შოუბიზნესი

რა გამოწვევების წინაშე აყენებს ნუკა კვალიაშვილი საკუთარ თავს და რა დაუბრუნა მას უკან კარმამ

№19

ავტორი: ქეთი მოდებაძე 22:00 16.05

ნუკა კვალიაშვილი
დაკოპირებულია

ნუკა კვალიაშვილი უკვე სამი შვილის დედაა. სირთულეც ბევრია, ბუნებრივია, რომ მისთვის გადაღლილობაც არ არის უცხო, მაგრამ როგორც ამბობს, ეს ყველაზე სასიამოვნო დაღლაა და დრომ და საკუთარმა თავმა სირთულეებთან გამკლავებაც ასწავლა.

– ნუკა, როგორია სამი შვილის დედობა, უმკლავდები?

– რომ ვთქვა, ადვილია-მეთქი, ალბათ, ვისაც შვილები ჰყავთ, გულიანად გაეცინებათ. რთულია, მაგრამ არსებობს განსხვავება სირთულეებს შორის, არის სასიამოვნო და არასასიამოვნო. ეს არის ყოველდღიურობა, როდესაც შენს მაქსიმუმს დებ დღის განმავლობაში და ძილის წინ ქვეცნობიერიდან თვითკმაყოფილების შეგრძნება გაქვს, რომ ყველაფერს კარგად გაართვი თავი. დაიღალე, გადაიწვი და შეიძლება, ფიზიკურ დაღლას ფსიქოლოგიურიც მოჰყვეს, მაგრამ მაქსიმუმი გააკეთე შენი შვილების კეთილდღეობისთვის.

– უფროსებმა როგორ მიიღეს კიდევ ერთი პატარა?

– სანის ჰქონდა ეჭვიანობის მომენტები, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მე შვილებს არ ვყოფ და ყველანაირ ყურადღებას იდენტურად ვუნაწილებ, მალევე გადაუარა. ლუკას რაც შეეხება, 8 წლის არის, მაგრამ როგორც ზრდასრული ადამიანი, ისე მეხმარება თავისი პატარა დის მოვლაში, ორივეს სიგიჟემდე უყვარს ალექსანდრა.

– ვის ჰგავს ეს პატარა საოცრება ვიზუალურად და როგორი ხასიათი აქვს?

– გვეუბნებიან, რომ მეც მგავს და ჩემს მეუღლესაც. იქიდან გამომდინარე, რომ ალექსანდრას დაბადებამდე მე და ჩემს მეუღლეს ისედაც რაღაცით გვამსგავსებდნენ, ახლა ამბობენ, რომ ჩვენი მიქსია და ორივეს გვგავს. ხასიათებს რაც შეეხება, ტყუილად, თუ რამე არ უნდა, ისე არასოდეს ტირის. თუ ტირის, ესე იგი, ან შია ან სწყურია ან პამპერსი აქვს გამოსაცვლელი.

– გრჩება დრო საკუთარი თავისთვის?

– ხანდახან მრჩება, ხანდახან – არა. თუ გასასვლელი ვარ და საქმე მაქვს, მაინც გამოვნახავ დროს და თავს მოვიწესრიგებ. ყოველდღიურობაშიც ვცდილობ, სულ ფორმაში ვიყო, მაგრამ არის დღეები, როცა ისე ვიღლები, რომ აბაზანამდე ვერ მივდივარ, მერე თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ადამიანი ვარ და არა რობოტი. იმასაც ვცდილობ, ისეთ დონემდე არ მივიყვანო თავი, რომ შემდეგ საკუთარი თავის მოწესრიგების სურვილი დამეკარგოს.

– სოციალურ ქსელში ვინც გადევნებს თვალს, ხედავს, რომ ბოლო წლებში საკუთარ თავს ერთგვარი რესტარტი გაუკეთე: არა – სასმელს, არა – თამბაქოს. რა მოგიტანა ცვლილებებმა?

– ჩემს თავს ჩელენჯერს ვეძახი, თუ ცხოვრებაში რამე გამოწვევა მხვდება, ჩემს მაქსიმუმს ვდებ, რომ გადავლახო, გამოვიმუშაო, გავაღვიძო ნებისყოფა იქნება თუ სხვა თვისება, რომელიც შეიძლება, არ მქონდეს – ვიცი, რომ ქვეცნობიერს ყველაფერი შეუძლია. ასევე, მიყვარს ჩემს თავში ფსიქოლოგიური ასპექტით მოგზაურობა, თამამად ვხედავ და ვაღიარებ ჩემს პრობლემებს, რადგან საკუთარ თავს ვერ და არც გავექცევი. იმ თვალსაზრისით თუ შევხედავ, რა არის ჩემთვის კარგი და ცუდი, მინდება, ცუდი კარგით შევცვალო, მიყვარს საკუთარი მე, მგონია, რომ ადამიანს ჯერ თავისი თავი უნდა უყვარდეს და პატივს სცემდეს, რომ სხვისი სიყვარული და პატივისცემა შეძლოს.

– ვიზუალურ ცვლილებებზეც გკითხავ – როგორ მოახერხე მშობიარობის შემდეგ ძალიან მოკლე დროში ჩვეული ფორმის დაბრუნება?

– ორსულობამდე ვვარჯიშობდი, მიყვარს ვარჯიში და ჯანსაღი ცხოვრების წესი, სწორი კვება და ყველაფერი, რაც ამას მოიცავს, ღამე არ ვჭამ, ამას ემატება ისიც, რომ როდესაც ვარჯიშობ, სხეულიც და ორგანიზმიც მალე დგება ფორმაში.

– ორსულობის პერიოდში წერდი, მახინჯები ვართ ორსულებიო, როცა როგორც წესი, ვაღმერთებთ ამ პერიოდს...

– ვინც მიცნობს, ყველამ იცის, როგორი სარკასტული და ირონიული გამოხატულებები მაქვს ხოლმე – ესეც ერთგვარი სარკაზმი იყო. ქალი ორსულობის პერიოდში ინდივიდუალურად და თავისებურად ლამაზია, შინაგანს რაც ეხება, ძალიან რთული პერიოდია, რასაც ახლობელი ადამიანებისგან მაქსიმალური ხელშეწყობა სჭირდება.

– ცოტა ხნის წინ, პოსტი გეწერა ბავშვის საკვებისთვის საჭირო თანხის სესხებასთან დაკავშირებით. რას მოჰყვა ფინანსური პრობლემები, როგორ აისახება ეს ემოციურ მდგომარეობაზე და როგორ ცდილობთ მასთან გამკლავებას?

– ფინანსური პრობლემები დღესდღეობით და არა მარტო, ამ ქვეყანაში ყველას აქვს და გასაკვირი რატომ არის, რომ მეც შეიძლება, მქონდეს? სიტუაციებიდან გამომდინარე, ყველას აქვს აღმაფრენები და დაღმაფრენები. მანამდე იყო პანდემია, ჩამკვდარი ხელოვნების სფერო, რომელიც ისედაც არ ყოფილა დიდად აყვავებული, გაზრდილი კომუნალური გადასახადები, საკვების არანორმალური ფასები და ასე შემდეგ. როგორი მდგომარეობაცაა ქვეყანაში, ისე ვცდილობთ თავის გადარჩენას. როდესაც ეს თემა ბავშვებს ეხება, მანდ პრინციპულობა და თავის მოჩვენება, ვითომ მაქვს და იმ დროს, როდესაც რეალურად არ მაქვს, ჩემთვის იდიოტიზმს უტოლდება. პირდაპირი ვარ და ყოველთვის ვამბობ იმას, რაც არის, შესაბამისად, მქონდა კრიზისი და დავწერე. როცა სხვას ჰქონდა კრიზისი და მაშინ მე არ ვიყავი ამ მდგომარეობაში, ანალოგიურად, მეც გვერდით დავუდექი. მე არ მიყვარს ჩემი სიკეთეების აფიშირება და რეკლამირება, მით უმეტეს, დეტალებში ვაკეთებ ისე, რომ მე ვიცი და ხომ გაგიგიათ, რასაც დათესავ, იმას მოიმკიო, ჰოდა, დავთესე სიკეთე და როდესაც მე გამიჭირდა, სიკეთითვე მიპასუხეს. ეს არის სიკეთის კეთების ჯაჭვური, კარმული რეაქცია. იმის აღიარებაში კი, კონკრეტულ მომენტში რაღაც გიჭირს, სასირცხვილო არაფერია, ამიტომაც ვართ ადამიანები – როცა მე მაქვს, მე დაგეხმარები და როცა არ მაქვს, შენ დამიდგები გვერდით.

– როგორი ბიჭია ნუკას ქმარი და როგორია თქვენი სიყვარული ქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ?

– იდეალური მეუღლეა, იდეალური შეგნებით, იდეალური თვისებებით და იდეალური ადამიანობით. ერთი წლის შემდეგ კიდევ უფრო მეტად გვიყვარს ერთმანეთი, ვიდრე მანამდე. დღე არ იწყება ისე, რომ დილიდანვე არ ვუთხრათ ერთმანეთს „მიყვარხარ“. დღის განმავლობაში დიდი ხანი თუ ვერ ვნახეთ ერთმანეთი, ორივე საშინელ სიცარიელეს ვგრძნობთ და ერთი სული გვაქვს, როდის შევხვდებით. სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმას, რაც ჩვენ შორისაა. ჩვენს ურთიერთობას არ ვეძახით მიწიერს, ეს არის სულიერი კავშირი, ტელეპათიური ურთიერთობა და ძალიან ძლიერი სიყვარული, რასაც ყველას ვუსურვებ.

– ნუკა როგორი ცოლია?

– ნუკა არის შვილიც, ცოლიც, დედაც, მეგობარიც, ძმაკაციც, დაქალიც და ყველა ის ადამიანი, ვინც გავსებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

4-10 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი  4 – 10 ივლისი