შოუბიზნესი

რა კოზირი უჭირავს ხელში თაკო თომაშვილის სახით სან-რემოს კონკურსზე გიგა კუხიანიძეს და რა შანსები აქვს პატარა მომღერალს

№17

ავტორი: ნონა დათეშიძე 16:00 02.05, 2022 წელი

გიგა კუხიანიძე
დაკოპირებულია

ხუთი წლის ინტერვალის შემდეგ საქართველო საერთაშორისო საბავშვო სიმღერის კონკურსზე, „სან-რემო ჟუნიორზე“ ბრუნდება. ამ კონკურსზე ჩვენს ქვეყანას პროდიუსერისა და მუსიკოსის, გიგა კუხიანიძის საპროდიუსერო სტუდიის – Giga Production-ის, წარმომადგენელი, 11 წლის უნიჭიერესი და ულამაზესი თაკო თომაშვილი წარადგენს. იტალიაში გამგზავრებამდე გიგა კუხიანიძეს დავუკავშირდით და დეტალები გამოვკითხეთ.

– გიგა, იტალიის საერთაშორისო საბავშვო სიმღერის კონკურსზე ჩვენი ქვეყანა პირველად 2017 წელს წარდგა და საქართველოს წარმომადგენელმა, 11 წლის ლიზი წერეთელმა, გრან-პრი მოიპოვა. თუმცა, შემდეგ ამ კონკურსზე ჩვენი ქვეყნის სახელით კონკურსანტი აღარ გამოსულა. ახლა კი, ხუთი წლის შემდეგ, საქართველო კვლავ დაბრუნდა

– ეს კონკურსი, დიდი ხანია, არსებობს, თუმცა ჩვენ მხოლოდ ერთხელ მივიღეთ მონაწილეობა და გრან-პრი ჩამოვიტანეთ. მას შემდეგ, მთელი ხუთი წელი იყო წყვეტა, საქართველოდან კონკურსანტი აღარ მონაწილეობდა. მეორე წელს, თავად არ მოვინდომე ამ კონკურსზე წასვლა, მერე პანდემიაც დაემთხვა. მოკლედ, ესპანეთიდან დამიკავშირდა ქალბატონი ნატალი მიქავა სტიუარტ-ფოქსი, რომელიც გახლავთ პროდიუსერი, ევროპის საბავშვო ფესტივალების საერთაშორისო ჟიურის წევრი, საერთაშორისო ბიზნესკონსულტანტი, ესპანეთის ქართული კულტურის ცენტრის EuroGeorgia-ის, საერთაშორისო ტალანტების კონკურსისა და საპროდიუსერო ცენტრის Reality Star-ისა და სხვადასხვა სახელოვნებო პროექტების ხელმძღვანელი ესპანეთში და შემომთავაზა, რომ საერთაშორისო საბავშვო მუსიკალურ კონკურსს „სან-რემო ჯუნიორზე“ კონკურსანტი წარმედგინა. ერთი სიტყვით, ქალბატონმა ნატალიმ წარგვადგინა ამ კონკურსზე, თავადაც ამ კონკურსის წარმომადგენელია. სიმართლე გითხრათ, ამ წინადადებას სიამოვნებით დავთანხმდი, რადგან სტუდიაში გვყავს ფანტასტიკური მონაცემების მქონე ბავშვი, თაკო თომაშვილი და პრინციპში, დიდხანს არც გვიფიქრია, თუ ვინ წარადგენდა საქართველოს.

– საკმაოდ დიდი საკონკურსო გამოცდილება გაქვს და არაერთმა შენმა წარდგენილმა კონკურსანტმა მოგვიტანა დიდი სიხარული საერთაშორისო ასპარეზზე. როგორ ფიქრობ, წელს რა შანსები აქვს 11 წლის თაკო თომაშვილს სანრემოს საბავშვო ფესტივალზე?

– როგორც გითხარით, ამ კონკურსთან დაკავშირებით კარგი გამოცდილება მაქვს, 2017 წელს მე და პროდიუსერ ნატო დუმბაძეს გვყავდა წაყვანილი ძალიან კარგი კონკურსანტი, ასევე 11 წლის ლიზი წერეთელი, რომელმაც საქართველოს გრან-პრი მოუტანა. დიდი იმედი მაქვს, თაკოც გაგვახარებს. თუმცა, კონკურსი კონკურსია და რა მოხდება, ვინ გაჯობებს ან ვის აჯობებ, არავინ იცის. როგორც ვიცი, სხვადასხვა ქვეყნის საკმაოდ ნიჭიერი კონკურსანტები მონაწილეობენ და ვნახოთ, რა მოხდება. მე, როგორც ყოველთვის, კონკურსებზე ბედი მწყალობს და იმედი მაქვს, იღბალი წელსაც გამიღიმებს. თუმცა, გადაწვეტილია, რომ ყოველ წელს გვექნება ამ კონკურსისთვის შესარჩევი ტური და ყოველწლიურად მივიღებთ მონაწილეობას „სან-რემო ჯუნიორზე“. თაკო უკვე ხუთი წელია, ჩვენს სტუდიაში დადის და მეცადინეობს. წელს ბევრი არ მიფიქრია, მას კარგი ტალანტი აქვს და ვიცოდი ამ კონკურსისთვის მზად იყო. დაველაპარაკე ოჯახს და შევთავაზე ეს იდეა, რეპერტუაარი არჩეულია, მუშაობს ვოკალის პედაგოგ მაკა დავითაიასთან და რაც მთავარია, თავად თაკო ძალიან ბედნიერი და მონდომებულია კონკურსზე მაქსიმუმის დასადებად.

– როგორც ვიცი, თაკოს საკმაოდ რთული სიმღერა შეურჩიეთ, რამდენად შეძლებს მუსიკალურად რთული კომპოზიციისთვის თავის გართმევას?

– გეთანხმებით, სიმღერა რომელიც თაკომ კონკურსზე უნდა შეასრულოს, თამამად შეიძლება ითქვას, არის მსოფლიო ჰიტი, უძველესი სიმღერა და ძალიან რთული შესასრულებელი. სიმღერის სახელწოდებაა Chaka Khan– My Funny Valentine. ჩვენი ამ სიმღერის ვერსია, ზუსტად თაკოზეა მორგებული და ძალიან კარგად ართმევს თავს. ქასთინგის გავლა ონლაინ მოხდა, თაკო ძალიან მოეწონათ და უპრობლემოდ დაგვამტკიცეს. ორიგინალური ტანსაცმლის შექმნაზე მარიკა ქურთუბაძე ზრუნავს და ჩვენი თაკო სცენაზე ძალიან ლამაზად და ორიგინალურად ჩაცმულიც იდგება. ასე რომ, 11 წლის გოგონა ასეთ გემოვნებიან და რთულ სიმღერას შეეჭიდა და ძალიან კარგად გამოსდის. თან, „არისტონის“ ცნობილ დარბაზში ცოცხალი ორკესტრის თანხლებით ხდება შესრულება. მართალია, თავიდან რომ გაიგო, კონკურსზე მიდიოდა და რთული მისია დავაკისრეთ, ცოტა შეეშინდა და ინერვიულა, მაგრამ ძალიან მოსწონს ეს სიმღერა და ამბობს, ძალიან ვეცდები, იმედები არ გაგიცრუოთო (იცინის). სანრემოში 1 მაისს უნდა ვიყოთ და რამდენიმე რეპეტიცია გავიაროთ. თაკოს საფინალო, დასკვნით საღამოზე გამოსვლა 7 მაისს უწევს.

– ყველამ ვიცით, რომ შენს მიმართ ამა თუ იმ კონკურსზე წარდგენილი კონკურსანტი გამარჯვების გარეშე, არ ბრუნდება. თუმცა, არაერთხელ მომისმენია ნეგატიური კომენტარებიც. ამაზე რას მეტყვი, რას გერჩიან?

– ადრე, უფრო ვაქცევდი ყურადღებას და მიკვირდა, მაგრამ ახლა ყველანაირი ნეგატიური აზრი დავბლოკე. მივხვდი, რომ ზოგს უხარია ჩვენი ქვეყნის წარმატება და ზოგს – არა. პირადად ჩემთვის შეურაცხყოფა არ მოუყენებიათ, მაგრამ ზურგს უკან საუბრობდნენ: რატომ სულ გიგა, სხვა რატომ არ უნდა აკეთებდესო, ან ეს რა სიმღერაა, ეს რამ გააკეთებინაო. საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ რას იტყვის. მე ორიენტირებული ვარ ჩემს საქმეზე და ისაა მთავარი, როგორ წარვდგებით უცხო ქვეყანაში და როგორ ვასახელებთ ჩვენს ქვეყანას და როგორც პროდიუსერს, უფლება არ მაქვს, ვიფიქრო, ვის მოსწონს და ვის – არა. ამბიციურად ჟღერს, მაგრამ ვიტყვი: მე ვარ ღირსი, ვაკეთო და ვიმსახურებ, ვაკეთო ეს საქმე. ეს ბავშვების მომავალს ეხება და ვფიქრობ, უპირობო ლიდერი ვარ იმ საქმეში, რასაც ვაკეთებ. ამიტომ, თვითდაჯერებულობა არ მაძლევს იმის საშუალებას მოვეშვა, მოვდუნდე და ნეგატიური ადამიანების სიტყვებს ავყვე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი