ნუკი კოშკელიშვილი: ვისაც ჩემზე გული შესტკივა და მოვწონვარ, ყველას ვთხოვ: არ დამიცვათ, არ მინდა
ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00 24.03

ბოლო დროს სოციალურ ქსელში დადებული ვიდეოსა და ატეხილი აჟიოტაჟის გამო ნუკი კოშკელიშვილს უამრავი ადამიანი გამოესარჩლა. თავად ნუკიმ ამ თემაზე კომენტარი გააკეთა და თავისი მოსაზრება და განცდები საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით იმ დღესვე დააფიქსირა. ამ თემაზე ის საუბარს ერიდება და ამბობს, რომ არავის მიმართ გულში წყენა არ აქვს, არც მისი გულშემატკივრების მხრიდან დაცვა უნდა, რათა ამით სხვას არ ატკინოს გული და ყველას წარმატებას უსურვებს.
ნუკი კოშკელიშვილი: მართალია, ამ თემაზე საუბარი არ მსურს, თუმცა, მოკლედ შემიძლია, გითხრათ, რომ არავის მიმართ გულში წყენა არ მაქვს, ყველას წარმატებას ვუსურვებ და მინდა, ყველა იყოს ბედნიერი. ზოგადად, არც ინტრიგებში ჩაბმა მიყვარს, არც შემიძლია – ცუდად გამომდის, რადგან არ არის ჩემი საქმე. ვერავის ავყვები ინტრიგაში, ვერ ჩავებმები, მაგრამ ჩემი მხრიდან შემიძლია, ყველას წარმატებები ვუსურვო. მინდა, ყველას ვთხოვო, ვისაც ჩემზე გული შესტკივა და მე მოვწონვარ, არ დამიცვათ, არ მინდა. რადგან, როცა ვხედავ, ვიღაც მიცავს, ამით სხვა იჩაგრება. ეს კი არ მსიამოვნებს და არ მინდა, სხვისი დაჩაგვრის მიზეზი გავხდე. ვიცი, რა ძნელია, როცა ვიღაცის მიერ დაჩაგრული ხარ და ამას სხვას ვერ გავუკეთებ. არ მინდა, იგივე ვუსურვო და იგივე განცდა მივაყენო. კიდევ ვამბობ, ყველას წარმატებას ვუსურვებ, მეტს ვერაფერს ვიტყვი. არ დავმალავ, მტკივა, როცა უსამართლოდ მტკენენ გულს და დილით, ახალგაღვიძებულმა, სოციალურ ქსელში ჩემზე გავრცელებული ვიდეო რომ ვნახე, ვიტირე კიდეც. ასე რომ, არ მინდა, სხვასაც ატკინონ გული ადამიანებმა. შეიძლება, ვიღაც არ მომწონდეს, არ მოგწონდეთ, მაგრამ სახალხოდ უთხრა, არ მომწონხარ, არ მგონია, სწორი იყოს. სხვათა შორის, მე ძალიან გამიმართლა, რომ ჩემი მეგობრები, გარშემო მყოფი ხალხი და გამომწერები, ძალიან დადებითები არიან და არასოდეს მომსვლია ნეგატიური მესიჯი. ახლაც არ ყოფილა გამონაკლისი, ბევრი დადებითი წერილი მივიღე. უამრავი უცხო ადამიანი მწერდა სოციალურ ქსელში. მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა ყველას! ზოგადად, რომ შეგაქებენ და კარგს გეუბნებიან, გსიამოვნებს და თავისთავად სტიმულიც გეძლევა. აქტიური ვარ, ძალიან ბევრს ვშრომობ, რომ რასაც ვაკეთებ, გამომივიდეს და ნებისმიერი ადამიანის შექება და წახალისება კოლოსალურ ძალას მაძლევს. თან, როცა ვიბრძვი, რომ უცხოეთში გავიტანო ჩვენი, ქართული ამბავი, ნებისმიერი მხარდაჭერა ფრთას მასხამს და სულ სხვა ძალა მეძლევა, რომ უფრო მეტი გავაკეთო. ამისთვის, დიდი მადლობა ყველას, ვინც ხედავს ჩემს შრომას, აფასებს, არ იზარებს და მამხნევებს. ქართველებმა ვიცით მხარდაჭერა და სადაც არ უნდა ვიყოთ, იმედად ყოველთვის გვყავს ჩვენი ხალხი და სამშობლო, ვიცით, რომ ყოველთვის ჩვენ გვერდით იქნება.
– ბევრჯერ გატკინეს გული. რა გაძლევდა ძალას, ყოფილიყავი, გაწონასწორებული, არ გეთქვა ზედმეტი და ემოციები მოგეთოკა?
– არასოდეს ვთოკავ ემოციას, რაც ვარ, ეს ვარ. ნეტა, მოვთოკო ხოლმე ხანდახან, მაგრამ მოთოკილი არ ვარ (იცინის). ხომ ამბობენ, წლებთან ერთად, ადამიანი ემოციის კონტროლს და ბალანსს სწავლობსო, ეს მე ჯერ ვერ ვისწავლე. ხშირად ნერვები მეშლება ხოლმე, რატომ ვარ ასეთი ემოციური, რატომ ვერ ვისწავლე საკუთარი ემოციის გაკონტროლება-მეთქი. ვიცი, რომ არ არის კარგი ემოციებზე აყოლა და ნერვიულობა იმაზე, რაც საბოლოო ჯამში, ირკვევა, რომ სულაც არ არის სანერვიულო, მაგრამ არ გამომდის. თუმცა, მე ის ადამიანი ვარ, ვინც გულში წყენას არ იტოვებს. წყენა ის სიმძიმეა, რომელიც გამიწებს, გიზღუდავს მოძრაობას, შიგნიდან გჭამს, ამიტომ, ადამიანებმა არასდროს არც წყენა, არც ბრაზი, არ უნდა დაიტოვონ გულში, უნდა გათავისუფლდეთ ამისგან. როცა გულში წყენა, შური, ბრაზი ან ნეგატივი გაქვთ, თქვენი თავის გარდა, არავის არაფერს, უშავებთ მხოლოდ საკუთარ თავს. ადამიანს შური არასდროს გაძლევს განვითარების საშუალებას და ყოველთვის უკან გხევს. არ შეგშურდეს, რთულია, რადგან მეც მშურს, მაგალითად, დემი მურის სილამაზის, ალექსანდრა პაიჭაძის ფანტასტიკური ფეხების, ვიღაცის ცხვირის, მაგრამ ცუდად კი არ მშურს, ცოტა ნერვები მეშლება (იცინის).
– საკმაოდ უზრუნველი ბავშვობა გქონდა, მშობლები, თითქმის, ყველა სურვილს გისრულებდნენ. თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ საკმაოდ ადრეულ ასაკში დაიწყე მუშაობა. ეს შენი არჩევანი იყო?
– სხვათა შორის, ამ თემაზე არ მისაუბრია და არსად მაქვს მოყოლილი, რომ 14 წლის ასაკში რადიოში ვმუშაობდი. რადიო „ენერჯი“ ბიძაჩემის იყო. ერთ საღამოს, ჩემი ოჯახი ესტუმრა რადიოში ბიძაჩემს. მაშინ სოციალური ქსელები არ არსებობდა და რადიოს აქტიურად უსმენდნენ. ჩვენ საღამოს, ისეთ დროს ვესტუმრეთ ბიძაჩემს, როცა ცოტა მსმენელი ჰყავდა. მითხრა, თუ გინდა, გაერთე, შედი ეთერშიო. დედაჩემი გადაირია: რას ჰქვია გაერთოს, ხალხი უსმენს ამ რადიოსო. მოკლედ, მეც მეტი რა მინდოდა? შევედი ეთერში და დავიწყე ლაპარაკი. ცოტა ხანში შემოვიდა ბიძაჩემი და მითხრა: ყოჩაღ, გადავსებულია ხაზები, ბევრი რეკავსო (იცინის).
– 14 წლის მოზარდი რა თემებზე საუბრობდი პირდაპირ ეთერში, ამხელა ინტერესი რომ გამოიწვიე?
– სიყვარულზე, ყოფილებზე, ვალენტინობაზე, სახის მოვლის გოგოშკურ ამბებზე, ერთი სიტყვით, გოგოშკური ჭორაობა იყო. რა თქმა უნდა, სასიყვარულო გამოცდილება არ მქონდა, მაგრამ „ესემესებით“ ხომ ვწერდით ერთმანეთს მაშინ? 14 წლისას მაინტერესებდა ის თემები, თორემ 34 წლის ასაკში საერთოდ არ მაინტერესებს სასიყვარულო ამბები და „ესემესები“. რომც არ ვიყო გათხოვილი და დამაძალო, არავისთან სასიყვარულო ამბების მიმწერი არ ვარ (იცინის). გინდ, დაიჯერეთ, გინდ – არა, 14 წლის ბავშვის გოგოშკურ ჭორაობას უამრავი მსმენელი ჰყავდა. შაბათ-კვირას, 6-დან 9 საათამდე ვიყავი ეთერში, თუმცა ჩემი სახელით არა და ოჯახის წევრების გარდა, არავინ იცოდა, რომ მე ვიყავი, არც თანაკლასელებმა, არც მეგობრებმა და არც ნათესავებმა.. სხვათა შორის, მარგო ლუჩკოც იქ მუშაობდა და მარიგებდა ხოლმე ჭკუას – ასე ქენი, ისე ქენიო (იცინის).
– ნუკი, როცა სატელევიზიო კარიერას იწყებდი, თქვი, კალათბურთი მიყვარსო. დადიოდი სპორტის ამ სახეობაზე?
– მე და სპორტი ვართ როგორც ღორი და დიეტა. ტელევიზიაში რომ ვიწყებდი მუშაობას, მითხრეს: თქვი, რომ კალათბურთი გიყვარს და ბევრი მოგცემს ხმასო. მაშინ დილის გადაცემისთვის ხმის მიცემით ირჩევდნენ წამყვანებს. მეც ვთქვი, კალათბურთი მიყვარს-მეთქი, თორემ შეხებაც არ მქონია (იცინის). კი ვამბობ, არასპორტული ვარ-მეთქი, მაგრამ ჩემში უცბად აღმოვაჩინე სირბილისადმი ინტერესი და ორი წლის წინ, ამერიკის მარათონში მივიღე მონაწილეობა და ვირბინე. წაკითხული მაქვს, რომ მოსახლეობის მხოლოდ ერთ პროცენტს აქვს ამერიკის მარათონზე ნარბენი და წარმოიდგინეთ, იმ მოსახლეობის იმ ერთ პროცენტში შევედი მეც (იცინის).
– არის ისეთი რამ ცხოვრებაში, რასაც ნანობ?
– რომც იყოს სანანებელი, არასდროს, არაფერი არ უნდა ინანო, რადგან ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი და ყველაფერი რაღაცის გამო ხდება. ყველაზე სულელურად დაკარგული დრო სინანულში დაკარგული დროა. ყველას ვურჩევ, არაფერი არ ღირს სინანულად და ნურაფერს ინანებთ, ზოგჯერ სჯობს, რაღაც არ გამოგივიდეთ, რადგან როცა ერთი კარი იკეტება, მეორე იღება. მილიონ-ნახევარი შანსი ყოფილა, კარიერაშიც და ბიზნესშიც, ხელიდან გამიშვია, მაგრამ არასოდეს მინანია. ხომ ამბობენ, წლების განმავლობაში მეგობრები იფილტრებაო, მე ეს გაფილტვრაც არ მომიწია, რადგან მცირე სამეგობრო წრე მქონდა და დღემდე ჩემთან არიან. ცოტა მეგობარი მყავს, მაგრამ ნამდვილი. ბევრი მეგობარი რომ გყავს, მაშინ ხდება მათი გაფილტვრა, მე კი ცოტა მყავს, მაგრამ ყველაზე სანდო და ახლო, ფაქტობრივად, უკვე ოჯახის წევრები. ასე რომ, რა არის მეგობრისგან ღალატი, არ გამომიცდია, მადლობა ღმერთს!
– სოციალურ ქსელში, ხშირად დებ ოჯახური დასვენების, სასიამოვნოდ გატარებული დღეების ვიდეოებს. ასეთი დღეების მოწყობა შენი ინიციატივაა თუ შენი მეუღლის?
– მე და ბენი ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ნებისმიერ საკითხში. არცერთს არ გვიყვარს სიურპრიზები, ამიტომ შეთანხმებულად ვმოქმედებთ. ბოლოს ვიყავით ფლორიდის შტატში, სანბიჩზე. ზღვის სანაპიროზე სახლი გვაქვს და იქ დავდივართ ხოლმე. საქმეების გამო ვერ ვიცლით, თორემ ხშირად ვივლიდით.
– საოცარ ფორმაში ხარ, თუმცა, სულ წუწუნებ შენს გარეგნობაზე და რატომ?
– ვიყავი კარგ ფორმაში და ჩემს თავს თვალი ვეცი (იცინის). მოკლედ, თვალი მეცა და სულ ბრძოლებში ვარ, ხან ვიმატებ, ხან ვიკლებ. ახლაც, მომატებული მაქვს ცოტა და დაკლებას ვცდილობ. ვფიქრობ, კვებითი აშლილობა მაქვს, რომელმაც განაპირობა ის, რომ სულ წონას ვებრძვი. ხან გაუსაძლის დიეტაზე ვარ, ხან ბევრს მივირთმევ და წამებში ვიმატებ და ვიკლებ. ამის დალაგება ძალიან მიჭირს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან