შოუბიზნესი

რა გამოცდები ჩააბარა დათო ლიკლიკაძემ მეუღლესთან ურთიერთობაში და როგორ შეძლო მან სალი ფუტკარაძის გულის მოგება

№30

ავტორი: მარიამ დვალაშვილი 20:00 29.07

დათო ლიკლიკაძე
დაკოპირებულია

სალი ფუტკარაძე ჟურნალისტ დათო ლიკლიკაძის მეუღლე გახლავთ. დათოს, თავისი იუმორის წყალობით, მთელი საქართველო იცნობს, მაგრამ ახლა მისი მეუღლისგან გავიგებთ, როგორი მეოჯახეა ის და როგორ დაიწყო მათი ისტორია.

სალი ფუტკარაძე: მე და დათომ ერთმანეთი სამსახურებრივ გარემოში გავიცანით, ქუთაისის მერიაში სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობდით და დღემდე თანამშრომლები ვართ.

ჩემი სამსახური საზაფხულო ბანაკებს აორგანიზებდა და დათო მიგვყავდა, როგორც ბანაკის ხელმძღვანელი. მოგეხსენებათ, ადამიანებთან კომუნიკაცია მას არ უჭირს და ბავშვები ყოველთვის დიდი ინტერესითა და სიხარულით ხვდებოდნენ. რამდენიმე წელი გადაბმულად დავდიოდით ბანაკებში, მაგრამ ჩვენ შორის მეგობრობის გარდა არაფერი ყოფილა. არც მე შემინიშნავს რამე და არც თვითონ გამოუხატავს სიმპათიები. ერთხელაც, მორიგ ბანაკში ყოფნისას ოდნავ შევამჩნიე, რომ ჩემ მიმართ გარკვეული სიმპათიები გაუჩნდა. სიმართლე გითხრათ, თავიდან ამაზე გამეცინა. ხომ არსებობენ ადამიანები, ვისაც თაყვანისმცემლად წარმოიდგენ, მაგრამ დათოს მიმართ მსგავსი რამ არასდროს მიფიქრია. როგორც ადამიანს და მეგობარს, დიდ პატივს ვცემდი, მაგრამ მეტი არაფერი. მერე და მერე ძალიან გააქტიურდა, მაგრამ ისეც არ გამოხატავდა სიმპათიებს, რომ მე ან ურთიერთობის დასრულებაზე მეფიქრა. უბრალოდ, ჩვენი მეგობრობა მისი მხრიდან ცოტა მეტი ყურადღების ფონზე გრძელდებოდა.

ჩვენ წლები ვიცნობდით ერთმანეთს. მე 2009 წელს მივედი მერიაში, ოჯახი კი 2016 წელს შევქმენით, ანუ საკმაოდ დიდი დრო იყო გასული. სიმართლე გითხრათ, ახლაც ვერ გეტყვით, ეს გადაწყვეტილება როდის და რატომ მივიღე. მართლა არ მახსოვს, როდის შეიცვალა ჩემი დამოკიდებულება მის მიმართ. ალბათ, დაახლოებით, ორი წლის შემდეგ მივხვდი, რომ სხვა ადამიანების მიმართ აღარ მიჩნდებოდა სიმპათიები. ჩემი ინტერესის ობიექტი არ იყო არცერთი ადამიანი, ვინც ჩემ ირგვლივ ტრიალებდა. უკვე სხვა თვალით დავუწყე ყურება ამ ურთიერთობას და მერე უკვე ამ გადაწყვეტილებამდეც მივედით.

ჩემზე გავლენა, პირველ რიგში, ალბათ, იმ ფაქტორმა მოახდინა, რომ დათო ძალიან კარგი მეგობარი იყო. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანთან თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობდე და დათო ნამდვილად არის კომფორტული ადამიანი. მეორე – იმიტომ რომ, ალბათ, ყველა ქალი ფიქრობს, ვინ უნდა იყოს მისი შვილის მამა, როგორი მეუღლე იქნება მამაკაცი, რომელსაც აირჩევს. დათომ კი საკმაოდ ბევრი რთული გამოცდა ჩააბარა ამ ურთიერთობაში და ასე შეიქმნა ჩვენი ოჯახი. ოჯახის შექმნამდე პერიოდს განსაკუთრებით რომანტიკულ ურთიერთობას ვერ დავარქმევ, ვერც იმას ვიტყვი, რომ საოცრებებს აკეთებდა და ამას თავისი მიზეზიც ჰქონდა. ადრე ნათქვამი მქონდა: ადამიანმა, რომელსაც მეგობრად ვუყურებ, თუ სიყვარული ამიხსნა, ძალიან ცუდად იმოქმედებს ჩემზე, ასეთ ადამიანს ვეღარც მეგობრად აღვიქვამ და ვერც თაყვანისმცემლად-მეთქი. დათოს ეს სიტყვები კარგად ახსოვდა და ისე იყო დათრგუნული, რომ ვერც კი ბედავდა თქმას, რომ ჩემს მიმართ გრძნობები ჰქონდა (იცინის).

– საბოლოო ჯამში გაბედა კიდეც და ყველაფერი კარგად დასრულდა. ხელი განსაკუთრებულად გთხოვათ?

– სხვათა შორის, არა. ზოგადად, მე არ ვარ რომანტიკული ბუნების ადამიანი. არ მხიბლავს დადგმული სცენები და ეს დათომ ძალიან კარგად იცის. მართალი გითხრათ, არც სიურპრიზებზე ვგიჟდები. შესაბამისად, მისი ქმედებებიც ემთხვეოდა ჩემს გემოვნებას.

– ცოლქმრობაში განსხვავებული აღმოჩნდა?

– მე ვარ ადამიანი, რომელსაც ურჩევნია, წინასწარ იცოდეს, რას უნდა ელოდოს ადამიანისგან თუ ამა თუ იმ მოვლენისგან. აქედან გამომდინარე, ასე თუ ისე, ყველაფერი განსაზღვრული მქონდა. არ შემიძლია ისეთ ადამიანთან ცხოვრება, რომელიც საკუთარ სურვილებსა და აზრებს მოგახვევს თავს და იძულებულს გხდის, ამ პირობებში იცხოვრო მასთან. პატივს ვცემ ჩვენს ურთიერთობას, რადგან მეც და დათოც დავრჩით ისეთ ადამიანებად, როგორებიც ქორწინებამდე ვიყავით. ეს ჩემთვის ძალიან დიდი კომფორტია. ორივეს გვაქვს ჩვენი სამეგობრო წრე, ასევე, გვყავს საერთო მეგობრებიც. გვაქვს ჩვენ-ჩვენი საქმე და მე დათოსთვის, არც კარიერული განვითარების და არც ინტერესების მხრივ, ხელი არ შემიშლია, ისევე, როგორც მას არ შეუშლია ჩემთვის ხელი არაფერში. ჩვენი ოჯახი შეიქმნა, მაგრამ ჩვენ იმავე ადამიანებად დავრჩით, როგორებიც ვიყავით. არაფერი არ შეგვიზღუდავს განვითარებისა და ინტერესების მხრივ.

– ალბათ, ძალიან ხშირად გეკითხებიან, თქვენი მეუღლე სახლში რამდენად მხიარულია, ისეთივეა, როგორიც გარეთ?

– კი, ამას ძალიან ბევრი მეკითხება (იცინის). დათო ძალიან დაკავებული ადამიანია, დილიდანსაღამომდე გარეთაა და მუშაობს. მოგეხსენებათ, გიდიცაა, ტურებსაც აორგანიზებს, ლექციებს კითხულობს და ასე შემდეგ, კიდევ ბევრი საქმე აქვს და აქედან გამომდინარე, ძირითადად, სახლში ძალიან გვიან ბრუნდება. იუმორი სულ თან ახლავს ჩვენს ცხოვრებას, მეც და ჩვენი გოგონაც კარგად ვერთობით მის ხუმრობებზე, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მთელი დღის განმავლობაში ძალიან მცირე დროის გატარება გვიწევს ერთად. უფრო საღამოს ვხვდებით და ორივენი ისეთი დაღლილები ვართ, რომ იუმორისთვის დრო დიდად აღარ რჩება, თუ ერთად არ წავედით სამოგზაუროდ. აი, მოგზაურობისას სულ სხვა მდგომარეობაა.

– ბევრს ჰგონია, რომ დათოს მხიარული და უმარტივესი, უპრობლემო ცხოვრება აქვს, თუმცა, წერს ხოლმე, რომ დატვირთულობის გამო ამოსუნთქვის დროც არ რჩება. არ გიჭირთ ასე ცხოვრება?

– სხვათა შორის, არა. დათო არის ადამიანი, რომლისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, იყოს აქტიური და ჰქონდეს ბევრი საქმე. პანდემიის პერიოდს თუ გავიხსენებთ, როცა სამსახურში არ დავდიოდით და იძულებულები ვიყავით, სულ სახლში ვყოფილიყავით, დათო ყველაზე მეტად მეცოდებოდა. ჩიტს რომ გალიაში გამოკეტავ და თავისუფლებას წაართმევ, ზუსტად ასეთ სიტუაციაში იყო. გულწრფელად ვწუხდი, მისნაირი ადამიანი სახლში მოკვდება. დათო სულდგმულობს საკუთარი აქტივობებით, იმდენად უხარია, როცა დაკავებულია, რომ შეუძლია, ორი საათი გაუჩერებლად ილაპარაკოს ტურისტებთან და ამით იყოს ბედნიერი. ასე უფრო იმუხტება, ვიდრე განტვირთვითა და დასვენებით.

– სამაგიეროდ, მეორე ნახევრები აპროტესტებენ ხოლმე უდროობას, ყურადღების ნაკლებობას...

– დათო ძალიან ყურადღებიანი ადამიანია. თუკი სახლში რამე მოწესრიგებული არ არის, თუკი რამე გვაკლია, პროდუქტი იქნება თუ ბავშვისთვის საჭირო ნივთები, ყოველთვის ხაზზეა. სულ გვეკითხება, რამე ხომ არ გჭირდებათ, უცებ გამოვიქცევი, ვიყიდი და მოვიტანო. ერთადერთი, რაზეც გული მწყდება და ამის შესახებ დათოსაც ვეუბნები, ისაა, რომ მინდა ბავშვთან მეტი დრო გაატაროს. მე არ მაქვს ეგოისტური დამოკიდებულება და არ ვფიქრობ, რომ ჩემი ქმარი 24 საათი ჩემ გვერდით უნდა იყოს. პატივს ვცემ მის საქმიანობას, მის სურვილებს და როგორც შემიძლია, ყველანაირად ხელს ვუწყობ. მეც დილიდან საღამომდე ვმუშაობ, სახლიდანაც ვმუშაობ, ფიტნესდარბაზში დავდივარ და ასე შემდეგ. ორივე დაკავებული რომ ვართ, ეს უფრო გვეხმარება. ალბათ, მე რომ სამსახური არ მქონდეს, სულ სახლში ვიჯდე და დათო სულ გარეთ იყოს, ამ შემთხვევაში, შეიძლება, მქონოდა გარკვეული პროტესტის გრძნობა, მაგრამ ახლა, როგორც გითხარით, ეს პრობლემას არ გვიქმნის. თან, მიუხედავად დროის ნაკლებობისა, ეველინისთვის მნიშვნელოვან მომენტებში, ყოველთვის მის გვერდითაა, ვცდილობთ, უცხოეთში მოგზაურობები ერთად დავგეგმოთ, რომ ჩვენს შვილს თვალსაწიერი გავუფართოვოთ, შაბათ-კვირასაც მასთან ერთად გავდივართ ქალაქიდან. როცა ერთად ვისვენებთ, ძალიან ლაღები და ბედნიერები ვართ და მიუხედავად დროის ნაკლებობისა, დათო ძალიან კარგი მეუღლე და მამაა.

– თუ იყენებს ენაკვიმატობას სიტუაციებიდან გამოსაძრომად?

– ყოველთვის (იცინის). ხანდახან ვბრაზდები კიდეც. ერთადერთი, რაც დათოსი არ მომწონს ისაა, რომ ნებისმიერ თემაზე შეუძლია ქუჩაში ხმამაღლა ლაპარაკი. მისი ხმის ტემბრი, მოგეხსენებათ, შეიძლება კილომეტრის მოშორებით გაიგოს ადამიანმა (იცინის). სულ ამას ვაპტოტესტებ, ვეუბნები: დათო, აუცილებელი არ არის ყველამ გაიგოს, რა იყიდე ან რა გაქვს საყიდელი-მეთქი, თან ქუთაისში ყველა იცნობს და გამახვილებული აქვთ ყური მის ხმაზე (იცინის). სულ ვეუბნები, შენთან ერთად რამის საყიდლად წამოსვლა არ მინდა, ყველა შენ გაქცევს ყურადღებას-მეთქი (იცინის).

– სახლის საქმეებიდან რა გამოსდის კარგად?

– ძალიან მოწესრიგებული ადამიანია. მერვე წელია, ოჯახი გვაქვს და არ მახსენდება, დათოს ნივთი მისთვის შეუფერებელ ადგილას დაედოს. ჩემზე მეტად მოწესრიგებულია, ამას თამამად ვამბობ. არ ვიცი, აღზრდის დამსახურებაა თუ შინაგანი კულტურის, მაგრამ დედაჩემიც აღნიშნავს ხოლმე, რა ბედნიერებაა ასეთ მოწესრიგებულ ადამიანთან ცხოვრებაო. ეს მამაკაცთან ურთიერთობაში ძალიან დიდი პლუსია. არ მახსოვს, დათოს ნივთების მოწესრიგებაში, ჩანთის ჩალაგებაში და მსგავს საქმეებში ჩემი დახმარება დასჭირვებოდეს. თუ საჭირო იქნება, საჭმელსაც გააკეთებს და ყველაფერში მოგეხმარება. ყველაფერი გამოსდის, მხოლოდ არაფრისთვის დრო არ აქვს (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა