რა გადაწყვეტილება მიაღებინა გოგა მესხს მამუკა ონაშვილის განსაკუთრებულმა სიყვარულმა
ავტორი: ქეთი კაპანაძე 17:26
გოგა მესხმა ახალხან საზოგადოებას ახალი ნამუშევარი წარუდგინა, რომელმაც ძალიან დადებითი გამოხმაურება გამოიწვია. ეს სიმღერა განსაკუთრებული ემოციური დატვირთვით გამოირჩევა, მიზეზებს კი ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
გოგა მესხი: „დაღამებულხარ, ჩემო აპრილო“ ჩემი ახალი ნამუშევარია, რომელიც საზოგადოებამ ძალიან კარგად მიიღო და ეს ფაქტი მახარებს. საერთოდ, მე დიდ ყურადღებას ვაქცევ ჩემი ნამუშევრების გამოხმაურებებს და უარყოფითი კომენტარი არ წამიკითხავს. ზოგადად, ყველას ვერ მოეწონები, მაგრამ ვფიქრობ, ამ ნამუშევრით მსმენელში დადებითი ემოცია დავტოვე.
ამ სიმღერის ჩაწერის იდეა ჩემი ძვირფასი მეგობრის – მამუკა ონაშვილის გამო გამიჩნდა. მე, ფაქტობრივად, მამუკას ხელში გავიზარდე. მამუკა, დოიჯა – ეს ადამიანები ჩემთვის განსაკუთრებით ბევრს ნიშნავდნენ. მამუკას ძალიან უყვარდა ეს სიმღერა. ეს ვერსია, რომელიც მე ჩავწერე, მას ეკუთვნოდა. ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში, ერთ-ერთ ტელეგადაცემაში დავაპირე მისი შესრულება. მამუკას დავურეკე: მამუ, თუ შეიძლება, ერთხელ ვიმღერებ-მეთქი, – ვთხოვე. გოგა, რამდენჯერაც და სადაც გინდა, იმღერე, ჩემი პატარა ძმა ხარო, ძალიან თბილად მიპასუხა. მერე რაც მოხდა, ყველამ კარგად ვიცით. მამუკა ჩვენ გვერდით აღარ არის. გადავწყვიტე, ეს ვერსია ჩამეწერა, რა თქმა უნდა, მისი ოჯახის ნებართვით, მის სახელზე და მის პატივსაცემად ვიდეორგოლიც გადამეღო. მაიკო, მისი და, არაჩვეულებრივი ადამიანი, ჩვენი ძალიან კარგი მეგობარია, სიხარულით დამთანხმდა და ფაქტობრივად, ჩვენ ერთად გავაკეთეთ ეს საქმე.
მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესო იყო. ძალიან მაგარ, ზეპროფესიონალ გუნდთან ერთად მომიწია თანამშრომლობა უკვე მესამედ და ნაფიქრი, თბილი ნამუშევარია.
პრემიერამ ძალიან კარგად ჩაიარა, ყველაფერი მაღალ დონეზე იყო. იმდენი სითბო მივიღე, რომ ეს ძალიან დიდხანს გამყვება. რეალურად იქ მამუკას სტუმრები იყვნენ. რა თქმა უნდა, ჩემი მეგობრები, კოლეგები, მაგრამ ის ადამიანები, ვისაც მამუკა ძალიან უყვარდა. კიდევ ერთხელ გავიხსენეთ და ცრემლები მოგვადგა.
მამუკას დამ, მაიკომ მითხრა, მადლობა, რომ მამუკა გამიცოცხლეო. ამაზე მეტი რა უნდა გითხრას ადამიანმა?!
– როგორ გახსენდება მამუკას გაცნობა?
– დაახლოებით, ათი წლის ვიქნებოდი. მოგეხსენებათ, დედაჩემი მომღერალია, ანსამბლ „თაიგულში“ მღეროდა. ჯერ კიდევ ბნელ 90-ანებში ღონისძიებაზე ერთად მოგვიწია ახალი წლის შეხვედრა. როგორც მანქანების მოყვარულს, მახსოვს, მამუკას „ბმვ“ ჰყავდა. ერთდროულად მივედით საღამოზე, დედამ გააცნო ჩემი თავი: ძალიან თბილად შემხვდა, მომეფერა. მას შემდეგ ხშირად ვხვდებოდით კონცერტებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებაზე. ბიძაჩემთან მეგობრობდა და ასე შემდეგ.
თამამად ვიტყვი, რომ მამუკას შესახებ აუგი არავისგან მომისმენია. ის ყველას უყვარდა. გაცნობიდან ერთ საათში გეგონებოდა, რომ მთელი ცხოვრება იცნობდი. ძალიან მეგობრული ადამიანი იყო საოცარი იუმორით, რაც ალბათ, ყველამ იცის. მის გვერდით ვერ გაჩერდებოდი, სუფრასთან საჭმელსაც ვერ შეჭამდი, უბრალოდ, უნდა გეცინა. ყველას ძალიან გვაკლია.
დოიჯას და მამუკას გასახსენებელი საღამო ჩატარდა ფილარმონიაში, სადაც „მეილიქიშვილის გამზირის“ ჩემეული ვერსია ვიმღერე და ზურას მივუძღვენი. მაშინ ვთქვი, რომ მამუკასთვისაც აუცილებლად უნდა გამეკეთებინა მსგავსი რამ და მიხარია, რომ ეს შევძელი. ცოტა დრო არ დამჭირვებია, მუშაობის პროცესი რამდენიმე თვე გრძელდებოდა და საბოლოოდ გამოვიდა ის, რაც მინდოდა.
– როგორც ჩანს, გასული წელიც და წლევანდელის დასაწყისიც, საკმაოდ დატვირთული გაქვს.
– ნამდვილად ასეა. ახლა ჯემალ სეფიაშვილისგან მოვდივარ. ეს ადამიანი ძალიან მიყვარს, იმავეს ვიტყვი: ფაქტობრივად, მის ხელში გავიზარდე. ღმერთმა კარგად ამყოფოს, რომ ბევრი ვიმღეროთ და ბევრი კონცერტი ჩავატაროთ. მაგარი ადამიანია. რეპეტიცია გვქონდა, მთელი გულითა და სულით მინდა, მისი ერთ-ერთი სიმღერა ჩავწერო და ვიდეორგოლსაც გადავიღებთ. ანუ, უკვე ახალ სიმღერაზე ვმუშაობ.
მარიამ ლიკლიკაძე ჩემი მეგობარია და უკვე მეორე, არარეალურად მაგარი სიმღერა დამიწერა. ამ სიმღერასაც აუცილებლად ჩავწერ. მოკლედ, რომ ვთქვა, წელს ძალიან კარგი გეგმები მაქვს.
– კიდევ რა სიახლეებით დაიწყო წლევანდელი წელი?
– რაც ყველაზე მთავარია, ფილმის გადაღებას ვაპირებთ. მე ამ ფილმის პროდიუსერი და ერთ-ერთი მსახიობი ვიქნები. ეს საქმე ჩემთვის უცხო ნამდვილად არ არის. პროფესიით მსახიობი ვარ – თეატრალური მაქვს დამთავრებული. რაც ყველაზე მეტად მიყვარს, კინოა და ბედნიერი ვარ, რომ ახლა ამ საქმეში ვარ. დიდი ხანია, ეს სურვილი გვქონდა, მაგრამ მოგეხსენებათ, მარტივი ამბავი არ არის. საბედნიეროდ, გამოვიდა და წინ მივდივართ.
– ცოტა ოჯახურ ამბებზეც ვისაუბროთ. ასეთი რეჟიმის გათვალისწინებით, რამდენად იცლი ოჯახური პასუხისმგებლობებისთვის?
– ამ კითხვაზე მარტივი პასუხი მაქვს, სახლში არასდროს ვარ. ასეთი პროფესია მაქვს.
– მეუღლე როგორ ეგუება ამ ამბავს?
– ეგუებიან, რო? (იცინის). ვერ ეგუებიან, მაგრამ რა ქნან... ან დედამ რა ქნას? დედა რომ მირეკავს, ხშირად მეუბნება ხოლმე, შვილო, მენატრებიო.
– მამის ამპლუას როგორ ართმევ თავს?
– ჩემი შვილი ჩემთან არ ცხოვრობს, დედასთანაა. აქედან გამომდინარე, ძალიან ვცდილობ, რაც შეიძლება, დიდი დრო გავატარო ელენესთან ერთად, მაგრამ ყოველთვის არ გამომდის. მართლა ვცდილობ, კარგი მამა ვიყო.
– როგორია თქვენი მამაშვილობა?
– სულ მინდა, რომ ვეფერო, ერთად ვუყუროთ რამეს, ვითამაშოთ და ასე შემდეგ. მეგობრული მამა ვარ. არც მესმის, როგორ შეიძლება, გოგოს მამა მკაცრი იყოს. შვილი ყველაზე მეტად მიყვარს, ჩემი ამომავალი მზეა, სხვანაირად როგორ შეიძლება?!
– რამდენი წლისაა, ხასიათით თუ გგავს?
– უკვე 9 წლისაა. ხასიათს რაც შეეხება, ვერ ვიტყვი. გარეგნულად ძალიან მგავს, რომ შეხედო, იტყვი, გოგას შვილიაო. მასაც ჩემსავით უყვარს ჭამა (იცინის). მისი ასაკის რომ ვიყავი, თეფშზე საჭმელი რომ გათავდებოდა, კარგად ვაკვირდებოდი, რამე ხომ არ დამრჩა-მეთქი და ესეც ჩემსავით მსუნაგია (იცინის).
– მოსწონს ეკრანზე რომ გხედავს?
– ეკრანზე რომ მხედავს, გატრუნული მისმენს. ცოტა პატარა რომ იყო, ჩემი დანახვისას ისეთი სახე ჰქონდა, რომ აშკარად აინტერესებდა, ეკრანიდან რატომ არ ვეფერებოდი. გოგოს მამობა ძალიან დიდი ბედნიერებაა!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





