შოუბიზნესი

ანი ღონღაძე: ნაკლებად ემოციური და ხშირ შემთხვევაში ცივიც ვარ, ამის გამო შენიშვნაც არაერთხელ მიმიღია

№33

ავტორი: ქეთი კაპანაძე 16:01

ანი ღონღაძე
დაკოპირებულია

ვინ არის ზოდიაქოთი ტელეწამყვანი ანი ღონღაძე, რა თვისებებია მასში დომინანტური და რას შეცვლიდა ის საკუთარ თავში, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

ანი ღონღაძე: 8 ოქტომბერს ვარ დაბადებული, შესაბამისად, ზოდიაქოთი სასწორი ვარ. სიმართლე რომ ვთქვა, ჩემი ზოდიაქო თავიდან-ბოლომდე გამოკვლეული არ მაქვს, მაგრამ როდესაც მის შესახებ ინფორმაციას ვეცნობი, დამთხვევებს ნამდვილად ვხედავ. როგორც ვაკვირდები, მე ტიპური სასწორი არ ვარ, თუმცა ბევრ მსგავსებას ვხედავ.

ვერ ვიტყვი, რომ პროგნოზებს ყოველდღიურად ვეცნობი, მაგრამ თუ შემხვდება ინფორმაცია, ვკითხულობ და ქვეცნობიერის დონეზე, ვხვდები, რომ ვცდილობ, გავითვალისწინო, რაც გავიგე. რაღაც დოზით გავლენას ახდენს, თუმცა ამაზე დამოკიდებული ნამდვილად არ ვარ.

– სასწორის ნიშანს სიმშვიდე გამოარჩევს. ეთანხმები?

– ეს ის თვისებაა, რომელიც ნამდვილად ემთხვევა. ყველა სიტუაციაში ვცდილობ, სიმშვიდე შევინარჩუნო. მიყვარს, როდესაც ჩემ გარშემო სიმშვიდეა. ძალიან არ მომწონს კონფლიქტური სიტუაციები და ყოველთვის ვცდილობ, მათ თავი ავარიდო.

– სასწორებს ახასიათებს წინდახედულობა. უყვართ მოვლენების წინასწარ გათვლა, ნაკლებად არიან სპონტანურები.

– ნამდვილად ასეა. როცა მნიშვნელოვან ამბებს ეხება საქმე, ყოველთვის წინასწარ დაგეგმვას ვარჩევ. არ მიყვარს, თუ ჩემგან დამოუკიდებლად გეგმები მერევა. ეს ჩემთვის რთულად გადასატანია. დისკომფორტს ვგრძნობ. მაგალითად, მიყვარს მოგზაურობა და თითქმის მთელი წლის ტურები წინასწარ მაქვს დაგეგმილი. სამსახურთან და ოჯახთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებსაც წინასწარ ვგეგმავ. ეს არ გამორიცხავს სპონტანურობას. პირიქით, სპონტანურობაც მიყვარს, მაგრამ ყოველდღიურობაში. მაგალითად, მეგობრებთან ერთად მიღებული სპონტანური გადაწყვეტილება დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

– სტაბილურობისკენ მიდრეკილი ადამიანია. ეთანხმები?

– ამასაც ასი პროცენტით ვეთანხმები. ძალიან მიყვარს სტაბილურობა. მერვე წელია, ერთსა და იმავე სამსახურში ვმუშაობ და მის შეცვლაზე ფიქრიც დისკომფორტს მანიჭებს. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მიყვარს ჩემი სამსახური და მეორე – ჩემთვის სტაბილური გარემოს შეცვლა ვიცი, რომ სიმშვიდეს დამირღვევს.

ასევე, არ მიყვარს საცხოვრებელი ადგილის ცვლილება. ჩემი სახლიდან სხვა, თუნდაც უკეთეს გარემოში გადასვლა ვერ წარმომიდგენია (იცინის).

– საოცრად ესთეტები ხართ, სილამაზეს და ხელოვნებას აფასებთ.

– ვეთანხმები. სილამაზე, გამორჩეულად ჩაცმა ყოველთვის მიყვარდა და როცა სხვას ვხედავ, ესთეტიკურად და ლამაზად ჩაცმულს, აუცილებლად ვეტყვი კომპლიმენტს. რაც შეეხება ხელოვნებას, თეატრალური მაქვს დამთავრებული და ალბათ, ესეც ამის ერთ-ერთი დასტურია. სამსახურშიც უფრო მეტად მიყვარს კულტურულ თემებზე მუშაობა. თუ მოგზაურობის დროს ვინმეს სამზარეულო ხიბლავს, მე მიუხედავად იმისა, რომ შოპინგი ყველაზე ძალიან მიზიდავს, მაინც კულტურული თვალსაზრისით გამორჩეული ადგილების მონახულება მირჩევნია.

– ჰარმონიისკენ ისწაფვიან, მაგრამ თუ წონასწორობა დაირღვა, ცოტა იბნევიან და შიში იპყრობთ – რა იქნება ახლა?

– ესეც მახასიათებს, მაგრამ ძალიან მალე თვითონ გამომყავს თავი ამ მდგომარეობიდან. მიმაჩნია, რომ შინაგანად საკმაოდ ძლიერი ადამიანი ვარ და სისუსტისკენ და დეპრესიისკენ ნაკლებად ვარ მიდრეკილი. თუ სიმშვიე და ბალანსი დაირღვევა, ძალიან მალევე გამოვასწორებ მდგომარეობას, რომ უარყოფითისკენ არ წავიდე. ყოველთვის სიმშვიდე არ არის, ამიტომ ვცდილობ, რაც შეიძლება, მალე აღვადგინო ბალანსი და შინაგანი სიმშვიდე დავიბრუნო.

– ძალიან ემოციური და მგრძნობიარე ადამიანია...

– ემოციური ნამდვილად არ ვარ. პირიქით, მიჭირს, როგორც დადებითი, ასევე, უარყოფითი ემოციების გამოხატვა. გრძნობების გამოხატვაც ძალიან მიჭირს. მგრძნობიარე უფრო ვარ, მაგალითად, გარკვეული პრობლემის წინაშე, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემს გონებაში „იხარშება“, გარშემო მყოფები ნაკლებად ხედავენ. მათთვის მე ნაკლებად ემოციური და ხშირ შემთხვევაში ცივიც ვარ, ამის გამო შენიშვნაც არაერთხელ მიმიღია. მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ ის ადამიანი ძალიან მიყვარს და ყველაფერს გავაკეთებ მისთვის, როდესაც დავჭირდები, თუმცა, სხვები ამას კარგად ხედავენ-მეთქი, ვერ ვიტყვი. ვინც ძალიან ახლობელია და კარგად მიცნობს, ამბობს, რომ თბილი ვარ, თუმცა მე მაინც არ ვეთანხმები, რადგან ნაკლებად შემიძლია ამის გამოხატვა. უცხო ადამიანებს, ახლოს სანამ გამიცნობდნენ, ძალიან ხშირად უთქვამთ, რომ ძალიან ცივი და უგრძნობი ვეგონეთ. ეს არის ჩემი თავდაპირველი დახასიათება (იცინის).

– ძალიან დიდი დოზით ახასიათებთ რომანტიკულობა...

– მგონი, ყველაზე არარომანტიკული ადამიანი ვარ (იცინის). მეტსაც ვიტყვი, არ მიყვარს რომანტიკული მომენტები. ეს ჩემგან შორს არის. ადამიანმა რომ რომანტიკული სიურპრიზი გამიკეთოს, შეიძლება, სიმშვიდე დამერღვეს, იმიტომ, რომ მე არ დამიგეგმავს (იცინის). რა თქმა უნდა, ვაფასებ, მაგრამ ჩემი დაგეგმილი მირჩევნია.

– ძალიან კარგი დიპლომატია. შეუძლია, არც მწვადი დაწვას, არც შამფური და ეს ძალიან მოხდენილად გააკეთოს. ეთანხმები?

– ვცდილობ, კონფლიქტში არასდროს შევიდე და დიპლომატიურად მოვაგვარო მდგომარეობა. გავაკეთო ისე, როგორც სწორი მგონია. ვცდილობ, ბალანსი დავიჭირო.

– სასწორებს ახასიათებთ ბუნებრიობა ყველა სიტუაციაში.

– ძალიან არ მიყვარს, როდესაც ადამიანები გარკვეულ როლებს ირგებენ. მარტივად შემიძლია, ამოვიცნო და ძალიან პირდაპირ ვუთხრა. რაც შემეხება მე, ყველაზე კომფორტულად ჩემს მეგობრებთან ვარ – ასი პროცენტით მე. ბევრი მეგობარი მყავს და ოჯახის გარდა, ჩემი ბედნიერების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს არის. თუ შევამჩნიე, ადამიანი ხელოვნურია, იმდენად არ მომწონს, რომ მე არასდროს ვთამაშობ. ასევე, ყველაზე ძალიან არ მიყვარს და მაღიზიანებს ტყუილი.

– სასწორის ხასიათის სირთულე არის მერყევი ხასიათი. მას ძალიან უჭირს არჩევნის გაკეთება. საკმაოდ რთული თვისებაა...

– ნამდვილად არ არის მარტივი, ამ თვისებამ შეიძლება, ბევრ რამეში უკან დაგხიოს. მქონია ამის მაგალითები, წლობით მიფიქრია გარკვეულ გადაწყვეტილებებზე ყოველდღიურ რეჟიმში და ძალიან დავღლილვარ. ეს თვისება ბევრ რამეში მიშლის ხელს.

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად დიდი დრო მჭირდება, თუმცა პატარ-პატარა ამბებზე ამდენს არ ვფიქრობ. ხასიათს რომ შევეხოთ, შეიძლება, დღეს რაღაცის გამო არ გავბრაზდე, გამიხარდეს კიდეც, მაგრამ მეორე დღეს იმავე რამეზე გავბრაზდე.

– გიჟდება ურთიერთობებზე, დიდი სანაცნობო და სამეგობრო წრე ჰყავს. ასეა?

– თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ასეა. 18 წლამდე დიდად არ მიყვარდა ახალი ადამიანების გაცნობა და ბავშვობის მეგობრები მომყვებოდნენ, მაგრამ ამ ასაკის შემდეგ, თითქოს, რაღაც შეიცვალა ჩემში და ნებისმიერ სიტუაციაში შემიძლია, ახალი მეგობარი შევიძინო, რომელიც მხოლოდ ნაცნობად კი არ დარჩება, თუ ჩვენი ღირებულებები ერთმანეთს დაემთხვა, შეიძლება, ძალიან ახლო მეგობარი გავიჩინო და ორ თვეში მასთანაც იგივე ურთიერთობა მქონდეს, რაც დიდი ხნის მეგობართან. ადრე ვფიქრობდი, რომ ეს ზრდასრულ ასაკში გამორიცხული იყო, მაგრამ ახლა ასე აღარ ვფიქრობ. ზრდასრულ ასაკში ბევრი ისეთი ადამიანი შევიძინე, რომელთა გარეშეც ყოველდღიურობა ვერ წარმომიდგენია. სადმე რომ მივდივართ და მაგალითად, 100 კაცია, იქიდან 70 შეიძლება ჩემი ნაცნობი აღმოჩნდეს. ამას პროფესიაც განაპირობებს, თუმცა იმის დამსახურებაცაა, რომ ძალიან მიყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია. ზოგჯერ იმდენ ადამიანზე ვამბობ ხოლმე, მეგობარია-მეთქი, უკვირთ, ამ სიტყვას უბრალოდ იყენებ თუ მართლა ამდენი მეგობარი გყავსო. ან თუ ადამიანს მეგობარს ვუწოდებ, ესე იგი, ის ნამდვილად ჩემი მეგობარია, ნაცნობი სხვაა, მეგობარი – სხვა და თამამად ვიტყვი, რომ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. შეიძლება, ეს ვიღაცისთვის არ არის ნორმალური, მაგრამ მე ამ ურთიერთობების გარეშე არცერთი დღე არ შემიძლია. მეგობრებთან ურთიერთობებით ვიკვებები და დადებითი ურთიერთობებით ვივსები. ვფიქრობ, რომ ყურადღებიანი მეგობარი ვარ, მხოლოდ მათი მხრიდან არ ვითხოვ ყურადღებას.

– რა თვისებები მოგწონს საკუთარ თავში და რას გამოასწორებდი?

– ერთგულება, ეს არის ის თვისება რაც ჩემში მომწონს. როცა ადამიანი მიყვარს, შემიძლია, მისთვის ყველაფერი გავაკეთო. ვარ ძალიან საიმედო, ვცდილობ, არავის ვაწყენინო. ასევე, საკმაოდ შრომისმოყვარე ვარ.

რაც შეეხება უარყოფით თვისებებს, ჩემს მერყევ ხასიათს გამოვასწორებდი. ვისურვებდი, რომ ხანდახან კომფორტის ზონიდან გამოვსულიყავი, იმიტომ, რომ ამან შეიძლება, ბევრი რამ შეცვალოს ჩემს ცხოვრებაში. კიდევ შედარებით მარტივად მწყინს, რასაც ასევე, გამოვასწორებდი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი