რა ასწავლა თეო კოჭლამაზაშვილს ღალატმა და ჰყავს თუ არა მას შვილი რეალურად
ავტორი: ქეთი მოდებაძე 16:00 03.08, 2022 წელი
თეონა კოჭლამაზაშვილი რეალითი შოუს, „პრაიმ ჰაუსის“, ერთ-ერთი მონაწილეა, რომლის გარშემოც მოვლენები საინტერესოდ განვითარდა. მისი და ავთოს რომანტიკული ურთიერთობა მაყურებელს განსაკუთრებულად მოსწონდა, თუმცა, ყველაფერი ღალატით დასრულდა.
თეო კოჭლამაზაშვილი: მეც, როგორც ყველას, „პრაიმ ჰაუსის“ პროდიუსერი დამიკავშირდა და პროექტში მონაწილეობა შემომთავაზა. ბევრი ვიფიქრე, დავთანხმებულიყავი თუ არა და ერთ მომენტში, უცებ გადავწყვიტე, მოდი, შევალ-მეთქი. ერთ წამში გადავდგი საბოლოო ნაბიჯი. საერთოდ არ მინერვიულია. ჩემი აზრით, მაშინ ნერვიულობ, როცა თამაშობ და გარკვეული როლების მორგება გიწევს. როცა ცდილობ, ისეთ ადამიანად წარმოაჩინო თავი, როგორიც არ ხარ, რთულია. მე როგორიც შევედი, ისეთი დავრჩი ბოლომდე და ახლაც ისე ვაგრძელებ ცხოვრებას. საკუთარ „მეს“ არავისთან ვმალავ.
– ვინ გაგიცრუა მოლოდინი ამ შოუში?
– ჰოო (იცინის). მეგობარმა გამიცრუა იმედი. ვისთანაც რეალურად ვმეგობრობდი, ბოლოს აღმოჩნდა, რომ მეგობარი ნამდვილად არ ყოფილა, სალომეს ვგულისხმობ, რაც სამწუხაროა. ბოლოს კი ავთომ გამიცრუა იმედი.
– ყველაზე დიდი გამოხმაურება შენსა და ავთოს ურთიერთობას მოჰყვა. თავიდან გამორიცხავდი, რომ შეიძლებოდა, ავთოს მიმართ რამე გრძნობა გაგჩენოდა? როგორ მოახერხა შენი დამოკიდებულების შეცვლა?
– არ ვიცი, სიტუაციასა და ავთოს საქციელებს მოჰყვა ყველაფერი. ამ ადამიანმა იმდენი მოახერხა, რომ მის მიმართ სიმპათიები გამჩენოდა. ერთმანეთი მოგვწონდა. ახლა ვმეგობრობთ. ავთოს ჩემ მიმართ სიმპათიები პროექტამდე ჰქონდა. მერე, როცა 24 საათი ერთად ვიყავით, ჩვენი ურთიერთობა ნელ-ნელა განვითარდა. ეს არ ყოფილა შოუსთვის დადგმული. შეიძლება, ხალხს მოსწონდა და მოსწონს ჩვენი წყვილი, მაგრამ სპეციალურად ხალხისთვის არ გაგვიკეთებია. მოგვწონდა ერთმანეთი და ურთიერთობის აწყობა ვცადეთ.
– როგორ ფიქრობ, რატომ არ გამოვიდა?
– ჩაკეტილ სივრცეში, სახლში, სადაც 24 საათი გაკვირდებიან და თითოეულ ნაბიჯსა და სიტყვას გიკონტროლებენ, რთულია. ურთიერთობის ძალიან დიდი სურვილიც რომ გქონდეს, ეს გარემო ემოციურად მოქმედებს.
– ელოდი მისგან ღალატს?
– არა. ჩემთვისაც ძალიან მოულოდნელი იყო. ის ყველაფერი, რაც მოხდა, ჩემ თვალწინ კი არა, ზურგს უკან ხდებოდა. მაგრამ ბოლო კვირაში ვამჩნევდი, რომ ავთო სხვანაირი გახდა, ხასიათები შეეცვალა და ამან გამოიწვია დიდი ეჭვები. ბოლო ორი დღის განმავლობაში უკვე ყველაფერი აშკარად ეტყობოდა. გოგოები ყველა წვრილმანს ვაქცევთ ყურადღებას. როცა ადამიანს მოსწონხარ, ყველა დეტალს აკვირდები – როგორ გამოგხედა, როგორ მოიქცა და ასე შემდეგ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მივხვდი, რომ რაღაც შეიცვალა. ამას თვითონაც ამბობს და ძალიან დიდი ბოდიშიც მომიხადა. აღიარებს, რომ ცუდად მოიქცა.
– პატიება და ურთიერთობის გაგრძელება არ გაგიჭირდა?
– ზოგადად ისეთი ადამიანი ვარ, გულში წყენის ჩადება არ მიყვარს. მართლა მთელი გულით მოიხადა ბოდიში, მაგრამ ვუთხარი, რომ მის საქციელს ასე მარტივად ვერ დავივიწყებ. რაღაც დონეზე დღემდე ნაწყენი ვარ და ეს ავთომ იცის, მაგრამ ვცდილობ, ეს გადავლახო. რაც იყო – იყო, წარსულს ჩაბარდა.
– ახლა როგორ წარმოგიდგენია მასთან ურთიერთობა, შეიძლება, თქვენს გრძნობას გაგრძელება მოჰყვეს?
– ახლა მართლა ვმეგობრობთ. ისიც ძალიან კარგად არის და მეც მშვენივრად ვარ. მას თავისი ცხოვრება აქვს, მე – ჩემი. მომავალში რა იქნება, წინასწარ არავინ ვიცით. კიდევ ერთი შანსის მიცემას რაც შეეხება, არ ვიცი. შეიძლება, მივცე, შეიძლება – არა. სიტუაციიდან გამომდინარე მოვიქცევი. ახლა მართლა მიჭირს რამის თქმა.
– ამ შოუს შემდეგ როგორ დამოკიდებულებას გრძნობ ქუჩაში, სოციალურ ქსელებში?
– ადამიანებისგან ძალიან დიდ სითბოს, სიყვარულსა და გვერდში დგომას ვგრძნობ. ეს ჩემთვის ყველაფერია. ძალიან მიხარია, რომ ამდენი ადამიანის სიყვარული დავიმსახურე. ყველაზე კარგი, რაც შეიძლებოდა ამ პროექტისგან მიმეღო, ეს არის. ყოველ შემთხვევაში, უმეტესობა სიყვარულს გამოხატავს და თითოეული მათგანის მადლიერი ვარ. საკმაოდ ბევრი რამ გამოვიარე – გულისტკენა, მეგობრის ღალატი, საყვარელი ადამიანის ღალატი, მაგრამ ამან პიროვნულად უფრო მეტად ძლიერი გამხადა. თან ღალატი ჩემთვის პირველი იყო და მტკივნეული აღმოჩნდა, მაგრამ რას ვიზამთ, ცხოვრებაა და დასკვნების გამოტანა უნდა შეძლო.
– როგორი იყო თეოს ცხოვრება „პრაიმ ჰაუსამდე“?
– ვმუშაობ „რუსთავი 2-ში“. „ნიჭიერისა“ და „ურუსკესის“ ქორეოგრაფი ვარ. მაქვს ჩემი სტუდია, მყავს მოსწავლეები, რომლებსაც ცეკვას ვასწავლი. საკმაოდ დატვირთული გრაფიკი მაქვს. საკუთარი თავისთვის დრო თითქმის არ მრჩება. სამსახური, სამსახური და სამსახური. ისეთი დაღლილი ვარ ხოლმე, სახლის გარდა, სხვა არაფრის ენერგია აღარ მაქვს, მაქსიმუმ, დაქალს თუ გადავუშლი გულს (იცინის). კიდევ – ვარჯიში, ამის გარეშეც გამორიცხულია.
– როგორი ადამიანი ხარ?
– მშვიდი ადამიანი ვარ. ჩემი წყობიდან გამოყვანა ძალიან რთულია, თუმცა, მანდ მაინც მოახერხეს. უსამართლობა არ მიყვარს. როცა არ იცი და ისე მაბრალებ, მოდი და მაჩვენე ფაქტები. როცა სირთულეებს ვაწყდები, იმწუთას შეიძლება ძალიან განვიცადო და ვტირი. ვისგანაც არ ველოდები, მისგან განსაკუთრებით მარტივად მწყინს და მერე მეტირება. საკმაოდ ემოციური ვარ, თუმცა, როცა ყველაფერს ვაანალიზებ, ვმშვიდდები.
– შოუში ამბობდნენ, ზარმაცია და სულ სძინავსო.
– ვინც ამას მაბრალებდა, დღის განმავლობაში თვითონ ჩემზე ათჯერ მეტი ეძინა. მაშინაც ეძინა, როცა მე ფეხზე ვიყავი. სავარაუდოდ, მათთვის აქტიურობა ჩხუბი იყო. მე არ ვარ კონფლიქტური ადამიანი, არ მიყვარს ჩხუბი. თუ რამე არ მომწონს, მირჩევნია, საუბრით მოვაგვარო ან საერთოდ მოვერიდო ჩემგან განსხვავებული შეხედულებების ადამიანს. თუმცა, ეგრე გამოჩნდა. თავდაყირა თუ არ დადექი და სპეციალურად არ გააკეთე რაღაცები, ჰაერში თუ არ ახტი და გაიკვანძე, ოღონდ, ვიმეორებ, სპეციალურად, მათთვის ეს პასიურობაა. რეალურად მე როცა მინდოდა, აქტიური ვიყავი, როცა არ მინდოდა, ვპასიურობდი კიდეც. ეს არ ნიშნავს, რომ ზარმაცი ვარ.
– შვილი მართლა გყავს?
– არა, არც შვილი მყავს, არც გათხოვილი ვარ და შესაბამისად, არც ქმარი მყავს (იცინის). ეს ადამიანი, ვინც ჩემს შვილად ჩათვალეს, ჩემი გაზრდილია. ცეკვაზე მოვიდა ჩემთან და დღის განმავლობაში თითქმის სულ ერთად ვართ. ოჯახის წევრად აღვიქვამ, მისთვისაც მეორე დედასავით ვარ და მეც შვილივით ვუყურებ. ერთმანეთს დედიკო, შვილიკოთი მივმართავთ. ხალხმა, რატომღაც, ეს სერიოზულად მიიღო. მე კი ვიძახი, არ არის ჩემი შვილი-მეთქი, მაგრამ ზოგს უფრო საპირისპიროსი სჯერა (იცინის).
სიახლეები ამავე კატეგორიიდან