შოუბიზნესი

რა ახალი როლი მოირგო სოფო მეძმარიაშვილმა და ვინ გაუკეთა მასა და ოთო ნემსაძეს წარმოუდგენელი საჩუქარი

№38

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 23.09

სოფო მეძმარიაშვილი
დაკოპირებულია

მსახიობ სოფო მეძმარიაშვილის ზაფხული მხიარული და თავგადასავლებით სავსე გამოვიდა. სიახლეები, მეგობრები, კარგი განწყობა და 9 წელი მისი და ოთო ნემსაძის ერთად ყოფნიდან, ეს 2024–ის ზაფხულის შეჯამებაა.

სოფო მეძმარიაშვილი: ფანტასტიკური ზაფხული იყო. აგვისტო მეგობრების გარემოცვაში, ძალიან ტკბილად და ხალისიანად გავატარე. ამ სეზონის მადლობელი ვარ, რადგან ბედნიერი დღეები და კარგი განწყობა მაჩუქა.

– ზაფხული მოგზაურობით დაიწყეთ, არა?

– ჩვენ ევრო 2024-ის თამაშებზე ვიყავით. დავესწარით საქართველოს ჩეხეთთან, პორტუგალიასთან და ესპანეთთან თამაშს. ეს დაუვიწყარი შეგრძნებები იყო. მინდა, ეს ემოციები, რაც ჩვენმა ნაკრებმა მოგვანიჭა, მთელი ცხოვრება გაგვყვეს. კიდევ ერთხელ ძალიან დიდ მადლობას ვუხდი მათ ამისთვის. გერმანიაში სამი კვირა დავყავი ჩემს მეგობრებთან და ოთოსთან ერთად და ჩვენი ბიჭების დამსახურებით, მთელი ეს დრო დაუვიწყარ თავგადასავლად იქცა.

– ასე დაწყებული ზაფხული ცუდად ვერ გაგრძელდებოდა.

– ნამდვილად. ზაფხული ფანტასტიკურად დაიწყო – მათი გამარჯვებით. ჩემთვის გამარჯვება იყო მათი შედეგები. მათი ბრძოლა და მიღწევები იმდენს ნიშნავდა, რომ მართლა ძალიან დიდი მუხტით დავიწყე წლევანდელი ზაფხული და საერთო ჯამში, მართლა საოცარი მოგზაურობა გამოგვივიდა. ამ მოგზაურობაში იყვნენ ჩემი თეატრის მეგობრებიც, ჩემი პირადი მეგობრები, ოთოს მთელი საძმაკაცო, მეუღლეებით – შეიძლება ითქვას, აბსოლუტურად ყველა, ვინც მიყვარს. ძალიან ცოტა გამოაკლდა ამ ამბავს, ვისზეც გული დამწყდა, რომ ვერ წამოვიდა.

– საერთოდ, ზაფხულის ადამიანი ხარ?

– კი, თამამად ვიტყვი, მე ზაფხულის ადამიანი ვარ. ზამთარში დაბადების დღეზე წასვლაც კი მეზარება. საერთოდ, ყველაფერი, ცხოვრება მეზარება (იცინის). მე მიყვარს ზაფხული, სილაღე, კარგი ამინდი, სითბო, ფერები, სიმწვანე. არ მიყვარს ნაცრისფერი და ცივი დღეები.

– ოთოც იგივე აზრზეა?

– არა (იცინის). ოთო ზამთრის ადამიანია. მას არ უყვარს სიცხე. პირიქით, უყვარს, როცა თბილად აცვია და გარეთ თოვს, ბუხარში ცეცხლი ანთია და ასე შემდეგ. ჩემგან განსხვავებული ადამიანია, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს იმით ვავსებთ, რომ მე თუ ზაფხული და სიცხე მიყვარს, ის იტანს ჩემს სიყვარულს და მას თუ ზამთარი და ყინვა უყვარს, მეც ვიტან მის გამო ამ ყველაფერს (იცინის).

– ერთად დასვენებას როდის არჩევთ?

– ძირითადად – ზაფხულში (იცინის). სიმართლე გითხრათ, ზამთარში დასასვენებლად არასდროს მივდივართ. დათვებივით სახლში ვართ და სანამ არ გამოვიზამთრებთ, გარეთ არ გამოვდივართ (იცინის).

– ამ ზაფხულს სოციალურ ქსელში გააქტიურდი, როგორ დაიწყო ეს ამბავი?

– ბოლო ერთი წელია, ძალიან მინდოდა, რომ „ტიკ-ტოკზე“ გავაქტიურებულიყავი, მაგრამ არ ვიცოდი რა მიმართულება ამერჩია, უფრო მეტად და რა კონტენტი უნდა მქონოდა. ვფიქრობდი, როგორ მიმეწოდებინა თავი საზოგადოებისთვის. ყველაფერი სრულიად შემთხვევით მოხდა. გულახდილად გეტყვით, რაღაც სისულელეების ჩაწერა დავიწყე და მივხვდი, რომ ხალხს ჩემი გულწრფელობით მოვწონვარ. ამიტომ დავიწყე მაქსიმალურად იმის ჩვენება, რაც ვარ და როგორიცაა ჩემი ყოველდღიური ცხოვრება რეალურად. სირთულეები იქნება, თუ საინტერესო ინფორმაციები ან ის, რაც, უბრალოდ, მომწონს, ყველაფერს ვუზიარებ ჩემს გამომწერებს. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც დადებით კომენტარებს მიწერს. მე ეს ადამიანები ძალიან მაბედნიერებენ. აუცილებლად ასე გავაგრძელებ. არ მინდა, ვინმემ დადგმული სცენებით გამიცნოს, მინდა, ისეთად მიცნობდნენ, როგორიც ვარ. თუმცა, მინდა, ჩემი პროფესიით, მსახიობობითაც მიცნობდნენ და არა მხოლოდ პიროვნულად. ჩემთვის თეატრი და ჩემი პროფესია ძალიან ბევრს ნიშნავს, ამიტომ ძალიან მინდა, ხალხს ვუყვარდე, როგორც მსახიობი.

– ოთოს რამდენად მოსწონს ეს ამბავი და როგორი მხარდამჭერია?

– ოთო მაწოდებს ხოლმე იდეებს, მოდი, ახლა ეს გადავიღოთო, მთავარია, თვითონ არ იყოს კადრში (იცინის). თუმცა, რამის გადაღება რომ ვთხოვო, უარს არაფერზე მეუბნება. მაქსიმუმ, დაეზაროს, მაგრამ მერე მაინც გადაიღებს. სიმართლე რომ გითხრათ, უფრო მე ვზარმაცობ. საკმარისად არ ვაქტიურობ, შემთხვევით ჩავწერ რამე სისულელეს, დავდებ და უცებ ყურადღების ცენტრში ხვდება, რაც ძალიან მიკვირს და მიხარია კიდეც.

– ამ ხუმრობა-ხუმრობაში, ერთ-ერთი ვიდეოს გადაღებისას, ფეხის მოტეხასაც გადაურჩი...

– კი, ძალიან შემთხვევით (იცინის). თუმცა, იმ მომენტში საერთოდ ვერ გავაცნობიერე, რომ ფეხის მოტეხას გადავურჩი. ისე ვიცინეთ მე და ჩემმა მეგობარმა, რომ ძლივს ვსუნთქავდი. საერთოდ არ მიფიქრია, რომ რამე საფრთხეს გადავურჩი. ხალხი რომ მიწერდა, კინაღამ ფეხი მოიტეხეო, მერე დავაკვირდი ვიდეოს და მივხვდი, რომ მართლა გადავრჩი და ფეხს კი არა, კისერს და კინჩხსაც მოვიტეხდი (იცინის).

– ამასობაში, 9 წელი გასულა შენი და ოთოს ურთიერთობის დასაწყისიდან. როგორია ეს ცხრა წელი?

– მართლა მშვენიერი ცხრა წელია. თავს ისევ ისე ვგრძნობ, როგორც ურთიერთობის დასაწყისში. ჩვენთან არაფერი იცვლება. ცხოვრებას ისე მივყვებით, როგორც დავიწყეთ, ერთად ბრძოლით, გაღვიძებიდან – დაძინებამდე.

– განსაკუთრებულ თარიღებს გამორჩეულად აღნიშნავთ ხოლმე?

– წელს რაღაცნაირად მოხდა. განა გამოგვეპარა, რატომღაც არ მოგვინდა ამ დღეს რამე განსაკუთრებულის გაკეთება. მე რომ ცხვირი ჩამომეშვა და ოთოს ეგრძნო, რომ სევდიანი ვიყავი, რადგან არაფერი ხდებოდა, იმოქმედებდა, მაგრამ ალბათ, მიხვდა, რომ ორივესთვის სჯობდა, მშვიდ და მეგობრულ გარემოში, უბრალოდ, საუბარში გასულიყო დღე – პლაჟი, მეგობრებთან ვახშამი და თითო ჭიქა ლუდი. თუმცა სხვა წლებში სხვანაირადაც ყოფილა. მაგალითად, ერთხელ ბათუმში პლაჟზე ვიჯექი, უცხო ადამიანი მოვიდა უზარმაზარი თაიგულით, ოთოსგან, ასე მომილოცა ჩვენი ურთიერთობის გარკვეული თარიღი. საერთოდ, ოთომ იცის ცოტა უცნაურობები, შეიძლება, მომილოცეს 11 მარტი და არაფერი არ ხდებოდეს ამ დღეს (იცინის).

– სავარაუდოდ, ათი წლის იუბილეს ელოდებით უფრო განსაკუთრებულად.

– გვინდა, ათი წლის იუბილე ჩვენს ყველა მეგობართან ერთად აღვნიშნოთ. თან ზაფხულია და გვინდა, გრანდიოზული დღე გამოვიდეს. თუ ასე არ იქნება, აი, მერე გავბრაზდები (იცინის).

– ერთ-ერთ ვიდეოში ამბობდი, რომ ბათუმში ბინა გაჩუქეს. როგორც მივხვდი, რამდენიმე წლის წინანდელ ამბავს გულისხმობდი.

– კი, ოთოს ბათუმში ბინა ერთმა საოცარმა ადამიანმა აჩუქა – ბატონმა რამაზ მსახურაძემ. ასეთი ადამიანები, რომლებიც უსასყიდლოდ გასცემენ სიყვარულსა და სიკეთეს, ძალიან ცოტანი არიან. ამ ადამიანმა, უბრალოდ, აიღო და ქონება გვაჩუქა, რომელიც ჩვენი დასაყრდენი და იმედია, რომ თბილისის იქით ჩვენი კუთხე გვაქვს და ყველანაირ რეკლამაზე უარი გვითხრა. რეკლამისთვის არაფერი გამიკეთებია, უბრალოდ, მიყვარხარ, ოთო და მინდა, ეს რამით გამომეხატაო. მთელი ცხოვრება ამ ადამიანის მადლიერი ვიქნები და ყველას გისურვებთ, გამოცადოთ ის სიყვარული, რომელსაც მე და ოთო ვგრძნობთ ადამიანებისგან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა