შოუბიზნესი

რა გამოიწვია სალომე კაპანაძის ცხოვრებაში განცდილმა სტრესებმა და რა ისწავლა მან შეცდომებზე

№13

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 01.04

სალომე კაპანაძე
დაკოპირებულია

სალომე კაპანაძისთვის ბოლო პერიოდი დიდ ცვლილებებთან ასოცირდება. მან საგრძნობლად დაიკლო წონაში და მკერდის პლასტიკური ოპერაციაც გაიკეთა. რას მოჰყვა ასეთი გარდასახვა, ამაზე სალომე თავად მოგვიყვება.

სალომე კაპანაძე: ჩემი მიზანი წონის კლება არ ყოფილა. ზოგადად, ცვლილებები ძალიან მიყვარს, მაგრამ ასეთი რადიკალური დაგეგმილი არ მქონია. ეს თავისთავად მოხდა. საქმეზე გადართულმა რაღაც პერიოდი კვება საერთოდ დავივიწყე, მერე კი გავიაზრე, რომ ეს რეალურად სტრესით გამოწვეული უმადობა იყო. წონაში რომ დავიკელი, ფორმების შესანარჩუნებლად ვარჯიში დავიწყე და საბოლოოდ, მგონი, კარგი შედეგი მივიღე.

– მანამდეც ძალიან კარგ ფორმაში იყავი და თვითონაც მოგწონდა საკუთარი გარეგნობა.

– ძალიან მომწონდა და ვიხდენდი იმ ფორმას, როგორშიც ვიყავი. ამ ყველაფერს იმიჯის ცვლილებას ვარქმევ და არა წონაში დაკლებას, ანუ, არ მიმაჩნია, რომ რადგან წონაში დავიკელი, ახლა ვარ კარგ ფორმაში. რომ ვუკვირდები, მაშინ ბევრად უფრო თავდაჯერებული ვიყავი, ვიდრე ახლა. მაშინ ბევრად უფრო მომწონდა ჩემი ყველაფერი, ვიდრე ახლა. რაც სხეულის ფორმა შემეცვალა, არის რაღაცები, რაც არ მომწონს და სიამოვნებით დავუბრუნდებოდი ძველ ფორმას. როგორი ფორმებიც არ უნდა მქონდეს, ყველანაირი მომეწონება ჩემი თავი, თუ კომფორტულად ვიქნები, უბრალოდ, თუ ამ ორ მდგომარეობას ერთმანეთს შევადარებთ, მე ის უფრო მეტად მომწონდა, ვიდრე ეს. სხვათა შორის, ბევრმა მითხრა, რომ ის უფრო მოსწონდათ. ალბათ, თავდაჯერებულობის გამო, ჩემგან მაშინ მეტად მოდიოდა შინაგანი ქარიზმა. ახლა რა დამემართა, არ ვიცი (იცინის).

– როცა სრულ ფორმებს უწევ პოპულარიზებას და აგზავნი მესიჯებს, რომ ისეთი უნდა გვიყვარდეს საკუთარი თავი, როგორიც ვართ, მერე კი თვითონ იკლებ წონაში, ჩნდება კითხვა – მაშინ თვითონ რატომ დაიკელი? იყო ასეთი მომენტები?

– კი, მე ყოველთვის ვცდილობდი, მესიჯები გამეგზავნა ისეთი გოგონებისთვის, ვინც სრული ფორმების იყვნენ და კომპლექსები აწუხებდათ. ვამბობდი, რომ საკუთარი თავი აუცილებლად უნდა ჰყვარებოდათ ისეთი, როგორებიც იყვნენ. ის მდგომარეობა ძალიან მეხმარებოდა ამ საქმეში და პასუხისმგებლობასაც ვგრძნობდი, რომ სწორი მესიჯები გამეჟღერებინა. რაც შეეხება ჩემს წონაში დაკლებას, სხვაობა ისაა, რომ ბევრ გოგოს, დაკლება უნდა არა იმიტომ, რომ თვითონ აქვს ეს სურვილი, არამედ მათი წონის შესახებ ხალხის კომენტარები აღიზიანებთ და ხშირ შემთხვევაში, სხვისი აზრის გამო დგამენ ამ ნაბიჯს. არ უნდა გვაინტერესებდეს, სხვას რა მოსწონს, სხვას როგორი უნდა, რომ შენ იყო, შენს გარეგნობასთან დაკავშირებით მხოლოდ შენი აზრია მნიშვნელოვანი და შენ როგორც იგრძნობ თავს კარგად, ისე უნდა მოიქცე. ასე რომ, გააჩნია, რა არის შენი მოტივაცია. ვიღაც რომ გიწერს, ძალიან კარგი იქნება, რომ 10 ან 20 კილოგრამით ნაკლები იყოო, ამის გამო არ უნდა გადაწყვიტო დაკლება. ასეთი კომენტარი, უბრალოდ, ერთ ყურში უნდა შეუშვა და მეორიდან გამოუშვა. მარტო წონაც არაა, ქალებს ბევრი პრობლემა გვაწუხებს: სტრიები, ცელულიტი, მე რაც წონაში დავიკელი დამეწყო ვიტამინების ნაკლებობა, თმის ცვენა, კანის პრობლემები. ახლა სტრიებიც მაქვს, ცელულიტიც, მაგრამ რატომ არ უნდა მომწონდეს ეს? ეს ხომ ჩემი სხეულის ისტორიაა? რომ ვუყურებ კი არ მაწუხებს, მეამაყება და მით უმეტეს, გოგონებს, ვისაც მშობიარობის შემდეგ შეეცვალათ სხეული, ეს დისკომფორტს კი არ უნდა უქმნიდეთ, პირიქით, სიამაყით ავსებდეთ.

– რა იყო სტრესის მიზეზი, რამაც ეს ყველაფერი გამოიწვია?

– ძალიან ბევრი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რასაც არ ველოდი და მომეთხოვებოდა, რომ ძლიერი ვყოფილიყავი, საჯაროდ არ უნდა შემემჩნია ცუდად ყოფნა. ჯერ იყო „პრაიმჰაუსი“, რაც საკმაოდ სტრესული აღმოჩნდა და ამის გააზრება ვერ მოვასწარი, როცა ახალი ამბავი დაემატა – განშორების თემა და მოკლედ, მაშინ ჩემს თავს ვუთხარი, რომ ცუდად ყოფნისა და ლოგინში წოლის უფლება არ მქონდა და გამომივიდა კიდეც თავის ხელში აყვანა, მაგრამ ჩემმა ორგანიზმმა საკმაოდ გვიან გააცნობიერა განცდილი სტრესი და ეს უფრო მძიმე აღმოჩნდა. საბოლოოდ ამან გამოიწვია უმადობა და შემდეგი ცვლილებები.

– მთელი ერი რომ შენს დეკოლტეზე იყო შეყვარებული, შენ კი უცებ მკერდის პლასტიკური ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტე. რატომ?

– პირველ რიგში, მე ვიყავი შეყვარებული საკუთარ მკერდზე (იცინის). წონის კლებასთან ერთად, პირველი, რაც გამიქრა, ეს იყო და ვერ გადავიტანე ეგ ამბავი. ძალიან მომწონდა, შეჩვეული ვიყავი. დაკარგულ კილოგრამებს როგორღაც შეველიე, მაგრამ მკერდს – ვერა, ამიტომ ძალიან მალე მივიღე ეს გადაწყვეტილება და უცებვე გავიკეთე ოპერაცია.

– ბევრი კომენტარი შემხვდა, ახალი უკეთესია თუ ძველი სჯობდა, ისეთი კარგი ჰქონდა, რად უნდოდა გაკეთებაო და ასე შემდეგ...

– ყოველთვის ვიტყვი, რომ ბუნებრივს არაფერი სჯობს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ, როცა აღარ არის, რა უნდა ქნა?! (იცინის). თუ ბუნებრივი გაკმაყოფილებს, რატომაც არა, მაგრამ პლასტიკურ ქირურგიასთან დაკავშირებით სულ ვამბობდი, რომ თუ ოდესმე დამჭირდებოდა, აუცილებლად მივმართავდი და ასეც მოვიქეცი. მგონია, რომ დღეს ამაში გასაკვირი არაფერია.

– ახლა რა ხდება პირად ცხოვრებაში?

– საერთოდ არაფერი. ამ ეტაპზე ეს ჩემთვის პრიორიტეტული არ არის. შინაგანად ვგრძნობ, რომ ჯერ არ მინდა. რამე რომც იყოს, მგონია, რომ საშვილიშვილოდ დავმალავდი. შეცდომებზე უნდა ვისწავლოთო, ხომ ამბობენ? (იცინის)

–კიდევ ერთხელ გადაწყვიტე „პრაიმჰაუსში“ მონაწილეობა. გამოვლილი სირთულეების შემდეგ როგორ გადადგი ეს ნაბიჯი?

– ეს არის ჩემი ხასიათი, არ გავურბივარ სირთულეებს. როცა შემომთავაზეს, დიდ ხანსაც არ მიფიქრია. არ გამოვაკლდები ამ სეზონს „ოლ სთარია“ და რატომ არ უნდა ვიყო მე იქ?! პირველი სეზონის მონაწილე ვარ და ვფიქრობ, რომ ბევრი გავაკეთე ამ პროექტში. კიდევ ერთხელ გავივლი ამ გზას და მიზეზიც მაქვს – ვნახოთ, როგორი იქნება სალომე ორი წლის შემდეგ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი