შოუბიზნესი

რა გეგმები აქვს ეკა მგალობლიშვილს მილანისა და პარიზის მოდის კვირეულების შემდეგ და როგორ ეხმარება მას პოლიტიკოსი მეუღლე საყვარელი საქმის კეთებაში

№5

ავტორი: ქეთი კაპანაძე 16:00 05.02

ეკა მგალობლიშვილი
დაკოპირებულია

სამოდელო სააგენტო „კატრინის“ დამფუძნებელი ეკა მგალობლიშვილი ახლახან, ფესტივალის ფარგლებში, 25 ქვეყნის წარმომადგენელს მასპინძლობდა. როგორ ჩაიარა ყველაფერმა და როგორ ახერხებს ის საქართველოს სახელის მთელი მსოფლიოს მასშტაბით წარმატებულად გატანას, ამაზე თავად მოგვიყვება.

ეკა მგალობლიშვილი: სამოდელო სააგენტო „კატრინი“, რომლის დამფუძნებელიც მე გახლავართ, ჩემივე ხელმძღვანელობით, უკვე მერვე წელია, ყოველ იანვარს მსოფლიოს სილამაზისა და სამოდელო კონკურსებს მართავს. უკვე ტრადიციულად, ყოველ იანვარს საქართველოში ტარდება „მსოფლიოს ამომავალი ვარსკვლავი“. ეს არის ფესტივალი სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენელთა მონაწილეობით. ვმასპინძლობთ უამრავ სტუმარს საქართველოდან თუ მთელი მსოფლიოდან. ჩვენთან ერთად არიან ტელევიზიები, პრესა და ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში მხარში გვიდგანან. ჩვენ შესახებ მთელი მსოფლიოს პრესა წერს, უამრავ ქვეყანაში გადის ინფორმაცია საქართველოზე და ეს არის ჩემი მიზანი. არა მხოლოდ სილამაზისა და სამოდელო კონკურსების ჩატარება, არამედ, პირველ რიგში, ჩემი ქვეყნის, მისი ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების, სამზარეულოს, მედიის, ხალხის – აბსოლუტურად ყველაფრის, რაც საამაყო გვაქვს, უამრავი ქვეყნისთვის გაცნობა. ჩვენ გვერდით არიან უნიჭიერესი მომღერლები და დიზაინერები. ჩვენს პროექტებს მსოფლიო იცნობს.

წელს, 17-იდან 22 იანვრის ჩათვლით, ამ ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს 200-მდე სტუმარი ეწვია. 25 ქვეყნის წარმომადგენელი იყო ჩამოსული. თითოეული დღე სხვადასხვა აქტივობით გვქონდა დატვირთული. პირველ დღეს გვქონდა ღონისძიება „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში“, რომელიც „ჯინოსისაიდში“ გაიმართა. არაჩვეულებრივი დახვედრა იყო, სტუმრებს ქართული სამზარეულო გავაცანით. მეორე დღეს გვქონდა კონკურსანტების ინტერვიუ საერთაშორისო ჟიურისთან. საღამოს კი მეგობრობის საღამო გავმართეთ. ყველა ქვეყანამ თავიანთი სამზარეულო წარმოადგინა და ერთმანეთის კერძები დავაგემოვნეთ, ჩვენი ქვეყნების შესახებ პრეზენტაციები წარვადგინეთ. ერთმანეთს ვასწავლიდით ჩვენს ტრადიციულ ცეკვებს, თან ვმღეროდით, სუვენირები გავცვალეთ და ძალიან ლამაზი საღამო გამოგვივიდა. მესამე დღეს გვქონდა ექსკურსია, ფოტოსესიები, ვიყავით „ჯინოაკვაპარკში“, სტუმრებს თბილისის ღირსშესანიშნაობებიც დავათვალიერებინეთ. მეოთხე დღეს „ბილტმორში“ გაიმართა „ფეშენ შოუ“, სადაც სამოდელო სააგენტო „კატრინისა“ და საერთაშორისო მოდელებმა 14 ქართველი თუ უცხოელი დიზაინერის ნამუშევარი წარადგინეს. ასევე, გვქონდა „ტალანტ შოუ“. რაც შეეხება ფინალს, ფინალმა 21 იანვარს, საოცრად ჩაიარა და მადლობა ყველას, ვინც ამ საქმეში გვერდით გვედგა.

როგორც იცით, „მისტერ პლანეტის“ ლიცენზიის მფლობელი მე გახლავართ, კიდევ ერთი კონკურსის – „მის პლანეტის“ ლიცენზიის მფლობელი კი ირინა პაპაზოვაა. ჩვენ ეს პროექტები წლების წინ გავაერთიანეთ და 2015 წლიდან დღემდე საქართველო 30-50 ქვეყნის „მისს“ და „მისტერს“ მასპინძლობს. ასევე, არსებობს ძალიან წარმატებული კონკურსი – „მისის პლანეტა“, რომელშიც ძალიან საქმიანი და წარმატებული ქალბატონები იღებენ მონაწილეობას. ქვეყნები წლიდან წლამდე კიდევ და კიდევ გვემატებიან. მაგალითად, წელს პირველად გვყავდა კოლუმბია. ამ ქვეყნის წარმომადგენელი ძალიან წარმატებული ქალბატონი გახლდათ და მისგან მადლობის წერილები დღემდე მომდის. აღფრთოვანებულია საქართველოთი. ერთ მომენტს გავიხსენებ: 20-ში, ღონისძიების მსვლელობისას, ელექტროენერგია გაითიშა და 7-8 წუთი 700 ადამიანი ტაშის ფონზე გულშემატკივრობდა „კატრინის“ მოდელებს.

ამ ყველაფრის ორგანიზება დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მე ბავშვობიდან ასეთი ენერგიით დავიბადე. ალბათ, ღმერთმა მიბოძა მისია, რომ ადამიანები გავაბედნიერო. არცერთი ბავშვი დიპლომის გარეშე არ დამიტოვებია. ნამდვილი ფერია ყოფილაო, მესმოდა ჩემ შესახებ. ალბათ, უფალი და საზოგადოების უდიდესი სიყვარული მაძლევს ყველაფრის ძალას. ნამდვილად ძალიან რთულია ამდენი სტუმრის ღირსეულად დახვედრა. არადა, ჩვენგან ისეთი კმაყოფილები მიდიან, რომ 2015 წლიდან მოყოლებული დღემდე ჩამოდიან, ბევრი არაერთხელ არის ნამყოფი და ძალიან მოსწონთ ჩვენი ქვეყანა.

ახლა უკვე ჩვენ მივფრინავთ – თებერვალში მილანის მოდის კვირეული იწყება და ბრენდი „ანასტასია“ და „კატრინი“ მიწვეულები ვართ. მილანის ტელევიზიაში შარშანაც მიგვიწვიეს და წელსაც პირდაპირ ეთერში გვექნება ჩვენება. იქიდან პირდაპირ პარიზში გადავდივართ და მარტში პარიზის მოდის კვირეულს ვესტუმრებით. პარიზიდან დაბრუნების შემდეგ საბავშვო ფესტივალს ვაკეთებ. შემდეგ იქნება კანის კინოფესტივალი, „ტიფანის“ მოდის კვირეული მონაკოში და ასე შემდეგ. დავიწყებთ ფრენას და აღარ გავჩერდებით, რაც ჩვენი ცხოვრებისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა (იცინის).

– როგორ გეხმარება ამ ყველაფერში ოჯახი?

– ყველაზე მდიდარი ქალბატონი ვარ, რადგან ყველაზე კარგი მეუღლე და შვილები მყავს. უფროსი შვილი ინფლუენსერია, წლისა და ხუთი თვის შვილიშვილი მყავს და ამიტომ თათული ამწუთას აქტიურად ვერ მეხმარება, მაგრამ ჩემს 13 წლის ანასტასიას შემიძლია, მსოფლიო პროექტი ჩავაბარო. საოცრებებს აკეთებს, ყოველთვის ასეთი აქტიური და გემოვნებიანი იყო. ძალიან მეხმარება. ის ამ გარემოში გაიზარდა, პლუს ჩემი გენეტიკა და ყველაფერი ძალიან კარგად გამოსდის. მას ვერ ასწავლი, როგორ უნდა მოიქცეს სცენაზე, თვითონაც ზუსტად იცის, ძალიან სწორად გრძნობს, როდის რა არის საჭირო.

– მეორენახევარზეც მომიყევი და თქვენი სიყვარულის ამბავიც გავიხსენოთ.

– მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთი წმინდა ნიკოლოზის დღეს გავიცანით. ესეც უფლის საჩუქარი იყო. ყველაფერი უცებ დაიწყო. გაცნობიდან ძალიან მალე დავქორწინდით. ათ წელზე მეტია, ერთად ვართ. სრულ კომფორტს ვუქმნით ერთმანეთს. ყველა ჩემს კოლეგას იცნობს, როცა დრო აქვს, ჩემთან ერთად დადის სხვადასხვა ქვეყანაში. თავიდან გაოცებული მიყურებდა ხოლმე, შოკირებული იყო ჩვენი პროფესიით. ზუსტად იცის, რომ მე მხოლოდ მოდასა და სილამაზეს არ ვემსახურები. მამუკა არის ჩემთვის სულიერი კომფროტი და სიყვარული. ათი წლის განმავლობაში ჩვენ არასდროს გვიკამათია.

– თვითონ რა სფეროშია და რამდენად გაარკვიე სამოდელო სამყაროში?

– მამუკა თეთრი წყაროს და სამგორის რაიონის ყოფილი გამგებელია. მისი სფერო პოლიტიკაა. ვერ ვიტყვი, რომ პოლიტიკიდან სამოდელო სამყაროში გადაინაცვლა, მაგრამ მაქსიმალურად მიდგას გვერდში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული