შოუბიზნესი

ონისე ონიანი: საერთოდ არ მაქვს სურვილი, რომ ყველას ჩემი პატივისცემა უნდოდეს და რასაც ვეტყვი, ასრულებდნენ

№4

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 31.01

ონისე ონიანი
დაკოპირებულია

ონისე ონიანის „უცნობი მხარე“ 👇

– ვინ არის ონისე ონიანი?

ონისე ონიანი: ონისე ონიანი არის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ იყოს ადამიანური და კარგი.

– თქვენი საოცნებო ცხოვრება როგორია?

– უფრო მშვიდი, უფრო წარმატებული, უფრო ლამაზი, მშვენიერი და ღირსეული – ასეთ ცხოვრებაზე მიოცნებია.

– გიკეთებიათ საქმე, რომელიც გძულდათ?

– როგორ არ მიკეთებია. როცა გამოუვალი მდგომარეობაა, იძულებული ხდები, ის საქმეც აკეთო, რომელიც არ გიყვარს. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, არ მყვარებოდა საქმე, რომელსაც ვაკეთებდი, მას უგულოდ არასდროს მივდგომივარ. რამდენად არასასურველიც არ უნდა ყოფილიყო, მაინც ბოლომდე ვიხარჯებოდი. არ მოგწონს, მაგრამ აკეთებ იმისთვის, რომ კეთილდღეობა შეიქმნა, შემოსავალი გქონდეს, რაც არსებობისთვის არის საჭირო. ამიტომ საქმეს, რომელიც შემოსავალს გაძლევს, გულიანად უნდა მიუდგე.

– გულჩვილი ადამიანი ხართ?

– კი, გულჩვილი ვარ. ხშირად მიჩუყდება გული სევდიან მომენტებზე, ფილმზე, წიგნზე და ასე შემდეგ. ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს ადამიანები და ცხოვრება, რაღაც მომენტში მაინც გულჩვილი ხდება.

– ბოლოს როდის იტირეთ და რის გამო?

– სოციალურ ქსელში ვიღაცის სტატუსი წავიკითხე. ვერ ვიტყვი, რომ მკვეთრად სევდიანი იყო, მაგრამ მთელი სიცხადით წარმოვიდგინე ის ამბავი, რომელსაც აღწერდნენ. ეს იმდენად ახლოს მოვიდა ჩემთან, რომ გული ამიჩუყდა და ცრემლები ვერ შევიკავე. კიდევ ვიტირე ლევან წულაძის სპექტაკლზე „დირიჟორი“. მასში არის ისეთი სცენები, რომელსაც გულგრილად ვერ დატოვებ. სპექტაკლის დასრულების შემდეგაც გამომყვა ეს ემოცია და ცრემლებს ვერ ვიჩერებდი.

– ბოლოს რამ გაგაბრაზათ ძალიან?

– ძლიერი გაბრაზება ჩემს ცხოვრებაში იშვიათია, თუმცა ფეთქებადი ხასიათი მაქვს, მიუხედავად ჩემი გულჩვილობისა. შეიძლება, გავბრაზებულვარ და ეს გამომიხატავს სახის მიმიკით, მოძრაობით. შეიძლება, ისეთ რამეზე გავბრაზდე, რაც არ იყოს ძალიან გასაბრაზებელი, მაგრამ ვბრაზდები, რა ვქნა. ზოგჯერ გასვანებაც ვიცი (იცინის).

– გინდათ, რომ მსოფლიო მასშტაბით იყოთ ძალიან ცნობილი და გავლენიანი ადამიანი?

– მე იმასაც ვერ წარმოვიდგენდი, რომ დღეს ვინმე დამირეკავდა და ჟურნალისთვის ინტერვიუს მთხოვდა, ვიღაც ტელევიზიაში მიმიწვევდა და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ცხოვრებამ მოიტანა. რადგან მოიტანა, ძალიან მომწონს. რაც შეეხება მსოფლიო მასშტაბებს, მე ისეთი პროფესია მაქვს, რომლის თანამდევიცაა ცნობადობა. თუ რომელიმე წარმატებულ პროექტში ითამაშებ, შეიძლება, მთელმა მსოფლიომ გაგიცნოს. „ჰოლივუდის“ ვარსკვლავებს მთელი მსოფლიო არ იცნობს?! ეს ჩვენი პროფესიის თანამდევია და ამიტომ მიფიქრია ამაზე. რაც შეეხება გავლენას, ამას ნაკლებად მოვინდომებდი. ყველას ჩემი პატივისცემა უნდოდეს, რასაც ვიტყვი, იმას ასრულებდნენ და ჩემს დანახვაზე ოფლი ასხამდეთ ადამიანებს, ამის სურვილი საერთოდ არ მაქვს.

– უხერხული შემთხვევა, რომელიც თავს გადაგხდენიათ...

– მარტივად ვიტყვი, თუ სადმე მივდივარ და იმ ადამიანების გარემოცვაში აღმოვჩნდები, რომლებმაც როლით გამიცნეს, შევუყვარდი ან არ შევუყვარდი და ძალიან დიდ ყურადღებას მაქცევენ, ეს ძალიან უხერხულ მდგომარეობაში მაგდებს. ისე ვაკეთებ, თითქოს თავს უხერხულად საერთოდ არ ვგრძნობ, მაგრამ რეალობა ასეთია.

– ოდესმე რამე მოგიპარავთ?

– ერთხელ სკოლაში ერთ მოსწავლეს წიგნი მოვპარე. ეს იყო ჩემი დიდი ქურდობა (იცინის). როცა ძებნა დაიწყეს, შემეშინდა და დავაბრუნე. მეხუთე-მეექვსე კლასში ვიყავი, მახსოვს, როგორ განვიცდიდი, მეგონა, რომ ქვეყანა დაიქცა და ყველაზე დიდი საშინელება მოხდა.

– ტყუილთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

– ყველაზე დიდი საშინელებაა, ადამიანი ტყუილში აცხოვრო. თუმცა, არსებობს ისეთი ტყუილებიც, რომელიც უფრო იუმორთან არის კავშირში. ეს მეც მახასიათებს. ყოფილა შემთხვევა, მსახიობები საკუთარი საპირფარეშოებიდან და საგრიმიოროდან გამომიყვანია სასწრაფოდ. გამომიცხადებია ყველანი ჩამოდით სასწრაფო საქმეა-მეთქი და დაუჯერებიათ. მერე ამაზე დიდხანს გვიცინია. მსგავსი ტყუილების მესმის, მაგრამ ბოროტი ტყუილი, რომელიც ადამიანს ანგრევს და ძალიან რთულ მდგომარეობაში აყენებს, საშინელებაა და მიუღებელი. ასეთი ტყუილი და ცილისწამება და-ძმასავით აღიქმება და ჩემთვის ორივე ძალიან მიუღებელია. თორემ, ისე, შეიძლება ცუდად ვიყო და ვთქვა, რომ კარგად ვარ. არ მიყვარს ჩემი მდგომარეობის სხვისთვის თავს მოხვევა. ხანდახან შეიძლება, თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდე, მაგრამ ოჯახშიც კი ვერ გაიგონ ამის შესახებ. არ მიყვარს, როცა ვინმე სინანულის თვალით გიყურებს. უი, რა ცოდო ხარ„ უი, რა საშინელებაა და ასე შემდეგ, მსგავსი შეცოდებები არ მომწონს, ღმერთმა დამიფაროს.

– რა გამოცადეთ ბოლოს ცხოვრებაში პირველად?

– დღეს, როდესაც ტელევიზიაში ეთერს მოვრჩი, ვფიქრობდი ჩემს თავზე, ჩემს ამპლუაზე ტელევიზიაში. საერთოდ, მე ძალიან დაბალი თვითშეფასება მაქვს. საკუთარ თავს ყოველთვის ძალიან კრიტიკულად ვუყურებ. არის დღეები ტელევიზიაში, როცა საერთოდ უკმაყოფილო ვარ ჩემი თავით. ძალიან იშვიათად ხდება, როცა ცოტა კმაყოფილი ვრჩები და დღეს იყო ის გამონაკლისი, როცა მე ცოტათი კმაყოფილი ვიყავი ჩემი თავით. თავი დავიჭირე იმაში, რომ თითქოს ჟურნალისტივით დავიწყე კითხვის დასმა. მე მსახიობი ვარ, მაგრამ ეს თავისით მოვიდა, რაც ძალიან გამიხარდა. ეს იშვიათი შემთხვევაა. საერთოდ, არასდროს მიყვარს ეკრანზე საკუთარი თავის ყურება, ძალიან დაბალი პროცენტულობით ვაფასებ ჩემს თავს, რაც, ალბათ, არ შეიძლება, მაგრამ სამწუხაროდ, ჩემთან ასეა.

– პაემანზე სახალისო ამბავი გადაგხდენიათ?

– ბავშვობაში, ჯერ კიდევ ხაზის ტელეფონით რომ ვკონტაქტობდით, ერთ გოგონას ვურეკავდი ხოლმე, სატელეფონო ნაცნობები ვიყავით და ერთ დღესაც, გადავწყვიტეთ, რომ ერთმანეთს შევხვედროდით. შევხვდით და უხერხული სიტუაცია შეიქმნა, ბოლოს რომ უნდა გამეცილებინა, სამარშრუტო ტაქსი გავაჩერე და იმით გავაცილე (იცინის). ასე დამთავრდა ყველაფერი.

– როდის ყოფილხართ ყველაზე სასტიკი?

– სასტიკი არასდროს ვყოფილვარ. შეიძლება, შვილებთან? არა, არასოდეს. მე სასტიკი ვერ ვიქნები. ჩემში ასეთი ადამიანი არ ცხოვრობს.

– ყოველდღიური საქმეებიდან რისი კეთება გიყვართ და რისი არა?

– ძალიან მიყვარს კულინარია. მოვიგონებ ხოლმე რაღაცას, მოვამზადებ კერძს და ჩემი ოჯახის წევრები რომ მოვლენ, ვიცი, რომ გემრიელად მიირთმევენ. თუ რომელიმემ დააყოვნა და დროულად არ თქვა, რომ ძალიან გემრიელია, მე გული მწყდება და ვბრაზობ.

არ მიყვარს იმ საქმის კეთება, რომელზეც მე ნაფიქრი არ მაქვს და უცებ ვიღაც მეუბნება, რომ გასაკეთებელია. საოჯახო საქმე იქნება თუ სხვა რამ, გაუაზრებლად ყველაფრის გაკეთება მეზიზღება. მე მუზა უნდა მომივიდეს საქმის კეთებისთვის და თუ მუზა არ მომივიდა, მეზიზღება და ძალდატანებით ვერც გავაკეთებ. ნუ დამავალებენ მაშინ, როცა მე სულ სხვა რამეზე ვფიქრობ.

– ოჯახის წევრები რის გამო გაკრიტიკებენ და გაქებენ?

– ძალიან კრიტიკულად უყურებენ ჩემს როლებს, თამაშის მანერას, მაგრამ ეს პროფესიული ამბავია, ხასიათს რაც შეეხება, საყვედურების მიღება ჩემი მიამიტობის გამო მიწევს. ხშირად მეუბნებიან, როგორ შეგიძლია, ასეთი რამ დაიჯეროო?! მაქებენ მაშინ, როცა როლს კარგად შევასრულებ.

– ბევრი წლის შემდეგ, როგორ ისურვებდით სიცოცხლის დასრულებას?

– ნამდვილად ბევრი წლის შემდეგ ვისურვებდი (იცინის). მინდა, მყარად ვიდგე ორივე ფეხზე, შემეძლოს კარგად გადაადგილება, აზროვნება, მეტყველება. არა ისე, როგორც იმ ასაკს შეეფერება. რომელ ასაკშიც მე ვისურვებდი ამ ქვეყნიდან წასვლას, მინდა, იმაზე ბევრად უკეთესად ვიყო სიცოცხლის ბოლომდე (იცინის). მთავარია, ვიყო სიცოცხლისუნარიანი და შრომისუნარიანი. ვისურვებდი, რომ ჩემი გარდაცვალების შემდეგ ჩემი სახელი და გვარი დარჩეს.

– ყველაზე დიდი შიში როდის განიცადეთ?

– ადამიანების დაკარგვის დროს. როდესაც საყვარელ ადამიანს კარგავ, ხედავ და გრძნობ, რომ ცოტა ხანში შენთან აღარ იქნება, ეს არის დიდი შიში, ნერვიულობა. მით უმეტეს, როცა ეს დედას ეხება ძალიან მტკივნეული და ტრაგიკულია. საყვარელი ადამიანების დაკარგვის შიში, ყველაზე დიდი მგონია. ახლაც ჩემს უახლოეს მეგობარს ძალიან უჭირს, ვერ ვშველი, მაგრამ არ მინდა, რომ გამისხლტეს ხელიდან და დავკარგო. ძალიან დიდი ტკივილია, როცა გინდა უშველო, მაგრამ უძლური ხარ. გტკივა მისი ტკივილი, განიცდი მის განცდებს და განიცდი საკუთარ უძლურებას. მხოლოდ ღმერთს შეუძლია მისი შველა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №8

19-25 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი