შოუბიზნესი

ნუცა შანშიაშვილი: ყოველ დღე ახლიდან ვიბადები

№34

ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00 04.09

ნუცა შანშიაშვილი
დაკოპირებულია

იშვიათია ადამიანი, რომელიც გაწონასწორებული აზროვნებით, სულიერი სიმშვიდითა და პოზიტიური განწყობით ირგვლივ ისეთ გარემოს ქმნის, რომელიც შენც გაჯადოებს და სიმშვიდისა და პოზიტივის ნოტზე გაყენებს. სწორედ ასეთი ადამიანია ნუცა შანშიაშვილი, რომელიც თავს ბედნიერ ქალად მიიჩნევს და ამბობს, რომ წარმატების გასაღები, სწორედ ჩვენში, თითოეული ადამიანის, ხასიათში იმალება. გარდა იმისა, რომ ნუცა ყოველდღიურად ვარჯიშობს და ამის წყალობით, გადასარევად გამოიყურება, ცდილობს, მსოფლიოში საინტერესო ადგილები მოინახულოს და თავის თვალსაწიერი კიდევ უფრო გაამდიდროს. ხოლო, რაშია მისი სულიერი წონასწორობის, ფიზიკური ჯანმრთელობისა და ბედნიერების საიდუმლო, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.

ნუცა შანშიაშვილი: 48-49 წლის ასაკამდე ადამიანს ჰორმინალური ფონი იმდენად არ აქვს დარღვეული, როგორც მერე და მერე ასაკში. ქალი გარკვეულ ასაკში დგები იმის წინაშე, რომ ის ჰორმონალური სპექტრი, რომელიც ადრე მუშაობდა, ითიშება და რჩება მხოლოდ ჩიყვისა და თირკმელების ჰორმონები. ჰორმონი კი არის უძლიერესი ძალა, რომელიც წვავს ცხიმს. როცა ჰორმონალური ფონი ასაკობრივად იკლებს, კვება რაც არ უნდა აიკრძალო, მაინც დგები კატასტროფული შედეგის წინაშე და იწყება გასუქება. სიმსუქნესთან იმით ბრძოლა, რომ ოპერაცია გაიკეთო, მიიჭრ-მოიჭრა და ორგანიზმიდან ცხიმი გამოწოვო, ზოგადად, ლიმიტირებული დროის ამბავია. რაც უფრო ადრე იკეთებ რამეს, მით მალე ვარდები იმავე პროცესში, როგორშიც იყავი. რაც უფრო ინტენსიურად იწყებ ვარჯიშს, ნელ-ნელა დგები ფორმაში. ეს არ არის ადვილი პროცესი, რთულია, მაგრამ შედეგიანი და ნელ-ნელა დგები სწორ ფორმაში. მე სწორი წესით ცხოვრება და სპორტდარბაზში ინტენსიური ვარჯიში ხუთი წელია, რაც დავიწყე.

– რა რეჟიმით ვარჯიშობ და როგორ ხვდები, რომ სწორი ცხოვრების წესისა და ჩვევის გამომუშავებით, გარკვეული კილოგრამების დაკლებით ორგანიზმიც გაახალგაზრდავდა?

– არ არის აუცილებელი სავარჯიშოდ დარბაზში ყოველდღიურად სიარული. თუმცა, მე მიყვარს. ზოგადად, მინდა, გითხრათ, რომ არსებობს ერთი უდიდესი ფაქტორი – ვერასოდეს გახდება ადამიანი, თუ ის ორგანიზმს აწვალებს, ვარჯიში უნდა იყოს სასიამოვნო რუტინა და არა ტანჯვა. ფიზიკურად რომ გსიამოვნებს ვარჯიში და ამით არ იტანჯები ეს პატარა ზღვარია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი. როცა ვარჯიშის დროს იტანჯები, ორგანიზმი წინაააღმდგობის ფაზაში გადადის და იწყებს ცხიმის შენახვას. როცა შენ სიამოვნებით ვარჯიშობ, ორგანიზმიც სიამოვნებით მოგყვება და ცხიმიც იწვება. ბევრი ადამიანი ვიცი, რომელმაც წონა დაიკლო იმით, რომ სტრესში არ აგდებს სხეულს. სხეულსაც აუცილებლად უნდა ესიამოვნოს ის ვარჯიშები, რასაც ადამიანი დაკლების მიზნით აკეთებს. მე, პირადად, ვარჯიში შინაგანად მანიჭებს დიდ სიამოვნებას, მომწონს კუნთების მოძრაობა, სასიამოვნოდ დაღლა და ამ პროცესში ნატურალურად რომ გცხელა. სხვათა შორის, ადრე, მყავდა ტრენერი, მაგრამ ახლა ვიცი ყველაფერი და აღარ მჭირდება. სახლშიც მაქვს სავარჯიშო მოწყობილობები, მაგრამ დარბაზში ვარჯიში მირჩევნია. სახლში, ჩინურ ციგუნის მეთოდს მივმართვ, რომელიც უძველესი ვარჯიშებია და ორიენტირებულია ორგანიზმის ბალანსზე, ენერგეტიკის დაბალანსებაზე, სამყაროსთან ერთიანობაზე, ჰარმონიაზე. მოკლედ, ძალიან მნიშვნელოვანი ვარჯიშებია და როცა სახლში ვარ, აუცილებლად ვვარჯიშობ ამ მეთოდით. სპორტულ დარბაზში ვარჯიშს კი იმიტომ ვანიჭებ უპირატესობას, რომ იქ შესულს ძალიან ჯანსაღი გარემო მხვდება. იქ მოდის ყველა, ვისაც სიჯანსაღე და სილამაზე სურს და ამიტომ, იქ რომ შევდივარ, ჯანსაღ ატმოსფეროში „ვცურდები“. იმდენად კარგად მოქმედებს ეს ატმოსფერო ჩემზე, თუ ცუდ ხასიათზე ვარ, სპორტულ დარბაზში ესეც ქრება. იქიდან გამოსულს კი მაქვს გრძნობა, რომ ახლიდან დავიბადე და ბედნიერი ვარ. ასე რომ, ჩათვალეთ, ჩემი ყოველდღიური ვარჯიშით, ყოველდღე ახლიდან ვიბადები. მოკლედ, ხუთი წელია, ჩემს თავს მივეცი საშუალება, შემყვარებოდა კარგი სტილის ცხოვრება და ყოველდღიურად ახლიდან დავბადებულიყავი. ადამიანები ჩვევებზე ვართ დამოკიდებული – ჩვევაა სიგარეტის მოწევა, ყავის სმა, ლოთობა, ნარკომანობა... შენ თუ დაავალებ შენს თავს, გააკეთო კარგი არჩევანი შენი ორგანიზმისთვის და მიაჩვიო ის კარგ რაღაცებს, მაშინ კარგ შედეგსაც დადებ და ახალგაზრდობასაც გაიხანგრძლივებ. წონის დაკლება ქალისთვის, მით უმეტეს, ასაკში, ჩათვალეთ 10-20 წლის ასაკის დაკლებას ნიშნავს. შიგადაშიგ, სულ ვარ განსაცდელის წინაშე, როცა ჩემი არეული ცხოვრების სტილის გამო ზედმეტ წონას ვკრეფ. როდესაც ერთთვიანი გასტროლები მქონდა, იმ დროს ისეთი დატვირთული ვიყავი, სავარჯიშო დარბაზისთვის ნამდვილად არ მქონდა დრო. ადრე, სანამ ახალგაზრდა ვიყავი და ჰორმონული ფონი ნორმალურად მუშაობდა, არ ვიმატებდი, მაგრამ მერე, რაღაც მომენტში, დავაკვირდი, რომ გასტროლების ტურის მერე, კი არ მოვიმატე, შევსივდი. ზოგადად, მე კი არ ვიმატებ, ვსივდები. ამიტომ, ჯანსაღი ცხოვრების სტილი და კვების ბალანსი აუცილებელია. რთულია, 18-საათიანი ინტერვალი გააკეთო კვებაში, მაგრამ მუშაობს, ნელ-ნელა იკლებ, ანადგურებს მთელ ცხიმს და ორგანიზმში სასწაული პროცესები იწყება – უჯრედების რეგენერაცია, ახალი უჯრედების დაბადება. სხვათა შორის, შევზღუდე გარკვეული რაციონი, მაგალითად, შემწვარი კარტოფილი მიყვარს და უარს ვერ ვამბობ, მაგრამ პური და ცომეული გამორიცხული მაქვს. თუმცა, კვირის ერთ დღეს, არ დავმალავ, ვანებივრებ ჩემს ორგანიზმს და კვებაში თავს არ ვიზღუდავ. ასევე, ძალიან მიყვარს დღის განმავლობაში ერთი ჭიქა წითელი ღვინის დალევა, მაგრამ ამაზეც უარი ვთქვი, რადგან ალკოჰოლო ანელებს ცხიმის წვას.

– ალბათ, რომ ვარჯიშობ და წონის გამო გარკვეულ პროდუქტის მირთმევას ზღუდავ, შენი კანიც არაჩვეულებრივად გამოიყურება. თუ საიდუმლო არ არის, როგორ უვლი მას?

– ძილის წინ აუცილებლად ვიკეთებ სახის მასაჟს. ძალიან მიყვარს და მსიამოვნებს ეს პროცესი. ასევე, ვხმარობ სხვადასხვა სახის ნიღბებს, მათ შორის, კორეულს, რომელიც კოლაგენებითაა გაჯერებული. საბერძნეთიდან ჩამოვიტანე მინერალურ ბაზაზე დამზადებული ძალიან კარგი სახის კრემი. კარგია ხილ-ბოსტნეულის ნიღბებიც, მაგრამ მე არ ვიკეთებ. შემიძლია, სახისთვის ძალიან მაგარი ნიღაბი შემოგთავაზოთ, რომელიც სელისგან მზადდება: სელის თესლს დაასხით მდუღარე წყალი, დატოვეთ მთელი ღამე. სელი ჩაიძირება და ზემოდან ჟელეს მასა დარჩება. ეს მასა რეალური კოლაგენია, რომელიც უნდა წაისვათ სახეზე და კანზე სასწაულად მოქმედებს. მინდა, გითხრათ, შინაგანი პოზიტიური განწყობა, დადებითად აისახება გარეგნობაზე და სულ ვცდილობ, კარგ ნოტზე ვიყო.

– არაჩვეულებრივი რუჯი გაქვს. სად ისვენებდი?

– რუჯისთვის აუცილებლად დილის საათებს ვირჩევ. ნიუ-იორკში, სადაც ვცხოვრობ, ოკეანის სანაპიროზე გავდივარ, ვბანაობ და ეს არის სიჯანსაღის კულმინაცია. სპეციალურად არ ვშავდები, უბრალოდ, ეს ოკეანეში ყოველდღიური ცურვისა და სეირნობის შედეგია. თუმცა, ამ ზაფხულს სასწაულ კრუიზშიც ვიყავით მე, დედაჩემი მზია, ჩემი შვილი ნიკუშა და ჩვენი უახლოესი მეგობარი ელენე, რომელმაც ამ კრუიზში მოულოდნელად დაგვპატიჟა. ჯერ გავფრინდი რომში, დავრჩით ორი დღე და შემდეგ დაიწყო სასწაული მოგზაურობა გემით ჯერ საბერძნეთში – ათენი, ოლიმპია, სანტორინი, ნიკონოსი... მე მსგავსი არაფერი მინახავს, ნამდვილ კოსმიურ გარემოში მოვხვდი, ნამდვილ ასტრალურში, ულამაზეს ატმოსფეროში. საბერძნეთიდან ჩავედით მალტაში, შემდეგ – სიცილია, სერაკუზა, ფლორენცია, ნეაპოლი და შემდეგ ისევ რომში დავბრუნდით. ისეთი სასწაული ადგილები ვნახე, სრული შოკი მივიღე. ასე რომ, გარდა ნიუ-იორკის ოკეანის რუჯისა, კრუიზის რუჯიც დამემატა. წელს სასწაული ზაფხული მქონდა. რომში სამჯერ ვარ გასტროლებით ნამყოფი და როგორც დეკორაცია, ისე ჩამიტანდნენ. დავდგებოდი სცენაზე და მერე უკან ვბრუნდებოდი. წელს კი სახლში არ შევსულვარ, მარტო დავდიოდი რომის ქუჩებში და გადარეული ვიყავი იმ სილამაზითა და ისტორიული სიძლიერით. სასწაულია, ნამდვილი შოკი!

– ვინც უცხოეთში ცხოვრობს, ყველა ქართველი ამბობს, რომ რაღაც ასაკის შემდეგ აუცილებლად სამშობლოში დავბრუნდები საცხოვრებლადო. ამაზე თუ გიფიქრია?

– საქართველო ჩემი სულის ნაკვეთი და ნაწილია, გულის ნახევარი. ამიტომ, იმაზე ფიქრი, რომ საქართველოდან შორს ვიქნები, ჩემთვის მიუღებელია. დღესდღეობით, სამყარო იმდენად გლობალურია, ვერ იტყვი სადმე ჩავალ და სამუდამოდ დავრჩები საცხოვრებლად და არ წავალო. ნიკა რომ გაიზრდება, მერე დავფიქრდები სამომავლო გეგმებზე. ისე, ყველაზე მეტად მენატრება ჩემი სახელოსნო, მამაჩემის სახლ-მუზეუმი და ჩემი ვერის სახლიდან ხედი, საიდანაც მთელი თბილისი და სამების ტაძარი ჩანს. გაგიკვირდებათ და ჩემს ცხოვრებაში არაფერს შევცვლიდი, ყველაფერი, რაც გამოვიარე, ჩემთვის უდიდესი გაკვეთილები იყო. ეს რომ არ გამომევლო, დღეს ის არ ვიქნებოდი, ვინც ვარ – იღბლიანი და ბედნიერი ვარ. არ დამავიწყდება, დიდი ხნის წინ, კიევში პირველი ჩემი სოლო კონცერტი რომ ჩატარდა, ძალიან პატარა ვიყავი და ინტერვიუ დაიბეჭდა ჟურნალში, სადაც ყდაზე ეწერა ჩემი სიტყვები: „მე მაქვს ბედნიერი ბედი“. ასე დავიწყე და მას მერეც ასე გრძელდება – მე ვარ ბედნიერი ბედის მფლობელი ადამიანი. შინაგანად ვგრნობ ამას და აქვე მინდა, გითხრათ, რომ ხასიათი არის წარმატების მთავარი გასაღები. როგორი ხასიათის მატარებელიც ხარ, ისეთი ბედი გეძლევა. ამას თუ მიხვდება კაცობრიობა, ნაკლები პრობლემები გვექნება. მე, შინაგანად, პოზიტივისა და კარგად ყოფნის იმდენად მოყვარული ადამიანი ვარ, რომ რა ცუდ სიტუაციაშიც არ უნდა ჩამაგდოთ, მაინც მოვძებნი ბედნიერებას და, ჩემი ხასიათის წყალობით, მე ჩემი ბედნიერება უკვე მოვძებნე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №34

25–31 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა