შოუბიზნესი

რა გარდასახვა მოჰყვა სიყვარულს თამარ ტყემალაძის ცხოვრებაში და როგორია მისი ცხოვრება ეკრანს მიღმა

№10

ავტორი: ქეთი მოდებაძე 20:00

თამარ ტყემალაძე
დაკოპირებულია

მსახიობ თამარ ტყემალაძეს, ალბათ, ყველა კარგად იცნობს სერიალიდან „ჩემი ცოლის დაქალები“, სადაც ის მრავალშვილიანი დედის, ეკას როლს ასრულებდა. თამარი მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობია და მან არაერთი საინტერესო პერსონაჟი შექმნა.

თამარ ტყემალაძე: არაჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა – ძალიან კარგ და მოსიყვარულე ოჯახში გავიზარდე. ყველაფერი კარგად იყო, თუმცა, მერე დადგა რთული 90-იანი წლები, ქვეყანაში ყველაფერი აირია, აფხაზეთი დავკარგეთ. მე მაშინ პირველ კლასში შევედი და ეს წლები განსაკუთრებით მძაფრად და მტკივნეულად მახსოვს, რადგან მამა აფხაზეთის ომში მონაწილეობდა.

რაც შეეხება პროფესიის არჩევას, ყოველთვის ხელოვნებისკენ ვიყავი მიდრეკილი, მაგრამ გარდატეხის ასაკში მამას მეგობარმა გოგა პიპინაშვილის სტუდია „არტ ჰოლში“ მიმიყვანა. იქიდან დაიწყო ჩემი განსაკუთრებული სიყვარული მსახიობობისადმი და მას შემდეგ, სხვა რამეზე აღარც მიფიქრია. ჩავაბარე კიდეც თეატრალურში. თეატრალურის გამოცდები ყოველთვის შედარებით ადრე ტარდება და მახსოვს, ჩაბარებისას მამამ მითხრა, თეატრალურის გამოცდებზე რომ ჩაიჭრები, მერე უნივერსიტეტში შეიტანე საბუთებიო (იცინის). ჩავაბარე, არ გაუმართლა (იცინის).

– ამ პროფესიამ რამდენად გაგიმართლათ იმედები?

– ძალიან იღბლიანად მივიჩნევ თავს. თეატრალურ ინსტიტუტში არაჩვეულებრივი ჯგუფელები და პედაგოგები შემხვდნენ. მათ დიდი როლი ითამაშეს ჩემი ცხოვრების განსაზღვრაში, განსაკუთრებით კი – ჩემმა პედაგოგმა, დიმიტრი ღვთისიაშვილმა. სტუდენტობიდანვე აქტიური ვარ.

– მოზარდ მაყურებელთა თეატრში ხართ, თუმცა არა მხოლოდ...

– ოფიციალურად მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი ვარ, მაგრამ მიწვევით სხვადასხვა თეატრში მითამაშია. საერთოდ, თეატრს ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს, ალბათ, 80 პროცენტი. ყველაფერი მასთან არის დაკავშირებული.

– ეკრანული სახეები როგორ გაჩნდა თქვენს შემოქმედებაში?

– ჩემს ცხოვრებაშიც ის მოხდა, რაც ყველა დანარჩენთან, ანუ, „ჩემი ცოლის დაქალების“ ქასთინგმენეჯერმა – ეკა მჟავანაძემ დამირეკა, მსახიობების ბაზას აკეთებდა და ქასთინგზე დამიძახა. შემდეგ ერთ-ერთი მეზობლის როლზე დამირეკა, მაგრამ ეს პერსონაჟი საერთოდ ამოიღეს სცენარიდან. მალე ისე მოხდა, რომ პირველივე სეზონში ეკას როლზე დამიძახეს. ჩემდა გასაკვირად, ძალიან დიდხანს გაგრძელდა სერიალში ამ პერსონაჟის არსებობა. როგორც ჩანს, ქეთი დევდარიანისთვის საინტერესო აღმოჩნდა ეკა და ამიტომაც იარსება მან ამდენ ხანს. მას მაყურებელში უარყოფითი რეაქციაც მოჰყვა. ბოლოს კი მაყურებლები ისეთი აგრესულები იყვნენ ჩემი პერსონაჟის მიმართ, მახსოვს, ქეთიმ თქვა, ცოტა შევცვალოთ, რომ ხალხში თანაგრძნობა და სიბრალული გამოიწვიოსო. სიუჟეტი შესაბამისად დაალაგა და ამის შემდეგ მაყურებელმა უკვე შეიცოდა ჩემი პერსონაჟი, შედიოდნენ მის მდგომარეობაში. მერე ცოტა იუმორსაც იწვევდა.

– პიროვნულად თქვენ მიმართაც იყო აგრესიული დამოკიდებულება?

– არა, პიროვნულად აგრესია არასდროს მიგრძნია. ეკას პერსონაჟი რადიკალურად განსხვავდება ჩემგან. სადმე როცა ვუცნივარ გამვლელებს, აღუნიშნავთ ხოლმე, იღიმი კიდეც? რა კარგი ხასიათი გქონია, რა კარგი გოგო ხარ, რატომ გათამაშებდნენ ასეთ როლსო?! (იცინის) ზოგს ეგონა, რეალურ ცხოვრებაში საერთოდ არ ვიღიმოდი და უხაროდათ, თუ გაღიმებულს მხედავდნენ. ამ დამოკიდებულებას დღემდე ვგრძნობ.

– ეს ყურადღება, ალბათ, სასიამოვნო აღმოჩნდა.

– ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ ეს მსახიობის გამარჯვებაა. როცა მაყურებელი პერსონაჟთან შენს სხვაობას უსვამს ხაზს და გეუბნება, ისე თამაშობდი, რომ ნამდვილად მისნაირი ეგონე, ეს ძალიან სასიამოვნოა. თუნდაც ის ლანძღვაც იმას ნიშნავს, რომ რაღაც გამომივიდა. ალბათ, სწორად გავაკეთე ჩემი საქმე.

– მრავალშვილიანი ეკა, სინამდვილეში, ახლა გახდა დედა...

– მრავალშვილიანი ეკა იმ პერიოდში არ ყოფილა დედა (იცინის). შვილი – ქალბატონი თინათინ ჟღენტი – 38 წლის ასაკში, ორი წლის წინ მეყოლა. ისე დასრულდა „ჩემი ცოლის დაქალები“, რომ სინამდვილეში შვილი არ მყოლია (იცინის).

– რეალურ ცხოვრებაში როგორი აღმოჩნდა დედობა?

– ალბათ, არ ვიქნები ორიგინალური, თუ ვიტყვი, რომ ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, სიყვარული და სიტკბოა. მე თვითონაც არ ვიცი, ეს საოცარი გრძნობები საიდან მოდის. მოკლედ რომ ვთქვა, ეს არის ბედნიერება და ეს არის მზე, ადამიანის ცხოვრებაში.

– როგორი გოგონაა თინათინი?

– ულამაზესი – თეთრი, ლურჯთვალება, ქერათმიანი, საყვარელი გოგონაა.

– ალბათ, გეხუმრებოდნენ, იმედია, ისეთი დედა არ იქნები, როგორიც სერიალშიო...

– ჩემი გარემოცვა – არა, რადგან მიცნობენ, მაგრამ მაგალითად, სკვერში რომ ვასეირნებ შვილს, მზერით ვხვდები, რომ სერიალიდან გამომდინარე, მაკვირდებიან – აბა, ბავშვს ხომ არ სცემსო (იცინის).

– ალბათ, ბევრმა შეამჩნია თქვენი გარეგნული გარდასახვა...

– კი, ვგრძნობ, რომ ძალიან ბევრს მოხვდა თვალში. მე „ტიკ-ტოკი“ არ მაქვს, მაგრამ როგორც მითხრეს, არის გვერდი, სადაც ჩემი ფოტოები აქტიურად ტრიალებს, ძველი და ახალი და მიდის განხილვა. ეს ეკაა, იცანით, რა კარგი გოგო ყოფილა და ასე შემდეგ (იცინის). არ ველოდი და გამიკვირდა.

– როგორც ვიცი, ეს ცვლილება განსაკუთრებულ ამბავთან არის დაკავშირებული...

– კი ბატონო. მე მანამდეც საკმაოდ ბევრი დავიკელი წონაში, მაგრამ ჩემი მეუღლე რომ გავიცანი, როგორც მეუბნებიან, უცებ ვიზუალურად რადიკალურად სხვა ადამიანი გავხდიო. ძალიან დავიკელი წონაში, ვვარჯიშობდი... მოკლედ, ჩემი ცვლილება სიყვარულს უკავშირდება.

– გამოდის, სიყვარულმა ძალიან დიდი მოტივაცია მოგცათ.

– კი, მაგრამ სხვათა შორის, გარეგნობის მკვეთრი ცვლილება არასდროს მქონია იდეაფიქსად. ზოგს ეგონა, ბარიატრია გავიკეთე, მსგავსი – არაფერი. არანაირი ჩარევისთვის არ მიმიმართავს. ყველაფერი თავისთავად მოხდა. სიყვარულმა ისეთი აღმაფრენა გამოიწვია, რომ ასე გამოვიდა. საერთო ჯამში, 40 კილოგრამზე მეტი დავიკელი სერიალიდან მოყოლებული თუ შევადარებთ. თავიდან სწორი კვებით დავიწყე, შეყვარეულობის პერიოდში უკვე აღარაფერს აღარ ვჭამდი და ყველაფერი ბუნებრივად მოხდა (იცინის).

არ ვჭამდი და ვვარჯიშობდი. ოღონდ გამიზნულად არ გამიკეთებია, ასე გამოვიდა. ალბათ, იმიტომ, რომ როცა ამ ძალიან მაგარ შეგრძნებას განიცდი, გინდა, განსაკუთრებული იყო. ამას ხელოვნურად ვერ გამოიწვევ, ალბათ, მხოლოდ ძალიან სუფთა და წმინდა სიყვარულს შეუძლია ასეთი აღმაფრენა მოგიტანოს.

ფეხმძიმობისას, თავისთავად, მოვიმატე, მაგრამ ახლა ისევ ვუბრუნდები ფორმას. ამ მომენტისთვის რამდენიმე კილოგრამი დამრჩა დასამარცხებელი (იცინის). ბავშვი ისევ ბუნებრივ კვებაზე მყავს და ცოტა მეტი დრო დამჭირდა ფორმის დასაბრუნებლად, თუმცა ჩემს თავს პირობა მივეცი და იმედია, შევასრულებ (იცინის).

– როგორ მოგწონთ საკუთარი თავის ეს ვერსია?

– ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენი თავი მოგწონდეს ნებისმიერ წონაში. ვიზუალს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მთავარი მაინც გონებაა. მინდა, სწორად გამიგოთ, შეიძლება, ძალიან გამხდარი და კარგი გარეგნობის გოგონა ისე არ მოგეწონოს, როგორც შედარებით პუტკუნა. მომხიბვლელობა შინაგან ენერგიაზეა დამოკიდებული. კარგი გარეგნობა არაჩვეულებრივია, მაგრამ ამაზე მაღლა შენი ენერგია დგას. ის, თუ როგორი ენერგიის მატარებელი ხარ, ძალიან ბევრს განსაზღვრავს. ადამიანი, რომელიც შინაგანად ასხივებს სილამაზესა და დადებით ენერგიას, ყველაზე ლამაზად გვეჩვენება.

– ვინ არის თქვენი მეუღლე და როგორია თქვენი სიყვარულის ამბავი?

– ჩემი მეუღლე გახლავთ დათო ჟღენტი. ჩვენი ურთიერთობის დასაწყისს პანდემია დაემთხვა. ყველა რომ გაიხიზნა ქალაქიდან, მე ყვარელში წავედი. ყველაფერი ჩაიკეტა და იქ ჩავრჩი. პირველივე დღეს, როდესაც გზები გაიხსნა, ჩამომაკითხა და ეს მომენტი ყოველთვის განსაკუთრებულად მემახსოვრება, რადგან ზღაპრებში რომ წარმოუდგენლად რთულად გადასალახ დაბრკოლებებს გადალახავენ ხოლმე, დაახლოებით, ამის ტოლფასი იყო მისი ეს ნაბიჯი. ეს ძალიან დიდი ბედნიერება იყო. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. მალე ერთად გადავედით საცხოვრებლად და ჯვარი დავიწერეთ. სიყვარული პანდემიის დროს – ასე შეიძლება ეწოდოს ჩვენს ამბავს (იცინის). პანდემიამ, აკრძალვებმა, ჩაკეტილობამ, კიდევ უფრო გაამძაფრა გრძნობები და მიუხედავად სირთულეებსა, ეს პერიოდი ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო მოგონებაა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი