შოუბიზნესი

რა აკავშირებთ სალომე კაპანაძეს, შაკირასა და მაილი საირუსს და როდის არ დაუდგნენ სალომეს გვერდით ახლობლები

№6

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 14.02, 2023 წელი

სალომე კაპანაძე
დაკოპირებულია

რა აკავშირებთ ერთმანეთთან შაკირას, მაილი საირუსს და სალომე კაპანაძეს? – დაშორების შემდეგ სამივემ ყოფილს მიუძღვნა სიმღერა. ალბათ, ყველას გვახსოვს ცოტა ხნის წინ სალომე კაპანაძისა და წუპაკას დაშორების სკანდალური ისტორია, რომელიც საოცრად აქტუალური თემა გახდა.

სალომე კაპანაძე: ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძე და ჩემი ტელეფონი ჩვეულებრივზე მეტად აფეთქებული იყო (იცინის). ზოგი პირადში მწერდა, ზოგი კომენტარებში მნიშნავდა... თავიდან ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. მერე გავიგე, რომ შაკირასა და მაილი საირუსს, ორივეს, ყოფილისთვის მიუძღვნია სიმღერა, ისევე, როგორც მე და მართლა შოკში ჩავვარდი (იცინის). სავარაუდოდ, რთული პერიოდია და ძლიერი ქალები გაუგებრობაში მოვყევით (იცინის). უცხოურ ბლოგებზე რომ აზიარებენ შაკირას ან საირუსის სიმღერებს, ქართველების კომენტარები მხვდება: პირველები ჩვენ ვიყავით და ნუ გვბაძავთო. ძალიან მეცინება, თან, მახარებს ხალხის ასეთი დამოკიდებულება. პირადად მე ძალიან მეშინოდა, უფრო სწორად, დაძაბული ვიყავი, როგორ გაიგებდა ხალხი ჩემს სიმღერას. ადვილი ხომ არ არის, უცებ ადგე, ყოფილზე სიმღერა დაწერო და მთელ საზოგადოებას გაუზიარო?! თუმცა, საკმაოდ კარგად მიიღეს და ყველა გაგებით მოეკიდა.

– როგორ მოგაფიქრდა სიმღერის მიძღვნა. თან, მგონია, რომ ამ ნაბიჯს გამბედაობაც სჭირდება.

– გამბედაობას რაც შეეხება, ალბათ, ასეთი ტიპაჟი უნდა იყოს. ჩემს შემთხვევაში ასეა. პრობლემების წინაშე რომ ვდგები, არ გავრბივარ, არც სახლში ვჯდები და არც დეპრესიაში ვვარდები. პირიქით, მინდა, პრობლემას თვალებში ჩავხედო. მით უმეტეს, როცა ეს თემა ასე მძაფრად და აქტიურად განიხილებოდა, მე ვერ გავექცეოდი მას. გადავწყვიტე, სიმღერით დავპირისპირებოდი ამ პრობლემას. ტექსტის დაწერაში ჩემი დაქალი მომეხმარა, ის ამ სფეროში აქტიურადაა ჩართული. მოკლედ, გადავწყვიტე, ყველაფერი სიმღერით გადმომეცა და დარჩა ისტორიას (იცინის).

– წარმოგედგინა, რომ საქმროს დაშორდებოდი და მერე მთელი ქვეყანა ამაზე დაიწყებდა ლაპარაკს?

– სხვათა შორის, სანამ ეს წელი დაიწყებოდა, ვფიქრობდი, რამდენად რთული და ემოციურად დატვირთული იყო ჩემი 2022 წელი. იმასაც კი ვამბობდი, მგონი, ჩემი ცხოვრება მარტო ეს წელი რომ ყოფილიყო, მეყოფოდა-მეთქი. მაშინ ვიყავი „პრაიმ ჰაუსში“, ერთი სტრესული სიტუაციიდან გამოვედი და მალევე ამ პრობლემას შევეჯახე, ამას დაემატა ძალიან ბევრი რამ ჩემს პირად ცხოვრებაში, რაც ხალხმა არ იცის. ეს ეხება ჩემს მეგობრებს და მათთან ურთიერთობას, მშობლებთან ურთიერთობას... ერთად ძალიან ბევრი რამ დამატყდა თავს, უამრავი სირთულე შემხვდა ყველასთან ურთიერთობაში. ალბათ, ეს იყო საჭირო იმისთვის, რომ ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობაში გავრკვეულიყავი. იყო მომენტები, როცა ჩემთვის ახლობელი ადამიანები არ დამიდგნენ გვერდში და სრულიად უცხო ადამიანები ძალიან დამეხმარნენ. საბედნიეროდ, ასეთი ძალიან ბევრი აღმოჩნდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი რამ ვისწავლე და ის ყველაფერი, რაც მოხდა ჩემთვის ჭკუის სასწავლებელი, დიდი გაკვეთილი აღმოჩნდა. გავძლიერდი კიდეც, რაღაცებზე ისე აღარ ვნერვიულობ, როგორც ადრე.

– ახლა რომ ფიქრობ, ეს ნამდვილი სიყვარული იყო?

– მაშინ რაზე ვფიქრობდი, ანუ, როცა ერთად ვიყავით, ამას ვერ გეტყვით, მართლა არ ვიცი, მაგრამ ახლანდელ გრძნობებზე ზუსტად შემიძლია საუბარი. ზოგადად, მაქსიმალურად ვცდილობ, გულში არავის მიმართ ზიზღი არ მქონდეს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ამ პიროვნების მიმართ ზიზღის გარდა, საერთოდ, არანაირი გრძნობა არ გამაჩნია.

– ბევრისთვის ხარ ისეთი გოგოს მაგალითი, რომელიც ყოველთვის გამორჩეულ ფორმაშია, წარმატებულია და ვერ წარმოუდგენიათ, შენნაირს თუ შეიძლება, ვინმემ უღალატოს. როგორ ფიქრობ, რატომ მოხდა ასე?

– ეგ კითხვა დაუსვამთ ჩემთვის, როგორ შეიძლება, ასეთ ლამაზ გოგოს ვინმემ უღალატოსო. მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის მამაკაცებისთვის მთავარი. საერთოდ, აქ გარეგნობა არაფერ შუაშია. მათ, უბრალოდ, მრავალფეროვნება იზიდავთ და ამიტომ დგამენ ასეთ ნაბიჯს, თორემ ვერ ვიტყვი, რომ ადამიანი ჩემთან მოიწყენს, ასე ნამდვილად არ არის. ჩემთვის პირველი იყო ასეთი შემთხვევა და ძალიან დაბნეული ვიყავი, მაგრამ ახლა, ყველაფერს რომ უკეთ ვიაზრებ, ვხვდები, რომ გარეგნობა ან, საერთოდ, მე არაფერ შუაში ვარ, ეს, როგორც ვთქვი, სხვა რამის ბრალია, რასაც მე ვერ გავამართლებ, ვერც გოგოს, ვერც ბიჭის შემთხვევაში.

– შენი მეგობრები რას გეუბნებიან?

– როცა ერთად ვიყავით, ყველას მოსწონდა ჩვენი წყვილი. გვგულშემატკივრობდნენ, მისაბაძი წყვილი ვიყავით, მაგრამ როგორც კი დავშორდით, მერე გაირკვა, რომ თურმე, რაღაცები ჩაუდენია და მე ამის შესახებ წარმოდგენაც კი არ მქონდა, არავისგან არაფერი გამიგია. რატომღაც ეშინოდათ ამის თქმის. „მინდოდა მეთქვა, მაგრამ აქამდე ვერ შევძელი“ – ასეთი ფრაზები მესმოდა.

– ამ ეტაპზე რა ხდება?

– ეს წელი ჩემთვის ძალიან კარგად დაიწყო. მთლიანად პირად სიამოვნებასა და საქმეებზე ვარ გადართული. დავასკვენი, რომ მე ვარ ადამიანი, ვისთვისაც არ არის სასიყვარულო ურთიერთობები. რა ვქნა, პირადში არ მიმართლებს – ურთიერთობები, რაღაც მიზეზებით, ყოველთვის ცუდად მთავრდება ხოლმე. ამიტომ, ჯობს, ისევ საკუთარ თავში ჩავდო მთელი ჩემი ენერგია და არა სხვაში, ასე უფრო ბედნიერი ვიქნები (იცინის).

– გადაწყვიტე, პირად ცხოვრებაზე უარი თქვა?

– ჩემი გამოცდილებით, საჯარო ურთიერთობა ყველაზე საშინელი რამ არის, ძალიან პრობლემურია. როცა ვთქვი, რომ ჭკუა ვისწავლე, ამას ვგულისხმობდი. როცა საჯარო ადამიანი ხარ, შეიძლება, რაღაცები გააზიარო შენი ცხოვრებიდან, მაგრამ არა შენი პირადი ცხოვრება.

– მამაკაცზე თუ შეგიცვალა წარმოდგენა ამ ურთიერთობამ?

– რა თქმა უნდა. მქონდა მოკლე პერიოდი, როცა საერთოდ ყველაფერზე გული ავიცრუე და საერთოდ მამაკაცს ვეღარ აღვიქვამდი. რთული პერიოდები იყო, თუმცა ეს უკვე გამოვიარე. მაგრამ ახლაც ძალიან დიდი უნდობლობა მაქვს კაცების მიმართ. ეს ურთიერთობაში ძალიან აშკარაა და თვითონაც კარგად ხედავენ, რაც სიმართლე რომ ვთქვა, არ მომწონს, მაგრამ რა ვქნა, დამალვაც არ გამომდის. თან ამ ამბის შემდეგ ყველამ ყველაფერი იცის. ასე რომ, გასაკვირი არაა, თუმცა, არც სასიამოვნოა, როცა ხედავენ, რომ მათდამი ნდობა მაქვს დაკარგული.

– დაქორწინებას აპირებდი. ახლა რა უნდა მოხდეს, რომ კიდევ ერთხელ დაფიქრდე ოჯახის შექმნაზე?

– არაფერი. ყოველთვის ყველგან ვამბობდი, რომ ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, მე თვითონაც ვერ ვიჯერებდი. ახლაც რომ ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ ეს სულ რამდენიმე თვის წინ იყო, ვერ წარმომიდგენია, როგორ ვიყავი ამაზე თანახმა. დაწყნარებულზე ვიცი, რომ ოჯახი ჩემთვის ძალიან, ძალიან ადრეა. ასე ჯობდა. ეს ურთიერთობა ისე რომ დასრულებულიყო, რომ მე კიდევ გრძნობები მქონოდა, უფრო გამიჭირდებოდა და ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. დამეხმარა ის, რომ ყველაფერი ასეთი „ექშენით“ დამთავრდა.

– შეიძლება, ადამიანმა ძალიან გატკინოს გული, მაგრამ მაინც გიყვარდეს. შენ როდის მიხვდი, რომ აღარ გიყვარდა?

– ალბათ, გააჩნია, როგორ მოგექცევიან. ჩემთვის პატივისცემა იმდენად მნიშვნელოვანია ურთიერთობაში, რომ ეს ყველაფერი ვერ ავიტანე და ამან მაშინვე იმოქმედა გრძნობებზე. ეს ამბები რომ დაიწყო, ჩემი სიყვარული ერთიანად გაქრა.

– ახლა რა ფაზაშია თქვენი ურთიერთობა?

– ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს და მოლოდინის რეჟიმში ვარ. არანაირი ურთიერთობა, აბსოლუტური დისტანცია.

– ყველა რომ ამ ამბავზე ლაპარაკობდა, შენზე როგორ მოქმედებდა?

– ყველაფერი ძალიან საჯარო იყო. ასეთი რამეები ყველას ცხოვრებაში ხდება. ვინ არ დაშორებულა, ვის არ უჩხუბია და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ყველაფერი ყველას თვალწინ ხდებოდა და ძალიან ბევრი ადამიანი „მაწვებოდა“ – რატომ არ იღებ ხმას, ესე იგი, დამნაშავე ხარო – ასეთ ტექსტებს მწერდნენ. საჯარო ცხოვრება ჩემი არჩევანია, ასე რომ, პასუხისმგებელიც მე ვიყავი ამ ყველაფერზე, ამიტომ გადავწყვიტე, ყველაფერი თვითონვე გამომესწორებინა და მგონი, შევძელი კიდეც. ის მცდარი აზრი, რომელიც ჩემზე შეიქმნა, გავაქრე და საზოგადოებას სიმართლე დავანახვე. საკმაოდ ძლიერი ადამიანი აღმოვჩნდი, თან იმდენად, რომ თვითონაც გამიკვირდა. თუმცა ეს სიტუაცია ისე გაიწელა, რომ მეგონა აღარასდროს დამთავრდებოდა. საბოლოო ჯამში, მადლობა ღმერთს, დამთავრდა.

– რა კარგი ახალი ამბები გაქვს ახალი წლიდან?

– საკუთარ თავზე ვზრუნავ და ეს არც არასდროს მიმიტოვებია. ბევრჯერ, ასეთი სირთულის დროს, ადამიანები თავს კარგავენ და მასზე ვეღარ ზრუნავენ. მე – პირიქით, კიდევ უფრო მეტ დროს ვუთმობდი ამ ყველაფერს. არც საქმეში მქონია ჩავარდნა. კარგადაც დავისვენე, არც გართობა მომიკლია და წინ კიდევ ბევრი კარგი გეგმა მაქვს, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებ. ვაღიარებ, მიხდება პრობლემები, მათი გადალახვის შემდეგ უფრო აქტიური და ენერგიული ვარ (იცინის).

P.S. ფოტო ეკუთვნის გაბრიელ ლუისს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა