შოუბიზნესი

რა მეთოდები აქვს ზურა გორგაძეს „ნაღმებით სავსე მორევისგან“ თავის დასაღწევად და რაში ვერ იზღუდავს ის თავს

№40

ავტორი: ქეთი მოდებაძე 22:00 13.10, 2021 წელი

ზურა გორგაძე
დაკოპირებულია

ცხოვრებაში სირთულის წინაშე არაერთხელ აღმოჩენილა, თუმცა, როგორც ამბობს, ფეხზე წამოდგომა არ უჭირს. ძლიერი ფსიქიკა აქვს. მიაჩნია, რომ იღბლიანიცაა, საკუთარი წინათგრძნობაც ძალიან ეხმარება, ფულიც უყვარს და მისი შოვნაც გამოსდის.

ზურა გორგაძე: ფული ვის არ უყვარს, მაგრამ დახამებაც არ მჭირს. საჭიროებისამებრ მიყვარს, მაგრამ საერთოდ, ყოველთვის იმაზე მეტი გვჭირდება, ვიდრე გვაქვს, იმიტომ, რომ მისი გამოყენება ძალიან ბევრ კარგ საქმეში შეიძლება. ასე რომ, მე არ ვარ უარყოფითად განწყობილი ფულის მიმართ (იცინის).

– პრაგმატული ხარ ფინანსებთან მიმართებით?

– არანაირად. ფულთან ძალიან ცუდი დამოკიდებულება მაქვს. ფინანსების სწორად განაწილება მიჭირს და მერე დამატებითი თანხების ძიება მიწევს ხოლმე, ძალიან მფლანგველი ვარ. მომწონს, როცა ადამიანები წინასწარ გეგმავენ საკუთარ ბიუჯეტს, მე ეს არასდროს გამომდიოდა. დღევანდელი დღით ვცხოვრობ და ვცდილობ, ბოლომდე ვასიამოვნო საკუთარ თავსაც და გარშემო მყოფებსაც, ხვალინდელ დღეზე არ ვფიქრობ, მაგრამ ბოლო დროს, რაც უფრო ასაკში შევდივარ და პასუხისმგებლობები მემატება, ვცდილობ, ცოტა უფრო წინდახედული ვიყო. ვხვდები, რომ ზოგჯერ საჭიროა, საკუთარ თავს შემოვულაწუნო (იცინის).

– რაში ვერ ზღუდავ ხოლმე თავს?

– წინა წლებში იყო გართობა და არც თუ ისე კარგი, აზარტულ თამაშებს ვგულისხმობ და ამ თემის გახსენება აღარ მინდა. კარგი გართობისთვისაც ბევრჯერ დამიხარჯავს ფული, მაგრამ ასეა თუ ისე, არ არის სწორი ხელფასის აღების დღესვე სრულად დახარჯვა. თეორიულად არ ვემხრობი, მაგრამ პრაქტიკაში წინააღმდეგობაში მოვდივარ ჩემს დამოკიდებულებასთან (იცინის).

– ისე იღბლიანი ხარ ფულის შოვნის მხრივ?

– ძალიან იღბლიანი ვარ. რა საქმისთვისაც მომიკიდებია ხელი, რა პროფესიაშიც არ მომისინჯავს ძალები, თეატრალურიდან და მსახიობობიდან მოყოლებული და ჟურნალისტიკით გაგრძელებული, ყოველთვის მქონდა სამსახური და თუ რამე დამთავრდებოდა, აუცილებლად გამოჩნდებოდა სხვა. შემოსავლის გარეშე არასდროს დავრჩენილვარ. როცა განვითარებად ქვეყანაში ცხოვრობ, ეს მართლა დიდი იღბალია. ბევრი ადამიანი ვიცი, შრომისმოყვარეა, საქმეში მაქსიმუმს დებს, მაგრამ არ უმართლებს და ფინანსების გარეშე რჩება. მე ამ მხრივ საწუწუნო ნამდვილად არ მაქვს – არაერთხელ აღმოვჩენილვარ საჭირო დროს საჭირო ადგილას.

– ყველაზე სარფიანი დაბანდება და სულელურად გაფლანგვაც გაიხსენეთ.

– რთული კითხვაა (იცინის). სარფიან დაბანდებად საკუთარ თავზე დახარჯული თითოეული თეთრი მგონია. მით უმეტეს, როცა შენი საქმიანობა სცენასა და ეკრანს უკავშირდება, ეს ნიშნავს, რომ რაღაც თვალსაზრისით, საკუთარ თავს „ყიდი“ და თითოეული ლარი, რომელსაც მას ახმარ, შეიძლება, კაპიტალად ჩაითვალოს. აბა, ქონებასთან დაკავშირებული გრანდიოზული შენაძენები მე არ მაქვს და ამ მხრივ, ვერაფერს გავიხსენებ (იცინის). რაც შეეხება ყველაზე სულელურ „დაბანდებას“, მოკლედ ვიტყვი, ეს არის აზარტული თამაშები.

– სამსახურთან და ფინანსებთან მიმართებით წინათგრძნობა კარგად გაქვს განვითარებული?

– ძალიან კარგად, ზოდიაქოთი მორიელი ვარ და ჩვენს ზოდიაქოს ახასიათებს ძლიერი ინტუიცია. იმდენად კარგად მაქვს ეს გრძნობა განვითარებული, ხანდახან ხელსაც მიშლის. ძალიან ხშირ შემთხვევაში, წინასწარ ზუსტად ვიცი, როგორ განვითარდება კონკრეტულ ადამიანთან ურთიერთობა ან რა მოჰყვება ამა თუ ქმედებას. ეს კარგიცაა, შეგიძლია, არასასურველი ფაქტის პრევენცია გააკეთო, მაგრამ ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც შენ ფიქრობდი და შესაძლოა, არასწორი პრევენციაც გამოგივიდეს. თუმცა, უმეტესწილად ჩემი ინტუიცია ამართლებს ხოლმე. ნათელმხილველი არ ვარ, მეც ვცდები, მაგრამ ჩემი წინათგრძნობა 90 პროცენტში მართლდება.

– რა ფორმით გაქვს ეს წინათგრძნობა გამოხატული, მაგალითად, სიზმრის სახით?

– არა, სიზმრები მეზიზღება, თან ძალიან. მის დასავიწყებლად სტრატეგიაც კი მაქვს შემუშავებული. როცა იღვიძებ, თუ კარგი სიზმარი გაქვს ნანახი, კარგი შეგრძნება გაქვს, თუ ცუდი – საშინელი, გახსენდება სიზმრის ფრაგმენტები, რაც გტანჯავს და ცდილობ, სრულად აღიდგინო. ეს ყველაფერი რომ ავირიდო თავიდან, თუ უსიამოვნო შეგრძნებით გამეღვიძა და მივხვდი, რომ ეს ცუდი სიზმრის დამსახურებაა, მაშინვე ვდგები, ფარდას გადავწევ და როგორც კი სინათლეს შევხედავ, სიზმარი მავიწყდება. გამორიცხულია, სინათლის დანახვის შემდეგ, გაგახსენდეს, რა ნახე.

– ნეგატიური განწყობების სხვა მიზეზების თავიდან არიდებას როგორ ცდილობ?

– ჩემი მეგობრებიც ამბობენ და მეც დაკვირვებული ვარ, რომ შინაგანად ძლიერი ადამიანი ვარ და ნეგატივებისა და ცუდი ამბების მარტივად დავიწყება და ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყება შემიძლია. ძალიან ბრძოლისუნარიანი ვარ, წამიერად თუ დამაგდებს რამე, ფენიქსივით ავდგები და კიდევ უფრო მეტი შემართებით გავაგრძელებ წინსვლას. პრობლემებში არ ვიციკლები, ვიღებ, ვაცნობიერებ და გადაწყვეტის გზას ვეძებ. ყველას გვაქვს პრობლემები, მაგრამ ამის გამო არასდროს მქონია დეპრესია. განვიცდი, მაგრამ ასეთ სიტუაციებში მეორე მე იმდენად მებრძოლია, ძალიან მალე სჯობნის პირველს და გამოსავალს პოულობს. მგონია, რომ პრობლემას თვალებში უნდა შევხედოთ. კარგად გავიცნოთ და იმწამსვე დავიწყოთ ფიქრი მისი მოგვარების გზებზე, რომელსაც აუცილებლად ვიპოვით. თორემ თუ ჩაჰყევი, აუცილებლად გეგონება, რომ ნაღმებით სავსე ადგილას აღმოჩნდი და ყოველ წუთს აფეთქებებს იგრძნობ. ეს მორევია, რომელსაც ვერ დააღწევ თავს, თუ პოზიტიურის დანახვა არ ისწავლე და მხოლოდ და მხოლოდ ნეგატივზე კონცენტრირდი. როგორმე უნდა გადაიყვანო ცხოვრება პოზიტიურ რელსზე.

– ჭორებიც გავიხსენოთ – კარგი და ცუდი, რა გსმენია საკუთარ თავზე?

– არ ვარ სკანდალური ადამიანი, მაგრამ ერთი-ორჯერ ჩემდა უნებურად, აღმოვჩნდი ასეთ მდგომარეობაში. ჭორები ბევრია, ამაში გასაკვირი არაფერია. ცუდ ჭორს რაც შეეხება: გახსენება რომ არ მინდა, იმ წარსულში, ჩემს ახლობელს მიუტანეს ამბავი – ზურამ მილიონი წააგოო. ვერ წავაგებდი, არ მქონია ამდენი ფული. ეს ცუდიც იყო და კარგიც, ნეტა მართლა მქონოდა მილიონი (იცინის). კარგს რაც შეეხება, გავიგე, რომ სახლი ვიყიდე და არ ვამხელდი. იმდენად არ შემესაბამება ეს ჭორი, ეჭვი შემეპარა, სხვაზე ხომ არ თქვეს-მეთქი, მაგრამ არც ესაა ცუდი აზრი (იცინის). ილაპარაკონ, იქნებ ენამ უყივლოთ და თუ ვიყიდი, დიდი სიამოვნებით ვიყვირებ (იცინის).

P.S. გამოყენებულია დავით ბანცაძის ფოტო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი