და ყველა მეუბნება, შენ გაქვს მესამე არხი გახსნილიო. ერთ-ერთმა პარაფსიქოლოგმა მითხრა: ჩემთან იარე და გასწავლი, როგორ გამოიყენო მოჭარბებული ენერგიაო. სიმართლე გითხრათ, მინდა ამის სწავლა. სხვათა შორის, რაღაც საქმეს რომ წამოვიწყებ, ზუსტად ვიცი, ის საქმე გამოვა თუ არა. ახლახან ერთ-ერთ ტელეკომპანიაში, მიუხედავად დიდი კონკურენციისა, მთავარ პროდიუსერად დამამტკიცეს. მე წინასწარ ვგრძნობდი, რომ ასე იქნებოდა. წყნარად ვიყავი, რადგან ზუსტად ვიცოდი, დამირეკავდნენ და მეტყოდნენ: ნატა, შენ ხარ დამტკიცებული! მოკლედ, კარგი სიზმრებიც მაქვს და ცუდიც, ანუ რასაც ვხედავ, ყველაფერი ერთი ერთში ხდება ჩემს დაქალს ქორწილი უნდა ჰქონოდა და სიზმარში ვნახე, რომ ჩაიშალა – სასიძო მეუბნებოდა, რაღაც პრობლემები მაქვს და ეგ საქმე ცოტა ხნით უნდა გადავდოთო. ჩემს დაქალს მოვუყევი, ასე ვნახე-მეთქი და მართლაც, ჩაიშალა ქორწილი. მეგობრები მეხვეწებიან: გთხოვ, არ დაგესიზმროო (იცინის).

– პირად ცხოვრებაში თუ გეხმარება შენი უცნაური ნიჭი და წინასწარმეტყველური უნარი? ტოტალიზატორში ან კაზინოში თუ მოგიგია ფული?

– მსოფლიო ჩემპიონატებზე დამიდვია ფული და დიდი თანხა მომიგია. მეგობრებსაც ვადებინებ და იგებენ. ბათუმში ვიყავი მეგობრებთან ერთად, ფეხბურთს ვუყურებდით. ვთქვი, მეორე ტაიმში გერმანია ერთით ნულს მოიგებს და ბურთს კარში ბალაკი გაიტანს-მეთქი. ჩემმა მეგობრებმა, ფული დადეს და საკმაოდ სოლიდური თანხები მოიგეს. ადრე „ევროვიზიაზეც“ ტოტალიზატორში იდებოდა ფული, დავდე და მოვიგე. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, რომელი „პაკლონიკი“ როდის ამიხსნის სიყვარულს და რას მეტყვის, ისიც კი წინასწარ ვიცი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი