ლევან წვერავა: ალკოჰოლს საერთოდ არ ვიღებ, ჩემი სამეგობრო ამას ვერ ატყობს, წყალს ან ლიმონათს ვსვამ და მათნაირად ვთვრები
ავტორი: ქეთი კაპანაძე 18:00
ლევან წვერავას "უცნობი მხარე"👇
– ვინ არის ლევან წვერავა?
ლევან წვერავა: საკუთარ თავზე საუბარი ცოტა რთულია, მაგრამ რისი თქმაც შემიძლია ისაა, რომ ვარ ღვთისმოშიში, თავმდაბალი, ძალიან ოპტიმისტი და მიზანდასახული ადამიანი. მე ამ თვისებებს ვხედავ საკუთარ თავში.
– როგორია შენთვის საოცნებო ცხოვრება?
– ალბათ, ნაწილობრივ, ჩემთვის საოცნებო ცხოვრება მაქვს. მყავს უსაყვარლესი ოჯახი, რის გამოც ძალიან ბედნიერი ვარ. მე ყოველთვის ვოცნებობდი ამაზე და წარმოდგენებში ჩემი ნახატი მქონდა, ანუ როგორი უნდა ყოფილიყო ჩემი ოჯახი ჩემი მშობლების ოჯახის შემდეგ. ღვთის წყალობით, მართლა ისეთი ლამაზი და სიყვარულით სავსე ოჯახი მაქვს, როგორსაც ვხედავდი და წარმომედგინა. მე მუდმივად ვცდილობ, სიყვარული გავაღვივო. ფრთიანი ანგელოზი არ ვარ, ჩვეულებრივად ვცხოვრობ, როგორც ყველა, მაგრამ ის ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ოჯახი ზუსტად ისეთია, როგორიც ყოველთვის მინდოდა ყოფილიყო.
– რამდენად ემოციური და გულჩვილი ხარ?
– ძალიან ემოციური და ძალიან გულჩვილი ვარ. პირდაპირ გეტყვით, ყველაფერზე მეტირება. ბევრი რამ მიმაქვს გულთან ძალიან ახლოს. ვუყურებ, ვისმენ თუ ვკითხულობ, არ აქვს მნიშვნელობა. ემოციებისგან ჩემივე სიმღერაზე მიტირია, ასევე, ჩემს გაკეთებულ კონკრეტულ საქმეებზე. მაგალითად, ვინმეს დავეხმარე და მის თვალებში ამოვიკითხე, რომ რაღაც მართლა კარგი გავაკეთე, ეს ჩემში განსაკუთრებულ ემოციას იწვევს.
– მინდა, იმ ცხოვრებისეული მოვლენის გახსენება გთხოვო, როდესაც ცრემლი ვერ შეიკავე – ეს შეიძლება, ყოფილიყო ბედნიერებით ან ტკივილით გამოწვეული...
– ბანალურიც არის და ცხოვრებისეულიც, ცრემლი ვერ შევიკავე, როდესაც ჩემი შვილი დავინახე. ბედნიერებისგან ვტიროდი. გულიც სავსე მქონდა ემოციებით და ეს გარეგნულადაც მეტყობოდა. ნინის ფეხმძიმობის შესახებ რომ გავიგე, მაშინაც დიდი ემოცია იყო, თუმცა სხვაობა ის იყო, რომ როცა ამის შესახებ შევიტყვე, იმწამს ბოლომდე ვერ გავიაზრე რა ხდებოდა. ჩვენი ისტორია ბევრმა იცის და ხვდებით, რასაც ვგულისხმობ. მერე რომ დავფიქრდი და გავაცნობიერე, რა თქმა უნდა, უცრემლოდ არ ჩაუვლია ამას.
რაც შეეხება მწუხარების ცრემლს, პირდაპირ ვიტყვი, როდესაც მამა გარდაიცვალა, ეს მაშინ მოხდა. მამაჩემის ყოველ გახსენებაზე ჩემი გული დარდიანი და ცრემლიანი ხდება.
– მამაკაცი და ცრემლი, ბევრი მალავს, არ უყვარს სხვის დასანახად ემოციის გამოხატვა...
– ალბათ, ყველა მამაკაცს გვირჩევნია, დავმალოთ. ჩვენს სენსიტიურობაზეა დამოკიდებული, ეს რამდენად შეგვიძლია. ალბათ, გულის სიღრმეში მეც მინდა, რომ ცრემლი დავმალო და უფრო ძლიერი ვჩანდე, მაგრამ რამდენად გამოდის, ეს ძალიან ინდივიდუალურია. უფრო ხშირ შემთხვევაში არ გამომდის და ვერ ვმალავ. ვერ ვმალავ, როცა ჩემს ოჯახში რაღაც განსაკუთრებული ხდება, ვერ ვმალავ, როცა ძალიან ამაყი ვარ ჩვენი ქვეყნის გამო, ვერ ვმალავ, როცა ძალიან მტკივა.
– წარსულიდან რას მიიჩნევ შენს მცდარ ნაბიჯად?
– შეიძლება, ბევრი იყოს ასეთი. იყო რაღაცები, რაც სჯობდა თავის დროზე გამეკეთებინა, მაგრამ არ გავაკეთე და მერე მიფიქრია, ამდენ ხანს რას ველოდი-მეთქი. პარალელურად, არის ისეთი საქმეებიც, რაც გამიკეთებია და რომელთა გამოც დღემდე ვამაყობ. ის, რომ რაღაც არ გავაკეთე, მთელი ცხოვრება მემახსოვრება, ამაზე სულ ვიფიქრებ, მაგრამ მე არასდროს მივტირი წარსულს. საერთოდ, პესიმიზმი და ლევან წვერავა რადიკალურ წინააღმდეგობაში არიან ერთმანეთთან. მაქსიმალურად ოპტიმისტი ვარ ყველაფერში, ყველა ურთიერთობასა და მოცემულობაში. ეს ძალიან მომწონს საკუთარ თავში და ამით გამოწვეული დადებითი ემოციები გადამაქვს ყველა საქმეში. მე ვარ ადამიანი, რომელიც ალკოჰოლს საერთოდ არ იღებს. ჩემი სამეგობრო ამას ვერ ატყობს. ვხუმრობთ კიდეც ამასთან დაკავშირებით, წყალს ვსვამ ან ლიმონათს და მათნაირად ვთვრები. ყველა ამბობს, ამასაც ხომ ნიჭი უნდაო?! შეიძლება დამინახო სუფრაზე, სადაც 50 მთვრალი კაცი ზის და მათთან ერთად მეც ისე გამოვიყურებოდე, რომ ნასვამი გეგონო, მაგრამ ამ დროს ერთი წვეთი არ მქონდეს დალეული. ეს ჩემი სიხალასის დამსახურებაა. ვერასდროს იგრძნობ, რომ შენ რომელიმე სიტუაციაში ვერ გაგიგე და შესაბამისად ვერ მოვიქეცი, რომ რაღაცაზე ყურები ჩამოვყარე და ასე შემდეგ. ეს მომწონს ჩემს თავში. შევცვლიდი ერთ თვისებას – ცოტა ფიცხი ვარ. გარკვეულ მომენტებში მალე ვინთები, მაგრამ ალბათ, ეს ყველა ადამიანშია. მალევე ვქრები, უცებ ვწყნარდები და ესეც მომწონს.
– რა გამოსცადე ბოლო პერიოდში ცხოვრებაში პირველად?
– მე ვარ ადამიანი, რომელიც ჩაებღაუჭება კონკრეტულ საქმეს და მერე მასში მთლიანად ეფლობა. ბიზნესიც მიკეთებია, დღემდე ვფიქრობ, რომ პარალელურად, მინდა რაღაც საქმე ვაკეთო, თუ რამეს დავიწყებ, თავის შეკვლა შემიძლია და მუსიკალური თემის გარდა, თუ რამეს მოვკიდებ ხელს, ისიც აუცილებლად ძალიან წარმატებული უნდა იყოს, მაგრამ ამ ეტაპზე მთლიანად ამ საქმეში ვარ ჩაფლული და ჩემი ნებისმიერი წამოწყება მის ირგვლივ ტრიალებს.
– სახალისო შემთხვევა, რომელიც თავს პაემანზე გადაგხდა...
– ვერ ვიტყვი, რომ მე და ნინი განსაკუთრებით რომანტიკული ადამიანები ვართ, ორივეს გვიყვარს დაგეგმვა და ამის მიხედვით მოქმედება. ალბათ, ამიტომ, განსაკუთრებით სახალისო ამბები არ მახსენდება.
– როდის ყოფილხარ ცხოვრებაში ყველაზე სასტიკი და რამ შეიძლება, შენში ეს თვისება გამოიწვიოს?
– არ მიყვარს ტყუილი, ვერ ვიტან, ვერ ვეგუები. შესაბამისად – არც მატყუარა ადამიანები. საშინლად ვრეაგირებ, თუმცა ამ სიტუაციაშიც დიპლომატი ვარ. შეიძლება, ისეთ დროს ვაგრძნობინო, საერთოდ რომ ვერ მიხვდეს ადამიანი.
– რა მიგაჩნია შენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?
– ჩემი ყველაზე დიდი გამარჯვებაა ჩემი ყველა წარმატებული ნაბიჯი, გინდ ოჯახში, გინდ შემოქმედებაში. ის, რაც ჩანს და რაც ყველასთვის აღსაქმელია. ის, რომ ქუჩაში ხალხი სიყვარულით სავსე თვალებით გიყურებს შენ, შენს მეუღლეს, შვილს, ჩათვალე, ეს შენი გამარჯვებაა. დამეთანხმებით, ადამიანებში სიყვარულის მოპოვება მარტივი არ არის. ამას დიდი ძალისხმევა და გულწრფელობა სჭირდება. მართლა ვფიქრობ, რომ ამ საკითხში გამარჯვებული ვარ. მაქსიმალურად ვცდილობ, სწორად ვიცხოვრო. სიყვარულის შენარჩუნება კიდევ უფრო რთულია. მე თვითონ ძალიან მახარებს ეს ყველაფერი. მაგალითად, დღეს ეკლესიაში ვიყავით და ადამიანმა ორ სიტყვაში უდიდესი სიხარული მოგვანიჭა. სიგიჟემდე მიყვარხართო და ყოველთვის გეფერებითო, ამას რომ გეტყვიან, ხომ წარმოგიდგენიათ, რა სიხარულია.
დამარცხებაა ყველა ის მომენტი, როცა ფეხი წამომიკრავს, მაგრამ იცოდე, რომ ყველა დამარცხება მოტივაციაა. მე ასე ვუდგები, ეტყობა, ასე უნდა ყოფილიყო, ყველა დამარცხება ჩემთვის გამოცდილებაა, რომ ხვალ იგივე არ გავაკეთო.
– რა გსმენია საკუთარ თავზე კარგიც და ნაკლებსასიამოვნოც, რაც გამორჩეულად დაგამახსოვრდა?
– ხშირ შემთხვევაში, ადამიანებს ცუდი უფრო ამახსოვრდებათ, კარგი – ნაკლებად. ჩემს შემთხვევაში, პირდაპირ გეტყვით, კარგი მამახსოვრდება. ცუდი რეალურად არ მახსენდება. შეიძლება, უთქვამთ კიდეც, მაგრამ ასე თვალნათლივ არც წამიკითხავს და არც მომისმენია. შეიძლება, ვინმეს რამე უთქვამს, მაგრამ ისე არა, რომ გულზე მომხვედროდა. როცა ამბობენ, კარგი ადამიანია, კეთილია, მაქსიმალურად ცდილობს, ადამიანების გვერდით იდგესო, ეს ძალიან მაბედნიერებს.
– პროფესიის მიღმა რისი კეთება განიჭებს სიამოვნებას ყოველდღიურ ცხოვრებაში?
– საჭმელებიც გაკეთება, კულინარია – ეს არის ჩემი ჰობი. საკმაოდ კარგადაც გამომდის, როცა ამის დრო მაქვს. ვერ ვიტყვი, რომ რაღაცებს ვიგონებ, მაგრამ ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ესეც რომ მოვინდომო, გულსა და სულს ჩავდებ და ამასაც გამოვიყვან.
– ყველაზე დიდი შიში როდის განიცადე?
– ზოგადად, არ ვარ მშიშარა ადამიანი. უფრო ფობია მახსენდება. შიში შეიძლება, საყვარელი ადამიანების კარგად ყოფნას უკავშირდება. გინდა, საყვარელი ადამიანები დიდხანს გყავდეს გვერდით. ზოგადად, ამ კუთხითაც ოპტიმიზმია ჩემში და შიშით არაფერს ვუდგები, ეს რთულ მომენტებშიც ძალიან მეხმარება. შეიძლება, პირიქით, ასეთ დროსაც სხვა გავამხნევო. ფობიას რაც შეეხება, სიმაღლისა და ლიფტის ფობია მაქვს. ამასაც როგორღაც ვუმკლავდები. უკვე აღარც მეშინია. ადრე მესამე სართულიდან გადახედვისაც მეშინოდა და ახლა ბათუმში 30-ე სართულზე მაქვს ბინა, სადაც ფეხით ნამდვილად ვერ ახვალ (იცინის). ალბათ, როცა ამ ბინას ვყიდულობდი, ჩემს ფობიებზეც ვიფიქრე და საკუთარი თავი გამოვიწვიე. ამ გადაწყვეტილებით ორივე შიშს ვძლევ. საბედნიეროდ, თვითმფრინავის შიში არასდროს მქონია, მაგრამ სახურავის თავზე თუ ვარ, ნაპირთან ნამდვილად არ მივალ.
– რა არის ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობ?
– ჩემი გაკეთებული ყველა ის საქმე, რომელიც ადამიანებს წასდგომიათ. სწორ დროს გამოვჩენილვარ ვინმეს გვერდით; ჩემს შემოქმედებაში გამიკეთებია რაღაც ისეთი, რაც სწორად მისულა მსმენელთან; ისე გამიკეთებია სიმღერა, რომ ავტორსაც ძალიან მოსწონებია – ეს ყველაფერი ძალიან მახარებს და მაბედნიერებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





